Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტ-ინფოს გამქრალი პარტია და "სახიფათო პრეცედენტი" სხვებისთვის


"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო აქციაზე. 2024 წლის 13 იანვარი.
"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო აქციაზე. 2024 წლის 13 იანვარი.

„ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებას იურისტები და პოლიტიკის ექსპერტები ყველასთვის სახიფათო სიმპტომად თვლიან - ამ პრორუსული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად. ლოგიკა ასეთია - თუკი ხელისუფლება ასე მარტივად აუქმებს ერთ პარტიას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გააუქმოს სხვაც.

„ალტ-ინფო“ ხელისუფლების საარჩევნო, პოლიტიკურ მიზნებს ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მათი ელექტორატის მიმხრობის იმედი არავის უნდა ჰქონდეს.

„ასეთი რაღაც [პარტიის გაუქმება] არც შევარდნაძის, არც კომუნისტური პარტიის დროს და არც სააკაშვილის დროს არავის არ უქმნია... ძალიან ცუდ დღეში ჩავაგდებთ [ხელისუფლებას]. ეს ძალიან დააზიანებთ მათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.

ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ჯგუფი „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის გასამართად ემზადება. გავრცელდა ათეულობით ვიდეო, როგორ წვავენ „ალტ-ინფოს“ მომხრეები „ქართული ოცნების“ დროშებს და ხევენ მაისურებს.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პარტიის რეგისტრაციის დოკუმენტებში გამოვლინდა ხარვეზები და რეგისტრაციის გაუქმება თავად პარტიის პასუხისმგებლობაა. „ალტ-ინფოსთვის“ კი, როგორც ამბობენ, ამ ხარვეზებზე, წლების განმავლობაში, არავის მიუთითებია.

მოულოდნელი გაუქმება

„ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გახმაურდა. ითქვა, რომ პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.

9 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ იქ იყო მამხილებლის განცხადება და შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი“. მინისტრისთვის პარტიის გაუქმება „ჩვეულებრივი პრაქტიკაა“ და რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა“.

ბრეგაძემ თქვა, რომ რეესტრში არ იყო წარდგენილი აწ უკვე გაუქმებული პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდება; ხოლო პასუხისმგებლობა არა სხვას, არამედ - თავად პარტიას ეკისრება.

გადაწყვეტილება 8 აპრილს, დილით, 5 წუთში გაფორმდა:

  • განცხადება შევიდა 09:55 საათზე –„მოვითხოვ, რომ მოახდინოთ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. [საჯარო რეესტრის დოკუნტში არ არის მითითებული, ვინ შეიტანა განცხადება];
  • განცხადების მიღება დადასტურდა 09:55 საათზე - „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება“. [ასევე - არ არის მითითებული, ვის ეკუთვნოდა ეს განცხადება];
  • 10:00 საათზე გამოქვეყნდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, პარტიის რეგისტრაციის (07/12/2021) ბათილად ცნობის შესახებ.

„ალტ-ინფოში“ გვეუბნებიან, რომ ხარვეზებზე საჯარო რეესტრს მათთვის არასდროს მიუთითებია, რაც სხვა შემთხვევებში ჩვეული პრაქტიკაა.

„რეესტრი არის სტრუქტურა, რომელშიც აბარებ დოკუმენტაციას, გეუბნება ხარვეზს, თუ ასწორებ ამ ხარვეზს - გაძლევს უკვე საბუთს, ან ვერ ასწორებ - არ გაძლევს. ჩვენ ჩავაბარეთ, ამ ხარვეზზე არაფერი უთქვამთ, არც შეტყობინება მიგვიღია, არც წერილობით მოუმართავთ, არც დაურეკავთ...

ორწელიწად-ნახევარია ამ პარტიით ვიხდით გადასახადებს, კომუნალურებს, ჯარიმებს, საგადასახადო ანგარიშსწორება გვაქვს... და უცებ, დააჭირეს ხელი ღილაკს და პარტია გააქრეს“, - ამბობს "ალტ-ინფოს" წევრი, კონსტანტინე მორგოშია.

რადიო თავისუფლებას მორგოშია უბნება, რომ პარტიის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, 8 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტყვეს, სადაც მანამდე - 25 ათასზე მეტი მხარდამჭერის სია წარადგინეს და უკვე საარჩევნო რეგისტრაციას ელოდებოდნენ. გაუქმების ინფორმაცია მათთვის სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებში ჩანს, რომ თავდაპირველად 2021 წელს დარეგისტრირებულმა პარტიამ რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებები 2022 წელსაც მოითხოვა. მაგალითად, 2022 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების“ შესახებ, ასევე თავდაპირველი [2021 წლის] რეგისტრაციის საფუძველზე.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში - მისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვოს და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში იღებს.
ასეთივე ვადა მოქმედებს ცვლილებების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში.

„ალტ-ინფო“ "ოცნების" წინააღმდეგ

„ალტ-ინფოში“ დიდი ვნებათაღელვაა - ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ვიდეოები, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ დროშებს წვავენ. სლოგანი ერთნაირია - არა „ოცნების“ ფეოდალურ რეჟიმს!

კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, რომ პარტიის გაუქმების შემდეგ, მათ მხარეს „ოცნების“ მომხრეებიც გადადიან. ერთ-ერთ ვიდეოში ორი კაცი 41-ნომრიან მაისურებს ხევს და განმარტავს, რომ სწორედ ეს მაისურები ეცვათ, როცა „ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლაში ეხმარებოდნენ.

შაბათს "ალტ-ინფო" აქციას გეგმავს „ქართული ოცნების“ ოფისთან. აპირებენ, რომ, პირველ რიგში - რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვონ. თუმცა სხვა გეგმებიც აქვთ, რაც ჯერ საიდუმლოა.

„პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მათთვის [„ქართული ოცნება“] პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი... ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ ყველაფერი“, - გვეუბნება მორგოშია.

ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოს“ ტელეარხზე ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ველზე მათ საპირწონედ შექმნა და ამით უკანა პლანზე გადაწევას უპირებს.

„არ იცნობენ ეგენი ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენი ამომრჩეველი უნიკალურია - ჩვენს გარდა არავის მისცემს ხმას. „ხალხის ძალა“ ჩვენი ხმებიდან ერთ კაცსაც ვერ წაიყვანს, თუ არ მოიპარა და ფიზიკურად იღლიაში არ ამოიდო... როგორ უნდა მისცეს კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანმა ხმა დიმიტრი ხუნდაძეს - აბსოლუტურად გაუგებარია“, - ეუბნება მორგოშია რადიო თავისუფლებას და საუბრისას კიდევ ერთ შესაძლო ვერსიას განიხილავს, რომელიც ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს უკავშირდება.

„თუ ამათი გეგმაა, რომ დაგვაჯახონ ულტრალიბერალურ ფლანგს - აქციებს რომ აპირებენ, ჩვენ მაგას არ ვჭამთ. ეგ არ არის ჩვენი ომი საერთოდ. ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია კანონები, რასაც ისინი იღებენ. ეს არ არის მაგათი გულწრფელი მდგომარეობა. ეგ არის მათი პოლიტიკური ქულებისთვის. არ გვაინტერესებს, მათ თამაშში ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, - ამბობს მორგოშია.

თუკი „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვანებისა და სტუმრების რიტორიკით ვიმსჯელებთ, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და გასაკრიტიკებელი თემატიკაც გაფართოვდა.

კონსტანტინე მორგოშია გვიდასტურებს, რომ კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ - რაც ხელისუფლებაში „თავის ჭკუით გაკონსერვატორდნენ“; ხოლო ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მათ „ღია ომი“ გამოუცხადა და გააკეთა ის, რაზეც „ალბათ, ჩრდილოეთ კორეაშიც არ იფიქრებდნენ“ და რაც "საქართველოში არასოდეს გაუკეთებია არცერთ ხელისუფალს" - რომ პარტია გაეუქმებინოს.

„მოკლედ, ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით... და საზოგადოებას პირობას ვაძლევთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩეველი იქნება ჩვენთან ერთად გამარჯვების პიედესტალზე“.

სახიფათო პრეცედენტი

„სახელმწიფომ კანონი დაარღვია“, - გვეუბნება პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი საჯარო რეესტრის მიერ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ.

„უეცრად აღმოვაჩინეთო, რომ დოკუმენტები არასწორად ჰქონდათ წარმოდგენილიო... კი მაგრამ, რატომ დაარეგისტრირე თავიდან მაშინ? პარტიის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ეუბნება მელაშვილი რადიო თავისუფლებას და ასახელებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის ორ მუხლს, რომელთაგან ერთი - [პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით] კონსტიტუციის ჩანაწერს იმეორებს, ხოლო მეორე მიუთითებს, რომ "პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე".

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იგივე ჩანაწერია - ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“.

  • საჯარო რეესტრის თანახმად, პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო“.
  • აქვე დასახელებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც - „პარტიის წესდების მიღება და მისი ცვლილება ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა“, რაც რეესტრის ცნობით - არ შეასრულა პარტიამ.

„თითქოს კბილს გვისინჯავენ, რა რეაგირება გვექნება ამ აშკარა უკანონობაზე“, - ირაკლი მელაშვილისთვის მომხდარი სახიფათო პრეცედენტია და ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელობა არა აქვს - როგორია პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, ვის მოსწონს, ვის - არა და ვის ეკუთვნოდა ის.

„ისტორიას თავისი კანონზომიერებები აქვს - როდესაც ამას [უკანონობას] გაატარებ ცუდი ადამიანის მიმართ და თავს დაიმშვიდებ, რომ - ის ღირსი იყო და დაისაჯა, მერე რა, რომ უკანონოდ... შემდეგ ეს ბევრ უდანაშაულო ადამიანს შეეხება - შენ ის არ მოგწონდა, მე შენ არ მომწონხარ და მორჩა. ამიტომ ჩვენ ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, არ შეიძლება არგუმენტი იყოს სანქციის დაწესებისთვის“, - ირაკლი მელაშვილი აღნიშნავს, რომ მომხდარი წარმოადგენს ნაბიჯს „არასამართლებრივი, ავტორიტარული სახელმწიფოსკენ“.

ძალადობრივი მოწოდებებითა და ქმედებებით გამორჩეულ "ალტ-ინფოს" საქართველოში არაერთი ხმაურიანი აქცია ჩაუტარებია - „კონსერვატიული მოძრობის“ დაფუძნებამდეც და მას შემდეგაც. მათ რამდენჯერმე გაანადგურეს ევროკავშირის დროშა, პარლამენტის შენობის წინ.
2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მათი მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ძალადობის ამ აქტით "ალტ-ინფოს" ლიდერები დღემდე ამაყობენ.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის საჯარო რეესტრს, „აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება“ გააუქმოს თავისივე გადაწყვეტილება, თუკი, გადამოწმების შედეგად, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეჭვები დადასტურდება და ხარვეზები დადგინდება.

თუმცა, მისივე თქმით, საქმე აქამდე არ მივიდოდა, კონკრეტული პარტიისთვის საჯარო რეესტრს ხარვეზის გამოსწორების ვადა თავის დროზე რომ მიეცა.

ალაფიშვილი თვლის, რომ დაშვებული შეცდომისთვის პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრს უნდა დაეკისროს და პასუხისმგებელი პირიც უნდა გამოვლინდეს.

მომხდარი სახიფათო პრეცედენტია მისთვისაც.

„ამ შემთხვევამ წარმოაჩინა, რომ დემოკრატიული, კონსტიტუციური, კანონიერების პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას არადემოკრატიული, პარტიული მიზნის მისაღწევად - გაუქმდეს ამა თუ იმ პარტიის რეგისტრაცია.

ეს არის ჩემთვის სახიფათო, რომ შეიძლება მერეც რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მოეწონოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება და თქვას - უი, შეცდომა დამიშვია შარშანწინ ან შვიდი წლის წინო... შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ისე უნდა იყოს აწყობილი მონიტორინგის მექანიზმი, რომ დროის რაღაც პერიოდში შესაძლებელი იყოს შეცდომის ოპერატიულად გამოსწორება და არა გაუქმება და წერტილის დასმა“, - ლევან ალაფიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობას საჭიროებენ და სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტიც, რომ მათ საქმიანობას ორგანული კანონი არეგულირებს.

„წერტილის დასმა“ კიდევ ბევრ სხვა თავსატეხსაც აჩენს.

იურისტის განმარტებით, ნულდება ყველა ის ვალდებულება და უფლება, რომლებიც პარტიას რეგისტრაციის გაუქმებამდე ჰქონდა და „ყველაფერი, რაც ამ ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის დაფინანსება - ექვემდებარება დაბრუნებას“. ამავე დროს - ორგანიზაციასაც აქვს უფლება, მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხა, მათ შორის - ბიუჯეტიდანაც. „ყველაფერი უნდა აღდგეს საწყის მდგომარეობაში“, - ამბობს ალაფიშვილი.

ლევან ალაფიშვილი ვარაუდობს, რომ კონკრეტულად „ალტ-ინფოს“, ისევე, როგორც „მანამდე წახალისებულ სხვა ჯგუფებს“ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლება უკვე ხელის შემშლელებად აღიქვამს, ამომრჩევლების მაქსიმალურად მობილიზების მიზნის მისაღწევად.

„ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნება, თუკი ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში“, - გვეუბნება ლევან ალაფიშვილი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება.
რაც მეტი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, მით ნაკლები მანდატი შეხვდება პირველ ადგილზე გასულ პარტიას.

„არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ ... მათთვის [„კონსერვატიული მოძრაობისთვის“], ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და, როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 9 აპრილს.

იუსტიციის მინისტრი „ალტ-ინფოს“ ურჩევს, რომ, თუკი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება უნდა, პარტია ხელახლა დაარეგისტრიროს „კანონმდებლობის სრული დაცვით“.

თუმცა ასეთ შემთხვევაში - მათ აღარ გამოადგებათ 25 ათასი ხელმოწერა, რომლებიც არჩევნებზე დასარეგისტრირებლად - „კონსერვატიული მოძრაობისთვის“ შეაგროვეს და უკვე ცესკოშიც წარადგინეს - ის პარტია უკვე აღარ არსებობს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხელმოწერების ხელახალი შეგროვება 1 აგვისტომდე უნდა მოასწრონ. „ალტ-ინფოში“ ამბობენ, რომ ხელმოწერების შეგროვება მათთვის რამდენიმე საათის საქმეა.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ჯერ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდეგ - სასამართლოს წესით.

„ალტ-ინფო“ გასაჩივრებასაც გეგმავას, თუმცა იურისტებს ეეჭვებათ, რომ სასამართლო დავის პროცესი არჩევნებამდე დასრულდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG