Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ქართველ ბლოგერებს (ალბათ არა მარტო ქართველებს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს), აქვთ ასეთი ერთგვარი თამაში. ერთი დაწერს რამე თემაზე. ვთქვათ - რომელია ჩემი საყვარელი პოკემონი (ცხადია, მადკიპი!), ან - რატომ ვარ ასეთი რაღაცნაირი... მერე „დათაგავს“ (თუ „დათეგავს?“ რად დუმხარ, ორთოგრაფიულო ლექსიკონო?) სხვებს და იმათაც ამ თემაზე უნდა წერონ და მერე სხვები დათაგონ და ასე, ვიდრე ბლოგერთა მარაგი არ ამოიწურება. მოკლედ, ერთგვარი „შეგრჩას“ თამაშია, ან კიდევ, სკოლაში „აჩკო“ რომ იცოდნენ ხოლმე და ტუალეტში უკან ხელაფარებულს რომ უნდა გევლო. ისე, რა მაგის პასუხია, მაგრამ ზრდილობიანად ფეხსალაგს რომ ამბობენ ხოლმე, ბევრად უარესი ასოციაციები მიჩნდება, ვიდრე ტუალეტზე. ფეხსალაგის გაგონებისას სკოლის ტუალეტის სუნი მახსენდება. არადა, თითქოს დიდი ოთახი უნდა წარმოიდგინო, სადაც ფეხები ალაგია...

მოიცა, საქმეს მოვუბრუნდეთ. რაღაც ხნის წინ ასე მეც დამთაგეს. ეს „რაღაც ხანი“ კაი თვენახევრის წინ იყო, მაგრამ, მოდი, არ შევიმჩნიოთ. თემა იყო ”ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“. მოკლედ, როგორც მივხვდი, უნდა დაწერო, შენი აზრით, როგორ გხედავენ სხვები, ქუჩაში რომ მოდიხარ. ჰოდა, ერთი მხრივ, როდესაც გეთამაშებიან, უნდა ითამაშო და არ დაემსგავსო ჩემს მეგობარ კოკის, რომელსაც რომ ეტყვი, მოდი, ცხრანი ვართ და მაფია ვითამაშოთო, იტყვის, მე მეზარება და არ მინდაო და გაღმა გასული თვალებით მესიჯობას გააგრძელებს. მეორე მხრივ, თემაზე, „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს. თუ ვინმეს აინტერესებს, მაგისთვის ფეისბუკი არსებობს. თუ მაინცდამაინც, აჰა - „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ დაინახავთ ზომიერად მსუქან, მელოტ აღარცთუისეახალგაზრდას, რომელიც ამოუხსნელი მიზეზებით ზიგზაგებით მოდანდალებს“ (არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორ ხაზზე ვერ დავდივარ). აჰა. მოვრჩი.

მაგრამ, თამაში თამაშია და, კიდევ ერთხელ, არ უნდა დავემსგავო ჩემს მეგობარ კოკის, რომელიც, თუ ეტყვი, ბარემ ოთხნი ვართ და ნამიოკობანა ვითამაშოთო, დაემსგავსება სულს, ჯერეთ უმანკოს, მხურვალე ლოცვით მიქანცებულს და მესიჯობას გააგრძელებს. ამიტომ, მოდი ჩავერთვები და მეც მოვიფიქრებ ახალ თემებს. ოღონდ ისეთებს, მარტო საკუთარი თავის აღწერა რომ არ იყოს და ერთმანეთისგან რამე ვისწავლოთ.

მამის დარიგებები, რომლებსაც ყოველთვის ვასრულებ


მამაჩემის აღმზრდელობითი მიდგომა ასეთი იყო - გაიზრდება და თავისით ისწავლის. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად, მაინც გადაწყვეტდა ხოლმე, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ამ რჩევებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვასრულებ ხოლმე.

შვილო, არასოდეს მოწიო სიგარეტი ტუალეტში.
- ჯერ ერთი საზიზღარი სუნი დგება. მეორეც - უბრალოდ უწესობაა. მართალია წელიწადნახევარი სახლში სულ ტუალეტში ვეწეოდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ აივანი არ მქონდა და ოთახში ბავშვი იყო და სჯობს პრინციპები დაარღვიო, ვიდრე ბავშვს თამბაქოს ბოლი ასუნთქო.
შვილო, თუ დალევა არ გინდა, არ დალიო.
- არის შემთხვევები როდესაც არ გამოდის. პატარა სუფრაა. თავში გამობრძმედილი ბიძა დგას და ჭიქას გაწვდის - ახლა ჩემი გარდაცვლილი დედის სადღეგრძელო უნდა დალიოო. გინდა თუ არ გინდა, სვამ. ისე კი, სტუდენტობის პერიოდში ფასდაუდებელი რჩევა აღმოჩნდა - რამდენჯერ დავფიქრებულვარ - ეხლა მინდა მართლა დალევა თუ მგონია, რომ უნდა მინდოდეს? მერე კი მაინც ვსვამდი, მაგრამ მაინც... დაგაფიქრებს. (ეს გადავიკითხე და დალევაზე ისე ვწერ, გეგონება ან ბუკოვსკი ვიყო და ან ოთარ რამიშვილი. არ გვქონდა მაშინ სხვა გასართობი და რა გვექნა?)
რას ავუხსნიდი ახალგაზრდა ნიკოს

„სიყვარულის ახსნა“ ყოვლად არასაჭირო რამეა
- სკოლის ასაკიდან ვიცოდი, რომ გოგო თუ მოგწონს, რაღაც დროს უნდა მიხვიდე და „სიყვარული აუხსნა“, ანუ უთხრა, რომ გიყვარს და იმის პასუხს დაელოდო. ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ მეგონა, რომ ურთიერთობის ასაწყობად ეს აუცილებელი ნაბიჯია. არადა, რა სისულელეა! არაფერს არ გაძლევს. რა თქმა, უნდა, თუ მოგაწვა, სიყვარული უნდა გამოთქვა, მაგრამ არა დებილური რიტუალიზებული სახით. შეიძლება მოსწონხარსავით იმ გოგოს და ამ დროს დაძაბო. მოკლედ, ჯობია სადმე დაპატიჟო და შეატყო, როგორ მიგდის საქმე. თუ კარგად - ილაპარაკე მერე სიყვარულზე, რამდენიც გინდა.

ვერც სხვები ერთობიან მაინცდამაინც
- საახალწლო შეკრებები, დისკოთეკები, რაღაცნაირი დაბადების დღეები... ვიჯექი და ვფიქრობდი - რა მჭირს ასეთი, რატომ ვერ ვერთობი, აი, ყველა გარშემო რა კარგ დროს ატარებს მეთქი. მერე მივხვდი, რომ უმეტესობა ჩემსავით იყო. უბრალოდ, არ იმჩევდნენ. სხვათა შორის, მაგას რომ მივხვდი, მერე უფრო კარგ დროს ვატარებდი ხოლმე.
ახალი ანდაზები და გამონათქვამები
არ მოვიდა დრო, რომ ახლები მოვიფიქროთ? მე მაინცდამაინც კარგი არ გამომივიდა, მაგრამ, აჰა, დავიწყებ და იქნება ბოლოს რამე გამოვიდეს.

კარგი ნაშა „სემში“ არ უნდა ჩასვაო
- გამოყენების მაგალითი - გიორგი: გავიგე, ყაზახი პარტნიორები ჩამოგსვლიან. სად უნდა წაიყვანო, „ხინკლის სახლში? დათო: არა, რას ამბობ. არ გაგიგონია - კარგი ნაშა სემში არ უნდა ჩასვაო?

„იმედის“ კარგი ჟურნალისტი ცენზორს არ დაიჭირვებსო
- გამოყენების მაგალითი - შავი კაკო: ძველნიკუშ, ხო უთხარი პატიკოს, რო არ გააბაზროს ჩვენ რაც ვიჩალიჩეთ? ძველნიკუშა: არ მითქვამს. იმიტო, რო არაა საჭირო. „იმედის“ კარგი ჟურნალისტი, ბო*იშვილი ვიყო, ცენზორს არ დაიჭირვებსო!
ვიცი, რომ ჩემი ახალი ბლოგი მკითხველთა უმრავლესობაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შეიძლება. პრობლემა, რომელზეც ვისაუბრებ, დამახასიათებელია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელთა დამოუკიდებელი, ტოტალიტარული ზედამხედველობისგან მეტნაკლებად თავისუფალი, არსებობის სტაჟი მხოლოდ ორი ათეული წლით თუ განიზომება.

ისევე, როგორც ქართველი სამოციანელების მთელი თაობისათვის, ჩემთვის თბილისის მოსახლეობა დღემდე ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა: „ქალაქელებად“ და „თბილისელებად“. „თბილისელად“ ყოფნა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისა, რომ გახდე „ქალაქელი“. სამწუხაროდ, მათ შორის პროცენტული სხვაობა დღითიდღე იზრდება „თბილისელთა“ სასარგებლოდ.

არადა, წინა საუკუნის შუაწელში „ქალაქელობა“ ნიშნავდა გარკვეულ პირობით არაფორმალურ უპირატესობას დანარჩენების წინაშე. „დანარჩენებად“ სოფლიდან ქალაქად სულ ახლახან გადმოსახლებულები ითვლებოდნენ. იმ პერიოდში სოფლისა და ქალაქის დეფინიციები მკვეთრად განისაზღვრებოდა კომუნისტური საკანონმდებლო აქტების დონეზე. რაღა თქმა უნდა, ეს, რეალურად, სულაც არ ამცირებდა „გლეხის“ ცნებას - ჩვენ ყველანი ხომ სოფლიდან ვართ, საკითხავი მხოლოდ ისაა - როგორი სოფლიდან?!

გავატარე რა ასპირანტობის წლები გეოფიზიკურ ექსპედიციებში, თვალნათლივ დავრწმუნდი იმაში, რომ იმხანად, 60-იან წლებში, შორეულ ქართულ მთიან სოფლებშიც კი ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ინტელიგენტი ადამიანები. ინტელიგენტის ცნება, რომელიც საქართველოში ამჟამად სალანძღავი გახდა რუსეთუმეობის გამო, არ უნდა აგვერიოს ესოდენ გულმოდგინედ დანერგილ დასავლურ „ინტელექტუალში“. მართალია, არ არსებობს ინტელიგენტობის კლასიკური განსაზღვრება (თავის დროზე მისი ფორმულირება სცადა შესანიშნავმა ესეისტმა თენგიზ ბუაჩიძემ), მასში, როგორც ჩანს, უნდა ვიგულისხმოთ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა, რომელიც გარკვეულწილად „ბიბლიურ სიბრძნეს“ მოიცავს. ის არანაირად არ არის დამოკიდებული განათლების ცენზზე.

ამ თვალსაზრისით, მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კომპარტიის პირველ მდივნად მოგვევლინა ედუარდ შევარდნაძე. აგრარული ქვეყნის იძულებითმა „ინდუსტრიალიზაციამ“, თბილისში მახინჯი ხუთსართულიანი მასივების მასშტაბურმა მშენებლობამ, ხელი შეუწყო სოფლიდან ქალაქში უფლებაშელახული გლეხების მასობრივ გადმოსახლებას. თბილისი, ეს „პატარა პარიზი“, დიდ მოუწყობელ სოფლად გადაიქცა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირველი მდივნის „კუთხურობამაც“ - მის უახლოეს გარემოცვას ხომ ძირითადად მისი მშობლიური რეგიონის წარმომადგენლები შეადგენდნენ.

სიტუაცია კომუნისტური მმართველობის ბოლომდე არ შეცვლილა და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ახლაც შენარჩუნებულია, ოღონდ მოსახლეობის ამჟამინდელი მიგრაციის მიზეზი არის უკვე არა ფსევდოინდუსტრიალიზაცია, არამედ სოფლისა და მის მკვიდრთა ტოტალური გაღატაკება. არ ვეხები დევნილების პრობლემას - ღმერთმა დამიფაროს! - ეს სულ სხვა თემაა...

გაღარიბებული რეგიონებიდან მიგრანტების ნაკადი ამჟამად შედგება ახალგაზრდებისგან, რომლებმაც საწყისი განათლება სოფელში მიიღეს, მაგრამ არ სურთ იქ, გაუსაძლის პირობებში, ცხოვრება და მუშაობა. მათ დაემატა პოლიტიკური უთანხმოების და სამოქალაქო ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ნახევრად კრიმინალური „ლუმპენების“ შრე. სიტუაციის დრამატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ „ახალი თბილისელები“ თავიანთი წეს-ჩვეულებებით იჭრებიან ქალაქის ყოფაში: იმის ნაცვლად, რომ რამენაირად მაინც აითვისონ ქალაქელთა ჩვეულებები, ისინი, პირიქით, თავიანთ გაგებას, ჩვევებს, საკუთარ მსოფლმხედველობასაც კი თავს ახვევენ ქალაქელებს. წარმართობის ელემენტები ტრადიციულ ქართულ მართლმადიდებლობაში, ასობით ადამიანზე გათვლილი ქორწილები და ქელეხები, კუთხური პროტექციონიზმი – ეს სულაც არ არის „ქალაქელისთვის“ უცხო მოვლენების სრული ნუსხა. სერიოზული ზიანის მომტანია ჩამოსულთა უბოდიშო და მოურიდებელი დილეტანტობა - ისინი ყოველგვარი ეჭვის გარეშე კიდებენ ხელს ნებისმიერ სამუშაოს. ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრ პანჩენკო ამტკიცებდა, რომ ქალაქი პროფესიონალთა თავშესაფარია. დღევანდელ საქართველოში ეს პარადოქსად ჟღერს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG