სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების გადაწყვეტილებას.
„გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას, რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა”, - განაცხადა იოსელიანმა.
პრორუსულ, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გააუქმა.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას.
რეესტრმა საკითხის შესწავლისას რამდენიმე გარემოება გამოავლინა:
- ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობების ნომრების შესახებ ინფორმაციას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს. დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა“, - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.
რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიმართა და რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცედურული ნაწილის გავლის შემდეგ საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილების გამოქვეყნებას ელოდებოდნენ.
საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების ორგანიზებით. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს, როცა დედაქალაქში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. იმ დღეს მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.