Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ეწვევა


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 2 მაისი, 2023.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 2 მაისი, 2023.

7-8 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილია საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ვიზიტი. ცნობას ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბორელი განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბორელს შეხვედრა ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

როგორც გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, ჟოზეპ ბორელი გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ბორელი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს, „რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ". გარდა ამისა, ის მონაწილეობას მიიღებს მისიის საქმიანობაში, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG