Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ის, რომ იესო მხოლოდ ებრაელთა მიერ იყო აღიარებული მესიად, ცნობილია. ის, რომ იესოს სიცოცხლეში მისი მიმდევრები მხოლოდ ებრაელები იყვნენ, ის, რომ მათი წმინდა წიგნები მეორე ტაძრის იუდაიზმის წმინდა წიგნები იყო - ესეც ბანალური რეალობაა. მაგრამ ტაძრის დანგრევა ბედის ბორბალს შემოატრიალებს: ტიტუსის ლეგიონების მიერ შექმნილ ძალაუფლების ვაკუუმში ორი ჰეტეროდოქსული მოძრაობა გამოვა გამარჯვებული და დაიწყებს ბრძოლას ებრაელთა გულებისათვის. პროტოქრისტიანული მოძრაობა დამარცხდება ამ ბრძოლაში და აქცენტს არაებრაელებზე გადაიტანს. პარალელურად ეს ორი მოძრაობა ჩაერთვება საკუთარი თავის თვითგანსაზღვრის პროცესში, რითაც გააღრმავებს მათ შორის თეოლოგიურ თუ სოციოლოგიურ განხეთქილებას. ამგვარად, პროტოქრისტიანობა დაიწყებს საკუთარი თავის იუდაიზმის საპირწონედ განსაზღვრას.

არადა, რომ გადარჩენილიყო მეორე ტაძრის იუდაიზმი, დიდია ალბათობა, რომ ადვილად „მოინელებდა“ საკუთარ წიაღში როგორც პროტოქრისტიანულ, ისე ფარისევლურ ჰეტეროდოქსულ მოძრაობას.

რა თქმა უნდა, ფარისევლური მიმდინარეობა ერთ ღამეში არ გადაქცეულა რაბინისტულ იუდაიზმად, არც იესოს დაფუძნებული მოძრაობა გახდა თვალის დახამხამებაში არაებრაელთა რელიგია, მაგრამ ტაძრის დაცემა ის წყალგამყოფი იქნება, რომელიც შეუძლებელს გახდის უკუქცევას.

ამრიგად, ტიტუსის ლეგიონებმა სამუდამოდ შეცვალეს მსოფლიოს რელიგიური რუკა...

ტაძრის დანგრევის ექოს ჩვენ სახარებებში ვნახულობთ. მათეს სახარების მიხედვით, ტაძრის დანგრევა არის ის ფასი, რომელიც ისრაელმა გადაიხადა იესოს უარყოფისათვის. შემდგომში „ვარიაციებს“ თემაზე „ისრაელის დასჯა“ მრავალი ქრისტიანი ავტორი აიტაცებს დიდი ენთუზიაზმით.

რაც შეეხება რაბინისტულ ლიტერატურას, იქ შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამ გამოიწვია „ღმერთის რისხვა“ - სრულიად ებრაელი ხალხის თუ მხოლოდ ტაძრის სამღვდელოების ცოდვებმა.

რომაელ ისტორიკოსებს, კერძოდ ტაციტუსს, ძალიან რაციონალური მიზეზები მოჰყავთ ებრაელ აჯანყებულთა დამარცხების ასახსნელად: რომის სამხედრო უპირატესობა, შუღლი და უთანხმოება ებრაელთა სხვადასხვა ჯგუფს შორის და ა.შ. თუმცა, ბოლოს ეს რომაელი ინტელექტუალი თხრობას ამ გასაოცარი სიტყვებით ამთავრებს: „და უეცრად ტაძრის საკურთხევლის კარი გაიღო და ხმამ, უფრო მაღალმა, ვიდრე ადამიანისამ, გამოაცხადა, რომ ღმერთები ტოვებდნენ იქაურობას. და ამავდროულად გაისმა ტაძრიდან გამოსვლის ხმა“.

სხვათა შორის, აქ ტაციტუსი იმეორებს რომაელების წინააღმდეგ ამ ომში მებრძოლი იოსებ ფლავიუსის სიტყვებს: „ვინაიდან, ჩემი აზრით, ღმერთმა, სძულდა რა მათი უღმერთოება, ზურგი აქცია ჩვენს ქალაქს, რადგან ტაძარი აღარ იყო უმწიკვლო სამყოფელი. ამგვარად, ღმერთმა აღძრა ჩვენ წინააღმდეგ რომაელები, რომლებმაც როგორც ქალაქს, ასევე იერუსალიმის ბინადართ, მათ ცოლებსა და შვილებს, აწვნიეს განწმენდის ცეცხლი“. ეს ებრაელი ავტორი სწორედ ამ ანტიებრაული სიტყვებისთვის, გახდება ქრისტიანების ყველაზე საყვარელი არაქრისტიანი ავტორი!

მომდევნო საუკუნეებში ნებისმიერმა ქრისტიანმა ერუდიტმა - რომში ცხოვრობდა ის თუ სხვაგან - იცოდა, თუ რამდენად გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა ტაძრის დანგრევა 70 წელს. საუკუნეების მანძილზე ქრისტიან ავტორებს მუდამ აინტერესებდათ ტიტუსის მიერ იერუსალიმიდან რომში წამოღებული საკულტო საგნების ადგილსამყოფელი. მე-6 საუკუნეში პროკოფი კესარიელისგან ვიგებთ, რომ ბელიზარიუსმა, იმპერატორ იუსტინიანეს ბრწყინვალე გენერალმა, აფრიკიდან ჩამოიტანა იერუსალიმის ტაძრის სიწმინდეები, რომლებიც ვანდალების მეფე გენსერიკმა მოიპარა რომიდან 455 წელს. სხვათა შორის, ტაძრიდან წამოღებული საგანძურის ადგილსამყოფელზე მედიტაციები დღესაც არ დამთავრებულა. შვიდი წლის წინ იერუსალიმის რაბინმა, იონათან შტენცელმა, სთხოვა ისრაელში ვატიკანის წარგზავნილს, რომ „ეკლესიას გაეთავისუფლებინა ტაძრის სიწმინდეები, მათ შორის მენორა“. თავის პასუხში არქიეპისკოპოსი ჯუზეპე ლაცაროტო კიდევ ერთხელ დაადასტურებს ეკლესიის პოზიციას, რომ „ვატიკანს არ აქვს ინფორმაცია ტაძრის სიწმინდეების ადგილსამყოფლის შესახებ“. ამის შემდეგ რაბინი შტენცელი შიმონ პერესს, ისრაელის მაშინდელ პრეზიდენტს, გაუგზავნის წერილს თხოვნით, ეს საკითხი დაეყენებინა პაპ ფრანცისკესთან მოახლოებული შეხვედრის დროს.

ეს ყველაფერი ბევრს ამბობს თანამედროვე ებრაულ-ქრისტიანულ ურთიერთობებზე... მაგრამ ნუთუ გასაკვირია ეს - მაშინ, როცა ქრისტიანობა მიითვისებს ებრაულ მემკვიდრეობას და საკუთარ თავს ჭეშმარიტ ისრაელად გამოაცხადებს?! მაშინ, როცა თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში ასაღებდა რა თავს იესოს სულიერ მემკვიდრედ, ეკლესია დევნიდა იესოს ხორციელ მემკვიდრეებს...

ეს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ოქტომბრის იმ შუადღეს, კოკისპირული წვიმისას, რაბინთა ჯგუფს არ ვკითხე, მათაც თუ სჯერათ, რომ ვატიკანი საკუთარ სარდაფებში მალავს ტიტუსის მიერ ტაძრიდან მოპარულ მენორას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

წელს განსაკუთრებული პოზიტიური ძვრები არ შეინიშნებოდა ევროკავშირის ურთიერთობებში მის 6 აღმოსავლელ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და სომხეთთან.

ალიანსმა სცადა, ჯერჯერობით უშედეგოდ, რომ რაიმე როლი ეთამაშა ბაქოსა და ერევანს შორის ომისშემდგომ ურთიერთობებში. ბელარუსის ავტორიტარულ მმართველთან მისი ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდა და ის ძირითადად ახალი სანქციებისა და კონტრსანქციების დონეზე წარიმართება. მართალია, მოლდოვასთან და უკრაინასთან ბრიუსელს თბილი ურთიერთობები აქვს და ევროკავშირიც მათ მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრობისკენ უფრო ახლოს არ მიდის და ამ მხრივ არც რაიმე ხელშესახები მაჩვენებელი არსებობს.

ამავე დროს, 2021 წელს ცხადი გახდა, რომ ამ ექვსეულში ერთმა ქვეყანამ - საქართველომ - ადგილი იცვალა. ის ახლა ბრიუსელის ფავორიტი აღარაა. პირიქით, ევროკავშირის ლიდერების წუხილისა და შეშფოთების ობიექტად გადაიქცა.

ვიდრე ამის მიზეზებს შევეხებოდეთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე რამის ცოდნა. პირველი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსეულში პირველ ადგილზე ყოფნას თან პრიზები არ ახლავს. ბრიუსელმა ფავორიტს შეიძლება მხოლოდ მეტი ფული, ექსპერტული დახმარება ან პოლიტიკური კეთილგანწყობა შესთავაზოს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ განვლო ეს გზა - ჯერ ფავორიტებში ეწერა, შემდეგ ეს პოზიცია დათმო და რამდენიმე წლის შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. სხვანაირად რომ ვთქვათ - ევროკავშირი სტრატეგიული მოთმინებით ხელმძღვანელობს.

მოლდოვა ამის კარგი მაგალითია. ის იყო ექვსეულიდან პირველი, ვინც სავიზო ლიბერალიზაცია მიიღო და მიიჩნეოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ მაგალითად, ვიდრე 2014 წლის საბანკო სკანდალი არ მოხდა, როდესაც ქვეყნიდან მილიარდი დოლარი გააქრეს. მოლდოვას წლები - და კიშინიოვში რამდენიმე ლიდერის გამოცვლა - დასჭირდა, ევროკავშირის ფავორიტის სტატუსის აღსადგენად. ეს კი პრინციპში იმას ნიშნავს, რომ მოლდოვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ფინანსური დახმარება მიიღო ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად.

ეს კი მეორე სათქმელის კარგი ილუსტრაციაა. ევროკავშირს ამ წუთას, ფულის გარდა, სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია. ბრიუსელი დაკავებულია პანდემიით და მისი თანმდევი ეკონომიკური კრიზისით, ის ვერ უმკლავდება ალიანსის შიგნით დემოკრატიულ უკუსვლებს და, შესაბამისად, ვეღარც შუქურის როლს ასრულებს. ის ვეღარ ჰპირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომ მალე გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება და ალიანსის წევრობის კონკრეტული გზაც გამოჩნდება. ბოლო დროს კი მას აღარც მორალური უპირატესობა გააჩნია, რომ მეზობლებს ჭკუა დაარიგოს პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

„საქართველო ხედავს, რაც ხდება ევროკავშირში და იცის, რომ წევრობა ახლოსაც არაა. ჰოდა, რატომ უნდა შეიწუხოს თავი?“ - წუხს ევროკავშირის ერთი დიპლომატი, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებზე მუშაობს. მიუხედავად ამისა, მას მაინც აშფოთებს ბოლო წლების უკუსვლა: „ეს ევროპული ქვეყანაა და მის მოსახლეობას დასავლეთის წევრობა სურს. ისინი გზას მაინც გამონახავენ, ჩვენც მოთმინებით დაველოდებით, მაგრამ, ვშიშობ, ამას დრო დასჭირდება“.

ბრიუსელში ყველაზე მეტად ის აკვირვებთ, რომ ევროკავშირმა ამ საკითხს მართლაც დიდი ყურადღება დაუთმო - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად იყო ჩართული მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში. „ქართველებმა მოახერხეს და დამარცხება გამოსტაცეს გამარჯვების კლანჭებს“, - ამბობს ევროკავშირის ერთი მაღალჩინოსანი და დასძენს - მართალია ბრიუსელს თბილისზე ხელი არ ჩაუქნევია, მაგრამ ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები ახლა მეტ ყურადღებას უთმობენ მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ურთიერთობას და შარლ მიშელის მცდელობა, ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ინტერესების ცვლილების მაუწყებელიაო.

ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი კი აღმოჩნდა უარი სასამართლო რეფორმაზე და უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა - რაც ევროკავშირის მოთხოვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ევროკომისიის ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა: „ისე ჩანს, თითქოს მოსამართლეებმა საქართველოში საკუთარი კასტა ჩამოაყალიბეს და მთავრობას, უკეთეს შემთხვევაში, არ ძალუძს ან, უარეს შემთხვევაში, არ სურს ამ საკითხთან გამკლავებაო“.

რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობაც. ევროკავშირის დედაქალაქში ის ბევრის ფავორიტი არ არის და მას ხშირად მიიჩნევენ, როგორც ყურადღების ცენტრში ყოფნის მოსურნე ადამიანს, მაგრამ კადრებმა, სადაც მას დამამცირებლად ექცევიან და ცნობებმა ციხეში მის წინააღმდეგ გამოყენებული უხეში ზომების შესახებ, შეშფოთება გამოიწვია. „მას აქვს უფლებები, ისევე, როგორც ყველა სხვას და ამ უფლებებს პატივი უნდა სცენ. ის, თუ როგორ ეპყრობიან პოლიტიკურ ოპონენტებს, აჩვენებს ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ არსებულ ვითარებას“, - მითხრა ცოტა ხნის წინ მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელსაც ეს რეგიონი ეხება.

საქართველოს უკუსვლის ყველაზე ცხადი მაჩვენებელი კი გასულ კვირას, ბრიუსელში დაფიქსირდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, მედიას არ შეხვედროდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა ნატოს შტაბშიც და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც. მართალია, ჟურნალისტებთან შეხვედრა აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სიგნალს კი იძლევა - ცუდ სიგნალს. შედარებისთვის - უკრაინის და აზერბაიჯანის ლიდერებმა პრესის შეკითხვებს უპასუხეს, როდესაც ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გვერდით იდგნენ. ღარიბაშვილმა კი მხოლოდ მოკლე განცხადება წაიკითხა. „როგორც ჩანს, დროის საკითხი იყო“, - ირონიულად მითხრა ნატოს ერთმა წარმომადგენელმა.

როგორც ჩანს, საქართველოში ახლა მართლაც ასეთი დრო დგას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG