Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სახალხო პარტიის დაისი


ბოლო ორი კვირა კარგა მძიმე აღმოჩნდა ევროპის სახალხო პარტიისათვის (ესპ), სადაც კონტინენტის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების უმეტესობას უდევს ბინა.

ჯერ იყო და, პარტიის ყველაზე დიდმა სახელმა, ანგელა მერკელმა დაასრულა 16-წლიანი მმართველობა და დატოვა ვაკუუმი, რომლის შესავსებადაც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატებს წლები დასჭირდებათ. ამის პარალელურად ესპ-ის ერთ-ერთმა ყველაზე იმედის მომცემმა ფიგურამ, ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გადაწყვიტა - კორუფციის სკანდალების ფონზე - 35 წლის ასაკში საერთოდ წასულიყო პოლიტიკიდან.

ესპ-ს აღარც „დედიკო“ ჰყავს და აღარც „ვუნდერკინდი“. ახლა კი ჩნდება შეკითხვა - რას უქადის მომავალი პოლიტიკურ ოჯახს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ახდენდა გავლენას ევროპის პოლიტიკაზე.

ბრიუსელში, ევროკავშირის რომელიმე ოფიციალურ პირისათვის რომ გეკითხათ, თუ ვინ მართავს სინამდვილეში ყველაფერს, ზოგი გიპასუხებდათ, რომ საბჭო - სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან და მიმდინარე საკითხების გადაჭრას ცდილობენ. სხვას შეიძლება ევროკომისია ეთქვა - სადაც იურისტთა მთელი არმია, ბიუროკრატებთან ერთად კანონპროექტებს ამზადებს. თუმცა, ბევრი მათგანი მარტივად გიპასუხებდათ, რომ ეს არის „ესპ“ - დიდი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც შეიწოვს ნებისმიერ პარტიას ევროკავშირსა თუ მის სამეზობლოში, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალ-კონსერვატიულად, ბიზნესის მხარდამჭერად, ქრისტიან-დემოკრატად ან რამე მსგავსად მოიხსენიებს.

არ არის რთული მიხვდე, თუ რატომ გასცემდნენ სწორედ ამ პასუხს. ჯერ მარტო ისტორიას რომ გადახედო: ევროკავშირის დამფუძნებელი მამები - გერმანიის კანცლერები კონრად ადენაუერი და ჰელმუტ კოლი, იტალიის პრემიერი ალსიდე დე გასპერი და ფრანგი საზოგადო მოღვაწე რობერტ შუმანი - ყველანი ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ. თუმცა, ესპ-ის მიერ ბრიუსელზე დომინაციის უკეთ აღსაქმელად ისტორიული ექსკურსი არცაა საჭირო. კომისიის ბოლო სამი პრეზიდენტი სწორედ მისი წიაღიდან მოდის, ისევე, როგორც საბჭოს ორი პრეზიდენტი სამიდან. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო ევროპის პარლამენტის უმსხვილესი პარტია (ახლაცაა, მაგრამ ძლივძლიობით). როდესაც სახელმწიფოს მეთაურები ბრიუსელში იკრიბებიან ხოლმე სამიტისთვის, პარტია ყოველთვის უხვადაა წარმოდგენილი. ხანდახან ამ ლიდერების ნახევარი ესპ-ის წევრია. ზოგჯერ - ცოტა ნაკლები, მაგრამ დღის წესრიგის განსაზღვრას ყოველთვის ახერხებდნენ.

რა თქმა უნდა, ესპ მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი პარტიის წევრია და მისი თანაპარტიელი მალტიდან, რობერტა მეცოლა, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტობას გადაიბარებს მომავალ წელს. თუმცა, პარტიის გავლენა უფრო და უფრო იკლებს.

აი, მომავალი კვირის ევროკავშირის სამიტი ავიღოთ. 27 ლიდერიდან პარტიას მხოლოდ 7 წარმოადგენს, და მათი უმეტესობაც მცირე და საშუალო ზომის ქვეყნებია ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან - ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სლოვენია. რაც მთავარია - მერკელის წასვლის შემდეგ - 5 უდიდესი წევრი სახელმწიფოდან - საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან - არცერთს არ ჰყავს მემარჯვენე ცენტრისტი ლიდერი. და, დიდი შანსია, რომ კიდევ კარგა ხანს არ ჰყავდეს.

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატები უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდნენ - თან ოპოზიციაში არიან და თან არ ჰყავთ მერკელის მკაფიო მემკვიდრე. „ცხადია, რომ გერმანიაში მოდაში აღარ ვართ“, - მითხრა ცოტა ხნის წინ ერთმა მათგანმა. საფრანგეთში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს - ვალერი პეკრესს შეიძლება არჩევნების მეორე ტურში გასვლაც გაუჭირდეს. იტალიაში კი ესპ-ის პარტიები გამოკითხვების მიხედვით მეოთხე ადგილზე არიან. ძალაუფლებაში დაბრუნების ყველაზე კარგი შანსი ამ პარტიის ესპანეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებს აქვთ, ისიც რამდენიმე წელიწადში და ესეც ნამდვილად არაა გარანტირებული - მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები განსაკუთრებული პოპულარობით არც აქ სარგებლობენ.

მაშ, რა მოხდა? ზოგი ანალიტიკოსის მოსაზრებით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიებმა იდენტობა დაკარგეს მაშინ, როდესაც პოლიტიკა სწორედ იდენტობას დაეფუძნა. ისინი არც ისეთი ლიბერალურები არიან, როგორც ლიბერალური პარტიები, არც ისეთი მწვანე, როგორც მწვანეები, არც ისეთი კონსერვატიულები, როგორც სპექტრზე უფრო მარჯვნივ მყოფი პარტიები... ამის პარალელურად, ძალა მოიკრიბეს მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბევრი მკვდრად მიიჩნევდა - კოვიდის პანდემიამ მათი პოზიცია ბევრად გაამყარა.

კიდევ ერთი ვარაუდია, რომ ესპ მეტისმეტად ჩაებღაუჭა ძალაუფლებას. ისინი ცდილობდნენ ყველაზე მსხვილ პარტიად დარჩენილიყვნენ და ამიტომ თვალს ხუჭავდენენ იმაზე, თუ როგორ იყენებდა ზოგიერთი მათი წევრი ძალაუფლებას ბოროტად.

შავი ლაქა ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს, თუმცა ესპ-ში ის შემაშფოთებლად გადიდდა. დღეს მისი წევრები აღიარებენ, რომ უნგრეთის ფიდეშს მეტისმეტად დიდხანს უთმინეს, ვიდრე, წლის დასაწყისში, საბოლოოდ გაწყვეტდნენ მასთან კავშირს. ახლა კი საკითხავია, თუ რამდენ ხანს მოუთმენენ სლოვენიის პრემიერ იანუშ იანსას? რამდენად დააზარალა ესპ-ის ბრენდი კურცთან, ან ესპანეთის მარიანო რახოისთან, ან ბულგარეთის ბოიკო ბორისოვთან დაკავშირებულმა სკანდალებმა?

ესპ ერთ დროს ძალაუფლებისა და გავლენის სიმბოლო იყო. დღეს მას ერთიც და მეორეც ნაკლები აქვს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი წევრების ნაწილი ფიდეშს მიჰყვეს და ზოგმა უფრო მარჯვნივ იპოვოს ნავსაყუდელი, ზოგმა კი - უფრო მარცხნივ.

ევროპის პოლიტიკური პარტიების რუკა მალე კარდინარულად შეიცვლება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG