Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ დაამტკიცა რეჟისორ ბერკოვიჩისა და დრამატურგ პეტრიიჩუკის პატიმრობა


ევგენია ბერკოვიჩი (მარცხნივ) და სვეტლანა პეტრიიჩუკი (კოლაჟი).
ევგენია ბერკოვიჩი (მარცხნივ) და სვეტლანა პეტრიიჩუკი (კოლაჟი).

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს გამართულ სხდომაზე რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის დაპატიმრება კანონიერად ცნო. ისინი 4 ივლისამდე დარჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შესახებ ტელეგრამში დაწერა დარბაზში მყოფმა ჟურნალისტმა ვასილი პოლონსკიმ.

ბერკოვიჩი და პეტრიიჩუკი მაისის დასაწყისში დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით ტერორიზმის გამართლების თაობაზე. ისინი დააკავეს სპექტაკლის, „ფინისტი, ნათელი შევარდნის“ გამო, რომელიც ბერკოვიჩმა დადგა პეტრიიჩუკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

ბერკოვიჩის ადვოკატებმა მოითხოვეს აღკვეთის სხვა ღონისძიების არჩევა, მაგრამ არა პატიმრობისა წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბერკოვიჩმა სასამართლოში ვიდეოკავშირით ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ სპექტაკლს აქვს ძალიან მარტივი იდეა: ტერორიზმი ბოროტებაა, რომ მისი გაგება და გამართლება ორი სრულიად განსხვავებული რამ არის.

ბერკოვიჩმა ასევე ბევრი ისაუბრა წინასწარი დაკავების იზოლატორში არსებულ მძიმე პირობებზე და ნაშვილებ ქალიშვილებზე, რომლებთანაც ბავშვთა სახლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ფსიქოლოგები. ბერკოვიჩის თქმით, მას ტელეფონით მათთან საუბრის უფლებაც კი არ მისცეს. „ეს შეიძლება ძალიან მძიმედ დასრულდეს ჩემი შვილებისთვის, ეს შეიძლება სიკვდილით დასრულდეს“, - თქვა ბერკოვიჩმა.

პეტრიიჩუკის ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს მისი აღმკვეთი ღონისძიების შერბილება. თავად პეტრიიჩუკმა თქვა, რომ არ აპირებს გამოძიებისგან დამალვას და მზად არის პროცესში მონაწილეობა მიიღოს გამამართლებელი განაჩენის მისაღწევად.

სპექტაკლი „ფინისტი, ნათელი შევარდენი“ მოგვითხრობს რუს ქალებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ვირტუალურად დაქორწინდნენ რადიკალური ისლამის მიმდევრებზე და მათთან ერთად წავიდნენ სირიაში. დადგმა, როგორც მისი შემქმნელები იტყობინებოდნენ, ეფუძნება რეალურ განაჩენებსა და ქალების დაკითხვის ოქმებს. 2022 წელს სპექტაკლმა ორ ნომინაციაში მოიპოვა მთავარი რუსული თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“.

ათობით კულტურული მოღვაწე, უფლებადამცველი და საზოგადო მოღვაწე გამოვიდა ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის მხარდასაჭერად, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG