Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარიერები ინფრასტრუქტურასა და ბიუჯეტში შშმ პირთათვის


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ქალაქში შექმნილი ინფრასტრუქტურული ბარიერები და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტი იყო მთავარი თემები დღეს ქუთაისში გამართულ საჯარო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთა თემის, მათ სკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

მერიას დაქვემდებარებულ საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე თამარ ხაჭაპურიძემ საკუთარი გამოცდილებიდან მოიყვანა მაგალითები საილუსტრაციოდ და განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში პანდუსების დიდი ნაწილი ტექნიკურდ გაუმართავია და მასზე გადაადგილება ეტლით მოსარგებლისთვის საფრთხის შემცველია. თამარ ხაჭაპურიძის თქმით, თვითმმართველობისგან არაერთგზის მიღებული დაპირების მიუხედავად ეტლით მოსარგებლეები ქუჩებში, ტროტუარებზე, სკვერებსა და ხიდებზე დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ. თამარ ხაჭაპურიძის განცხადებითვე, „ასევე არადეპტირებულია სკოლების, საბავშვო ბაღების, მრავალსართულიანი ბინების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების შენობები“.

შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენელი ასმათ ჯანგავაძე ამბობს, რომ მერიის მიერ განხორციელებული პროგრამები ძირითადად 18 წლამდე ასაკის შშმ პირებზეა მორგებული და ზრდასრულთა საჭიროებებს თითქმის არ ითვალისწინებს. ასმათ ჯანგავაძე მიიჩნევს, რომ არადაპტირებული ინფრასტურქტურის გამო უმჯობესი იქნებოდა პერსონალური ასისტენტი უსინათლოების გარდა ჰყოლოდათ ეტლით მოსარგებლეებსაც. ასმათ ჯანგავაძის განცხადებითვე, შშმ პირთა ნაწილი იმ პროგრამებითაც ვერ სარგებლობს, რომელსაც მერია მათ სთავაზობს.

არასამთავრპობო ორგანიოზაციის, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ შშმ პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული ქუთაისის ბიუჯეტის მიმოხილვისას რამდენიმე რეკომენდაცია გამოყო, მათ შორისაა „ადმინისტრაციული შენობების, რეკრეაციული და საერთო სარგებლობის ზონების ადაპტირება და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად საჭირო პირობების გათვალისწინება“.

როგორც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ყოველწლიურად ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საკუთარ რეკომენდაციებს აწვდის, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილია გათვალისწინებული.

ლია კილაძის განცხადებითვე, „პრობლემების იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია თავად შშმ პირთა თემის გააქტიურება“.

ქუთაისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილე შშმ პირებმა და მათ საკითხებზე მომუშავე არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებმა შეხვედრაზე მყოფი ქუთაისის საკრებულოს წევრთა ნაწილისგან მიიღეს დაპირება, რომ კომპეტენციის ფარგლებში მათ შენიშვნებს და რეკომენდაციებს ქალაქის აღმასრულებელი ორგანო გაითვალიწინებს.

XS
SM
MD
LG