Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრალური საქმე - სპექტაკლის გამო მოსკოვში რეჟისორსა და დრამატურგს ასამართლებენ


ვლადიმირ პუტინი, სვეტლანა პეტრიიჩუკი და ევგენია ბერკოვიჩი, კოლაჟი
ვლადიმირ პუტინი, სვეტლანა პეტრიიჩუკი და ევგენია ბერკოვიჩი, კოლაჟი

მოსკოვში სამხედრო სასამართლომ დაიწყო რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის საქმის არსებითი განხილვა.

რეჟისორსა და დრამატურგს ბრალი ედებათ ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი), რასაც, ბრალდების მიხედვით, „ადგილი ჰქონდა“ სპექტაკლ „ფინისტი ნათელი შევარდენის“ დადგმისას. არც ბერკოვიჩი და არც პეტრიიჩუკი არ აღიარებენ დანაშაულს, რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „მედიაზონა“ იუწყება, საქმის განხილვის დაწყებამდე ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი სასამართლო დარბაზში მიიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, სადაც ისინი 2023 წლის 4 მაისიდან იმყოფებიან. ბადრაგის გამოჩენამდე მანდატურებმა სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს, განსასჯელთა ნათესავებსა და ნაცნობებს კატეგორიულად აუკრძალეს ბრალდებულებთან რაიმე სახის კომუნიკაცია, მათ შორის - მისალმებაც.

საბრალდებო დასკვნა, რომელიც პროცესის მსვლელობისას სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ პროკურორმა ეკატერინა დენისოვამ წაიკითხა: „ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს ბრალი ედებათ ტერორიზმის საჯარო გამართლებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში, რომელიც ჩადენილი იქნა სატელეკომუნიკაციო ქსელის, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით, კერძოდ... გამოძიების მიერ ზუსტად დადგენილ დროს, არა უგვიანეს 2019 წლის 5 აგვისტოსა, გამოძიებისთვის უცნობ ადგილზე ყოფნისას, პეტრიიჩუკმა, რომელსაც აქვს იდეოლოგიური მრწამსი, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის გამართლებასა და პროპაგანდასთან, რომელიც იზიარებს სახელისუფლებო ორგანოებზე ძალადობრივი ზემოქმედების იდეოლოგიას, უკანონო ქმედებებში მოსახლეობის ჩართვის მიზნით, დადასტურებულად იცოდა რა სირიის-არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების შესახებ, განიცდიდა რა რელიგიური ერთიანობის დამახინჯებულ განცდას, დანამდვილებით იცოდა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტად რუსეთის ფედერაციაში, განიზრახა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომლის მიზანი იყო ტერორიზმის საჯაროდ გამართლება და ხელშეწყობა იმგვარი პიესის დაწერით, რომელიც შეიცავს ტერორიზმის გამართლებისა და პროპაგანდის ნიშნებს“.

სვეტლანა პეტრიიჩუკი (მარცხნივ) და ევგენია ბერკოვიჩი
სვეტლანა პეტრიიჩუკი (მარცხნივ) და ევგენია ბერკოვიჩი

მოსკოვის სამხედრო სასამართლოს დარბაზის გარდა ევგენია ბერკოვიჩისა და სვეტლანა პეტრიიჩუკის სახელები ახსენეს კანის კინოფესტივალზეც, სადაც რუსი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი თავისი ფილმის „ლიმონოვის“ პრემიერისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის ფოტოების კოლაჟით მივიდა.

„მათ არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ სპექტაკლი დადგეს, რომელმაც თეატრის ეროვნული პრემია მიიღო. ისინი უკვე ერთი წელია ციხეში იმყოფებიან გაყალბებული ბრალდებებით. ჟენია აყვანილი ბავშვების დედაა. ციხეში იმყოფებიან საშინელი, გამოგონილი ბრალდებით. ყველაფერი ეს არის ამ საშინელი კანონის („უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ - რ.თ.) შედეგი“, - თქვა პრესკონფერენციაზე კირილ სერებრენიკოვმა.

ევგენია ბერკოვიჩს დამთავრებული აქვს სერებრენიკოვის კურსი მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (МХАТ) სკოლაში. სწავლის დასრულების შემდეგ „გოგოლ ცენტრში“, რომელსაც სერებრენიკოვი ხელმძღვანელობდა, ბერკოვიჩმა დადგა პიესები „რუსი ლამაზმანი“ (ვიქტორ ეროფეევის რომანის მიხედვით) და „მარინა“ ლიუბა სტრიჟაკის პიესის მიხედვით.

თავად კირილ სერებრენიკოვს 2020 წელს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს გაფლანგვის საქმეზე, რეჟისორმა თითქმის ორი წელი გაატარა შინაპატიმრობაში. 2022 წლის მარტიდან იგი ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, პეტრიიჩუკმა და ბერკოვიჩმა სპექტაკლი დადგეს „ტერორიზმის საჯაროდ გამართლების მიზნით“. სპექტაკლი „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ აჩვენეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში 2020-2022 წლებში.

არცერთი განსასჯელი ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს. სვეტლანა პეტრიიჩუკმა სასამართლო დარბაზში თქვა: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისლამისტი რადიკალები თავიანთი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის თეატრს იყენებდნენ, რადგან ისინი დიდად არ სწყალობენ ხელოვნებას“.

პეტრიიჩუკის თქმით, სპექტაკლის მიზანი იყო არა რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის („ისლამური სახელმწიფო“) გამართლება, არამედ პირიქით, აგრესიული იდეების გავრცელების პრევენცია.

ევგენია ბერკოვიჩის თქმითაც, მან „სპექტაკლი დადგა ტერორიზმის პროფილაქტიკის მიზნით და ის ასეთიც გამოვიდა“.

ევგენია ბერკოვიჩი, თავის უდანაშაულობაზე საუბრისას, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ „არანაირი ერთიანობის გრძნობა არ ჰქონია ტერორისტული ორგანიზაციების წევრებთან და არასოდეს იზიარებდა რელიგიურ მრწამსს, რომელიც რაღაც ფორმით მაინც დაკავშირებულია ტერორიზმის გამართლებასთან“.

„მე არასოდეს გამიზიარებია ისლამის რაიმე ფორმა: არც რადიკალური და არც რაიმე სხვა. ჰიჯაბი არასდროს მიტარებია. სამოქალაქო ქორწინებაში ვარ არარელიგიურ მამაკაცთან. ვჭამ ღორის ხორცს, ვიღებ სურათებს პლაჟზე […] შეუძლებელია, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვიყო ისლამისტი“, - თქვა ევგენია ბერკოვიჩმა სასამართლო სხდომაზე.

გამოძიებამ 2023 წლის მაისში ჩატარებული ბინის ჩხრეკისას ვერაფერი იპოვა ისეთი, რაც მიუთითებდა ევგენია ბერკოვიჩის კავშირზე რადიკალ ისლამისტებთან. ბერკოვიჩის ადვოკატმა, ქსენია კარპინსკაიამ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არც ექსტრემისტული ლიტერატურა ჩამოურთმევიათ და არც ისლამთან დაკავშირებული რამე სხვა ნივთი.

რეჟისორი ევგენია ბერკოვიჩი და დრამატურგი სვეტლანა პეტრიიჩუკი 2023 წლის 4 მაისს დააკავეს. იმავე დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით ბერკოვიჩის მიერ სპექტაკლის, „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ („Финист ясный сокол“) დადგმის გამო (პიესის ავტორი სვეტლანა პეტრიიჩუკი). სპექტაკლში საუბარია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მიერ თავის რიგებში გადაბირებულ რუს ქალებზე. მეორე დღეს, 2023 წლის 5 მაისს, მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვინ არიან სვეტლანა პეტრიიჩუკი და ევგენია ბერკოვიჩი

სვეტლანა პეტრიიჩუკი, როგორც „მედუზა“ წერს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე რუსულენოვანი ავტორია. მისი პიესა „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ პირველად წაიკითხეს ახალგაზრდა დრამატურგთა ფესტივალ „ლიუბიმოვკაზე“ - ყველაზე ძველსა და ყველაზე ცნობილ ფორუმზე რუსეთში - 2019 წელს.

პიესაში მოჯადოებული საქმროს ძიების ფოლკლორული სიუჟეტი გაერთიანებულია იმ რუსი ქალების ნამდვილ ისტორიებთან, რომლებმაც ინტერნეტში გაიცნეს „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS - რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული) მებრძოლები და გაემგზავრნენ სირიაში, რათა ტერორისტებს გაჰყოლოდნენ ცოლად.

2020 წლის ბოლოს ევგენია ბერკოვიჩმა ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი დადგა დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანია „სოსოს ქალიშვილებში“ („Дочери СОСО“). ფემინისტი და სოციალური აქტივისტი ევგენია ბერკოვიჩი რეჟისორ კირილ სერებრენიკოვის მოწაფეა. სარეჟისორო კარიერის დასაწყისში ბერკოვიჩი სპექტაკლებს დგამდა აღიარებულ თეატრებში - „გოგოლ ცენტრსა“ და მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (МТЮЗ), თუმცა მალევე გადაწყვიტა აღარ ეთანამშრომლა სახელმწიფო თეატრებთან და დამოუკიდებელ პროექტებზე კონცენტრირებულიყო.

ევგენია ბერკოვიჩი (მარცხნივ) და სვეტლანა პეტრიიჩუკი (კოლაჟი).
ევგენია ბერკოვიჩი (მარცხნივ) და სვეტლანა პეტრიიჩუკი (კოლაჟი).

ევგენია ბერკოვიჩი ასევე წერს ლექსებს, რომლებიც ძალიან პოპულარულია რუსულენოვან სოცქსელებში. 2022 წლის სექტემბერში ტელეკომპანია „დოჟდმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მსახიობი ანატოლი ბელი კითხულობს მის ანტისაომარ ლექსს, რომელიც დაიწერა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ.

სპექტაკლი „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ 2022 წელს ნომინირებული იყო რუსეთის თეატრის ეროვნულ პრემია „ოქროს ნიღაბზე“ ოთხ კატეგორიაში. შედეგად, მიიღო ორი ჯილდო - საუკეთესო დრამატურგიული ნამუშევრისთვის (სვეტლანა პეტრიიჩუკი) და კოსტიუმების საუკეთესო მხატვრობისთვის. სპექტაკლის მხატვარმა ქსენია სოროკინამ თავისი „ოქროს ნიღაბი“ გადასცა მხატვარ საშა სკოჩილენკოს, რომელსაც 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსკოვის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ომის საწინააღმდეგო ფურცლების გაკვრის გამო.

რას დაეყრდნო ბრალდება

როგორც ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის ადვოკატები ამბობენ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული პირველი ექსპერტული დასკვნა დაწერეს ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს „დესტრუქტოლოგიის“ სპეციალისტებს უწოდებენ. ამ დისციპლინის შემქმნელები არიან რომან სილანტიევი, გალინა ხიზრიევა და ელენა ზამიშევსკაია.

დესტრუქტოლოგია - ეს არის ცრუმეცნიერება, რომელსაც, თითქოსდა, შეუძლია სახიფათო სოციალური ფენომენების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. როგორც ირკვევა, სექტებისა და კულტების გარდა, „დესტრუქტოლოგები“ იკვლევენ მოტივაციურ ტრენინგებს. ექსპერტიზამ, როგორც ირკვევა, „რადიკალური ფემინიზმი“ გააიგივა ტერორიზმთან. რომან სილანტიევი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ), ასევე მხილებულია ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში. რუსეთის ებრაელთა კონგრესმა საჩივრითაც კი მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

ევგენია ბერკოვიჩის ერთ-ერთი ადვოკატის, ბადამშინის განცხადების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა „ექსპერტიზის“ დასკვნა. შედეგად, სამინისტრომ განაცხადა, რომ სილანტიევისა და მისი კოლეგების მიერ შედგენილი დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ექსპერტიზად, ვინაიდან დესტრუქტოლოგია არ არის მეცნიერება. ახალი ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ФСБ-ს ექსპერტს სვეტლანა მოჩალოვას, რომელმაც, დესტრუქტოლოგების მსგავსად, ასევე აღმოაჩინა „ტერორიზმის რომანტიზების“ ნიშნები სპექტაკლში „ფინისტი - ნათელი შევარდენი“.

განსასჯელებმა მთელი წინასწარი პატიმრობა გაატარეს საგამოძიებო იზოლატორში. დაცვის მხარის და თავად ბრალდებულების არგუმენტების მიუხედავად, სასამართლომ მათ პატიმრობა ექვსჯერ გაუხანგრძლივა. ევგენია ბერკოვიჩმა არაერთხელ სცადა მოსამართლეების ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტზე, რომ მას ნაშვილები ჰყავდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის გოგონა, რომლებიც მძიმედ განიცდიდნენ დედის პატიმრობას.

2024 წლის 15 აპრილს „როსფინმონიტორინგმა“ ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი შეიყვანა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში. ამ სიაში მყოფ ადამიანებს დაბლოკილი აქვთ ანგარიშები რუსულ ბანკებში, მათ შეუძლიათ თვეში არა უმეტეს 10 ათასი რუბლის (დაახლოებით 100 დოლარი) დახარჯვა. იურისტების განმარტებით, ტერორისტთა რეესტრის დატოვება ძალიან რთულია - ამისათვის საჭიროა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ან სასამართლოს განაჩენის გაუქმება.

ევგენია ბერკოვიჩს თავდებად დაუდგნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები (მათ შორის, არტისტები და რეჟისორები): მაქსიმ ვიტორგანი, ალექსანდრ ლუნგინი, ოლეგ მენშიკოვი, კონსტანტინ რაიკინი, ვენიამინ სმეხოვი; საზოგადო მოღვაწეები: ელენა პანფილოვა და ნიუტა ფედერმესერი; ჟურნალისტები: არინა ბოროდინა და ქსენია სობჩაკი. პეტრიიჩუკს თავდებად დაუდგნენ: ქსენია სობჩაკი, კომპოზიტორი სერგეი ნევსკი, ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია, მხატვარი ოლგა იუშინა, რეჟისორები ანდრეი ზვიაგინცევი და ოლეგ ლიპოვეცკი.

ევგენია ბერკოვიჩისა და სვეტლანა პეტრიიჩუკის მხარდაჭერის წერილი გამოაქვეყნეს რუსმა უფლებადამცველებმა. „თუ ვინმე ფიქრობს, რომ სპექტაკლში რაღაც აქცენტები არასწორად არის დასმული, ეს ხელოვნებათმცოდნეებისა და მაყურებლების დისკუსიის საგანია და არა სისხლის სამართლის საქმე“, - დაწერეს მათ. მიმართვას 73-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის - პოლიტოლოგმა ეკატერინა შულმანმა და კინორეჟისორმა ალექსანდრ სოკუროვმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG