ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დროს პროტესტს გამოთქვამენ, შეხვდება და მათი მოთხოვნების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობს:
„ძალიან მალე, ორი-სამი დღის ინტერვალში, შევეცდები გავახმოვანო ჩემი გადაწყვეტილება სამივე საკითხზე. არაერთხელ მითქვამს, რომ დოკუმენტებზე ვმუშაობ, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა შეხვედრა და გაკეთდება განცხადება კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტზეც“.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მოქალაქეებთან შეხვედრაზე გაახმიანებს თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის ისტორიული დამცავი ზონის შესახებ და იტყვის, იქნება თუ არა ამ საზღვრებში ბათუმის რივიერა, რომელიც ქალაქის მერმა გასულ წელს დაუსაბუთებლად ამოიღო სპეციალისტების მიერ დადგენილი ძველი ქალაქის რუკიდან და ამით მოქალაქეებისა და სპეციალისტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ბათუმელების პროტესტი კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია “სილქ როუდ ჯგუფმა“ მერიაში დასამტკიცებლად წარადგინა დამცავ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ბათუმის რივიერის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ]. კომპანია ქალაქის ისტორიულ ზონაში 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს და მასზე 6 შენობის - ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის იქნება - აშენებას გეგმავს.
მე ვიცავ ერთადერთ გადარჩენილ სივრცეს ბათუმის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მაღალსართულიან კორპუსებს გადაურჩა.თინათინ ცისკარაძე
ბათუმელებმა ამ პროექტის საწინააღმდეგოდ 1 მარტს ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობის წინ სასტვენებით ხმაურიანი აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ ქალაქის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვან ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი განაშენიანება და რივიერად წოდებული ბათუმის კონცხი დააბრუნონ სპეციალისტების მიერ დადგენილ ისტორიულ დაცვის ზონის საზღვრებში, რაც ტერიტორიაზე მაღალსართულიან განაშენიანებას გამორიცხავს:
„მე ვიცავ ერთადერთ გადარჩენილ სივრცეს ბათუმის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მაღალსართულიან კორპუსებს გადაურჩა. ეს ერთადერთი დარჩენილი სივრცეა ქალაქში, რომლის წყალობით ძველი ბათუმის ქუჩებიდან გამჭოლად მოჩანს ზღვა და სანაპირო. ზღვისპირა ქალაქში რომ ვცხოვრობთ, ეს ადგილი გვაგრძნობინებს მხოლოდ. აქ მხოლოდ პარკი და რეკრეაციული სივრცე წარმოგვიდგენია. ის ბათუმის ბულვარს ესაზღვრება და უნდა შენარჩუნდეს საზოგადოებრივ-რეკრეაციულ სივრცედ“, - ამბობს თინათინ ცისკარაძე.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერს მოუწოდებენ, არ მიიღოს ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტებისგან, მათ შორის ICOMOS საქართველოს წარმომადგენლის, ნატო ცინცაბაძისგან გამოთქმული შენიშვნები ბათუმის რივიერის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.:
„ისტორიული ბათუმის უბნები ზღვას უკავშირდება კვანძით, რომელსაც რივიერას ეძახიან. დღეს ერთადერთი გახსნა, რომ ისტორიული ქალაქი ზღვისპირაა, არის მხოლოდ ამ ნაწილში. აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს არის პოსტმილიტარისტული არეალი, რომელმაც სივრცე დაგვიტოვა ქალაქში. ასეთ პოსტმილიტარისტულ საიტებს დღეს მთელ მსოფლიოში, როგორც რეკრეაციულ ზონებს და საჯარო გახსნილ სივრცეს, ისე იყენებენ. მთავარი კი ის არის, რომ ეს გახსნილობა ქალაქისთვის ისედაც მნიშვნელოვანია და იმის გათვალისწინებით, რომ ბულვარში უკვე ჩაკეტილი გვაქვს სივრცე, რივიერა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. თუ ბათუმის საზოგადოება, ადგილობრივი და საქართველოს მთავრობა არ გავუფრთხილდებით ამ ადგილს, რეალურად ისტორიული ბათუმი ზღვისპირა ქალაქის იდენტობას მთლიანად დაკარგავს“.
მსგავსი შენიშვნები 15 თებერვალს გაჟღერდა შეხვედრაზე თბილისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ბათუმის ისტორიული კულტურული საყრდენი გეგმა და მის საზღვრებს მიღმა დარჩენილი ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს. დოკუმენტი, რომელიც ქალაქის თვითმმართელობამ გასულ წელს, დაუსაბუთებლად შეცვლილი საზღვრებით, დასამტკიცებლად წარუდგინა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციებით უკანვე დაუბრუნდა.
ბათუმის მერმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს სპეციალისტების რეკომენდაციებს, დააკმაყოფილებს მოქალაქეების მოთხოვნას და რივიერას ისტორიულ საზღვრებში დააბრუნებს, თუ ამავე ტერიტორიაზე კომპანია „სილქროუდ ჯგუფის“ მიერ მომზადებულ გრგ-ს დაამტკიცებს.