Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი, თავისი ეკიპაჟითა და 70-მდე რუს-ქართველი მგზავრით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 მაისს, 13.18 სთ-ზე დაეშვა. ცოტა ხნით ადრე, როცა საჰაერო ხომალდი კავკასიონის ქედს უახლოვდებოდა, მავანმა პირობითმა „სტюარდესა“ კაწიამ ან ლარისა ივანოვნამ, როგორც „მიმინოშია“, ალბათ ემოციურად გამოაცხადა დინამიკებში: „ძვირფასო მგზავრებო! ჩვენ მივფრინავთ კავკასიონის მთავარი ქედის თავზე. მარჯვნივ ყაზბეგია, მარცხნივ - იალბუზი. გისურვებთ სასიამოვნო ფრენას...“

არის რაღაც ღრმად სიმბოლური იმაში, რომ ქართველი და რუსი ხალხების დაუძინებელ მეგობრობაში კვლავ ჩართული აღმოჩნდა ავიაცია, უფრო ზუსტად „დიდი (Большая) ავიაცია“, სად დაბრუნებასაც ასე თავგამოდებით ეშურებოდა ვალიკო მიზანდარი - საბჭოთა სტერეოტიპებითა და კლიშეებით დატვირთული მხატვრული ფილმის მთავარი პერსონაჟი.

„მიმინოს“ სცენარში, რომელიც ფილმზე მეტად საინტერესოა, დიდ ავიაციაში დაბრუნების სცენა ასეა აღწერილი:

„ვალიკო ლაინერის შტურვალთან იჯდა, გიგანტური მანქანა მის ხელებს ემორჩილებოდა. დახედა მოწყობილობებს, მოზიდა მართვის პანელის ერთ-ერთი ბერკეტი და მზერა მეთაურისკენ გააპარა. იმან თავი დაუქნია, კარგიაო.
- იცი, რა... – უთხრა მეთაურმა. - როგორც კი ჩავალთ, დაწერე განცხადება ერთოთახიან ბინაზე.
- რატომ ერთოთახიანზე? ოროთახიანი მინდა.
- ერთი ხარ, ოროთახიან ბინას არ მოგცემენ.
- დღეს ერთი ვარ, ხვალ კი... - გაიფიქრა ვალიკომ და ჩაილაპარაკა: დიდ თეატრში ვივლით... მუზეუმებშიც...“

თავის დროზე ვალიკოებმა, ფილმშიც და ცხოვრებაშიც, კარგად გამოვცადეთ დიდი ავიაციის მიზიდულობა, გამოვცადეთ უფროსი ძმის მძიმე ხელიც, დამცინავი მზერაც და ხალხთა მეგობრობის ყალბი ხიბლიც, მაგრამ, მიუხედავად ამ სავალალო გამოცდილებისა, საქართველოს ხელისუფლება დღეს კვლავ „დიდ ავიაციაში“ აბრუნებს ქვეყანას და მიზეზად კვლავ ხალხზე ზრუნვას - „მიმინოს“ რომ დავესესხოთ, ოროთახიანი ბინის მიღების პერსპექტივას და დიდი თეატრის ბილეთებს - ასახელებს. აკი, თქვა კიდეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, წელს პირდაპირი ფრენების აღდგენის ეფექტის სახით, რუსეთიდან 300-400 მილიონ დოლარს მივიღებთო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განმარტა, „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვისო“.

„უცნაურია“, მაგრამ 19 მაისის „ისტორიული რეისის“ მგზავრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარემ მერაბ ჭიქაშვილმაც, გარდა იმისა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო მადლობა გადაუხადა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილ რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ილაპარაკა იმ დიდ სარგებელზე, რასაც, მისი თქმით, პუტინის გადაწყვეტილება მოუტანს ქართველს ხალხს.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად მოლაპარაკებებს 2022 წლის დეკემბრიდან აწარმოებდნენ და, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ გასაკეთებელს საქმეს აკეთებდნენ.

მერაბ ჭიქაშვილის გარდა 19 მაისის მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ რუსეთ-საქართველოს დაახლოებით აღფრთოვანებული სხვა მგზავრებიც, მათ შორის "საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია, რომელიც ასევე მონაწილეობდა ავიამიმოსვლის აღდგენის პროცესში.

„დაანებეთ თავი პუტინს! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ გაუქმებულია რუსეთთან სავიზო რეჟიმი და დაწყებულია პირდაპირი ფრენები. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა, გაფრინდება, ვისაც არ უნდა არ გაფრინდება", - უთხრა კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას.

მგზავრების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი ავიარეისით მოსკოვიდან თბილისში ძირითადად ჩამოფრინდა „პუტინის რუსეთის“ ნაწილი.

„დიდ სარგებელს ვნახავთ, ციფრები იქნება დეკემბრისთვის. პუტინის პოლიტიკა მისაღებია. რუსეთი არ არის უკრაინაში შეჭრილი. რუსეთი თავის მისიას ასრულებს. რა ხდება უკრაინაში? СВО - სპეციალური სამხედრო ოპერაცია! არაფერი ვიცი უკრაინელების დაღუპვის შესახებ, მე ბიზნესმენი ვარ და არა პოლიტიკოსი“, - უთხრა თვითმფრინავის კიდევ ერთმა მგზავრმა მამუკა ფიფიამ თბილისის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომელიც მათ "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ წარუდგინა. თვითონ ლორთქიფანიძემაც ქართული საზოგადოების ინტერესებზე ილაპარაკა, თანაც ისე, რომ „ქართული საზოგადოება“ მისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პროპორციით გაანაწილა საქართველოსა და რუსეთს შორის:

„საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბუნებრივია, ჩვენსა და მათ შორის კომუნიკაციის აღდგენის ლეგიტიმური უფლება აბსოლუტურად ავალდებულებს ჩვენს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს ეს ფაქტი. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“.

დიმიტრი ლორთქიფანიძის მსგავსად რუსეთში მცხოვრები 1 მლნ ქართველით (რაც არცერთი ქართული თუ რუსული ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება) ხშირად სპეკულირებენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები (ი. ღარიბაშვილი, ი. კობახიძე და სხვ). ძნელი წარმოსადგენია, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ ისინი, და მათთან ერთად რუსეთის ხელისუფლება, არ ისპეკულირებენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობით.

სწორედ ამ სეგმენტებით (რუსეთში ქართველების, საქართველოში რუსების) სპეკულირების შესაძლებლობას გაზრდის თბილისის და მოსკოვის ბოლოდროინდელი სინქრონული მოქმედებები, რათა რუსეთმა საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების, ხოლო ქართველმა რუსეთუმეებმა რუსეთში მცხოვრები „მილიონობით ქართველის“ სახელით ილაპარაკონ ისე, როგორც ლაპარაკობენ კიდეც მოსკოვიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის მგზავრები. დიდწილად, სწორედ ასეთი მგზავრებისთვის აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, თორემ ჩვენ გვახსოვს (გვინახავს) რუსეთიდან ჩამოფრენილი სხვანაირი მგზავრებიც, რომლებიც 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედების (რუსი ჯაშუშების დაკავების) პასუხად.

„თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოიყენებოდა ტუალეტად და ტრიალებდა რიგებს შორის“, - ასე აღწერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დოკუმენტები, 2006 წლის შემოდგომაზე 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქის გაძევებას რუსეთიდან. უმეტეს შემთხვევაში დეპორტაცია იმდენად დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში ხდებოდა, რომ 48 წლის თენგიზ ტოგონიძისა და 52 წლის მანანა ჯაბელიას სიცოცხლეები შეეწირა.

ასე (და უარესად) იქცეოდა რუსეთი როცა საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად (1921, 1989, 2008 წწ) მოქმედებდა, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასახულია კონსტიტუციის 78-ე მუხლში („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“), რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის ბოლო დროის საგარეო პოლიტიკურ სვლებთან და, რომელიც აღაფრთოვანებს არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ პროპაგანდისტებსაც კი.

რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობა თბილისისადმი, უფრო საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით არის განპირობებული და არა პირიქით. რუსეთს ერთი ნაბიჯითაც კი (არც პირდაპირი, არაც გადატანითი მნიშვნელობით) არ დაუხევია უკან: მოსკოვს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი, რუსეთი კვლავ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას და კვლავ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამომავლოდ მაინც საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება დათმობას ჯერ სარკინიგზო მიმოსვლით, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით.

ასეთია ყოფილი „უფროსი ძმის“ დიდ ავიაციაში დაბრუნების საფასური, რომელიც, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაიზრდება. პუტინის რუსეთი პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით იმდენად არადემოკრატიული, ძალადობრივი და, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაადამიანურია, რომ, მასთან დაახლოება (რაც ბუნებრივად ნიშნავს, დასავლეთისგან დისტანცირებას) საქართველოს სუვერენიტეტისგან ან აღარაფერს ან ფორმალობას დატოვებს.

თუმცა საქართველოს ხელისუფლება და, როგორც ჩანს, მისი თანხმობით მოქმედი პრორუსული ჯგუფები, გაცვეთილი კლიშეებით ცდილობენ დიდ ავიაციაში დაბრუნების გამართლებას, რომ ჩვენ, დანარჩენი მილიონი ქართველის მსგავსად, სიხარულით გველიან მოძმე რუსეთში და, რომ ლარისა ივანოვნებს კვლავ ვუნდივართ ულვაშა ვალიკოები.

თუ გახსოვთ, დიდი სევდა გამოსჭვივის შეხვედრა-დაშორების სცენაში, რომელიც სცენარში ასეა აღწერილი:

„ვალიკო იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდა ლარისა, როგორ შორდებოდა მისი ლამაზი გამოსახულება“.

ამ სცენის გადაღებიდან 46 წელი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან კი 32 წელი გავიდა. წესით, ძალიან უნდა დაგვშორებოდა, ყველანაირი გამოსახულება უნდა გამქრალიყო, მაგრამ, ამდენი წლისა და გაუცხოების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებაში როგორღაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ვალიკოები ვართ და, რომ კვლავ რუსეთში გველიან!

აბსურდია, რომ დღეს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, იმის დამტკიცება გვიწევს, რომ არც ვალიკოები ვართ და არც - ბინოკლი კი არადა, რუსეთი გვინდა!

თვითონ წავიდნენ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

კატრინ დენევი, კანის ფესტივალის გახსნის ცერემონია
კატრინ დენევი, კანის ფესტივალის გახსნის ცერემონია

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პოსტერზე წელს კატრინ დენევია გამოსახული. სურათი გადაღებულია 1966 წლის ზაფხულში, სენ-ტროპეზთან ახლოს - ახალგაზრდა კინოვარსკვლავი თითქოს თავის მომავალს უღიმის.

დენევი დაპატიჟეს ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზეც. მას შემდეგ, რაც წლევანდელი კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარემ, შვედმა რეჟისორმა რუბენ ოსტლუნდმა თავისი გრძელი და პრეტენზიული სიტყვა დაასრულა თანამედროვე კინოს მომავალზე, მაიკლ დუგლასმა კი ფესტივალის „საპატიო პალმა“ მიიღო (ასევე გრძელი „სამადლობელი“ სიტყვის თანხლებით), წამყვანმა, კიარა მასტროიანიმ სცენაზე დედამისი მიიწვია.

კატრინმა ამას წინათ მძიმე ინსულტი გადაიტანა, კინოში გადაღებებიც შეაჩერა, მაგრამ მსოფლიო კინოს ცოცხალმა კლასიკოსმა (ოქტომბერში 80 წელი შეუსრულდება) კანში ჩასვლაზე უარი ვერ თქვა. გეგმით მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უნდა ეთქვა: „გახსნილად ვაცხადებ კანის 76-ე კინოფესტივალს“. მაგრამ მოულოდნელად დენევმა თქვა, რომ არ იყო ზეიმის ხასიათზე და დარბაზს ლესია უკრაინკას ლექსით მიესალმა. შარშანდელი ცერემონიისგან განსხვავებით უკრაინა კანში მხოლოდ კატრინ დენევმა ახსენა. თანაც, ცრემლიანი თვალებით.

კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა
კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა

კანის წლევანდელი კინოფორუმის პრემიერებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ სახალისოდ განწყობილი მაინცდამაინც არც თანამედროვე კინოხელოვნება უნდა იყოს.

ფესტივალის 20 საკონკურსო ფილმს შორის უმეტესობა დრამატული ისტორიაა; სკოლის მასწავლებელზე, რომელსაც პედოფილიაში ედება ბრალი („მშრალ ბალახზე“ - რეჟისორი ნური ჯეილანი), ასევე მასწავლებელ ქალზე, რომელსაც ქმრის მკვლელად აცხადებენ („დაცემის ანატომია“, რეჟისორი ჟიუსტინ ტრიე), მოძალადე კათოლიკებსა და ანტისემიტიზმის მსხვერპლ ბავშვზე („მოტაცებული“, რეჟისორი მარკო ბელოკიო), უელსელ მეშახტეებზე, რომლებსაც შახტების დახურვის შემდეგ სირიელი დევნილები ცვლიან („ძველი მუხა“, რეჟისორი კენ ლოუჩი)... და არა მარტო კონკურსში.

კანის ფესტივალის პროგრამა „კრიტიკის კვირეული“ გაიხსნა ჩვენი ფრანგი თანამემამულის, მარი ამაშუკელის ფილმით „ამა გლორია“ - 6 წლის გოგონაზე, რომელიც არდადეგებზე ჩადის აფრიკაში, თავის ყოფილ ძიძასთან, რადგან ვერ უმკლავდება მასთან განშორების სევდას.

მართალი გითხრათ, ამაშუკელისგან გაცილებით მეტს ველოდი. ფაქტობრივად მთლიანად ახლო ხედებით გადაღებულ ფილმში ავტორი ცდილობს თანამედროვე მსოფლიოს ლამის ყველა პრობლემას შეეხოს, თუმცა ამისთვის არც ძალა ჰყოფნის, არც ფანტაზია. საბოლოოდ კი რჩება ზედაპირული დეკლარაციები - ფილმი, რომელსაც უკვე შეარქვეს „ენჯეო-კინო“, გადატვირთული მრავალჯერ გამეორებული მხატვრული მიგნებებით და პოლიტიკური, სოციალური კლიშეებით.

კანის ფესტივალის ჟიური
კანის ფესტივალის ჟიური

ეჭვიანი ჟურნალისტები წერენ, რომ საზეიმო განწყობილება არც წლევანდელ „წითელ ხალიჩაზე“ იგრძნობოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანმა ფესტივალის გახსნის ფილმის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებლები წარმოადგინა.

კანის კინოფორუმის დირექციამ 76-ე ფესტივალის გახსნისთვის ფრანგი რეჟისორის და მსახიობის მაივენის ფილმი „ჟანა დიუბარი“ (იგივე „ფავორიტი ქალი“) შეარჩია. მაივენმა ამას წინათ სახალხოდ შეაფურთხა ჟურნალისტს, რომელმაც ყოფილი მეუღლის, ლუკ ბესონის შესახებ ჰკითხა, მართალია, რომ ძალადობდა თქვენზეო? მისმა პარტნიორმა „ჟანა დიუბარიში“, ჯონი დეპმა, რომელიც ფილმში ლუდოვიკო მეთხუთმეტის როლს ასრულებს, ცილისწამების საქმე კი მოიგო ყოფილი ცოლის წინააღმდეგ, მაგრამ ოჯახურმა სკანდალმა მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა მისი კარიერა.

„ჟანა დიუბარი“ ფრანგული მონარქიის მორიგი ფემინისტური გადააზრებაა. ლუდოვიკო მეთხუთმეტის ფავორიტი ქალი, რომელიც ვერსალში იმხელა ძალაუფლებას ფლობდა, რომ ბოლოს უკვე მინისტრებსაც ამტკიცებდა და საფრანგეთის საგარეო საქმეებშიც ერეოდა, მაივენმა (ფილმის რეჟისორი თავად ასრულებს მთავარ როლს) წარმოადგინა, როგორც ერთდროულად მსხვერპლიც და მანიპულატორიც.

სატირისა და დრამის ეს ერთდროულობა კანის ფესტივალის გახსნის ფილმს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ძალიან კარგია ფრანგულად მოსაუბრე ჯონი დეპიც. ასევე ირონიული იმ პერსონაჟის მიმართ, რომელსაც ასახიერებს. და, ვინც იცის, შესაძლებელია, საკუთარი თავის და საკუთარი დრამის მიმართაც.

„ჟანა დიუბარი“ კანის ფესტივალის ძირითად კონკურსში არ მონაწილეობს. თუმცა საკონკურსო პროგრამაში კიდევ ერთი ფილმია მონარქიაზე, კერძოდ კი, ჰენრი მერვის უკანასკნელ ცოლზე, ქეთრინ პარზე. ამბობენ, რომ ბრაზილელი რეჟისორის, კარიმ აინუზის ამ ბრიტანულ სურათში სატირული ინტონაციები და მონარქიაზე ქილიკი კიდევ უფრო ძლიერი და პროვოკაციულია ვიდრე „ჟანა დიუბარისთან“.

თუმცა საფრანგეთის პროფკავშირებისთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არაა, როგორი ძალით აკრიტიკებენ თანამედროვე კინორეჟისორები ძალაუფლების სისტემას და უსამართლობას. ფესტივალის გახსნამდე გაირკვა, რომ პროფკავშირები კანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.

თუმცა კინო მაინც გრძელდება. შემთხვევით არ გაიხსენა ფესტივალის გახსნის ცერემონიის წამყვანმა კიარა მასტროიანიმ ამერიკელი რეჟისორის ჯონ კიუკორის სიტყვები: „კინო სექსს ჰგავს. როცა კარგია - კარგია. როცა არ არის კარგი, მაინც არ არის ცუდი“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG