Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა დაასახელა არგუმენტი რის გამოც პრეზიდენტს ევროპულ ვიზიტებზე უარი ეთქვა


ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ, 4 სექტემბრის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვლის თქმით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან "დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია", ამასთან მან ისაუბრა „არგუმენტაციაზე“, რომლის საფუძველზეც პრეზიდენმა ვიზიტებზე უარი მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, მანამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, იმის შესახებ რომ სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, "ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 რეკომენდაციას" და „მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“

„ამას ადამიანი რომ მოისმენს, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური, მინისტრები, პარალამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება გარდა იმისა, რომ სანდოობა დაიკარგოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით. ამ სიყვების მოსმენის შემდეგ „გაუმართლებელი იქნებოდა მისთვის [პრეზიდენტისთვის] გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ. გამართლებული უწოდა და საზოგადოებას მიმართა

„თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ რაც მოისმინეთ პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმე აღშფოთება, ვინმეს კრიტიკა ან რაიმე პროტესტი, ამიტომ ეს ჩემთვის არის ძალიან მარტივად ასახსნელი - ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ასეთი ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი - ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებეს ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ შეასრულა 12 რეკომენდაცია, მუდმივი კომუნიკაცია აქვს ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე დღეში ელოდებიან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს, რომელსაც გადასცემენ განახლებულ ინფორმაციას 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არსებულ ვითარებაზე

„ბოლოს მინდა შევახსენო, რომ არც საქართველოს პრეზინეტს არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზციას, არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტერგაციის გზაზე. ყევლაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა, ახლა მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები.

1 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. ვინაიდან პრეზიდენტის ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს, რაც მმართველი გუნდის განცხადებით კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცადა, რომ მიესალმება "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე".

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლება ბოლო წლებში გადადგმული "გაუგებარი ნაბიჯებით" უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს:
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობითა და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდნენ, როგორც ჩვენი მთავარი მხარდამჭერები. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას, მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი"
"დღეს ყველანი ვართ არჩევანის წინაშე, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ყველანაირ შანს ვკარგავთ. თავის მოტყუება აღარ შეიძლება!
ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. დღეს მოვისმინეთ სრულად ეს ფორმალური შესრულება. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ყველამ ერთად ისეთი რეალური შედეგი დავდოთ, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვიტანს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდნეტი და არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის. ჩვენ არ უდნა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.

XS
SM
MD
LG