სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 31 იანვრის დილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა.
მედიასთან საუბარში ბექა ვარდოსანიძის დედამ განაცხადა, რომ ჩხრეკა მათ სახლში დილით ჩატარდა, სახლიდან წაიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
სუსის განცხადებით, "დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები".
ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გაატარა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება".
უწყების თანახმად, დღეს, 31 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, "რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები". საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება.
მუხლი, რომლის საფუძველზეს სუსში მოწმის სახით იკითხება ბექა ვარდოსანიძე ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ვიდეობლოგერი და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრი ბექა ვარდოსანიძე ცნობილია ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური გზავნილებით.
ვარდოსანიძეს, რომელიც წლებია, სხვადასხვა პლატფორმაზე მაუწყებლობს, ახლა მხოლოდ ფეისბუკზე 80 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.
თვის დასაწყისში, ბექა ვარდოსანიძე გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მან "სამარცხვინო" უწოდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, სამების საკათედრო ტაძრიდან გადასაწერად გაეტანათ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა, ხატზე სტალინის გამოსახულების არსებობის გამო.