Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

არ მიყვარს ცხელ-ცხელ ამბებზე წერა.

ახლაც, რამდენი რამ ხდება – ზოგი მოსალოდნელი, ზოგი მოულოდნელი და ამ ცხელ-ცხელი ამბების შუაგულში, რატომღაც, სულ სხვა თემაზე მეფიქრება.

ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებას ორი არჩევანი ჰქონდა: მთავარ პრიორიტეტად ან დემოკრატიის მშენებლობა უნდა გამოეცხადებინა, ან – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პირველი პრიორიტეტი – დემოკრატიის მშენებლობა – ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობდა; მეორე პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – თავის მხრივ, გულისხმობდა ძალაუფლების თავმოყრას პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში.

ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არავისთვის უკითხავთ, რა უნდა ყოფილიყო ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი; თვითონ ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რომ დემოკრატიის შენების დრო მხოლოდ იმის შემდეგ დადგებოდა, რაც მკაცრი პოლიტიკის წყალობით საქართველოს სახელმწიფო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა.

შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური რესურსის დიდმა ნაწილმა თავმოყრა ამ პირველი პრიორიტეტის ირგვლივ დაიწყო. გაიზარდა შეიარაღება, გაძლიერდა ჯარი და პოლიცია, დაარსდა რეზერვისტთა ინსტიტუტი და ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკები, შეიქმნა ტელეკომპანია „საქართველო“, რომელსაც საბრძოლო სულისკვეთების გაღვივება დაევალა.

მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მრავალწლიან ჩიხში შევიდა. რესურსი, რომელიც ამ მიმართულების გასაძლიერებლად დაიხარჯა, ნაწილობრივ განადგურდა; ნაწილობრივ – უარყოფილ იქნა, როგორც არასაჭირო; ნაწილობრივ – შეცვლილი შინაარსით შენარჩუნდა.

ომისშემდგომ პერიოდში, რომელიც საკმაოდ არასტაბილური და რთული აღმოჩნდა, ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია სახელმწიფოს განვითარების ახალი პრიორიტეტი და ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა მიმართულებით მოხდება რესურსის თავმოყრა მომავალი წლების განმავლობაში, არ ვიცით, რომელი სფერო გაძლიერდება და რას მოუტანს ეს ქვეყანას.

მაგრამ, სურს თუ არ სურს, ხელისუფლებამ ახალ პრიორიტეტზე უნდა იფიქროს.

შესაბამისად, ხომ არ დადგა დრო, როდესაც საზოგადოება უნდა ჩაერთოს იმ საკითხის განხილვაში, თუ რა შეიძლება შეირჩეს ახალ პრიორიტეტად სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე და რატომ? მით უმეტეს, რომ დღეს საზოგადოებრივი აზრის იგნორირება ძველებურად ადვილი აღარ არის.

რამდენიმე კვირის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ სპეციალური ბლოგი მიუძღვნა განათლების თემას და ამ ბლოგის კომენტატორებმა, ფაქტობრივად, ერთხმად აღიარეს, რამდენად უპირატესია განათლების საკითხი, თუნდაც, შიდა პოლიტიკურ კონფლიქტთან შედარებით. მათ ძალიან მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ არ არსებობს რაგინდ მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის დროსაც არ იქნება განათლების თემაზე, განათლების მნიშვნელობაზე საუბრის დრო.

თუ ეს ასეა, მაშინ მიჩნდება შეკითხვა: ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ხომ არ უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი ზოგადად დემოკრატიის რომელიღაც მორიგი ტალღა კი არა, არამედ, კონკრეტულად, განათლების სფერო?

მჯერა, რომ თუნდაც ჩვენ – საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ ვართ შემოკრებილი – შეგვიძლია, მოვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება, სერიოზული რესურსი მიმართოს განათლების სფეროსკენ და შარშან ტანკებისთვის განკუთვნილი ფული როგორ აქციოს წელს წიგნებისთვის განკუთვნილ ფულად.

შესაძლოა, განათლების სფერო კი არა, რომელიღაც სხვა სფერო უნდა განვითარდეს პრიორიტეტულად, თუნდაც, სოფლის მეურნეობა ან ტურიზმი.

პირველად იმის შემდეგ, რაც ნებაყოფლობით გავხდი ბლოგერი, გთავაზობთ, კონკრეტულად განვიხილოთ, რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი. უბრალოდ კი არ ვისაუბროთ, საკუთარი აზრები კი არ გამოვთქვათ, არამედ, ვცადოთ, გავარკვიოთ, არსებობს თუ არა კონსენსუსის შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით – რომელ სფეროში უნდა მოიყაროს თავი სახელმწიფოს რესურსმა პრიორიტეტულად იმისათვის, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს. შეგვიძლია, პარალელურად ვიმსჯელოთ, რა მექანიზმები გვაქვს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად და მისთვის ჩვენი არგუმენტების წარსადგენად.

დარწმუნებული ვარ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებსაც კი ძალიან საქმიანად შეუძლით იმ თემაზე საუბარი, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებისთვის პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი – დღევანდელი თუ ხვალინდელი – ხელისუფლების პირობებში. სიტყვას გაძლევთ, ამ ბლოგის განხილვაში მეც აქტიურად ჩავერთვები. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, თქვენი იმედი მაქვს.
ყველანაირი წესით დღევანდელი ბლოგი „თბილისი ოუფენ ეარ“ ფესტივალზე უნდა დამეწერა. წინა ჯერზე ვიკითხე და უმეტესობამ ეგ აარჩია. დავიწყე წერა. სათაურიც მოვუფიქრე: „ოუფენ ეარ კარგი იყო, ალტერვიზიისა რა მოგახსენოთ“. დიდი ვერაფერი შვილი სათაურია, მაგრამ რაც უნდა დამეწერა, იმის აზრს გადმოსცემს.

შუა წერაში ვიყავი, მაგრამ ხან რა ხდებოდა ქვეყანაში და ხან კიდევ რა... ვერ დავუდე გული ერთი თვის წინანდელ ამბავს. წავიკითხე რაც დავწერე და მოვკვდი მთქნარებით. ამიტომ მოკლედ გეტყვით და გადავალ მერე სხვა თემაზე. ფესტივალზე მეც და ვისაც ვიცნობ ყველანი ძალიან გავერთეთ. ატმოსფერო იყო მშვენიერი, განსაკუთრებით ბოლო ორ დღეს, იპოდრომზე. პირველ დღეს, შარდენზე, კი - ისე რა. მუსიკალური თვალსაზრისით ფესტივალს, ზოგადად, არა უშავდა. ძალიან კარგიც ცოტა იყო და ძალიან ცუდიც - ჯგუფების უმეტესობა „კარგსა“ და „საშუალოს“ შორის მერყეობდა. გადმოგცემთ ჩემი რამდენიმე მეგობრის შთაბეჭდილებას - თავი „ნამდვილ“ ფესტივალზე მეგონა, ევროპაში რომ არის ხოლმე, ისეთზეო. ჰოდა, ეგრე. მომავალ წელს ცოტა უკეთესს თუ გაკეთებენ (სამივე დღეს იპოდრომზე ჩაატარებენ, რამდენიმე ცნობილ ჯგუფს ჩამოიყვანენ, უკეთესი ჟღერადობა იქნება...) უკვე ძალიან კარგი იქნება.

ახლა, „ალტერვიზიას“ რაც შეეხება. გაუთვითცნობიერებლებისთვის - „თბილისის ღია ცის ქვეშ“ და „ალტერვიზია“ ერთი და იმავე ღონისძიების ორი სახელია. „ალტერვიზია“ იმიტომ, რომ პარალელურად ევროვიზიის კონკურსი მიდიოდა და მაგის ერთგვარი ალტერნატივააო. რომ, აი, ჩვენ თავისუფალი მუსიკალური სულის ღონისძიება მოვაწყვეთ, იქ, მოსკოვში კი უსულო, პოლიტიზებული დადგესო. ევროვიზია კი არის ზუსტად ეგეთი, ყოველთვისაც იყო, მაგრამ ვერ გავიგე, რანაირად გამოვიდა ეს ჩვენი ფესტივალი მაგის ალტერნატივა. ვინმეს არჩევანი ჰქონდა ამ ორს შორის? ქართულ არხებს ევროვიზია მაინც არ უჩვენებიათ და ევროპელს, ვისაც კონკურსის ნახვა უნდოდა, „თბილისის ღია ცის ქვეშ“ ვერაფერს გადააფიქრებინებდა. თავად ფესტივალის ორგანიზატორები ამბობდნენ, ეს „ალტერვიზია“ ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია უცხოური მედიის ყურადღების მისაქცევადო. ეს კი აღარ უთქვამთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ევროპულ მედიასთან ერთად საქართველოს კულტურის სამინისტროც იყო ამ მარკეტინგის სამიზნე - ფულის დიდი ნაწილი სამინისტრომ გადაიხადა. ძალიანაც კარგი ქნა - სხვა დროს მეტი დახარჯონ და „გოგოლ ბორდელო“ ჩამოიყვანონ. არ უნდა მაგას, როგორც ჩემი კოლეგები იტყოდნენ, იდეოლოგიური საფანელი.

ახლა, სათაურს რაც შეეხება. ამ ბლოგის შუა ვერწერაში ვიყავი, როდესაც „კურიერს“ ვუყურე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ინფორმაციის საოცარი ნაკლებობა მტკვარში გადამხტარი ადამიანების შესახებ. ვისაც ბოლო დროს „კურიერისთვის“ ან „ქრონიკისთვის“ შეუხედავს, იცის, რომ ამის გარეშე გადაცემა ვერ ჩაივლის. ხომ არსებობს თემები: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ფელგენჰაუერის წინასწარმეტყველებები. ასეთივე თემაა მათთვის მტკვარში გადამხტარნი.

(„ხმაურია პოლიციის სამმართველოსთან“ - შევარდა ჟურნალისტების ოთახში „ქრონიკის“ პროდიუსერი. „რომელი წახვალთ? აქვეა, მანქანით ერთი წუთიც არ უნდა“.

„ორნი კი ვართ, მაგრამ ვერ წავალთ“ - წყნარად უპასუხა ჟურნალისტმა.

„კი, მაგრამ რატომ“?

„მტკვარში რომ ჩახტეს ვინმე“?)

„ქრონიკას“ შევეშვათ და ისევ „კურიერს“ მოვუბრუნდეთ. 15 ივნისის ცხრასაათიან გამოშვებაზეა ლაპარაკი. ანუ, სინამდვილეში ცხრასაათიანი კი არა ერთსაათიანია, უბრალოდ ცხრაზე გადის. ჰა! ჰა!

ჰოდა, გაგიკეთეთ ჩარტი იმის საჩვენებლად, თუ რა დრო დაუთმო „კურიერმა“ რამდენიმე თემას. ამ მარტივი, მახინჯი ცხრილის გაკეთებას მოვანდომე საათნახევარზე მეტი. რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ დებილი. ჯერ Excel-ში ვეწვალე, მერე აღმოვაჩინე, რომ იქიდან ჩარტის ექსპორტი jpeg ფაილად შეუძლებელია, ამის აღმოჩენას მოვანდომე ნახევარი საათი და შემდეგ... თუმცა, თქვენ რა შუაში ხართ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იმდენი ვეწვალე რომ მივეჩვიე და სახელიც დავარქვი. გაიცანით - ბუსუნა!


(1. არეულობები ირანში 2. ამინდის პროგნოზი 3. დარბევა სამმართველოსთან 4. ბროწეულის ტელეფონი 5. პრეზიდენტის გამოსვლა)






აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს ზუსტი ცხრილი არ არის. ანუ, სიუჟეტის სიგრძე არ გამიზომავს. სუბიექტურად რამდენი დროც გავიდა, ისე ჩავსვი. მაშ, რა საჭირო იყო Excel-ში წვალება? რატომ პირდაპირ არ დავხატე? იმიტომ, რომ მე ვარ დებილი. მაგრამ, არა! არ ვნანობ. მარტივად რომ გამეკეთებინა, ბუსუნაც ხომ არ მეყოლებოდა.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მეოთხე ხაზზე - სიუჟეტზე ბროწეულის ტელეფონის შესახებ.

http://www.youtube.com/watch?v=fj_apXG51fs

ვისაც ნახვა დაგეზარათ - სიუჟეტს თუ დავუჯერებთ, კანადაში შექმნეს ტელეფონი, რომელსაც Pomegranate, ანუ ქართულად „ბროწეული“ ჰქვია და რომელიც ბევრ საოცარ ფუნქციას ითავსებს - პარსავს, ყავას ადუღებს, თარგმნის 50 ენაზე და ვინ იცის, კიდევ რას არ აკეთებს.

ასეთ ხელსაწყოს კი უნდა მიუძღვნას საინფორმაცია გამოშვებამ ოთხწუთნახევარი, არა? კი, ირანშიც ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ მაგას 30 წამიც ეყოფა. ეს კიდევ თან ტელეფონია, თან ყავის მადუღარა, თან ტუჩის გარმონი... დაუჯერებელია!

დაუჯერებელი კი არა არდასაჯერებელია. ეს ტელეფონი არ არსებობს. გამოგონილია. არც სატესტო ეგზემპლარი არსებობს. არც არასოდეს უარსებია. კანადის რეგიონის, ნოვა სკოტიას სარეკლამო ტრიუკია - დახატეს ასეთი ტელეფონი და საიტი გაუკეთეს.

თუმცა, ეს ტყუილი კარგადაა შენიღბული და სიმართლის დადგენა, ანუ რომ ტელეფონი არ არსებობს და იქნებ არ ღირდეს ოთხწუთნახევარი მაგაზე ლაპარაკი, რთულია. ეგრე არაა?

თუ ვინმე ტელეფონით დაინტერესდა და საიტზე მეტის გაგება მოისურვა, ეწერება: ტელეფონი, რომელიც ყველაფერს აკეთებს არ არსებობს, მაგრამ აი, მხარეა კანადაში, ნოვა სკოტია, სადაც მართლა არის ყველაფერიო. სულ ერთი დაწკაპუნება უნდა.

ეგეც რომ არ იყოს, „გუგლში“ ძიებისას მეორე შედეგი „ვიკიპედიის“ ბმულია, რომელიც ასევე წერს ნოვა სკოტიას სარეკლამო კამპანიაზე.

მართალია, ვინც სიუჟეტი ნახეთ, შენიშნავდით, რომ შესავალში წამყვანმა კანადის რეგიონის სარეკლამო კამპანიაზე ილაპარაკა, ერთგვარად თქვა კიდევაც სიმართლე, მაგრამ მოდი, თავიდან შეხედეთ. მაგ ნათქვამიდან ვერავინ დაასკვნიდა, რომ ტელეფონი არ არსებობს. კი ამბობს დიანა ჯოჯუა: „თუმცა ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლაო“, მაგრამ მაგას წინ უძღვის: „ეს უჩვეულო მოწყობილობა (...) დაკვეთით შეიქმნა“ და მერე, სიუჟეტშიც ვისმენთ: „ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის. არსებობს მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია“.

რა საჭირო იყო ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ შეცდომაზე ამდენის წერა? აი რატომ: ჯერ ერთი ამ ინფორმაციის შემოწმებას წინ არაფერი ედგა. მეორე - ახალი ამბავი ამას ძალიან ნაკლებად შეიძლება დაერქვას, იმიტომ, რომ ბროწეულის ტელეფონის საიტი გააკეთეს არა გუშინ, არა ორი კვირის წინ, არა ორი თვის წინ, არამედ შარშან! მესამე - 15 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში, წესით, ამის დრო არ უნდა დარჩენოდათ. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ბუსუნაც იმავე აზრზეა!

PS. ახლა ვნახე, როკოსაც დაუწერია ამაზე. ვიდეოც უკეთესი ხარისხით აუტვირთავს. დაუფასეთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG