Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შაბათი, 24 ოქტომბერი 2009

ერთხელ აკა მორჩილაძეს ვუთხარი: „თქვენი მოთხრობა „წიგნი“ რომ წავიკითხე, სხვა ადამიანი გავხდი“. ჩემმა ნათქვამმა, როგორც ჩანს, გააოცა და პასუხი შეკითხვით დამიბრუნა: „ვითომ, რატომ?“. ამგვარად დასმული კითხვისთვის მზად არ ვიყავი. უბრალოდ რომ ეკითხა – რატომო? – იქნებ, რამე კიდეც ამეხსნა; მაგრამ ეს ნახევრად ცინიკური/ნახევრად დაბნეული „ვითომ, რატომ?“ ჩემს მოლოდინს მეტისმეტად ასცდა.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ სულ ახლახან მივხვდი, რომ აკა მორჩილაძის უცნაური შეკითხვა ერთაოზის ვალივით დამრჩა და ჯერ კიდევ არ გამნელებია მასზე პასუხის სურვილი.

მანამდე კი გეტყვით, რომ „წიგნი“ არის მოთხრობა ნურადინ ფრიდონზე და, უფრო მეტად, „ვეფხისტყაოსანზე“. ღრმად მოხუცი ნურადინ ფრიდონი სიკვდილზე ფიქრობს და აწესრიგებს საკუთარი გმირობის ამბებს, 16 წიგნში რომ არის აღწერილი. ცდილობს, მხოლოდ სიმართლე დაუტოვოს შთამომავლობას, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. სწორედ ამ დროს უსახსოვრებენ წიგნს, რომელშიც ნაამბობია, როგორ შეებრძოლა ქაჯებს ნურადინ ფრიდონი თავის ორ მეგობართან ერთად და როგორ გაათავისუფლა ტყვეობიდან ძვირფასი მეგობრის სატრფო.

ნურადინ ფრიდონს შეაძრწუნებს ეს წიგნი. იგი ამბობს, რომ ქალის გულისთვის არასოდეს უბრძოლია და არც ქაჯეთში ყოფილა; რომ ოდესღაც მასთან მართლაც მოვიდნენ უცხო რაინდები, რომლებმაც ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. მან მთელი თავისი ავლადიდებით ქალის გამოსყიდვა შესთავაზა, მაგრამ უთხრეს, იმ ქალის გამოსყიდვა შეუძლებელიაო. ამის შემდეგ ნურადინ ფრიდონმა მათ თავისი მსახური და ორასი მეომარი აახლა. თავად კი ქალისთვის ბრძოლა არასოდეს უკადრებია.

„შეუძლებელია ჩემთვის იმ გმირობის მითვისება, რომელიც არ ჩამიდენია და რომელსაც ვერც ჩავიდენდი, რადგან არ მიმაჩნდა გმირობად,“ – ამბობს ზღვისრეთის გამგებელი. მაგრამ არ ჭრის ნურადინ ფრიდონის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქაჯეთის ციხეში ორი რაინდი იბრძოდა. ორი და არა სამი.

მოხუცი ბრძენი, ალ ქაუსი, რომელსაც ნურადინ ფრიდონი თავის დარდს უზიარებს, შეკრავს ცერს, საჩვენებელ და შუა თითებს და ამბობს: „მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს სამი აკეთებს. აი, ეს სამი. თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“. იგი უხსნის ზღვისრეთის შეწუხებულ გამგებელს, რომ დავიწყებას მიეცემა მისი გმირობის ისტორიები, გადაირეცხება 16 წიგნში აღწერილი მისი რეალური ცხოვრება და დარჩება გამონაგონი – სიყვარულის ამბავი, თუ როგორ იბრძოლა და როგორ დაამხო ნურადინ ფრიდონმა მეგობრებთან ერთად ქაჯეთის ციხე მზეთუნახავის გამოსახსნელად.

მრავალი დღის განმავლობაში უზიარებენ ერთმანეთს ფიქრებს აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი და აღმოსავლეთისვე უპირველესი ბრძენი. ერთი მოწყურებული ეძებს სიმართლეს, მეორე კი ამ სიმართლეს გასცემს, როდესაც ამბობს, რომ რეალურ გმირობაზე დაწერილ თექვსმეტ წიგნს გაცილებით ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე სიყვარულზე დაწერილ იმ ერთს, გამონაგონს.

* * * *

ვწერ ნურადინ ფრიდონის შესახებ და თან ვფიქრობ: რატომ ამაღელვა ამ მოთხრობამ? რატომ მაფიქრებინა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი? რატომ გამაზიარებინა ჩემი ფიქრი მოთხრობის ავტორისთვის? და რატომ მათენებინებს ღამეს ახლა, მრავალი წლის შემდეგ, სურვილი – ვუპასუხო ავტორის მაშინდელ შეკითხვას?

ყველა კითხვის პასუხი ნურადინ ფრიდონშია. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰგონია, რომ მთავარი ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცეა; მაგრამ სიცოცხლის ბოლოს გაიგებს, რომ მასზე მეტია სიყვარული; ჰგონია, რომ მთავარი მამაკაცია და ღრმად მოხუცი მიხვდება, რომ მასზე მეტია ქალი; ჰგონია, რომ მთავარი მისი გმირობის აღმწერი 16 წიგნია, მაგრამ სიკვდილის წინ დარწმუნდება, რომ მათზე მეტია სიყვარულის აღმწერი ერთი წიგნი; მთელი ცხოვრება ჰგონია, რომ მთავარი სიმართლეა, ღრმად მოხუცი კი აღმოაჩენს, რომ შესაძლოა, სიმართლეზე მიმზიდველი იყოს გამონაგონი. აღმოსავლეთის უპირველესი ბრძენი უდასტურებს, რომ ეს ასეა; და, რაც კიდევ მეტია, საკუთარი გულთა ხილვით ხვდება, რომ მისი ხანგრძლივი, გმირობით და სიქველით დახუნძლული ცხოვრება არაფერია იმ უხილავ გრძნობასთან, რამაც მისი უცნაური სტუმრები მრავალი წლის წინ შიშველი ხელებით ქაჯებთან აომა.

* * *

როდესაც ეს მოთხრობა წავიკითხე, უკვე იმ გზაზე ვიყავი შემდგარი, ბოლოს რომ გაპლასტმასებამდე მიჰყავს ადამიანი: დილიდან ღამემდე შეხვედრებზე დარბიხარ; ღამიდან დილამდე კომპიუტერს ხარ მიჯაჭვული; ახლობლების სატელეფონო ზარებს ვერ პასუხობ; მშობლებისთვის ვეღარ იცლი; შვილებს ენატრები... დღეში ათჯერ მაინც გიხდება ბოდიშის მოხდა იმისათვის, რაც უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე, რადგან მოუცლელი იყავი.

და უცებ... შენში შემოდის ნურადინ ფრიდონის ამბავი – სიბრძნითა და სულიერებით დამუხტული. მკაფიოდ გახსენდება, რომ ადამიანი ხარ და ადამიანები გიყვარს. ხვდები, რამდენად აღემატება ეს გრძნობა ყველაფერს, რასაც გუშინ მნიშვნელობას ანიჭებდი. ერთბაშად მოგიცავს უცნაური სიმხნევე, სიმსუბუქე... და ადამიანობის ეს ხიბლი დაგყვება მანამ, სანამ თავიდან გშთანთქავს რუტინა.

ოღონდ, სადღაც, მეხსიერების კუნჭულში, სამუდამოდ რჩება ნურადინ ფრიდონის გაცოცხლებული ხატი და იმედი, რომ შენც ამ უკვდავი ხატის პაწაწინა ნაწილი ხარ.
მგონია, რომ როცა ორი ენა არსებობს - მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ფუძე ენიდან წარმოიშვნენ ისინი, ახლო ნათესაობა აკავშირებთ თუ გარე ბიძაშვილები არიან - ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ენებიდან ურთიერთთარგმნაც შესაძელებელია. ყველაზე ხშირად თარგმანი კულტურათა დიალოგია, უცხოს გაგება, უცხოში შეღწევის სურვილი, თუმცა არის შემთხვევები, როცა თარგმანი გარკვეულ ცნობისმოყვარეობას ან სპორტულ ინტერესს აღვიძებს, როცა თარგმანი გვართობს და გვალაღებს, ან ყურადღებას იქცევს როგორც კერძო შემთხვევა, ერთი ადამიანის ახირება თუ თავგანწირვა. თარგმანზე საუბრისასაც ხომ არაერთხელ უხსენებიათ სიგიჟე, შეშლილობა და თარგმანს ზოგჯერ ფსიქოლოგებიც კი იკვლევენ ხოლმე და არამხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები.

სიგიჟედ მიაჩნია ზოგიერთს ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნის პრაქტიკაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ზოგიერთი სულ სხვა აზრს დებს სიგიჟეში და მას პრაქტიკულად სეპარატიზმთან აიგივებს. ასეთები სიფხიზლისკენ მოგვიწოდებენ და ლინგვისტური დივერსიებით გვაშინებენ. არის კიდევ რელიგიური საკითხი, როცა წმინდა წერილს თარგმნიან მეგრულად ან სვანურად და რის გამოც ეს თავგანწირული, გმირი მთარგმნელები, უეცრად, ყველგან უცხონი აღმოჩნდებიან ხოლმე (მორის ბლანშო წერდა, “მთარგმნელი უცხოა, იგი ნოსტალგიით ცხოვრობს და თავისი ენის ნაკლად და ხარვეზად აღიქვამს ყველაფერს, რასაც ორიგინალი ჰპირდება მას”), მათ ყველგან თრგუნავენ, ყველა ეჭვის თვალით უყურებს.

ეს ცალკე თემაა და ცალკე წერილს იმსახურებს. სხვათა შორის, რუსებს რელიგიურ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად იმოწმებენ, თითქოს მთარგმნელები, ეს მეოცნებე და შრომისმოყვარე ადამიანები მათი დაკვეთით მუშაობდნენ და თარგმნიდნენ იოანეს სახარებას. რა ვუყოთ, რომ რუსეთის საყვარელი თემაა ჩვენი მშობლიური ენები და ხშირად მათი იდეების დასაყდენიც კი. ამის გამო ფობიებით ხომ არ უნდა გავიბეროთ? თარგმანის ყოველ მცდელობას ეჭვის თვალით ხომ არ უნდა ვუყუროთ? ამ შიშებს, სიფრთხილესა და შეზღუდულობას ხომ არ უნდა შევწიროთ ჩვენი უმდიდრესი ენები? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულები და სერიოზულები?

აქედან ერთ გამოსავალს ვხედავ, გართობას, მხოლოდ ცნობისმოყვარეობით სავსე სილაღე თუ დაგვამარცხებინებს ამ შიშებს, მხოლოდ კარნავალურობით, სიცილითა და ხარხარით უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანების შეზღუდულობას, ვისაც ჰქონია, რომ მეგრული და სვანური ენები მხოლოდ ყოფისთვის არსებობს. ეს ყოფა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მძიმდება, სწორედ თარგმანით შეიძლება დაძლიო, თარგმანით, რომელიც გაგაკვირვებს, განგაცვიფრებს, სახტად დაგტოვებს და ბოლოს, ამ ენებისკენ მოგაბრუნებს. ამას ვამბობ მე, მალხაზ ხარბედია, მეგრული ენის შვილი, რომელმაც მეგრული არ ვიცი და ამის გამო ვწუხვარ.

დღეს სწორედ ასეთ “გასაკვირალ”, საოცარ თარგმანებს გთავაზობთ, ფრაგმენტებს, თითო აბზაცს თანამედროვე „მაზალო“ ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომებიდან - გადასვანურებურს და გადამეგრულებულს. ამით მინდოდა ზღვრამდე მიგვეყვანა ის დაძაბულობა და ზიზღიც კი, რასაც ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნა იწვევს ხოლმე განათლებულ საზოგადოებაში. ესაა ერთგვარი აქცია, გნებავთ დეკონსტრუქტიული აქტი, ოღონდ დერიდას დეკონსტრუქციისგან განსხვავებით, მე ძველი, უკვე ძალიან გაღარიბებული ურთიერთობების დეკონსტრუქციის იმედი მაქვს. და ეს იქნება დეკონსტრუქცია სიცილით.

P.S. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონებს, ლამარა მილდიანსა და ანა ქოჩუას, რომელთაც გაიზიარეს ჩემი ეს ახირება და დამეხმარნენ ამ აქციის განხორციელებაში. მეტი მოხერხებულობისთვის და ეფექტისთვის, მოყვანილია ქართული და შემდეგ უკვე მეგრული ან სვანური პარალელური ტექსტები. ტექნიკური სირთულის გამო იძულებული გავხდით ზოგიერთ მეგრულ და სვანურ სიმბოლოებზეც გვეთქვა უარი, თუმცა იმედი მაქვს, მეგრელები და სვანები ისედაც ადვილად მიხვდებიან ტექსტის შინაარსს, ქართული “დედნის” დახმარებით კი ნებისმიერს შეუძლია გაერკვეს ამ თარგმანებში.


ჟან-ფრანსუა ლიოტარი
პოსტმოდერნის მდგომარეობა


ამ გამოკვლევის საგანი ცოდნის მდგომარეობაა თანამედროვე, ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მდგომარეობას “პოსტმოდერნი” ვუწოდოთ. ეს სიტყვა ამერიკის კონტინენზე იშვა სოციოლოგებისა და კრიტიკოსების წყალობით და იგი აღნიშნავს კულტურულ მდგომარეობას იმ ტრანსფორმაციების შემდეგ, რომელიც XIX საუკუნეში განიცადა მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში არსებულმა თამაშის წესებმა <...> ლეგიტიმაციის მეტანარატიული მექანიზმის ხმარებიდან გამოსვლასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მეტაფიზიკური ფილოსოფიის კრიზისი. ნარატიული ფუნქცია კარგავს თავის ფუნქტორებს: დიად გმირს, საოცარ ხიფათს, თავგადავლებსა და დიად მიზნებს. იგი ენობრივ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრიპტიულ, დესკრიპტიულ და სხვა ნაწილაკებად იფანტება, რომელიც თავის თავში ატარებს პრაგმატულ ვალენტობას sui generis.


ჟან-ფრანსუა ლიოტარ
პოსმოდერნიშ ოფა


თე გითგორუაშ საქმე გურაფაშ ოფა რე, არძოშ უმოს რდილ ჯარალუებს! ჩქი გინოვჭყვიდით თე ოფას “პოსტმოდერნ” დუძახათი. თე სიტყვაქ ამერიკაშ კონტინენტის დებად სოციოლოგებიშ დო კრიტიკოსეფიშ ჭყოლოფუათ, დო თენა შინანს კულტურულ ოფას თი ტრანსფორმაციეფიშ უკულიანს, ნამუთ XIX საუკუნეს გინიღ გურაფუაქ, ლიტერატურას დო ხემორძგვობას რენ თი ლააფიშ წესებქ <...> ლეგიტიმაციაშ მეტანარატიულ წესეფიშ რგებაშა რე მებუნაფილ, გიშართილო მეტაფიზიკურ ფილოსოფიაშ კრიზის. ნარატიულ ოქიმნალ ოდინუანს მუშ ოქმინალს: ვერეხ გერგეზის, გასაკვირ ოშკურანჯის, დუდსგინულირ ამბებს დო მიოჭირნაფალებს. თენა ნინაშ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრპტიულ, დესკრიპტიულ დო შხვა ნასოფერეფათ აკმოცენს, ნამუთ მუშ დუდით გილუღ პრაგმატულ ვალენტობაშ sui generis.


ჟაკ დერიდა
ფილოსოფია და ლიტერატურა


ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქცია გაცილებით ნელი და რთული საქმეა, და ცხადია, არ შეიძლება უბრალოდ თქვა: “ძირს”. მე ამას არასოდეს ვამბობ. მე მიყვარს ენა, მიყვარს ლოგოცენტრიზმი. თუკი მინდა, რომ საფრანგეთში ფილოსოფიის სწავლება აღვადგინო, როგორც ინსტიტუტი, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტაფიზიკა ვასწავლო. მე ვიცი, რომ მეტაფიზიკა გვჭირდება და არასოდეს მითქვამს, რომ იგი, უბრალოდ, სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ. და მაინც, მე დაბეჯითებით ვრჩები იმ აზრზე, რომ საბოლოოდ, თუკი გინდათ დარჩეთ თანმიმდევრულნი მთლიანობაში მთელი წამოწყების მიმართ, უნდა შეინარჩუნოთ იდეა ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქციისა, რადგან ამ საერთო არქიტექტურაში ყველა და ყველაფერი ლოგოცენტრიზმზეა დამოკიდებული.


ჟაკ დერიდა
ფილოსოფია დო ლიტერატურა


ლოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქცია უმოს ზორზია დო ძნელ ოქმნალ რე დო ჯგირო იძირე, ვეშილებე თეშ ქოთქუენ: “თუდო”. მა თეს დღას ვავრაგადანქ. მა მიორს ნინა, მიორს ლოგოცენტრიზმ. თინა ქუმოკო საფრანგეთის ფილოსოფიაშ გურაფა გევოპონედა, ხვალე თიშენ ნამდა მეტაფიზიკა ვოგურუე. მა მიჩქ ნამდა მეტაფიზიკა მოსაჭირუნა დო დღას ვამთქუალ გვამიშ გინაათამალ რემაქი... დო იშენ მა ჩქიმ აზრის გევსკიდუქ, ნამდა ბოლოშა ქუმოკონა ქუვორდათ ართიანშმეუნელ ართობასდა ოკო დივჩუათ აზრი ლოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქციაშ, მუშენ და თე არქიტექტურაშ ართო რინას ირკოჩ დო იფრელ ლოგოცენტიზმის მობუ.


მაიკლ რიფატერი
ფორმალური ანალიზი და ლიტერატურის ისტორია


ლიტერატურის ისტორიას, პირველ ყოვლისა, ლიტერატურის გენეზისი აინტერესებს, მისი შინაარსი, ლიტერატურის მიმართება გარერეალობასთან და, აგრეთვე, ტექსტის მნიშვნელობათა ის ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია საზოგადოების იდეური ევოლუციით. ფორმალური ანალიზი კი, პირიქით, მიმართულია თვით ტექსტზე, რომელიც ნიადაგ უცვლელია; შემდგომ - სიტყვების ურთიერთმიმართებაზე ტექსტის ფარგლებში (ე.ი. უფრო ფორმაზე, ვიდრე - შინაარსზე); ბოლოს, ის განიხილავს ლიტერატურულ ნაწარმოებს, როგორც გარკვეული პროცესის საწყის წერტილს (და არა როგორც ამა თუ იმ პროცესის საბოლოო პუნქტს ან პროდუქტს). ამგვარად, ესაა ორი ურთიერთშემავსებელი მიდგომა.


მაიკლ რიფატერ
ფორმალურ ანალიზ დო ლიტერატურაშ ამბე


ლიტერატურაშ ამბეს უმოსო ლიტერატურაშ ჩხვიჩხვ ოინტერეს, მუშ დინახალენ, ლიტერატურაშ გალეოფირ დო თიწკუმა ართო ტექსტიშ, დინახალენიშ თირუა ნამუთ ჯარალუეფიშ აზრიშ ევოლუციეფიშ ჭყოლოფუა რე. ფორმალურ ანალიზ უმოსო ტექსტის მიკაჯინე დო ნერჩის ვათირინას: ანწიან-ნარაგადუეფ ართიანშო ტექსტეფიშ ამბეს (უმოსო ფორმას, დინახალენშე უმოსო); ბოლოს, ლიტერატურაშ ქიმინელებს გინაჯინე მუჭოთ დუდმანჩხვერ წერტილს (დო ვართ თე ვარა თი პროცესიშ ბოლო პუნქტის დო ნამუშერს). ოდო, თენა რე ართიანიშგაფშალ მერინა.

მეგრული ენის ზუგდიდურ დიალექტზე თარგმნა ანა ქოჩუამ


მორის ბლანშო
თარგმანის შესახებ


მთარგმნელი განუმეორებელი ორიგინალობის მწერალია, თანაც იგი ორიგინალურია სწორედ იმაში, რაზეც მას თითქოს პრეტენზია არა აქვს. მთარგმნელი ენობრივ გასნხვავებათა იდუმალი მეუფეა, მაგრამ მისი ამოცანა ამ განსხვავებათა გაუქმებაში როდია, არამედ იგი იყენებს მას, რათა მკვეთრი ან მსუბუქი ძვრებით მშობლიურ ენაში "დააარსოს" ის, რითაც თავისი დასაბამიერი უცხოობით ორიგინალი ხასიათდება. მართებულად შენიშნავს ბენიამინი, რომ მსგავსება აქ არაფერ შუაშია: როცა სურთ, რომ სათარგმნი მასალა ორიგინალს ჰგავდეს, ლიტერატურული თარგმანი შეუძლებელი ხდება. საუბარია უფრო იგივეობაზე, რომელიც სხვადასხვაობიდან იღებს დასაბამს.


მორის ბლანშო
თარგმანიშ ბედჟი


მუთარგმნაი – ეჯჯიშ ქალულანკე მუირილი, ხედვაის მაჯონ დემეგ ხორი. ჯი ქალულანკე ი ჯიგარ ლი ეჩეისგა, ხედვაშ ბედჟი პრეტენზია დეი ხუღვა. მუთარგმნაი იშგენ-იშგენ ნინრე უშდილ მახვში ლი, მარე მიჩა გვეშ ალ იშგენ-იშგენიშ მაჯონობიშ ლიკვანე დემეგ ლი, ჯი ამის იმარგე ეჯიაქ ერე, მეგჭე მადეი ჰაში ლიქვთუნეშჳ მიჩა ნინლისგა ხუნ ოსდას ეჯის, ხედვაიშჳ ხედურდ მოშ ლი ლიწსალუნღვე ორიგინალიშ ნინ. გვამიდ ტკიც ლი ბენიამინ, შომას ტული ერე მაჯიან ამეჩუ დემთე ხეჩდა. შომას ხაკუხ ერე ლეთარგმნაი ორიგინალს თხუმუნდირ ხაჯეშდეს, ლიტერატურულ ლითარგმნაის დემეგ ხარ ლასყი. ამეჩუ რაგად ლი ეჯ მაჯონღა, ხედვაის იშგენ-იშგენხენ ხარ ლაბნა.


როლან ბარტი
ავტორის სიკვდილი


კლასიკური ყაიდის კრიტიკას არაფერი ესაქმებოდა მკითხველთან; მისთვის ლიტერატურაში მხოლოდ ის არსებობს, ვინც წერს. ახლა უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამგვარი ანტიფრასისებით, რომელთა მეშვეობითაც პატივცემული საზოგადოება კეთილშობილური გულისწყრომით ქომაგობს მას, ვისაც სინამდვილეში იგი ზღუდავს, უარყოფს, ახშობს და ანადგურებს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით: იმისთვის, რათა წერას განაღდებული ჰქონდეს მომავალი, აუცილებელია დავამხოთ მითი მის შესახებ - მკითხველის დაბადების საზღაური, ავტორის სიკვდილია.


როლან ბარტი
ავტორიშ დაგრა


ხუნიერ (კლასიკურ) კრიტიკას მამაგვეშ გვეშ ხუღვა მუჭვდიცახან, მიჩეშიაქ ერვა აირი. ათხე სერ დეშ გვეღროვალხ ამჟიშ ანტიფრასარშვ ხედიარშვ ჴევ უჯგუშუნდ ხეწენალ ეჯის, ხედვაის ტკიცუშვდ აბირკლანი, ხომავინე, ხაწკუმერნე ი ქვინს ხოქვცე. ათხე ნა აშგვიხალ: ეჯიაქ ერე ლიირის ხოჩა დრევ ოხჴედნი, ხეკვეს ერე ჩუ ოლჩუბად ბაქ მიჩა ბედჟი - მუჭვდიაშ ლითუალიშ მუწნი ავტორიშ დაგრალი.


ჯეფრი ჰარტმანი
ლიტერატურის ისტორიისკენ


შეიქმნა თუ არა ლიტერატურული ფორმის შედარებით ფართო კონცეფცია? არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი თეორია: ჯერ ერთი, მარქსისტული კრიტიკა, რომელიც აშკარად წამოჭრის ელიტურობის საკითხს; შემდგომ – ნორტროპ ფრაის თეორია არქეტიპების შესახებ; და ბოლოს, სტრუქტურალისტური თეორიის ორი განშტოება – ერთი მხრივ, კლოდ ლევი-სტროსის კონცეფცია, მეორე მხრივ კი – ა. რიჩარდსისა და ინგლისურ-ამერიკული კრიტიკის მიერ შექმნილი სისტემები. ვიმედოვნებ, დაგარწმუნებთ, რომ ფორმის მნიშვნელოვანი ახალი თეორია თანდათანობით მუშავდება.


ჯეფრი ჰარტმან
ლიტერატურაშ ისტორიათე


ანსყანმა ლიტერატურაშ მაშრი კონცეფცია? არი ოშთხვ აზრ: ჩიდ მანკუ მარქსისტულ კრიტიკა, ხედვაიერე ტკიცუშდ ასყი ჟიხიარე (ელიტურობის) საკითხს. ეჩქანღვე – ნორტროპ ფრაიშ თეორია არქეტიპრე ბედჟი; ი ღოშგიმ, სტრუქტურალისტურ თეორიაშ იორი აშხალ – აშხვთე კლოდ ლევი-სტროსიშ კონცეფცია, მერმათე – ა. რიჩარდსიშ ი ინგლისურ-ამერიკულ კრიტიკოლე ნასხათვ სისტემოლ. იმედ მარ ერე, სგა ჩუაიჯურვისგ ეჩეისგა ერე, ფორმაშ ლეჯრავ მახე თეორია ზჱმზჱმჟი ისყი.

ზემოსვანურის ბალსქვემოური სვანურით თარგმნა ლამარა მილდიანმა

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG