სარდაფი
300 არაგველის ქუჩაზე, ქვით ნაშენებ, კერძო ორსართულიანი სახლის სარდაფს, თითქმის ერთმეტრიანი, სქელი კედლები აქვს. ათსაფეხურიანი ჩასასვლელი და სარდაფის სიღრმე ნადიბაიძეებს აიმედებდა, რომ ბომბები მათ ვერ მიწვდებოდა.
აზამ, პირველადი მოხმარების საგნები, ლეიბები და სხვა ათასი წვრილმანი ჩაზიდა. მისმა მეუღლემ, ედვარდმა კი ბარი და ძალაყინიც ჩაიტანა. თუ დაგვბომბეს და ამოსასვლელი ჩაიხერგა, გამოსათხრელად დაგვჭირდებაო. ნახევარ საათში სარდაფი თავშესაფრად იქცა.
სახლში, აზას და ედვარდის გარდა, იყვნენ შვილი - ნინო, რძალი - ლიზა და ორი შვილიშვილი. უმცროსი, ბარბარე 1 თვისაც არ იყო.
„სარდაფში სუნთქვა უჭირდა. პერიოდულად ამოგვყავდა კიბეზე რომ ესუნთქა და ასე ვათენებდით ღამეებს“. - ჰყვება აზა.
„კეთილმოწყობილ“ სარდაფში ნელ-ნელა მეზობლებიც ჩავიდნენ. ვისაც თავშესაფარი არ ჰქონდა, ყველა იქ მიდიოდა. სამი დღის შემდეგ ოჯახებმა გორიდან გახიზვნა დაიწყეს.
ჯარში მყოფი შვილები
აზას და ედუარდს ოჯახის გაძღოლის გარდა, ყველაზე მეტად ვაჟების ბედი აღელვებდათ. ლევანი და დათო იმ დროს ჯარისკაცები იყვნენ.
9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ გორის შემოსასვლელთან ვერხვების დასახლება და იქვე მდებარე სატანკო ნაწილი დაბომბა. ბომბები დასახლების კორპუსებსაც მოხვდა. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. ლევანი და დათო, აზას ვაჟები სწორედ ამ სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ.
„სატანკო ნაწილის დაბომბვის ამბავი რომ გავიგე მაშინვე ჰოსპიტლისკენ გავიქეცი. უკვე იყო ინფორმაცია, რომ დაჭრილები და გარდაცვლილები ჰოსპიტალში მიიყვანესო. ჩემი შვილების ამბავი არ ვიცოდი. გავრბივარ და პირველი, რაც ყურში მომხვდა და ზურგში დამეწია იყო სიტყვები - „საწყალი ქალი.“
ცუდი ფიქრები მომეძალა. ესე იგი იციან, რომ ჩემი შვილები დაღუპულები არიან და ვეცოდები ამ ხალხს - ვფიქრობ ამას და ლამის გავგიჟდე. თან გავრბივარ, რომ სწრაფად მივიდე ჰოსპიტალში. ერთ-ერთ კედელზე უკვე დაღუპულთა და დაჭრილთა სიები იყო გამოკრული. ჩემი შვილები არცერთ სიაში არ იყვნენ.
იქ საშინელება ვნახე. ჩემ თვალწინ შედიოდნენ მანქანები, რომლებსაც გვერდებიდან სისხლი გადმოსდიოდა. დაჭრილები და დაღუპულები მოჰყავდათ. საშინელი ქაოსი იყო და ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ამ დროს ფანჯრიდან მესმის ხმა - შენი შვილი ცოცხალია, შენი შვილი ცოცხალია. ნაცნობი ექთანი მეძახდა“.
აზა ჯარისკაცი შვილების შესახებ ინფორმაციას ყველგან ეძებდა, მაგრამ დაზუსტებით არავის არაფრის თქმა შეეძლო.
მოულოდნელი გამოჩენა
ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა კარი გაიღო და სახლში უფროსი ვაჟი, ლევან ნადიბაიძე შევიდა. ლევანი სისხლიანი იყო და ოჯახის წევრებს მაშინვე მიაძახა - ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო. დაჭრილი იყო, მეგობრებს თბილისში მიჰყავდათ, სახლში ორი წუთით შეირბინა.
„რისი თქმაც მოასწრო ის იყო, რომ დაბომბვაში მოჰყვა, ტალღამ შორს გადააგდო და გონზე რომ მოვიდა მის გარშემო ბევრი დაღუპული ნახა. მერე სასწრაფოს ექიმებს ეხმარებოდა დაჭრილების და დაღუპულების გაყვანაში. ამ დროს თვითონაც დაჭრილი იყო.
დიდხანს მკურნალობდა თბილისის ჰოსპიტალში. კონტუზია და ბომბების ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობები ჰქონდა.
მეორე შვილზე, დათოზე საერთოდ არაფერი ვიცოდით. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ დაბომბვისას ვინც გადარჩა, ცხინვალში წაიყვანესო. მაშინ ჩემმა მეუღლემ ყველაზე მეტად ინერვიულა. კაცი გაშეშდა, ერთ ადგილას იჯდა და ხმას ვერ იღებდა. მიტკლის ფერი ედო...
დათოზე ვერაფერს ვიგებდით, ხმები მოგვდიოდა მხოლოდ...საბოლოოდ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, დათო უვნებელი დაბრუნდა, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მოქმედებდა მაშინ ჩვენზე“. - ჰყვება აზა ნადიბაიძე.
მისი მეორე შვილი 22 აგვისტოს გამოჩნდა. მთელი ამ ხნის მანძილზე დათოს ბატალიონი ტყეს აფარებდა თავს. დათოს მამას ამ დღეებში განცდილი ნერვიულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა და რამდენიმე წელში ედუარდი გარდაიცვალა.
ჰუმანიტარული საქმე
12 აგვისტოდან მოყოლებული გორმა 10 დღე რუსეთის ოკუპაციაში იცხოვრა. ამ პერიოდში ქალაქში აღარც მაღაზიები მუშაობდა და არც პურის საცხობები. გაძარცვული, მინებჩამსხვრეული მაღაზიები დაცარიელებული იყო.
გორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა. სწორედ ამ დროს ამუშავდა ერთ-ერთი საცხობი. აზა დილით პურს აცხობდა, შუადღიდან კი ამ პურს ხალხს ურიგებდა. მოგვიანებით ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთებიც შემოვიდა.
„ახლაც რომ მხვდებიან ის ადამიანები მეუბნებიან, ომის დროს შენ გადაგვარჩინეო. მე რა გადავარჩინე, რასაც მაძლევდნენ იმას ვურიგებდი. ეს იყო ზეთი, პური მაკარონი, ხახვი, რაც იმ დროს ქალაქში შემოდიოდა, იმას ვარიგებდით“.
12 აგვისტოს აზა სამსახურში მიდიოდა, როცა ძლიერი აფეთქების და მსხვრევის ხმა გაიგო. მალე ჰაერში ავარდნილი მტვერიც დაეწია. ოდნავ ადრე რომ გასულიყო ცენტრალურ მოედანზე, დაბომბვაში თვითონაც მოჰყვებოდა. გორი ისკანდერის ტიპის რაკეტით, კასეტური ბომბებით დაიბომბა.
„მაგ დროს საცხობში მივდიოდი და მოედანზე რომ გავედი უამრავი დაღუპული და დაჭრილი ადამიანი ვნახე. ჩემი თვალით ვნახე უცხოელი დაღუპული ჟურნალისტი. (ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი - რ.თ.) შემაძრწუნებელი სურათი იყო. მექანიკურად ვმოქმედებდი, აზროვნება თითქოს დაკარგული მქონდა და ინსტინქტები მმართავდა.
ერთ დღეს ჰუმანიტარულს ვარიგებდით, ხალხი რიგში, კიბეებზე იდგა. მოულოდნელად რუსული ტანკი წამოვიდა ჩვენკენ და ეს ხალხი კიბეებიდან ხტებოდა“. - იხსენებს აზა.
მაროდიორები ეკლესიაში
რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მაღაზიებს და ბანკებს ქალაქში შემოსული რუსეთის არმიის ჯარისკაცები და დაქირავებული მებრძოლები ძარცვავდნენ, განსაკუთრებით მობილური ტელეფონების მაღაზიებს.
„ერთ დღეს ეკლესიაშიც შემოვარდნენ... წინასწარ გავიგეთ, რომ მოდიოდნენ და ქალებს ანაფორები გადაგვაცვეს, სახეებს ვმალავდით... ხალხს ჯვრები ჩამოგლიჯეს, მანქანები წაიღეს და წავიდნენ. მაროდიორობდნენ მთელ ქალაქში. გაუტეხავი მაღაზია და ბანკი არ დატოვეს,“ - ამბობს აზა
უკრაინა და გორის ამბები
მათემატიკის მასწავლებელი, გორელი აზა ნადიბაიძე რომელმაც 2008 წლის ომი გამოიარა, მას შემდეგ უფრო მეტად უყურებს ტელევიზორს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვებებს თითქმის არ ტოვებს.
„უკრაინის ამბებს ძალიან განვიცდი. 15 წლის წინანდელი გორი მახსენდება და სულ მაწუხებს ერთი კითხვა - ნუთუ, ამხელა მსოფლიოს არ გააჩნია უნარი, შეაჩეროს ეს დამპყრობელი სახელმწიფო? მარტო უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მხოლოდ იარაღით მომარაგებაც არაა საკმარისი, მთელი მსოფლიო უნდა აღდგეს რუსეთის წინააღმდეგ, თუ არადა, არ იქნება პლანეტაზე მშვიდობა“.