„იმ სიგნალების მიხედვით, რომლებიც ჩემამდე მოდის, სავარაუდოდ, ევროკავშირი მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, გარკვეული დათქმით“, - გვეუბნება აშშ-ის ატლანტიკური საბჭო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ბრაიან უიტმორი, რომელიც თბილისში ესწრებოდა მე-7 საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხებისკენ“. ბორელის ვიზიტს ის ცალსახად კანდიდატის სტატუსთან აკავშირებს.
ანალიტიკოსის თქმით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ბრიუსელის მხრიდან ეს იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც „არ არის იოლი“, რადგან საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა“.
„რთული გადაწყვეტილებაა. თუ მიანიჭებენ სტატუსს საქართველოს, ეს აღიქმება ხელისუფლების დაჯილდოებად, რომელიც უკან იხევს დემოკრატიის გზაზე და ისინი [ხელისუფლება] იტყვიან - აი, ხედავთ, მივიღეთო სტატუსი... თუ არ მიანიჭებენ და მათ შეიძლება თქვან - დასავლეთს არ ვუნდივართ და რუსეთი გვრჩება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრაიან უიტმორი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თბილისში ჩამოსვლის ამბავი 4 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, დასტურად იმისა, რომ „ყველაფერი კარგად არის“ და საქართველო მიზანმიმართულად მიიწევს წინ ევროპულ გზაზე.
„მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, რომ საქართველოს მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ „ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე“. ღარიბაშვილმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწონა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა, რაც სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გამგზავრებას მოჰყვა.
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირველი წერია ჟოზეპ ბორელის შეხვედრების განრიგში. პრეზიდენტის შემდეგ ხვდება იგი პრემიერ-მინისტრს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
- განსახილველ საკითხებად მითითებულია: საქართველოს პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და უფრო ფართო საკითხები - საგარეო პოლიტიკისა და რეგიონის მასშტაბით.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში ჟოზეპ ბორელი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
„ბორელის ვიზიტი ცალსახად არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი ხავსს ეჭიდება საქართველოსთან დაკავშირებით და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოს მისცეს სტატუსი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მისთვის ცხადია, რომ „ბორელი უარის სათქმელად არ ჩამოვიდოდა“, თუმცა დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად საფუძველს კვლავ ესაჭიროება გამყარება.
„ამ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანია, რამდენად დაარწმუნებს ბორელს სამოქალაქო საზოგადოება იმაში, რომ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჭეშმარიტად უნდა კიდეც ... თვალსაჩინოდ და ცალსახად უნდა დაინახოს ბორელმა, რომ საქართველოს ხალხი მზად არის დაიცვას თავისი ევროპული მომავალი“, - ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდა.
ჟოზეპ ბორელი თავის განცხადებებში მუდმივად შეახსენებდა საქართველოს, რომ აუცილებელია რეფორმების გაგრძელება.
„საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ერთადერთი, რეფორმებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს პოლიტიკური სტაბილურობის შესაქმნელად“, - აღნიშნა მან ივნისში, მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ყოფნისას.
სადავო ვალდებულებები
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ უკვე შესრულებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 2022 წლის ივნისში განსაზღვრული რეკომენდაციები.
„ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 სექტემბერს. მან ასევე „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“ გაჩაღებული „ვაჭრობა“ და „შანტაჟი“ უწოდა მსჯელობას იმის შესახებ, ასრულებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებებს.
- 12 რეკომენდაციის სადავო შესრულების გარდა, „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის დამაზიანებელ ასპექტებს შორის ექსპერტები ხშირად ასახელებენ: დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებას, ძირეული რეფორმებისთვის თავის არიდებასა თუ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ჩამონათვალს ბოლო პერიოდში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც დაემატა.
„ევროპა ერთგულია საქართველოსი, ერთადერთი შეკითხვაა - არის თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული ევროკავშირის“, - ეუბნება ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ყოფილი კონგრესმენი [2019-2023], დემოკრატი, ტომ მალინოვსკი რადიო თავისუფლებას.
და როგორ გამოიყურება საქართველოს სიტუაცია გარე თვალისთვის?
„გარედან ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახლა სურს, ერთი მხრივ - ხალხი მადლიერი იყოს ევროპული მიმართულებით სვლისთვის, მაგრამ მათ [ხელისუფლებას] არ სურთ, რომ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ითხოვს ევროკავშირი და ნატო“, - ტომ მალინოვსკის შეფასებით, ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას უკვე გაკეთებული აქვს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.
ამერიკელი პოლიტიკოსის შეფასებით, პუტინის რუსეთი არასდროს დაკმაყოფილდება დათმობით და მოსკოვი პატარა საქართველოსგან სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვს.
„იმედი მაქვს, რომ პრიგოჟინი იყო უკანასკნელი სულელი, რომელსაც ეგონა, რომ პუტინთან გარიგება შესაძლებელია... კი, შესაძლოა გადაავადო რუსეთის ჩარევა და ძალადობა რაღაც სახის თამაშით, მაგრამ ვფიქრობ, რომ პუტინი არასოდეს დაკმაყოფილდება, ვიდრე ის რუსეთის ლიდერი იქნება...
საქართველოს მსგავსმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - ხარ დაცული დასავლურ ინსტიტუტებთან სრული ინტეგრირებით, თუ თამაშობ რთულ თამაშს იმ იმედით, რომ პუტინი საქართველოს უკრაინის მსგავსად არ მოეპყრობა“, - ტომ მალინოვსკი გვეუბნება, რომ „ამ შეკითხვას პასუხი მხოლოდ ქართველებმა უნდა გასცენ“ და, რომ იმედი აქვს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს ხალხის ნათელი პოზიციის შესაბამისად იმოქმედებს“.