Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერგიევი „დიდი თეატრის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა


დირიჟორი ვალერი გერგიევი. მოსკოვი. 21 დეკემბერი, 2017 წელი
დირიჟორი ვალერი გერგიევი. მოსკოვი. 21 დეკემბერი, 2017 წელი

რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი მოსკოვის „დიდი თეატრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. გერგიევთან თეატრმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამასთან, გერგიევი შეინარჩუნებს მხატვრული ხელმძღვანელის პოსტსაც მარიას თეატრში, სანქტ-პეტერბურგში. ამგვარად, ის ქვეყნის ოპერისა და ბალეტის ორი უდიდესი თეატრის ხელმძღვანელი იქნება.

„დიდი თეატრის“ წინა დირექტორი, ვლადიმირ ურინი, თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვალერი გერგიევი მარიას თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი გახდა 1988 წელს. მას „საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მინისტრს“ უწოდებენ, რომელიც რუსეთს საზღვარგარეთ წარმოადგენს და ასევე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მომხრეა. ის ორჯერ იყო პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი საპრეზიდენტო კამპანიების დროს. 2022 წლის მარტში პუტინმა გერგიევს შესთავაზა, ეფიქრა „დიდი თეატრის“ და მარიას თეატრების გაერთიანებული დირექციის შექმნაზე - 1766 წელს იმპერატორ ეკატერინე II-ს მიერ დაარსებული საიმპერატორო თეატრების დირექციის მსგავსად.

2022 წლის მარტის დასაწყისში, გერგიევი გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიიდან - სადაც ის მთავარი დირიჟორი იყო - რადგან უარი თქვა უკრაინასთან ომისგან დისტანცირებაზე. გერგიევს უკრაინამ დაუწესა სანქციები, ხოლო 2022 წლის მარტში მას ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა.

ვალერი გერგიევმა 2008 წლის 21 აგვისტოს, ცხინვალში, ქალაქის ცენტრში, ხალხით სავსე მოედანზე, მარიას თეატრის ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა ომში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა პატივსაცემად.

2022 წლის აპრილში, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომლის თანახმადაც, მუსიკოსი ფულს ათეთრებს თავისი სახელობის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, რომელიც მარიას თეატრის ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ეხმარებოდეს.

XS
SM
MD
LG