აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებს შორის 2021 წლის ბრიუსელის შეხვედრა ყველაზე უღიმღამო იყო. ბრიუსელისა და მისი ხუთი პარტნიორისთვის ეს უბრალოდ თავიდან მოსაშორებელი რამ იყო, რადგან ყველას გაცილებით უფრო მწვავე საკითხები აწუხებს - პანდემიის ტემპის მატება, ნავთობის ფასების ზრდა და რუსეთის საომარი რიტორიკა. მიუხედავად ამისა, ფორმატი გააგრძელებს არსებობას, რადგან ამ წუთას ევროკავშირს თავისი აღმოსავლეთის პარტნიორებისათვის სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია.
ზოგადად ისედაც ასეა - მსხვილი ინტერნაციონალური შეხვედრები, როგორც წესი, საგულდაგულოდ დადგმული მოვლენებია, რომლებისგანაც სიურპრიზებს არავინ ელის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებიც უკვე წლებია, რაც კონკრეტულ შედეგებს ნაკლებად გვთავაზობს. თუმცა, მას ყოველთვის ახლდა ხოლმე რაიმე სახის დრამა, როდესაც აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერები ევროკავშირის კოლეგებს ხვდებოდნენ.
აქამდე ეს შეეხებოდა ხოლმე აზერბაიჯანისა და სომხეთის კინკლაობას საბოლოო დეკლარაციასთან დაკავშირებით - თუ რა სიტყვები იქნებოდა გამოყენებული მთიანი ყარაბაღის შესახებ და მთელ ტექსტს პოტენციური ვეტო ემუქრებოდა. სხვა შემთხვევებში ლაპარაკი იყო იმაზე, დაესწრებოდა თუ არა შეხვედრას ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ან იმაზე, მოაწერდა თუ არა ხელს უკრაინის ყოფილი ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ასოცირების შეთანხმებას, ან - შეძლებდა თუ არა მისი შემცვლელი პეტრო პოროშენკო ბლოკის იძულებას, უფრო ამბიციური ენა გამოეყენებინა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ამჯერად ასეთი არაფერი მომხდარა. „ომიკრონის“ გავრცელებამ ორგანიზატორები აიძულა, მედიის დასწრება ერთ მესამედამდე შეემცირებინა და, პლუს ამას, ჟურნალისტებს აეკრძალათ ლიდერებთან დერეფნებში გასაუბრება. თავად ლიდერებსაც დელეგატების მინიმალური რაოდენობა ახლდათ თან. სამუშაო სესიამ რამდენიმე საათს გასტანა, კიდევ რამდენიმე საათი სამუშაო სადილს დაეთმო და მერე ყველაფერი მორჩა.
სამიტის დეკლარაცია, რომელსაც წარსულში ბოლო მომენტამდე ახლდა თან დაძაბულობა და ბრაზი, უკვე სამიტის დილას იყო შეთანხმებული. ევროკავშირის ლიდერებმა წარსულიდან გაკვეთილები ისწავლეს და მისი ტექსტი ისეთივე სანიტარულად დამუშავებული იყო, როგორც ლიდერების საკონფერენციო ოთახი. რუსეთის ხსენებაც არ იყო. ტექსტში არ იყო არანაირი სპეციფიკა რეგიონის არაერთ გაყინულ თუ ცხელ კონფლიქტთან დაკავშირებით - მხოლოდ ლაპარაკი „მშვიდობიან მოგვარებაზე“, რომელიც „საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებსა და პრინციპებს ემყარება“ და „კარგ სამეზობლო ურთიერთობებზე“.
რაც შეეხება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს სამომავლო ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსი ცნობს მათ „ევროპულ მისწრაფებებს“. თუმცა, ამის იქით ევროკავშირი არ წავა, რაც უნდა დაჟინებით მოითხოვონ ეს ამ სამ ქვეყანაში. ასევე, ამ ტრიოს გარდა, პარტნიორობის სხვა ქვეყნებისათვის სავიზო ლიბერალიზაცია შორეული მომავალია. რაც შეეხება ერთიან მობილურ სატარიფო ზონას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ამას „გამოიკვლევენ“, თუმცა არანაირი კონკრეტული ვადა არ დათქმულა.
დანარჩენი შედეგები კი სამიტამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, თუმცა ქვეყნების ლიდერებმა სცადეს, რომ ეს ძველი ამბები ახლებურად მიეწოდებინათ.
ის, რომ ევროკომისია პარტნიორობის ქვეყნებში 2027 წლამდე 17 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს, უკვე ზაფხულში იყო ცნობილი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაზიარებაც კარგა ხანია დაიწყო, თუმცა ახლა ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ სოლიდარობას დაჰპირდა პარტნიორებს. მოლდოვამ დამატებითი 60-მილიონიანი გრანტი მიიღო ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად, თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. სამიტთან დაკავშირებული უმსხვილესი პოლიტიკური მოვლენა - სამმხრივი მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს შორის - სამიტამდე ჩატარდა. და, მართალია, ოთხი საათის განმავლობაში სადილობდნენ და ლაპარაკობდნენ, შედეგისთვის მაინცდამაინც არ მიუღწევიათ. პირიქით - შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ბრძოლაში დიდ როლს არ თამაშობს.
საბოლოოდ, სამიტის ყველაზე დამახასიათებელ გამოსახულებად იქცა ცარიელი სავარძელი, რომელიც ბელარუსს წარმოადგენდა. ბელარუსი ცალმხრივად გამოეყო აღმოსავლეთის პარტნიორობას 2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ლიდერებმა განიხილეს ამ ქვეყანაში არსებული ვითარება, წუხილი გამოთქვეს მინსკის მიერ ფორმატის დატოვების გამო და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ბრიუსელი ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს 3 მილიარდი ევროთი დააფინანსებდა - ანუ, ახალი არაფერი უთქვამთ.
შეხვედრის დღის მთავარი თემა კი იყო რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვარზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სცადა დაერწმუნებინა ევროკავშირის ლიდერები, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ახლავე, შესაძლო თავდასხმამდე მიეღოთ.
მალევე ცხადი გახდა, რომ ეს არ მოხდებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა ისწავლონ, რომ ევროკავშირი მხოლოდ რეაგირებს და ზომებს პროაქტიულად არ იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელმა შეიძლება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები დაგეგმოს, შეთანხმდეს დეკლარაციებზე და, დროდადრო, ფული დაარიგოს.
მაგრამ, მეტსაც არაფერს იზამს. არადა, ეპოქა სავსეა ეგზისტენციალური საფრთხეებით. აღმოსავლეთის პარტნიორობისგან მომავალშიც მსგავსი ტიპის სამიტებს უნდა ველოდეთ.