დამატებით, "კონსერვატიულმა მოძრაობამ" უნდა გადაიხადოს აღსრულების საფასური (15 224 ლარი), რაც ჯამში 233 ათას ლარამდეა. ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება.
"სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება", - ამ ინფორმაციას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე.
პარტიის წინააღმდეგ სამართალწარმოება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს დაიწყო. იმ დროს სწორედ ამ უწყების ვალდებულება იყო, შეემოწმებინა პარტიების ფინანსური ანგარიშები.
ჯარიმის დასაკისრებლად აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი არგუმენტით მიმართა:
- სადავო იყო 2021 წლის დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროს გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები;
- გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.
სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. იმის გამო, რომ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.