Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 27 მაისი. See content from before

ხუთშაბათი, 25 მაისი 2023

კადრი ფილმიდან “შაშვი შაშვი მაყვალი”.
კადრი ფილმიდან “შაშვი შაშვი მაყვალი”.

თამთა მელაშვილის წიგნის სიცოცხლე გრძელდება - “შაშვი შაშვი მაყვალი”, როგორც ტექსტი, მუდმივი განახლების პროცესში აღმოჩნდა.

ჯერ იყო და თავად რომანში ლამის დოკუმენტური პროზა, პატარა ქართული ქალაქის მკვიდრის, 48 წლის ეთეროს ისტორია თანდათან, შეუმჩნევლად გადაიზარდა პოეტურ თხრობაში, შემდეგ კი იგი ლიტერატურულ სივრცესაც გასცდა.

წიგნის გამოცემიდან მალევე თამთა მელაშვილის სამყარო კინოსახეებად გარდაიქმნა - მწერალი ქალის რომანი ახლა უკვე კინორეჟისორმა ქალმა გააცოცხლა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამაში “15 კინემატოგრაფისტი” შედგა პრემიერა ელენე ნავერიანის ფილმისა “შაშვი შაშვი მაყვალი”.

კანში, დილის 9 საათზე, კრუაზეტის დიდ დარბაზში, სადაც ელენეს ფილმის პირველი ჩვენება მოეწყო, ის ქართველები, ვისაც თამთა მელაშვილის წიგნი წაკითხული გვქონდა, “ორმაგად” ვღელავდით.

ჯერ ერთი, ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ეკრანზე ქალის შინაგანი მონოლოგის ხილვა - “შაშვი” ხომ თავიდან ბოლომდე ეთეროს ფიქრების, შეგრძნებების სამყაროა. ეს რაკურსი აქ მაშინაც კი არ იცვლება, როცა მოქმედებაში სხვა პერსონაჟები ერთვებიან.

გარდა ამისა, მოსალოდნელი იყო, რომ კანში, უცხოელი მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩენილიყო ერთი, ძალიან უბრალო, არაფრით გამორჩეული მარტოხელა ქალის თავგადასავალი და ატმოსფერო, რომელშიც ეთერო ცხოვრობს... მისი ურთიერთობა მამასთან, ძმასთან, დაქალებთან, მისი პირველი სექსუალური გამოცდილება.

ფაქტობრივად სეანსის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ პრემიერა წარმატებით დასრულდებოდა; მაყურებელი, რომელიც ფილმის მსვლელობისას, დროდადრო ხმამაღლა იცინოდა, ტაშით და ოვაციებით შეხვდა ფილმის ფინალური ტიტრების გამოჩენას.

ეთერო, ეკა ჩავლეიშვილის შესრულებით, კანის ფესტივალზეც შეუყვარდათ. და, ვფიქრობ, არა მარტო ეთერო. შეუყვარდათ ელენე ნავერიანის ფილმის ყველა პერსონაჟი, მთელი ის სამყარო, რომელიც ცოცხლდება ქართველი რეჟისორის ფილმში - სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ წარსულის, დახავსებული კულტურის, ცრურწმენების კარნახით ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს მოდერნიზებულია, პროგრესს და განვითარებას ვეღარ ეწინააღმდეგება.

შეიძლება თავიდან რაღაც სხვას ელოდნენ - ისტორიას ქალის ჩაგვრაზე, პატრიარქალურ ჭაობზე, საპყრობილეზე, რომელშიც გამომწყვდეული არიან ქალები (კანის ფესტივალზე ბევრი ასეთი ფილმი უჩვენებიათ, განსაკუთრებით, “მესამე სამყაროდან”), მაგრამ ნახეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა - გაიცნეს ეთეროს მეგობრები (მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, სოლიდარობის უნარს რომ არ კარგავენ), თითქოს არაფრით გამორჩეული დისტრიბუტორი, რომელიც მოულოდნელად მგრძნობიარე და მზრუნველი კაცი აღმოჩნდება (თემიკო ჭიჭინაძის შესანიშნავი ინტერპრეტაციით)...

თუკი წიგნში ეს ხალხი ეთეროს რაკურსიდან ცოცხლდება, სიტყვების უაღრესად მუსიკალური “კომბინაციებით” იხატება, ელენე ნავერიანის ფილმში სინამდვილეს ხაზგასმულად დისტანციური, დელიკატური, ფრთხილი, მანიპულაციის ცდუნებისგან აბსოლუტურად განთავისუფლებული კამერა აღბეჭდავს.

ფემინისტებმა კარგა ხანია ასეთ კინოენას “ქალის მზერა” უწოდეს. ზოგს აღიზიანებს ეს ტერმინი; “რატომ ჰყოფთ კინოს სქესის მიხედვით?”, “რა შუაშია ქალი და კაცი? არსებობს ცუდი კინო და კარგი კინო, უნიჭობა და ნიჭიერება”... მაგრამ, უთანასწორობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე მკვიდრდებოდა კულტურაში, მხოლოდ ნიჭით ვერ გაუმკლავდები, თუკი იმ წესებს დაემორჩილები, რომლებსაც “კულტურის საპყრობილე” გიკარნახებს.

ჯერ იყო და თამთა მელაშვილმა გადალახა ლიტერატურული წესები - გაბედა და ქალის სექსუალური იდენტობის თემას შეეხო, ნატურალიზმისა და პოეტურობის ხანდახან უბრალოდ გამაოგნებელი ნაზავით. ავტორის ენასთან ერთად მისი წიგნის პერსონაჟიც გაოცებს, ეთერო, რომელიც სწორედ იქ, სადაც სოციალური და გენდერული როლები საუკუნეების წინ არის განსაზღვრული, ახერხებს იცხოვროს თავისი უნიკალური ცხოვრებით.

და ახლა უკვე ელენე ნავერიანმა გადაიღო ფილმი, რომელიც მთლიანად ხიფათის გადალახვას, სიცოცხლის გამარჯვებას ასახავს - იწყება სიკვდილთან შეხვედრით და სრულდება სასწაულით. კინო კი სხვა არაფერია, თუ არა სასწაული. მით უფრო დასაფასებელია, როცა სასწაული არაა თავს მოხვეული, ნაძალადევი.

ელენე ნავერიანის კამერა მაყურებელს ფილმის უკანასკნელ კადრამდე უნარჩუნებს თავისუფლებას. ეს კინო პატივს სცემს არა მარტო პერსონაჟებს, რომლებსაც აუჩქარებლად, სიფრთხილით ხატავს, არამედ მაყურებელსაც, რომლის მიმართ ნდობა “შაშვის” კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციის მთავარი ღირსებაა.

მაინც ვერ დავეთანხმები იმ მკითხველს, ვისაც ჰგონია, რომ “შაშვის” ენა მიუღებელია კინოხელოვნებისთვის. გადაიკითხეთ წიგნი და ყურადღება მიაქციეთ ეთეროს მონოლოგის ვიზუალურ სიძლიერეს. სხვა საქმეა, რომ ტექსტის ეფექტი რიტმის მუდმივ ცვლილებაზე იქმნება. განსხვავებით ფილმისგან, რომელშიც დაძაბულობას არა იმდენად რიტმი, რამდენადაც კადრის ვიზუალური ატმოსფერო ქმნის.

მაყურებელთან დისტანცია უკანასკნელ კადრამდე შენარჩუნებულია დეტალების ხაზგასმის დემონსტრაციული უარყოფით. ყველა მსახიობისთვის, განსაკუთრებით ეკა ჩავლეიშვილისთვის, ასეთ სტილს დამორჩილება უმძიმესი სამუშაოა - რთულია დისტანციურობა არ გადაიზარდოს თეატრალურ პირობითობაში, როცა თითქმის მთელი ფილმი ჰგავს სურათებს პროვინციელი ქალის ცხოვრებიდან, როცა ორი სამყარო ერთად არსებობს - ერთი ის, რომელშიც ეთეროს მოძალადე მამისა და ძმის სურათები აქვს გამოფენილი, მეორე კი სამყარო ამ გარდაცვლილი კაცების გარეშე, ის სამყარო, სადაც მენსტრუაციაც კი თავისუფლების სახედ წარმოჩინდება, სადაც ქალი აღარავიზეა დამოკიდებული, სადაც სიცოცხლე იმარჯვებს სხვის მიერ დადგენილ წესებზე, გენდერულ როლებსა და კულტურულ მიზოგინიაზე.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დღეს, კონსერვატორული მორალი განსაკუთრებით შეუწყნარებელია არა იმდენად სიტყვის, რამდენადაც გამოსახულების და, მით უფრო, მოძრავი გამოსახულების მიმართ.

ფაქტია, რომ ეროვნული კინოს ისტორიაში ქალის სექსუალური იდენტობის თემას ქართველი რეჟისორი პირველად შეეხო - უკომპრომისოდ, თამამად, ვიღაცისთვის შეიძლება “ხულიგნურადაც”.

სულ რომ არ გამოირჩეოდეს მხატვრული ღირსებებით “შაშვის” ეს ეკრანიზაცია, რაოდენ ღარიბადაც უნდა მოეჩვენოს ზოგიერთ მაყურებელს კარგი წიგნის კინემატოგრაფიული ვერსია, ან თუნდაც დაიწუნოს მსახიობები, ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ ელენე ნავერიანს სითამამე აკლია.

წლების მანძილზე დამკვიდრებული ტაბუ ქართულ კინოში, ტაბუ სექსუალობაზე, ვნებაზე, სხეულზე (მათ შორის, ქალის “ბუნებრივ” სხეულზე) და იქნებ, ტაბუ თავისუფლებაზეც, წარმატებით მოიხსნა რეჟისორი ქალის ფილმში.

დიახ, არსებობს “ქალური კინო” - უფრო თამამი და უფრო გულადი.

დემონსტრაცია ლოზუნგით “არა საპენსიო რეფორმას”. 19 მაისი, 2023 წ.
დემონსტრაცია ლოზუნგით “არა საპენსიო რეფორმას”. 19 მაისი, 2023 წ.

პროფკავშირების მუქარას საფრანგეთის ხელისუფლებამ რადიკალური გადაწყვეტილებით უპასუხა - კანის ფესტივალის დღეებში აიკრძალა საპროტესტო აქციები კრუაზეტის სანაპიროზე, ფესტივალის “წითელი ხალიჩის” მიდამოებში. თუმცა აქაური საავადმყოფოების თანამშრომლებმა მაინც დაარღვიეს შეზღუდვა და სასტუმრო “კარლტონთან“, სადაც მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ცხოვრობენ, მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს ლოზუნგით “არა საპენსიო რეფორმას”. კანის ფესტივალი კარგა ხანია კეკლუცობს გლამურისა და სოციალური სიმართლის ამ ნაზავით; ერთ მხარეს წითელი ხალიჩა, ძვირფასი ქვები და სმოკინგები, მეორე მხარეს - სიღარიბე და უთანასწორობის მიმართ გამოხატული პროტესტი - მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფესტივალის თავისებური მხატვრული სახეა, რომელსაც აქაური დირექცია ისევ ფესტივალის რეკლამისთვის იყენებს. მაგრამ წელს ორგანიზატორებს უფრო მეტად მოუხდათ თავის გამართლება, ვიდრე წინა წლებში. კინოფორუმის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში დაიწყო აქცია #CannesYouNot, რომლის ორგანიზატორებმა ფესტივალი ძალადობის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. “კანი ყოველთვის გამოირჩეოდა მოძალადე მამაკაცების მიმართ სიმპათიით”, - აღნიშნავენ ვირტუალური აქციის ავტორები და აქვეყნებენ ჯონი დეპის, რომან პოლანსკის, ვუდი ალენის, ლუკ ბესონის, ჟერარ დეპარდიეს ფოტოებს “წითელ ხალიჩაზე”... ამათგან ერთი, ჯონი დეპი უკვე ვიხილეთ ცრემლიანი თვალებით წლევანდელი ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. რაც შეეხება ფესტივალის დირექციის პასუხს - ძალადობის მხარდაჭერის კატეგორიული უარყოფა კანის წლევანდელი ფორუმის საკონკურსო პროგრამის პასუხია - ამ ფილმებში ქალები არა მარტო თავს იცავენ მოძალადე სისტემისგან, არამედ გარკვეული თვალსაზრისით შურსაც იძიებენ მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის გამო.

სამყარო რომ შეიცვალა და არა მხოლოდ “იცვლება” (როგორც ამას ამტკიცებს დამფრთხალი პატრიარქალური სისტემა. მათ შორის დღევანდელ საქართველოში), თუნდაც მარტინ სკორსეზეს ფერისცვალებაში ჩანს. ამდენი წლის განმავლობაში მისი “თეთრი კაცი” (სულერთია, რობერტ დე ნიროს პერსონაჟი იქნებოდა თუ ლეონარდო დი კაპრიოსი), ავტორისა და მაყურებლის თანაგრძნობას იწვევდა. სკორსეზეს ახალ ფილმში “ყვავილის მთვარის მკვლელები” (Killers of the Flower Moon) ეს კაცები ცალსახა ბოროტებას განასახიერებენ. არავითარი გამართლება არა აქვს ინდიელების ამოჟლეტას. ბოროტება ბანალურია და არ ცნობს ნიუანსებს. ეგაა, რომ ნიუანსებით ახლა უკვე არც სკორსეზეს კინოა მდიდარი. ვფიქრობ, ეს უკვე ინტერნეტის ეპოქის შედეგია. დიდი რეჟისორის ფილმი Apple TV-ის პროდუქტია. სტრიმინგი კინოს ცოცხალ კლასიკოსებსაც კი თავის წესებს უკარნახებს - მკაფიობა, დინამიკა, ხმაური (როგორც მუდმივი აკომპანიმენტი) და კამერის დაუსრულებელი წაფენები! სკორსეზე ამ თამაშში ჩაერთო... და მართალია მისი გვარის დანახვას ფილმის ტიტრებში კანის ფესტივალის პუბლიკა მქუხარე ოვაციებით შეხვდა, სამაგიეროდ სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა მომდევნო ტიტრს - Apple-ის გამოჩენას. მოგეხსენებათ, კანის ფესტივალზე უყვართ მხოლოდ ის ფილმები, რომელთა პრემიერა კინოდარბაზებისთვის არის განსაზღვრული.

ბოროტების ბანალურობის ახლებურმა გააზრებამ (უკრაინის ომის ფონზე), ვფიქრობ, თანამედროვე კინოენაზეც იმოქმედა. სამყაროს დანახვა პრინციპით “ერთი მხრივ, მეორე მხრივ”, რაც, მაგალითად, იაპონელმა რეჟისორმა კორეედამ შემოგვთავაზა კანის წლევანდელ კონკურსში, არა მარტო მოდაში აღარაა, არამედ რეაქციულადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ კანის 76-ე ფესტივალზე, კრიტიკოსთა გამოკითხვებში ლიდერობს ბრიტანელი რეჟისორის ჯონათან გლეიზერის “ინტერესების ზონა” - მარტინ ემისის რომანის ეკრანიზაცია. ფილმს აქვს ჰოლოკოსტის თემის ახლებური ინტერპრეტაციის პრეტენზია, თუმცა ვისაც რომანი წაკითხული აქვს, შეიძლება გაღიზიანდეს გლეიზერის სტილის დემონატრაციული სწორხაზოვნებით და ლიტერატურული პირველწყაროს ცოტა არ იყოს ზერელე წაკითხვით. სხვა საქმეა, როგორ ან რატომ უნდა მიაღწიო “ჩაღრმავებას” და ნიუანსების სიმდიდრეს, როცა შემზარავია თავად ამბავი ოსვენციმის ბანაკის ოფიცერზე, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად პირდაპირ ბანაკის კედელთან ცხოვრობს ფეშენებელურ ვილაში - სადილობს, მიირთმევს ცოლის მომზადებულ შტრუდელს, ეთამაშება ბავშვებს. კედლის იქიდან გაზის კამერებს კვამლი ასდით და ხანდახან ისმის ნაწამები ტყვეების ხმები...

ხმა, საერთოდ, გლეიზერის ფილმის მთავარი გამომხატველი საშუალებაა - სიტუაციის აბსურდულობას სწორედ ხმაში და ნაკლებად გამოსახულებაში (მთელი ფილმი საერთო ხედებზეა გადაღებული) შევიგრძნობთ. თუმცა, რომანისგან განსხვავებით, ყველაფერი ცხადი ხდება თითქმის პირველსავე ეპიზოდში. ამის შემდეგ იწყება მიგნებული სტილის ექსპლუატაცია, რასაც, სამწუხაროდ, ვერც საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი ლიდერი, თურქი რეჟისორი ნური ჯეილანი გადაურჩა თავის ახალ ფილმში “გამხმარი ბალახის შესახებ”. აქ ამბავი აღმოსავლეთ ანატოლიაში ხდება, უკვე ჩვენს დროში. თუმცა პატრიარქალური სისტემა, თურქეთის ღარიბი რეგიონებისთვის დამახასიათებელი მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, კულტურული სტერეოტიპები, ქურთების პრობლემები თავს იჩენს სოფლის სკოლაში, სადაც ფილმის გმირი, ახალგაზრდა მასწავლებელი დღეებს ითვლის, ოცნებობს მალე დაასრულოს სამუშაო და საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს. უსიამოვნება მაშინ იწყება, როცა მას მოსწავლე გოგონას შევიწროებაში დაადანაშაულებენ. ჯეილანის თითქმის ოთხსაათიანი ფილმი, გრძელი და დაუნაწევრებელი კადრებით, ჭარბი დიალოგებით, სტილისტის ფილმია. მაგრამ სწორედაც რომ კარგად მოძებნილი ფორმა სადღაც მეორე ნახევარში თვითტკბობის შთაბეჭდილებას ტოვებს და სულ უფრო ძნელი ხდება მიჰყვე ავტორის სურვილს, მხედველობიდან არ გამორჩეს არცერთი თემა, აქტუალური თანამედროვე თურქეთისთვის.

ფესტივალის პირველ ნახევარში ნაჩვენებ საკონკურსო ფილმებს შორის აშკარად გამოირჩევა ფრანგი რეჟისორის ჟიუსტინ ტრიეს “დაცემის ანატომია” - ფსიქოლოგიური დეტექტივი, უაღრესად საინტერესო ფემინისტური აქცენტებით. სანდრა ჰულერი, რომელიც აქ ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მწერლის როლს ასრულებს, ნამდვილად იმსახურებს “პალმას” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

საერთოდ ქალებმა კანის წლევანდელ ფესტივალზე გამორჩეულად იყოჩაღეს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რეჟისორი ქალი გახდეს (მესამედ კანის ფესტივალის ისტორიაში) მთავარი “პალმის” ლაურეატი. მით უფრო სასიხარულოა ელენე ნავერიანის ფილმის “შაშვი შაშვი მაყვლის” წარმატებული პრემიერა სექციაში “თხუთმეტი კინემატოგრაფისტი”. ელენესთან ინტერვიუს ამ დღეებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი დაელოდეთ ჩვენს დღიურებს! წინ დიდი კლასიკოსების პრემიერებია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG