აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელიწადი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. მიზნად ოფიციალურად სახელდებოდა რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა, რადგან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.
ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე საათში ქართულ საჯარისო ფორმირებებს ცეცხლი გაუხსნა ეგრეთ წოდებულმა „აფხაზურმა გვარდიამ“ და ამ დროს იყო პირველი მსხვერპლიც. შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა და ქალაქი დაიკავა. თანდათან დაპირისპირება სულ უფრო მწვავდებოდა და პროცესი გადაიზარდა ომში, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი იბრძოდა. მოსკოვი მხარს უჭერდა სეპარატისტებსა და დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოდიოდნენ.
13-თვიანმა ომმა ორივე მხარეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა. დღემდე აქტუალურია შეკითხვა: გარდაუვალი იყო თუ არა აფხაზეთის ომი?
ბევრი ფიქრობს, რომ, რუსეთის ძალისხმევით, ეს ომი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებოდა, თუმცა ასევე ბევრი მიიჩნევს, რომ ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მოქმედმა სახელმწიფო საბჭომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო შენაერთების შეშვების გადაწყვეტილებით და ამით კრემლის პროვოკაციას წამოეგო. ბევრისთვის საეჭვოა ედუარდ შევარდნაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული გვარდიის სარდალი გენერალი თენგიზ კიტოვანი მასთან შეუთანხმებლად შევიდა სოხუმში.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე და ამ ფაქტმა უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას ასევე წინ უძღოდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის სანდრო კავსაძის მძევლად აყვანა. მძევლად აიყვანეს ასევე მის გამოსახსნელად სამეგრელოში ჩასული იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე და მისი თანმხლები პირები. მძევლები მოგვიანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მათი გათავისუფლება სხვადასხვა დროს მოხერხდა.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წლის შემდეგ, კიდევ უფრო გართულებულია საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების საკითხი. 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ, 26 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირებით, რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამ გადაწყვეტილებას არაღიარების პოლიტიკით უპასუხებს საერთაშორისო თანამეგობრობა.