Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 მაისი. See content from before

ოთხშაბათი, 3 მაისი 2023

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქმის არასოდეს აძლევს ინტერვიუს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიასაშუალებების რედაქციებს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ჟურნალისტს, თუმცა იქვე დააზუსტა, თუ ვის გულისხმობდა „ყველაში“ - ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიასო.

ამ განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში შედის იმის განსაზღვრა, თუ ვინ როგორი ჟურნალისტია და ვინ როგორ ემსახურება თავის პროფესიას.

როგორც ჩანს, იგი სწორედ ამ თავისი სუბიექტური წარმოდგენის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვის მისცეს ინტერვიუ და ვის - არა, ვის ეწვიოს სტუდიაში და ვის კი საჯარო ღონისძიების დროსაც არ გასცეს პასუხი.

ცხადია, ყველას აქვს უფლება, მოსწონდეს ესა თუ ის მედიასაშუალება და არ მალავდეს თავის ამ დამოკიდებულებას, რომელიც, პოლიტიკოსის შემთხვევაში, მნიშვნელოვანიც კია საზოგადოებამ იცოდეს, მაგრამ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი იმასაც უნდა აცნობიერებდეს, რომ იგი არ არის მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული მედიაორგანიზაციის აუდიტორიის პრემიერ-მინისტრი და, რომ ის ასევე ანგარიშვალდებულია სხვა, კრიტიკული მედიების მაყურებლებისა და მკითხველების წინაშეც.

2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიით ევროპის გაოცების პირობას დებდა, ხოლო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მისი ამ დაპირებისა სჯეროდა, საყურადღებო განცხადება გაკეთდა სწორედაც რომ ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების შესახებ, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა ახალი პოლიტიკური ლიდერის როგორც ღირებულებებზე, ასევე პოლიტიკურ გემოვნებაზე.

“მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ღრმა პატივისცემას თქვენი რედაქციისადმი და ვთვლი, რომ „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია ქართულ ბეჭდვით მედიაში!“ - ბიძინა ივანიშვილი, 2012 წ.

ქსენოფობიურ, ობსკურანტულ, ანტიდემოკრატიულ და პრორუსულ მედიაორგანიზაციებთან არც ბიძინა ივანიშვილსა და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 3 მაისს გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტის ადრესატებიც სწორედ ასეთი მედიაორგანიზაციების თანამშრომლები არიან, რის გამოც, განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს მილოცვის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია უტყუარი ინფორმაციის გავრცელებისა და თავისუფალი პრესის მნიშვნელობაზე:

„უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე”.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ „უტყუარი და დაბალანსებული“ ინფორმაციის გავრცელებისთვის არასაკმარისია მხოლოდ პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკა და პროფესიონალი ჟურნალისტები, რომ ასევე საჭიროა:

  • მედიასთან ურთიერთობა (ინტერვიუების მიცემა, პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობა და ა.შ.) და არა მისი ბოიკოტირება-ბლოკირება
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და არა ახალი ბარიერების შექმნა
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. არადა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით (4 ნოემბერი, 2022), საქართველოში უკიდურესად დაბალია მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე:

  • ჟურნალისტთა მხოლოდ 12%-მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება
  • შემთხვევათა 50%-ში საჯარო ინფორმაციის განცხადება არ დაკმაყოფილდა ან დარჩა უპასუხოდ

„საქართველოს აქვს თავისუფალი მედიასივრცეო“, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ, როცა, სულ ცოტა, ბოლო ორი წელია, დემონსტრაციულად არ ხდება ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებისა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება. დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის დარბევის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს ძალადობისკენ.

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილი ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი და 2 სხვა ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც აქციაზე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს პარლამენტმა, ჟურნალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები შეიტანა აკრედიტაციის წესში, რომლის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუ. ამ ცვლილების საფუძველზე აკრედიტაცია უკვე შეუჩერდა ტელეკომპანიების „ფორმულის”, „ტვ პირველისა” და „მთავარი არხის” 3 ჟურნალისტსა და 3 ოპერატორს.

საერთაშორისო ავტორიტეტიანი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასებით, (2021-2022 წლების პერიოდში) საქართველოში მკვეთრად (29 პუნქტით) დაეცა მედიის თავისუფლების ინდექსი, შედეგად, საქართველომ მე-60 ადგილიდან 89-ზე გადაინაცვლა.

ქართული მედიაორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მედიის თავისუფლების ხელყოფის საფრთხე დაინახა მმართველი პარტიის მიერ 2023 წლის თებერვალში ინიციირებულ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტში.

„კანონის მიზანია აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ“, - ნათქვამია 2023 წლის 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში მომუშავე 60 მედიაორგანიზაცია.

2023 წლის 22 აპრილს საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა DW Akademie-მ. კვლევაში სახელწოდებით „მედიის თავისუფლება იკლებს“, მედიის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემათა შორის დასახელებულია ჟურნალისტების უსაფრთხოების ნაკლებობა, სუსტი სარეკლამო ბაზარი, თვალთვალი (სუსის კრებსები) და მუქარა ჟურნალისტების მიმართ. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მედია პოლარიზებულია და თითქმის მთლიანად პარტიულ-პოლიტიკურ დღის წესრიგზეა ორიენტირებულიო.

25-30 წლის წინათაც, როცა საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ფეხს იდგამდა, უცხოელი კოლეგებისგან ხშირად გაგვიგონია, რომ ჟურნალისტიკის ისტორია ბოლო 200 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ერთგულებიდან საზოგადოების ინტერესების ერთგულებაზე გადავიდაო და, რომ, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ახალ საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლა დემოკრატიისთვის პროპაგანდის წინააღმდეგ, ბრძოლა „ობიექტური“ და „დამოუკიდებელი“ მედიის გარდაუვალი გამარჯვებისთვისო.

საქართველოში ეს ბრძოლა 30 წელია მიმდინარეობს და ვერავინ იტყვის, რომ დამოუკიდებელ მედიას, ცალკეული წარმატებების მიუხედავად, აღარ უდგას ეგზისტენციალური საფრთხეები, რომ მის არსებობას არაფერი ემუქრება. ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ „შეკერილი“ საქმე, მისი პატიმრობა დაუსაბუთებელი ბრალდებით და ივანიშვილის ხელისუფლების სიჯიუტე, ოპტიმიზმის არანაირ წინაპირობას არ იძლევა. იმისგან, რაც ნიკა გვარამიას დაემართა, არავინაა დაზღვეული, მათ შორის არც ის ჟურნალისტები, რომლებსაც ღარიბაშვილმა დღეს გულწრფელად მიულოცა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ორიოდ თვის წინ, The New York Times-მა, გაზეთმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გამოაქვეყნა ვაშინგტონსა და კიევში საკუთარი მთავარი კორესპონდენტების ერთობლივი სტატია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მოახერხეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ომის დროს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. სტატიის ავტორების თქმით, თუ ზელენსკი არის თანამედროვე უინსტონ ჩერჩილი, (...) მაშინ ბაიდენი თავის თავს ხედავს პერლ-ჰარბორამდელი რუზველტის როლში, რომელმაც ევროპელი მოკავშირეების შეიარაღებისათვის ერთ მუჭად შეკრა მსოფლიოს დემოკრატია. ამერიკელი ჟურნალისტები ასევე ციტირებენ მაიკლ მაკფოლს, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მოსკოვში, რომლის აზრითაც, ბაიდენი სამართლიანად თვლის, რომ მან მოახდინა ამერიკისა და მსოფლიოს მობილიზება, რომ პენტაგონმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა და რომ იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკმარისად არ არის დაფასებული ამის გამო.

მართალია, რომ ვაშინგტონს არასდროს გაუკეთებია ამდენი მოკავშირეებისათვის? შეგვიძლია ბაიდენის რუზველტთან შედარება? მოდით, ჯერ რიცხვებს შევხედოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლონდონს მიაწოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების 7,2%. თუ ამას მივამატებთ სხვა მოკავშირეებისათვის გაწეულ დაახმარებას, მაშინ ეს რიცხვი 14,2%-ს აღწევს. 2023 წელს, ვაშინგტონი გეგმავს საკუთარი წლიური სამხედრო ბიუჯეტის 5,4%-ის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, მაგრამ თუ გამოვიყენებთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოთვლის მეთოდს, ეს მაჩვენებელი 3,2% და 4%-ს შორის მერყეობს.

თუ შემოვიფარგლებით პერლ ჰარბორამდე პერიოდით, როდესაც შეერთებული შტატები ეკონომიკური გიგანტი და სამხედრო ქონდრისკაცი გახლდათ, ლონდონისადმი ვაშინგტონის დახმარება იმდენად გულუხვი იყო, რომ ამან აშშ ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, 1940 წლის ნოემბერში, რუზველტმა გადაწყვიტა, ჩერჩილისთვის გადაეცა ახლადწარმოებული საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ნახევარი, მათ შორის ულტრათანამედროვე B-17 ბომბდამშენები. როდესაც ჰენრი სტიმსონი (სამხედრო მინისტრი) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეს თვითმფრინავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რუზველტი უპასუხებს, რომ ბრიტანელებს შეეძლოთ მათი გამოცდა საბრძოლო პირობებში.

1940-41 წლებში ომისთვის აშშ-ის მზადების რთული ამოცანის წინაშე მდგომი სამხედროები შეძრწუნებული ადევნებდნენ თვალს, თუ რა დიდი რაოდენობით მიდიოდა სამხედრო დახმარება ჯერ ლონდონის, შემდეგ კი მოსკოვის მიმართულებით. 1941 წლის 11 აპრილს ადმირალი ემორი ლენდი (სენატის საზღვაო კომისიის თავმჯდომარე), სარკასტულად შესჩივლებს რუზველტს, რომ თუ შეერთებული შტატები ფრთხილად არ იქნებოდა, ერთ დილას გაიღვიძებდნენ და აღმოაჩენდნენ თეთრ სახლს ინგლისისკენ მიმავალ გზაზე, მასზე მიმაგრებული ვაშინგტონის ძეგლით. რაც შეეხება სამხედრო მინისტრ სტიმსონს, 1 აგვისტოს ის განუცხადებს პრეზიდენტს, რომ ყველა ამ ადამიანს [იგი გულისხმობდა ჰარი ჰოპკინსს, რუზველტის მარჯვენა ხელს მოკავშირეების დახმარების საქმეში - ლ.ო.] აქვს მიდრეკილება, დააკმაყოფილოს გარდამავალი იმპულსი თუ ემოცია, რათა დაეხმაროს ჩვენს მხარეს მდგომ სხვა ერებს, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა ამერიკის შეიარაღებული ძალების წინაშე და არ აინტერესებთ, დარჩება თუ არა ჩვენი ჯარი იარაღის გარეშე.

რუზველტისეული დახმარება, ბაიდენისეულისგან არა მარტო მოცულობით, არამედ ხარისხითაც განასხვავდებოდა: თუ რუზველტი გასცემდა საუკეთესო აღჭურვილობას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, დღეს კიევისათვის იარაღის მიწოდება გადის ორჭოფობის გრძელ ციკლს და ძირითადად შემოიფარგლება ძველი აღჭურვილობით. ხოლო თუ თანამედროვე იარაღზეა საუბარი, იგი გაიცემა მთელი რიგი შეზღუდვებით: M777 ჰაუბიცები GPS-ის გარეშე, ABRAMS-ის ტანკები თანამედროვე ჯავშნის გარეშე და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა 300 000 თვითმფრინავის წარმოება შეძლო და მათგან 55 000 მოკავშირეებს გადასცა. დღეს ბაიდენი უარს ამბობს უკრაინისათვის მოძველებული F-16 თვითმფრინავების მიწოდებაზე. New York Times-ის ცნობით, ბაიდენს პუტინის პროვოცირების ეშინია, რათა ამ უკანასკნელმა ეს ომი ბირთვულ კონფლიქტად არ გადააქციოს. ამგვარად, ვაშინგტონი მუდმივად იგონებს თავისთვის ახალ რუბიკონებს, მაშინ როცა პუტინი ყოველდღიურად არღვევს საკუთარ წითელ ხაზებს. დასავლეთს დღემდე უჭირს გაგება, რომ პუტინი თამაშობს რულეტს (ფსონის მუდმივი გაორმაგებით) და არა რუსულ რულეტს: 1. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რუსული სამხედრო დოქტრინის ნაწილია, მისი გამოყენება უკრაინაში სრული ნონსენსია: არ არსებობს ამისთვის აუცილებელი სამიზნე ობიქტი (უკრაინის ჯარების, ან სამხედრო ინდუსტრიის ობიექტების დიდი კონცენტრაცია). ასე რომ პუტინმა იცის, რომ ტაქტიკური იარაღის გამოყენება არანაირად არ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე (ზოგადად სიტყვა „ტაქტიკური“ მრავლისმთქმელია). 2. პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა, რადგან მისი გამოყენების შემთხვევაში ვაშინგტონმა, ლონდონმა და პარიზმა კონვენციური იარაღით შურისძიება აღუთქვეს. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ შეიძლება დროა, გავიგოთ, რომ თუ პუტინი დასავლელ ლიდერებს Cosa nostra-ს ენით ესაუბრება, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთს აუცილებლად უნდა ეშინოდეს...

მე-20 საუკუნის კონფლიქტებში, თითქმის ყველა სახმელეთო ოპერაციის წარმატება ცის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ცის კონტროლი იძლევა ერთობლივი ოპერაციის ჩატარების საშუალებას (ქვეითი ნაწილების, ტანკებისა და არტილერიის საშუალებით). დღეს უკრაინის ყველა მოკავშირე ლაპარაკობს უკრაინის მოახლოებული კონტრიერიშის წარმატების აუცილებლობაზე, არადა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გადაცემაზე ყაბულს არ არის. New York Times-ის თანახმად, ბაიდენის უარი, კიევს მიაწოდოს F-16-ები, აღიზიანებს ზელენსკის. და არის ეს გასაკვირი? ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის განთავისუფლების შემდეგ, რესურსების ნაკლებობის გამო, უკრაინამ ვერ შეძლო კონტრშეტევის გაგრძელება, რითაც რუსებს საშუალება მისცა, გაეძლიერებინათ თავდაცვის ხაზი ათასკილომეტრიანი ფრონტის მთელ სიგრძეზე. ბაიდენის ორჭოფობა, დასავლეთის წვეთოვანი დახმარება, უკრაინას არა მარტო სისხლის მდინარეებად უჯდება, არამედ საფრთხეს უქმნის მომავალი (სავარაუდოდ საზაფხულო) კონტრიერიშის გამარჯვებით დაგვირგვინებას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG