Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის ფესტივალის დღიურები: კატრინ დენევის მოულოდნელი სიტყვა


კატრინ დენევი, კანის ფესტივალის გახსნის ცერემონია
კატრინ დენევი, კანის ფესტივალის გახსნის ცერემონია

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პოსტერზე წელს კატრინ დენევია გამოსახული. სურათი გადაღებულია 1966 წლის ზაფხულში, სენ-ტროპეზთან ახლოს - ახალგაზრდა კინოვარსკვლავი თითქოს თავის მომავალს უღიმის.

დენევი დაპატიჟეს ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზეც. მას შემდეგ, რაც წლევანდელი კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარემ, შვედმა რეჟისორმა რუბენ ოსტლუნდმა თავისი გრძელი და პრეტენზიული სიტყვა დაასრულა თანამედროვე კინოს მომავალზე, მაიკლ დუგლასმა კი ფესტივალის „საპატიო პალმა“ მიიღო (ასევე გრძელი „სამადლობელი“ სიტყვის თანხლებით), წამყვანმა, კიარა მასტროიანიმ სცენაზე დედამისი მიიწვია.

კატრინმა ამას წინათ მძიმე ინსულტი გადაიტანა, კინოში გადაღებებიც შეაჩერა, მაგრამ მსოფლიო კინოს ცოცხალმა კლასიკოსმა (ოქტომბერში 80 წელი შეუსრულდება) კანში ჩასვლაზე უარი ვერ თქვა. გეგმით მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უნდა ეთქვა: „გახსნილად ვაცხადებ კანის 76-ე კინოფესტივალს“. მაგრამ მოულოდნელად დენევმა თქვა, რომ არ იყო ზეიმის ხასიათზე და დარბაზს ლესია უკრაინკას ლექსით მიესალმა. შარშანდელი ცერემონიისგან განსხვავებით უკრაინა კანში მხოლოდ კატრინ დენევმა ახსენა. თანაც, ცრემლიანი თვალებით.

კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა
კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა

კანის წლევანდელი კინოფორუმის პრემიერებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ სახალისოდ განწყობილი მაინცდამაინც არც თანამედროვე კინოხელოვნება უნდა იყოს.

ფესტივალის 20 საკონკურსო ფილმს შორის უმეტესობა დრამატული ისტორიაა; სკოლის მასწავლებელზე, რომელსაც პედოფილიაში ედება ბრალი („მშრალ ბალახზე“ - რეჟისორი ნური ჯეილანი), ასევე მასწავლებელ ქალზე, რომელსაც ქმრის მკვლელად აცხადებენ („დაცემის ანატომია“, რეჟისორი ჟიუსტინ ტრიე), მოძალადე კათოლიკებსა და ანტისემიტიზმის მსხვერპლ ბავშვზე („მოტაცებული“, რეჟისორი მარკო ბელოკიო), უელსელ მეშახტეებზე, რომლებსაც შახტების დახურვის შემდეგ სირიელი დევნილები ცვლიან („ძველი მუხა“, რეჟისორი კენ ლოუჩი)... და არა მარტო კონკურსში.

კანის ფესტივალის პროგრამა „კრიტიკის კვირეული“ გაიხსნა ჩვენი ფრანგი თანამემამულის, მარი ამაშუკელის ფილმით „ამა გლორია“ - 6 წლის გოგონაზე, რომელიც არდადეგებზე ჩადის აფრიკაში, თავის ყოფილ ძიძასთან, რადგან ვერ უმკლავდება მასთან განშორების სევდას.

მართალი გითხრათ, ამაშუკელისგან გაცილებით მეტს ველოდი. ფაქტობრივად მთლიანად ახლო ხედებით გადაღებულ ფილმში ავტორი ცდილობს თანამედროვე მსოფლიოს ლამის ყველა პრობლემას შეეხოს, თუმცა ამისთვის არც ძალა ჰყოფნის, არც ფანტაზია. საბოლოოდ კი რჩება ზედაპირული დეკლარაციები - ფილმი, რომელსაც უკვე შეარქვეს „ენჯეო-კინო“, გადატვირთული მრავალჯერ გამეორებული მხატვრული მიგნებებით და პოლიტიკური, სოციალური კლიშეებით.

კანის ფესტივალის ჟიური
კანის ფესტივალის ჟიური

ეჭვიანი ჟურნალისტები წერენ, რომ საზეიმო განწყობილება არც წლევანდელ „წითელ ხალიჩაზე“ იგრძნობოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანმა ფესტივალის გახსნის ფილმის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებლები წარმოადგინა.

კანის კინოფორუმის დირექციამ 76-ე ფესტივალის გახსნისთვის ფრანგი რეჟისორის და მსახიობის მაივენის ფილმი „ჟანა დიუბარი“ (იგივე „ფავორიტი ქალი“) შეარჩია. მაივენმა ამას წინათ სახალხოდ შეაფურთხა ჟურნალისტს, რომელმაც ყოფილი მეუღლის, ლუკ ბესონის შესახებ ჰკითხა, მართალია, რომ ძალადობდა თქვენზეო? მისმა პარტნიორმა „ჟანა დიუბარიში“, ჯონი დეპმა, რომელიც ფილმში ლუდოვიკო მეთხუთმეტის როლს ასრულებს, ცილისწამების საქმე კი მოიგო ყოფილი ცოლის წინააღმდეგ, მაგრამ ოჯახურმა სკანდალმა მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა მისი კარიერა.

„ჟანა დიუბარი“ ფრანგული მონარქიის მორიგი ფემინისტური გადააზრებაა. ლუდოვიკო მეთხუთმეტის ფავორიტი ქალი, რომელიც ვერსალში იმხელა ძალაუფლებას ფლობდა, რომ ბოლოს უკვე მინისტრებსაც ამტკიცებდა და საფრანგეთის საგარეო საქმეებშიც ერეოდა, მაივენმა (ფილმის რეჟისორი თავად ასრულებს მთავარ როლს) წარმოადგინა, როგორც ერთდროულად მსხვერპლიც და მანიპულატორიც.

სატირისა და დრამის ეს ერთდროულობა კანის ფესტივალის გახსნის ფილმს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ძალიან კარგია ფრანგულად მოსაუბრე ჯონი დეპიც. ასევე ირონიული იმ პერსონაჟის მიმართ, რომელსაც ასახიერებს. და, ვინც იცის, შესაძლებელია, საკუთარი თავის და საკუთარი დრამის მიმართაც.

„ჟანა დიუბარი“ კანის ფესტივალის ძირითად კონკურსში არ მონაწილეობს. თუმცა საკონკურსო პროგრამაში კიდევ ერთი ფილმია მონარქიაზე, კერძოდ კი, ჰენრი მერვის უკანასკნელ ცოლზე, ქეთრინ პარზე. ამბობენ, რომ ბრაზილელი რეჟისორის, კარიმ აინუზის ამ ბრიტანულ სურათში სატირული ინტონაციები და მონარქიაზე ქილიკი კიდევ უფრო ძლიერი და პროვოკაციულია ვიდრე „ჟანა დიუბარისთან“.

თუმცა საფრანგეთის პროფკავშირებისთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არაა, როგორი ძალით აკრიტიკებენ თანამედროვე კინორეჟისორები ძალაუფლების სისტემას და უსამართლობას. ფესტივალის გახსნამდე გაირკვა, რომ პროფკავშირები კანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.

თუმცა კინო მაინც გრძელდება. შემთხვევით არ გაიხსენა ფესტივალის გახსნის ცერემონიის წამყვანმა კიარა მასტროიანიმ ამერიკელი რეჟისორის ჯონ კიუკორის სიტყვები: „კინო სექსს ჰგავს. როცა კარგია - კარგია. როცა არ არის კარგი, მაინც არ არის ცუდი“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG