Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 იანვარი. See content from before

სამშაბათი, 14 იანვარი 2025

კალენდარი
იანვარი, 2025
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2
რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ბევრი რამ, რაც ევროკავშირში 2025 წელს მოხდება, ტრამპის მომავალ პრეზიდენტობაზე იქნება დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან საუბრისას ჩანდა, რომ ყველა ელის მის ინაუგურაციას 20 იანვარს, რათა გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს წარმოშობს მისი ახალი ადმინისტრაცია.

თუმცა, რამდენიმე სპეციფიკური დეტალია, რომლისთვისაც უკვე ემზადებიან. პირველია ტარიფები. მიიჩნევა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იმპორტზე 10-დან 20 პროცენტამდე საყოველთაო ტარიფების დაწესების შესახებ შესრულდება და, რომ ეს მართვადი იქნება. მაგრამ, ზოგი შიშობს, რომ ზოგიერთ პროდუქტს კიდევ უფრო მაღალი გადასახადები დაეკისრება.

მეორეა თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მოთხოვნა. მომავალმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ტემპერატურა აწია და თქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტი უნდა დაეთმოს სამხედრო საჭიროებებს. ნატოს ევროპელი წევრების უმეტესობა კი ყოფილი სამიზნეს, 2 პროცენტს ძლივს სცდება.

ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით იდეები დაუმთავრდა

უკრაინის მომავალი წინა პლანზე იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 2025 წელს ცეცხლის შეწყვეტის რაიმე შეთანხმება მოხერხდა. ისევ და ისევ, ამის დიდი ნაწილი ტრამპზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ამოცანაა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მაინც დაიბევოს ადგილი, რაც სულაც არაა გარანტირებული.

უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ევროკავშირი მხოლოდ პერიფერიაზე მოქმედებს. შევხედოთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო წინადადებას, დასავლეთში გაყინული მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გამოიყენონ უკრაინისათვის ამერიკული იარაღის შესაძენად. ევროკავშირი ასეთი შეთანხმებით ბევრს ვერაფერს იგებს. პირველ რიგში, ეს ფული აშშ-ში წავა და არა ევროპაში. მეორე - რუსული ფულის დიდი ნაწილი ევროკავშირშია, რაც ნიშნავს, რომ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება პოტენციურად ძირი გამოუთხაროს ევროზონას, როგორც უსაფრთხო ადგილს მესამე ქვეყნებისთვის ბიზნესის საწარმოებლად.

ევროკავშირმა გამოიყენა ეს გაყინული აქტივები, როგორც უკრაინის G7-ის უახლესი სესხის გარანტია და ეს კიევის ხარჯებს მინიმუმ 2025 წლამდე დაფარავს. რაც შეეხება იდეებსა და ინიციატივებს, ამაზე შორს წასასვლელად ევროპა მზად არ არის.

რუსეთის სანქციებზე კონსენსუსის ძიება

ევროკავშირი შეეცდება, რომ რუსეთი ახალი სანქციებით დააზარალოს. როდესაც გასული წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს უნგრეთი თავმჯდომარეობდა, ბრიუსელმა უსუსტესი ზომები მიიღო. ახლა კი, როდესაც სათავეში ქორი პოლონეთი დგას, ბრიუსელში იმედი გაჩნდა, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე სანქციების ახალ პაკეტს მიიღებენ.

ზოგი წევრი წამოჭრის სამიზნეში რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის და ბირთვული მრეწველობის ამოღებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას 27-ვე წევრი სახელმწიფო დათანხმდეს.

უნგრეთს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მოქმედი ეკონომიკური სანქციების ექვსთვიანი გაგრძელება. ბოლო ვადა 31 იანვარია და რამდენიმე დიპლომატმა არაოფიციალურად მითხრა, რომ ბუდაპეშტმა ითხოვა, ბლოკმა გადაწყვეტილება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მიიღოსო.

გაურკვეველია, რას მოითხოვს უნგრეთი - ევროკავშირის ალბათ ყველაზე პრორუსული სახელმწიფო - სანქციების გაგრძელებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ. შეიძლება ეს იყოს სანქციების შესუსტება ან ბუდაპეშტისთვის ამჟამად გაყინული ევროკავშირის სახსრების გადაცემა.

ევროკავშირის დიპლომატები უკვე ღელავენ, რომ ეს საკითხი იანვრის ბოლო კვირამდე არ გადაიჭრება. შესაძლოა ეს მოხდეს 27 იანვარს, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, ან სულაც იმ კვირის ბოლოს, საგანგებო სამიტზე.

ევროკავშირის გაფართოება დიდწილად შეჩერებულია

2025 წელს ევროკავშირი სავარაუდოდ მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას და, პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდში გახსნის გაფართოების 33 თავიდან რამდენიმეს. თუმცა, ეს სულაც არ გახლავთ უკვე გადაწყვეტილი საქმე.

იმისთვის, რომ ყველა წევრი ქვეყანა დაითანხმონ, - მათ შორის სკეპტიკოსები, ვთქვათ, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც კიევის ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებს აკრიტიკებენ, - სავარაუდოა, რომ სერბეთს მიეცემა გაფართოების შემდგომი თავების გახსნის შესაძლებლობა - პირველად რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის წამოწყების შემდეგ. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ნიდერლანდი ამას უხალისოდ დაეთანხმებიან, რადგან მათ აღიზიანებთ ბელგრადის სიახლოვე რუსეთთან და სერბეთში დემოკრატიის ვითარება.

რაც თითქმის დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინული დარჩება. ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თბილისთან მიმართებით, რომელსაც მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის უკანდახევაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე (როგორც ეს აშშ-მა გააკეთა) კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკმაოდ სიმბოლური პროცესი.

სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის კონტროვერსიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამის დასადასტურებლად, ნახეთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც მათ 29 დეკემბერს გააკეთეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებდა. როგორც წესი, ღიად და პირდაპირ მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა განაცხადეს: „საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების შესაძლებლობის გათვალისწინებით“.

ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში - ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია.

სერბეთი და კოსოვო კვლავ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ალბანეთი გააგრძელებს გაწევრიანების სწრაფ ტემპს და გახსნის მოლაპარაკებების ახალ თავებს, გარდა იმ შვიდისა, რაც უკვე გააკეთა 2024 წლის მეორე ნახევარში.

ჩრდილოეთ მაკედონიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას, სავარაუდოდ, წინსვლა არ ექნებათ რეფორმების არარსებობის გამო. მონტენეგრო კი, რომელმაც უკვე გახსნა ყველა თავი, იმედოვნებს, რომ ზოგიერთს 2025 წელს დახურავს. მონტენეგრომ უკვე მოახერხა დაახლოებით ერთი მეხუთედის დახურვა. ბრიუსელი ამ ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილია და ელიან, რომ ის ამ ათწლეულის ბოლოს 28-ე წევრი ქვეყანა გახდება - თუნდაც მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირში გაფართოებები ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირის გაფართოების ახალი კომისარი, მარტა კოსი, რეგიონში ვიზიტისას პირველად სავარაუდოდ სწორედ პოდგორიცას ეწვევა. ამ რეგიონში მთავარი საკითხი კი, როგორც ყოველთვის, ნორმალიზაციის პროცესია ბელგრადსა და პრიშტინას შორის, რომელიც 2011 წლიდან გრძელდება.

კოსოვოს 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (მოქმედი პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ალბათ ხელისუფლებაში დაბრუნდება) კვლავ იქნება მცდელობები, ეს მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე განახლდეს.

პოპულისტების მარში

2025 წელს პოპულისტური პარტიები და პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ წარმატების მოპოვებას მთელ ევროკავშირში. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება. წესით, გაიმარჯვებს მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების გაერთიანება, მაგრამ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სავარაუდოდ, მეორეზე გავა ხმების დაახლოებით 20 პროცენტით. ეს ამ პარტიისთვის საუკეთესო შედეგი იქნება ეროვნულ დონეზე.

საფრანგეთში მთავრობას ულტრამემარჯვენეების ჩუმი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ივლისში ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ იქნება შესაძლებელი. ესპანეთისა და ნიდერლანდის მთავრობებს საქმე ცუდად აქვთ და შესაძლოა წელს დაეცნენ. უფრო აღმოსავლეთით მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ჩეხი მილიარდერი პოპულისტი ანდრეი ბაბიჩი გაიმარჯვებს, რაც პრაღას პოლიტიკურად დააახლოებს უნგრეთსა და სლოვაკეთთან.

ავსტრიაში ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიას პირველად მიეცემა შანსი, შექმნას მთავრობა, რაც ვენას პოტენციურად შეუერთებს ცენტრალური ევროპის მზარდ პოპულისტურ ბლოკს.

პოლონეთში საქმე სხვაგვარადაა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ლიდერი, პროდასავლელი დონალდ ტუსკი, ახლა ევროკავშირის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია - მისი ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარეა, თბილი ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე ნატოში მშპ-ს პროცენტული თვალსაზრისით.

მაგრამ არჩევნები პოლონეთშიც იმართება. საპრეზიდენტო არჩევნები 18 მაისისთვისაა დანიშნული, პოტენციური მეორე ტური კი - 1 ივნისს. ჯერჯერობით ფავორიტი ტუსკის მოკავშირე, ვარშავის მერი რაფალ ტრზასკოვსკია. თუ ის გაიმარჯვებს, ტუსკის ძალაუფლება გამყარდება. თუმცა, კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ კანდიდატი კაროლ ნავროკი უბრძოლველად არ დანებდება და პოლონეთი გაზაფხულზე მთლიანად ამ ბრძოლით იქნება მოცული.

ევგენი დობრენკო – ფილოლოგი, კულტუროლოგი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი
ევგენი დობრენკო – ფილოლოგი, კულტუროლოგი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი

რუსეთმა გასული წელი ტრადიციულად დაასრულა უსაზღვრო ბარბაროსობითა და ცინიზმით.

სწორედ მაშინ, როცა რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩეჩნეთის თავზე ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი (დაიღუპა 38 სამოქალაქო პირი), ქსელში ვირუსულად გავრცელდა პროპაგანდისტული ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურეს რუსმა თოვლის ბაბუამ (дед Мороз) და რუსეთის საჰაერო თავდაცვამ (ПВО) რუსეთის ცაზე გამოჩენილი სანტა კლაუსი (Santa Claus). ამ კლიპის ყურებისას რატომღაც გამახსენდა ერთი ძველი მულტფილმის სიუჟეტი.

უფროსი თაობის ადამიანებს შეიძლება ახსოვდეთ ფერადი საბჭოთა მულტფილმი „ოქროს ანტილოპა“ - ხარბ რაჯაზე, რომელიც აიძულებს ჯადოსნურ ანტილოპას დაყაროს ოქროს მონეტები, ვიდრე თვითონ არ წარმოთქვამს სიტყვას „კმარა!“, თუმცა ამავე მომენტში მთელი მისი ოქრო, რომელიც ანტილოპას ჩლიქებიდან დაცვივდა, თიხის ნამსხვრევებად იქცევა. დაქრის ანტილოპა სასახლის დარბაზებში, აბნევს ოქროს მონეტებს, ვიდრე რაჯა იატაკზე არ დაეცემა და, თითქმის მთლიანად ფერად ლითონში ჩაძირული, არ ამოიხრიალებს: „კმარა!“ ოქრო მაშინვე გადაიქცევა თიხის გროვად, რომელიც დამარხავს და ბოლს მოუღებს მას. ჩემთვის მულტფილმის ეს სცენა თანამედროვე რუსეთის მეტაფორაა, რუსეთისა, რომელმაც საკუთარი კულტურა პრაქტიკულად ტალახის გროვად აქცია. ბოლო წლებია სწორედ ამ ტალახში იხრჩობა რუსული კულტურა, ახლა კი ცდილობს მთელი მსოფლიო ჩაახრჩოს მასში.

თუმცა არის ადამიანთა ერთი კატეგორია, რომლისთვისაც ცვლილებების ეპოქაში ცხოვრება უაღრესად საინტერესოა. მხედველობაში მყავს ისტორიკოსები. ყოველთვის მიჭირდა იმის წარმოდგენა, რაზეც მიმუშავია და, რაც მიკვლევია. მაგალითად, როგორ ეფლობა ქვეყანა დიქტატურაში; როგორ დეგრადირდებიან ინსტიტუტები და საზოგადოებრივი მორალი; როგორ ეცემა კულტურული ელიტებისა და კულტურის წარმოების ხარისხი (ანუ, მარტივი სიტყვებით, როგორ იქცევა კულტურა თიხის ნამსხვრევების გროვად). ახლა კი ცხადად ვხედავ იმას, რაც მე ისტორიად მიმაჩნდა.

რუსეთიდან გავრცელებული სამწუხარო ახალი ამბები დიდი ხანია აღარავის აკვირვებს: ველური კანონები, სასჯელის წარმოუდგენელი ვადები უდანაშაულო ადამიანებისთვის, ფიქციური ბრალდებებით მძევლების აყვანა შემდგომი გაცვლის მიზნით, პირველყოფილი ხეპრეობა და გაუთავებელი ტყუილები სახელმწიფო დონეზე, ცინიზმის უსაზღვრო გამოვლინება პატიმრების საზარბაზნე ხორცად გამოყენებიდან „შიშველი წვეულებების“ მოწყობამდე... რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე, სადაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, სადაც რუსეთი სჩადის საზარელ დანაშაულებს, ტოვებს ხალხს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე, ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, ხოცავს ბავშვებს. რუსეთი გადაიქცა ბანდიტურ ბუნაგად, შესაბამისი ქცევებით, პრაქტიკებით და, როგორც ახლა ამბობენ, „ნარატივებით“.

მაგრამ ხდება ისეც, რომ ერთი სიტყვა იქცევა კატასტროფის ბევრად უფრო ძლიერ ინდიკატორად, ვიდრე მთელი რიგი ხმაურიანი მოვლენებისა. ჩემთვის ასეთი თავზარდამცემი იყო პუტინის მიერ პირდაპირ ეთერში წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა. განა გამაკვირვა, უბრალოდ დავფიქრდი, რამდენად სწრაფად და მძიმედ დეგრადირდა იგი. და კიდევ, რა ბედნიერებაა, რომ საბჭოთა ბელადები თავიანთ საჯარო სიტყვებს ფურცლებიდან კითხულობდნენ. ჩვენ ხომ ვერასოდეს შევიტყვეთ მათი არაადეკვატურობის და/ან იდიოტიზმის მასშტაბი. ის, რისი დემონსტრირებაც მოახდინა პუტინმა ტელევიზორის ეკრანიდან, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად რუსეთს მართავს მძიმედ დაავადებული და სრულიად არაადეკვატური ადამიანი აშკარა მანიაკური გადახრებით. ამასთან ერთად, პუტინს არც კი ესმის, რომ რაღაცნაირად ამის შენიღბვაა საჭირო.

შემაძრწუნებელია არა ის, რაც მან თქვა, არამედ ის, რომ მან გადაწყვიტა ამაზე საჯაროდ ელაპარაკა. თქმით კი, პუტინმა, არსებითად, მარტივი რამ თქვა: ვინაიდან მისი ხელისუფლების უცვლელობის პირობებში ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ფაქტობრივად მოკვდა (მან საჭიროდაც კი არ მიიჩნია ამის რიტუალურად უარყოფა), მოძრაობის [движуха - ეს სიტყვა იხმარა პუტინმა] ერთადერთი ფორმა, რომელიც მას შეუძლია შესთავაზოს რუსეთის მოსახლეობას, გაუთავებელი ომია. ომი უკრაინასთან, ომი ნატოსთან, ომი „კოლექტიურ დასავლეთთან“, ომი „არამეგობრულ სახელმწიფოებთან“ და ა.შ. ეს არის ერთადერთი „გასართობი“, რომელიც პუტინს შეუძლია შესთავაზოს თავისი გაუთავებელი მმართველობის კომპენსაციის სახით. როგორც წესი, ასეთ რამეზე ხმამაღლა ლაპარაკი არ არის მიღებული. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ პუტინი ამაზე პირდაპირ ეთერში საუბრობს, რა თქმა უნდა, მისი არაადეკვატურობის უკიდურეს ხარისხზე მეტყველებს.

კიდევ ერთი შოკის მომგვრელი პასაჟი უკავშირდება პუტინის შეთავაზებას (რუსული რაკეტის „ორეშნიკის“ მოწყვლადობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ), გაიმართოს „ტექნოლოგიური დუელი“ კიევზე იერიშის მიტანით. ევროპის ცენტრში მდებარე მრავალმილიონიან ქალაქზე რაკეტების დაშენის უკიდურესად ველურმა წინადადებამ მოტივით, „ვნახოთ რა მოხდება“, უკრაინის პრეზიდენტის არატრივიალური რეაქცია გამოიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის დასახასიათებლად არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა. საინტერესოა, რომ კრემლის მოლაპარაკე თავებმა, მედვედევიდან და პესკოვიდან დაწყებული, ზახაროვათი და ლავროვით დასრულებული, თითქოს ბრძანება მიიღესო, ერთხმად დაიწყეს თავიანთი ბოსის დაცვა, რომ პუტინის გამონათქვამები „კორექტული“ იყო, ხოლო გაუწონასწორებელმა ზელენსკიმ „პროტოკოლი“ დაარღვია. გადატანის ეს ტექნიკა და პუტინის ველური წინადადების შინაარსის განხილვიდან თავაზიანობის საკითხზე გადასვლა, მიუთითებს სურვილზე, როგორმე შემსუბუქდეს მსოფლიოს მძაფრი რეაქცია, რომელიც გამოიწვია ბირთვული ქვეყნის ხელმძღვანელის ასეთმა წარმოუდგენელმა განცხადებამ. ეკრანიდან მომდინარე ამ გიჟური მსჯელობის მოსმენისას ვფიქრობდი, რომ ჩემ წინაშეა არა რაიმე სახის კულტურის შავ ხვრელში ჩავარდნა, არამედ რაღაც ახალი ნორმალურობა, რომელშიც ცხოვრობს ეს ქვეყანა - დაწყებული ჟურნალისტებიდან, დამთავრებული მაყურებელთა უზარმაზარი მასით, რომელიც ალბათ განიცდის „ღრმა კმაყოფილების გრძნობას“.

1970-იან წლებში ვლადიმირ პაპერნიმ დაწერა კლასიკად ქცეული წიგნი „კულტურა ორი“, რომელშიც მან აჩვენა, რომ რუსეთის ისტორიაში მუდმივად ხდება მონაცვლეობა ორი ტიპის კულტურისა - დასავლურ-მოდერნიზებული, დემოკრატიული და ლიბერალური „კულტურა ერთისა“ და აზიურ-ავტოკრატიული, იერარქიული „კულტურა ორისა“. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პაპერნიმ პუტინურ კულტურას ფარსი უწოდა: „სტალინის ეპოქის „კულტურა ორი“ ტრაგედიაა. პუტინის ეპოქის „კულტურა ორი“ უფრო მეტად ფარსია“.

აქ თავს უფლებას მივცემ არ დავეთანხმო ჩემი საყვარელი წიგნის ავტორს: პუტინის რუსეთის კულტურა იმდენად ფარსი კი არა, რამდენად თვისებრივად განსხვავებული ტიპის კულტურაა. მოდით ვუწოდოთ მას „კულტურა სამი“. „კულტურა ერთსა“ და „კულტურა ორში“, როგორც XIX, ასევე XX საუკუნეში, არსებობდნენ აქტორები, რომლებიც, მოგვწონს თუ არა, ეკუთვნოდნენ კულტურას (ანუ, იყვნენ არა უბრალოდ ხელმრუდი მოყვარული ხელოსნები, არამედ ადამიანები, რომლებსაც პროფესიონალურად შეეძლოთ გარკვეული ხატებისა და შინაარსების წარმოება), მაშინ როცა „კულტურა სამში“ მოქმედებენ პერსონაჟები, რომლებიც ოდენ ფუნქციურად ჩამოჰგვანან „კულტურის მოღვაწეებს“. როგორც ჩანს, ვლადიმირ პაპერნის მიერ აღწერილი კულტურული წრებრუნვა უსასრულო არაა. რაღაც მომენტში ხდება კულტურული ნიადაგის განლევა და ოდესღაც აყვავებული ველი იქცევა უნაყოფო მლაშობად.

ლიტერატურათმცოდნე მარიეტა ჩუდაკოვამ გამოთქვა ძალიან პროდუქტიული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული (და უფრო ფართოდ, როგორც ჩანს, კულტურული) თაობის სიმძლავრე განისაზღვრება არა უშუალოდ მისი მიღწევებით, არამედ ე.წ. ქვეტყით. ამიტომაც მკვლევარს 1920-იანი წლების ლიტერატურის (მისი კვლევის მთავარი საგანი) სიმძლავრის წყაროდ მიაჩნდა წინა პერიოდის დიდი ლიტერატურა:

ეპოქას არ აფასებენ მისი კოლოსებით, გიგანტებით, თუმცა სწორედ ისინი მონიშნავენ მას. ეპოქაზე მსჯელობენ მისი შემდგომი ეპოქის მიხედვით - იმის მიხედვით, თუ როგორ მოექცა ე.წ. ქვეტყეს, რომელიც მომავალში უნდა გაზრდილიყო (ან ვერ გაზრდილიყო) სრულ სიმაღლემდე.

გემის ანძისთვის ვარგისი ფიჭვი კვირტით არ შობს მეორე ასეთსავე ხეს - ახალგაზრდა ტყე თანდათან უნდა გაიზარდოს, ტენსა და სინათლეზე სათანადო წვდომით.

გუთანმა კულტურის ველზე გაიარა გიგანტური სახნისით და ქვემოდან ამოტანილი ქვიშისა და თიხის ბელტების ქვეშ მოაქცია ნაყოფიერი ფენა.

გასული საუკუნის 60-80-იანი წლების ლიტერატურის - გაზრდილი ქვეტყის - შესწავლისას იოლად აღმოვაჩენთ ტრაგიკული ვითარების ნიშნებს: წვენები, რომლებიც ბარბაროსულად მოხნულ, ძალადობით გამოფიტულ მიწას შეეძლო მიეწოდებინა, ამოწურულია. და ჩვენც ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა მოხდა 20-30-იან წლებში.

ძნელია კამათი იმაზე, რომ რუსულმა კულტურამ თავის „ოქროს ხანას“ მიაღწია XIX საუკუნეში, რის შემდეგაც დაიწყო, დაცემის თუ არა, ნაზი ჭკნობის ეპოქა მაინც (შემთხვევითი არ არის, რომ დროის ამ პერიოდს „ვერცხლის ხანას“ უწოდებენ). 1920-იანი წლების გაფურჩქნა აიხსნება იმ უზარმაზარი კულტურული ძალების გამოთავისუფლებით, რომლებიც მიძინებული იყო რევოლუციამდელ კულტურაში. თუმცა ეს თაობა იზრდებოდა ჯერაც იმავე „დიდი რუსული ლიტერატურის“ ვარჯზე, რომელიც ფატალურად გაისხიპა და გამოხმა სტალინის ეპოქაში. ამიტომაც არის, რომ დათბობის (ე.წ. ოტტეპელის) და, ფაქტობრივად, მთელი შემდგომი პერიოდის საბჭოთა ლიტერატურა, დიდი რუსული ლიტერატურის ფონზე, ასე უსახურად გამოიყურება. უდავოდ იყვნენ დიდი სახელები და შეიქმნა ბრწყინვალე ნაწარმოებები, მაგრამ კლასიკური ეპოქის ძალა უკვე ამოწურული იყო. ამას განსაკუთრებით ნათლად ხედავენ ლიტერატურის ისტორიკოსები ბოლო ოთხი ათწლეულის პროექციაში.

პერესტროიკასთან დაკავშირებული ბოლო კულტურული ამოფრქვევა უკვე მთლიანად იკვებებოდა ადრე საბჭოთა კავშირში აკრძალული რევოლუციამდელი, საბჭოთა და უცხოური წიგნებით, ფილმებითა და ნახატებით. რაც მაშინ შეიქმნა, პოსტსტალინურ ლიტერატურასთან შედარებითაც კი დაბალი ხარისხის იყო. „ქვეტყე“ თხელდებოდა, ჭკნებოდა და წინა ყვავილობების ბოლო წვენებს ხვრეპდა, ვიდრე საბოლოოდ ხორშაკისგან გამოფიტულ ტრამალში არ აღმოვჩნდით. სამი ათეული წლის განმავლობაში ამ ყველაფერს ფარავდა დიდწილად გლამურული ფარდა და ხმაური, რომელიც გამოწვეული იყო იშვიათი, თუმცა, კაშკაშა სახელებისა და ნაწარმოებების აფეთქებებით ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში, ვიდრე 2022 წელს საბოლოოდ არ აეხადა ფარდა და ყველამ, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებული ვიყავით „რუსული კულტურის“ ცნებასთან, არ დავინახეთ, რომ უბრალოდ მკვდარ უდაბნოში ვიმყოფებით და, რომ ამ სირცხვილის იგნორირება ან დაფარვა შეუძლებელია.

ამჟამინდელი რუსული ემიგრაცია, ისევე როგორც მეტროპოლიის კულტურა, უბრალოდ ვერ უძლებენ ისტორიულ პროეცირებას. ეს არაა მორიგი (მეოთხე თუ მეხუთე) „ტალღა“, როგორც ზოგი ფიქრობს. უბრალოდ თვისებრივად განსხვავებული ფენომენებია, რადგან რუსული ემიგრაციის პირველი ტალღა დაკავშირებული იყო სამოქალაქო ომთან, შიმშილთან, სიცივესა და განადგურებასთან, მაშინ როცა ელცინ-პუტინის რუსეთი, რომელსაც სამართლიანად ადარებდნენ ვაიმარის რესპუბლიკას, საერთოდ არ ჰგავს არც რევოლუციის შემდგომ რუსეთს (პირველი ტალღა), არც მეორე მსოფლიო ომის შემდგომს (მეორე ტალღა) და არც ბრეჟნევისას (მესამე ტალღა). უფრო მეტად ჰგავს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანულ კულტურაში შექმნილ ვითარებას. სწორედ აქ იწყებს მოქმედებას მარიეტა ჩუდაკოვას მიერ ფორმულირებული, მოდით ვუწოდოთ მას, „ქვეტყის პრინციპი“, რომელიც ერთგვარი „ჰამბურგის ანგარიშია“, მაგრამ არა ცალკეული ავტორებისთვის, არამედ მთელი თაობებისთვის. სწორედ აქ იჩენს თავს მკვეთრი განსხვავება ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტებს შორის. შეგახსენებთ, რომ ნაცისტური გერმანიის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდნენ თომას და ჰაინრიხ მანები, ბერტოლდ ბრეხტი, ალფრედ დიობლინი, შტეფან ცვაიგი, ლეონ ფოიხტვანგერი, ზიგმუნდ ფროიდი, ჰერბერტ მარკუზე, თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, ვალტერ ბენიამინი, ზიგფრიდ კრაკაუერი, არნოლდ შიონბერგი, ფრიც ლანგი... ანუ ფიგურები, რომელთა მასშტაბის შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ რუსული ემიგრანტული ინტელექტუალური და კულტურული ელიტის წარმომადგენლებთან, თუმცაღა გერმანიაშიც რჩებოდნენ რიჰარდ შტრაუსი და არა, მაპატიეთ, იური ლოზა; გერჰარდ ჰაუპტმანი და არა, მაპატიეთ, ალექსანდრ პროხანოვი; მარტინ ჰაიდეგერი და არა, მაპატიეთ, ალექსანდრ დუგინი; ლენი რიფენშტალი და არა ნიკიტა მიხალკოვი; არნო ბრეკერი და ფრიც კლიმში და არა ზურაბ წერეთელი; ვილჰელმ ფურტვენგლერი და ჰერბერტ ფონ კარაიანი და არა უძრავი ქონების შემსყიდველი ვალერი გერგიევი...

რუსული კულტურის დღევანდელი ვარსკვლავები - ეს ფარსიც კი არაა, როგორც ვლადიმირ პაპერნის მიაჩნია, არამედ ეს არის მათი საბჭოთა კოლეგების ბოროტი პაროდია. რაც უნდა ვთქვათ, საბჭოთა კავშირში ფილოსოფოსი იყო მამარდაშვილი და არა დუგინი; მწერალი იყო იური ტრიფონოვი და არა ზახარ პრილეპინი; პოეტი იყო ბელა ახმადულინა და არა ახლანდელი იუნა მორიცი; მსახიობი იყო სმოკტუნოვსკი და არა ოხლობისტინი; ბალეტის ლეგენდა იყო ულანოვა და არა ვოლოჩკოვა; საბჭოთა სცენის პატრიარქი იყო ლეონიდ უტიოსოვი, ხოლო ვარსკვლავი - ალა პუგაჩოვა და არა, შესაბამისად, ფილიპ კირკოროვი და ოლგა ბუზოვა; საყვარელი მომღერლები იყვნენ მარკ ბერნესი და მუსლიმ მაგომაევი და არა გრიგორი ლეპსი და შამანი; რეჟისორები და სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ გიორგი ტოვსტონოგოვი და იური ლიუბიმოვი და არა კონსტანტინ ბოგომოლოვი და მარკ ვარშავერი; სატირის ოსტატებად ითვლებოდნენ არკადი რაიკინი და მიხაილ ჟვანეცკი და არა ევგენი პეტროსიანი და მიხაილ ზადორნოვი... ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. უბრალოდ ეს არის გოგოლის გროტესკული გმირების ერთგვარი გალერეა, რომელიც აჩვენებს კულტურული დეგრადაციის ისეთ ხარისხს, რომ დროა ვისაუბროთ არა კულტურასა და ტრადიციაზე, არამედ მათგან ამოვარდნასა და ველურობაში გადავარდნაზე. და განა ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მის მიერ დაწყებულ ომს, რომელშიც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, „მოძრაობას“ (движуха-ს) უწოდებს?

ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია შექმნას, „კულტურა სამია“ - სპორტულებში გამოწყობილი კაცებისა და „ჟეკების“ დეიდათა  კულტურა.

კულტურის ამოწურვა - ეს არის ის, რაც განასხვავებს რუსეთის ამჟამინდელ ცივილიზაციურ წყვეტას წინა შემთხვევებისგან. რუსეთის ისტორიის ყველა წინა სპირალი (რასაც ჩვენ ვეძახით „ფოცხს“, რომელსაც ეს ქვეყანა გამუდმებით აბიჯებს ფეხს და თავს იხეთქავს) უზრუნველყოფილი იყო ევროპეიზაციის ინიექციით, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში ეყო რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ნიადაგი სულ უფრო მეტად იფიტებოდა, იგი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა კატასტროფის პირობებშიც კი შენარჩუნდა. დიახ, საბჭოთა ცივილიზაციაში ბევრი იყო რუსულ ხთონური [χθών - ბერძ. მიწა, ნიადაგი; ხთონური - მითოლოგიური არსებები, რომლებიც განასახიერებენ მიწისქვეშა სამყაროს], მაგრამ ასევე ნარჩუნდებოდა ევროპული საგანმანათლებლო პოტენციალიც, რომელიც უზრუნველყოფდა „კულტურა ერთისა“ და „კულტურა ორის“ მონაცვლეობას. მაგრამ ახლა ეს მუხტიც ამოწურულია. დარჩა მხოლოდ ხთონი. და ყველაფერი, რაც მას შეუძლია შექმნას, „კულტურა სამია“ - სპორტულებში გამოწყობილი კაცებისა და „ჟეკების“ დეიდათა კულტურა. სხვანაირი აღარც იქნება, სხვანაირი კულტურა უბრალოდ ვერსაიდან ვერ ამოიზრდება. ჩვენ გვეშინოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდით იმაში, რომ არსებითად კულტურა საბჭოთა ეპოქასთან ერთად დასრულდა. რუსეთი თითქმის ოთხი ათეული წელია ასეთ კულტურაში ცხოვრობს. უბრალოდ მხოლოდ ახლა წარუდგინა მთელ მსოფლიოს. აი, რაზე ვფიქრობდი, როცა ვუყურებდი ეკრანს და ვუსმენდი შეურაცხად კაცს, რომელიც ანადგურებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს და მსჯელობს „დვიჟუხასა“ და „ტექნოლოგიურ დუელზე“.

ჟეკ (ЖЭК) - საბინაო-საექსპლუატაციო კანტორა. საბინაო და კომუნალური მომსახურების საწარმო, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირში და, რომელსაც მართავდა რაიონის საბინაო ადმინისტრაცია და ადგილობრივი მმართველობა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG