ყველაფერი მზადაა, რათა უკრაინამ და მოლდოვამ 25 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნან. ევროკავშირი მოწადინებულია, ამ მოვლენის აღსანიშნავად მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩაატაროს.
ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ, ბრიუსელში 7 ივნისს წარუდგინა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს ზეპირი ანგარიში ორივე ქვეყნის შესახებ. ანგარიშის თანახმად, რომელიც მოგვიანებით წერილობითი ფორმით გავრცელდა ევროკავშირის დედაქალაქებში და რადიო თავისუფლებამაც მოიპოვა, ორივე ქვეყანას შეუსრულებია ყველა რეფორმა, რომლებიც საჭირო იყო, რაც დიდწილად კანონის უზენაესობის საკითხებს ეხებოდა.
მოლდოვის შემთხვევაში, 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა იმ შეფასებაზე, რომ ქვეყანამ შეასრულა რეფორმები. უკრაინის შემთხვევაში 26 სახელმწიფო შეთანხმდა - ერთის, უნგრეთის გამოკლებით.
ბუდაპეშტი კვლავ იმის მტკიცებას შეუდგა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია საკმარისი ქვეყანაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დასაცავად. ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა ერთ-ერთი იყო იმ ოთხი პირობიდან, რაც უკრაინას უნდა დაეკმაყოფილებინა.
რაღაც ხანი, ისეთი პირი უჩანდა, რომ თითქოს არც მოლდოვისა და უკრაინისთვის არ ჩაატარებდნენ მთავრობათაშორის კონფერენციას ამ თვის ბოლოს (ამ პროცესში მათი გზები გადაბმულია). ორივე კონფერენცია რომ ივნისში ჩატარდეს, ევროკავშირის წევრები ერთხმად უნდა შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რომელიც გაფართოების სამომავლო გზას გაკვალავს. ევროკავშირის ელჩებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ ჩარჩოს 12 ივნისს მიიღებდნენ, მაგრამ უნგრეთმა დაიჟინა, რომ ხელმოსაწერად მზად არ იყვნენ. 14 ივნისს კი ბოლო მომენტში ყველამ ამოისუნთქა ბუდაპეშტის კომპრომისით, რომელსაც დანარჩენი ევროკავშირი და უკრაინა აიტანს.
პროცესის გასაგებად, უპრიანი იქნება იმით დავიწყოთ, თუ რა ითქვა ზეპირ ანგარიშში ეროვნული უმცირესობებზე უკრაინის პროგრესის შესახებ. პირველ ყოვლისა, დოკუმენტის წერილობითი ვერსია აღნიშნავს, თუ რა გააკეთა კიევმა 2024 წლის დასაწყისში, რათა ევროკომისიის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ეროვნული უმცირესობების ენების გამოყენების მეთოდოლოგიის მიღების, უმცირესობების განათლების საგზაო რუკის მიღებისა და ეროვნული უმცირესობების სახელმწიფო ასოციაციების საბჭოს შექმნის ჩათვლით.
ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ კიევმა ახლახან შეიმუშავა ფინანსური კომპენსაციის მექანიზმი უკრაინულიდან უმცირესობების ენებზე საარჩევნო მასალის გადასათარგმნად. დოკუმენტის თანახმად, უკრაინამ „შეიმუშავა რამდენიმე კანონი და მიიღო აღსრულებითი ზომა [ევროკომისიის] ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისისა და ოქტომბრის რეკომენდაციების შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების კანონთან და სახელმწიფო ენის, მედიისა და განათლების კანონებთან დაკავშირებით.
შეჯამებად კი წერია, რომ „მართალია, ვენეციის კომისიას არ გამოუხატავს მოსაზრება გაცემული რეკომენდაციების შესახებ, კომისია მიიჩნევს, რომ უკრაინამ მიიღო ყველა საჭირო ზომა. ამდენად, ეს ამოცანა შესრულებულია“.
7 ივნისის შეხვედრის არაერთი მოწმის მონაყოლის თანახმად, ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა უკრაინის შესახებ კომისიის შეფასებას მკაფიოდ დაუჭირა მხარი და მოითხოვა ჩარჩოს სწრაფად მიღება, რათა 25 ივნისს კონფერენცია ჩატარდეს. მაგრამ უნგრეთი გაჯიუტდა და წამოჭრა 11 საკითხი, რომელიც, ბუდაპეშტის თქმით, უკრაინას არ გადაუწყვეტია.
ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, ეს საკითხები სამ ძირითად მიმართულებამდე შეგვიძლია დავიყვანოთ: ეროვნული უმცირესობების სკოლების სისტემის სტატუსის აღდგენა, სახელმწიფო ჩინოვნიკებთან უმცირესობების ენაზე საუბრის უფლების დაბრუნება და რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების დაბრუნება.
ერთი სიტყვით, უნგრეთს უნდა, რომ უკრაინა დაუბრუნდეს კანონმდებლობას, რომელიც 2015 წლამდე ჰქონდა, სანამ კიევი ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფო ენებზე კანონების შესწორებას დაიწყებდა. ამ შესწორების შედეგად, რომლებიც იმ სურვილით იყო ნაკარნახევი, რომ რუსულად ნაკლებად ელაპარაკათ, საჯარო ინსტიტუტებში, მაგალითად, სკოლებში, მოხშირდა უკრაინულის გამოყენება.
ამ თვალსაზრისით, ბუდაპეშტს ორი ჩასწორების დამატება სურდა მოლაპარაკებათა ჩარჩოსა და კონფერენციის გახსნით განცხადებაში. პირველ ყოვლისა, ბუდაპეშტს სურდა ორივე დოკუმენტში აღნიშნული ყოფილიყო, რომ უკრაინამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა. მეორე - ბუდაპეშტმა მოლაპარაკებების ჩარჩოში 1991 წლის ორი დოკუმენტის წერილობითი დამოწმება მოითხოვა - კარგი სამეზობლო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფუძემდებლური ხელშეკრულების, რომელსაც უკრაინა და უნგრეთი აწერენ ხელს და უნგრეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის პრინციპების დეკლარაციის, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების უფლებებს.
კომპრომისულ ტექსტში, რომელზეც 14 ივნისს შეთანხმდნენ, გათვალისწინებულია უნგრეთის მიერ მოთხოვნილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც თან ერთვის განცხადება, რომ „დაცული უნდა იყოს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული ადამიანების უფლებები, უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. გარდა ამისა, უკრაინამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან გაფორმებული შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებები“.
კომპრომისულ დოკუმენტში ისიცაა აღნიშნული, რომ ევროკომისია კიევის მიერ უმცირესობათა უფლებების რეფორმის აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს და რეგულარულ ანგარიშს ჩააბარებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ბევრი არაა, მაგრამ სხვა წევრი სახელმწიფოები უკმაყოფილონი არიან, რომ გაფართოების მოლაპარაკებების ასეთ ადრეულ სტადიაზე ორმხრივი საკითხები ჩაერთო. მათ ეშინიათ, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ბუდაპეშტი ყოველ ეტაპზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს და დაიჟინებს, რომ კიევი არასათანადოდ იცავს უმცირესობათა უფლებებს.
წევრ სახელმწიფოსა და კანდიდატ ქვეყანას შორის ორმხრივი საკითხები ხშირად ანელებს ევროკავშირში შესვლის პროცესს. საკმარისია გავიხსენოთ ბულგარეთის უარი, მოაწეროს ხელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას იმ მიზეზით, რომ სკოპიე უარს ამბობს ჩაასწოროს კონსტიტუცია და ბულგარელები დამფუძნებელ ხალხად ცნოს.
მეორე მხრივ, ბევრი დიპლომატი, ვისაც ვესაუბრე, როგორც მინიმუმ კმაყოფილია, რომ დოკუმენტში აღარაა ნახსენები კონკრეტული ორმხრივი ხელშეკრულებები უნგრეთსა და უკრაინას შორის. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე კომპრომისი მუდამ შესაძლებელი ჩანდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უნგრეთი 1 ივლისს გადაიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობით პრეზიდენტობას. მოსალოდნელია, რომ მათ დღის წესრიგის სათავეში უკრაინა არ ეყოლებათ. ამდენად, არსებობდა წნეხი, რომ ივნისის ბოლომდე ყველაფერი მოთავებულიყო.
ახლა მხოლოდ ერთი პატარა დაბრკოლებაა გადასალახი, სანამ კონფერენცია ჩატარდება - 20 ივნისის დებატი და კენჭისყრა ჩარჩოს შესახებ ნიდერლანდის პარლამენტში. ნიდერლანდი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასეთ რაღაცას იზამს. ნიდერლანდის პარლამენტის პროუკრაინული უმრავლესობის ფონზე ეს ფორმალობა უნდა იყოს, მაგრამ 2023 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნიდერლანდელი კანონმდებლები გაფართოებისადმი მეტად სკეპტიკურები გახდნენ.
ჩეხური შეიარაღების ლიმიტები
ბევრს გაიგონებთ დასავლეთის უუნარობაზე, მოამარაგოს უკრაინა საკმარისი რაოდენობის საარტილერიო ამუნიციით რუსეთთან მიმდინარე ომში. ბრიუსელში ბევრს თავზარი დაეცა, როცა ჩაფლავდა 2023 წლის დასაწყისში წარმოდგენილი ინიციატივა, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის 2023 წლის ბოლომდე 1 მილიონი 155-მილიმეტრიანი ჭურვი უნდა გადაეცა.
საბოლოოდ, თითქმის ნახევარი გადასცეს, იმ დათქმით, რომ ევროკავშირი უკრაინას დანარჩენ შეიარაღებას 2024 წლის ბოლომდე გადასცემდა.
უკრაინას ბრძოლის ველზე კვლავ არ ჰყოფნის შეიარაღება. გასული ზაფხულის შეტევისას, დღეში 7000 საარტილერიო ჭურვს ისროდნენ, რაც ამ წლის გაზაფხულზე საერთოდ 2000-ს ჩამოსცდა, მაშინ, როცა რუსები რაღაც ეტაპზე უკრაინელების პოზიციებს დღეში 10-დან 12 ათასამდე ჭურვს ესროდნენ.
სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში, ადრეულ გაზაფხულზე, პრესაში ახალ ინიციატივაზე ალაპარაკდნენ, რომლის უკანაც ჩეხეთის რესპუბლიკა იდგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა, 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აუდიტორიას უთხრა, რომ ჩეხებმა მსოფლიოში 800 ათასი საარტილერიო ჭურვი მოიძიეს, რომლებიც უკრაინისთვის ძალიან მალე შეიძლებოდა გადაეცათ.
აქ რამდენიმე რამე საჭიროებს განმარტებას. პირველ ყოვლისა, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსგან ამუნიციის შეძენა და უკრაინისთვის გაგზავნა სიახლე სულაც არაა. ეს მექანიზმი უკვე გამოიყენეს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. თუმცა, ამის შემდეგ, ამ ინიციატივამ მედიის ყურადღება მიიქცია.
მეორე - ეს მხოლოდ ჩეხების კი არა, სინამდვილეში, ჩეხების, დანიელებისა და ნიდერლანდელების ინიციატივაა. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პაველის მიერ ნახსენები რიცხვი 800 ათასი მხოლოდ სამიზნე მაჩვენებელია, როგორც ერთმა ჩეხმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. ეს ის რაოდენობა არ ყოფილა, რაც ჩეხეთმა და მისმა ორმა პარტნიორმა უკვე მოაგროვეს და უკრაინისთვის გადასაცემად მზად იყო.
რაც ომი დაიწყო, ჩეხებმა, დანიელებმა და ნიდერლანდელებმა უკრაინას 1.3 მილიონზე მეტი სხვადასხვა სახის ტყვია-წამალი გადასცეს. ამ თვეში, უკრაინას ამ ინიციატივის ფარგლებში ჭურვების პირველი პარტია გადაეგზავნება. მოსალოდნელია, რომ უკრაინა 50-100 ათას ჭურვს მიღებს, შეკვეთილია კიდევ 80 ათასი. ჩეხი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ წლის ბოლომდე ამ რიცხვმა 500 ათასს უნდა მიაღწიოს, რაც 1.7 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება.
მაისის ბოლოსთვის, კანადასთან, გერმანიასა და პორტუგალიასთან ერთად, მხოლოდ ამ სამმა ქვეყანამ გაუგზავნა უკრაინას ფული იარაღის საყიდლად, პარალელურად კი კიდევ ათი ქვეყანა აპირებს იმავეს, მაგრამ ბიუროკრატიულ ხათაბალაშია გახვეული და პარლამენტის ან საბიუჯეტო კომიტეტის თანხმობას ელოდება.
პრაღელი მაღალჩინოსნების შეფასებით, უკრაინას ახლა თვეში 200 ათასი ჭურვი მხოლოდ საიმისოდ სჭირდება, რომ რუსეთი შეაკავოს. ეს თვეში დაახლოებით შვიდიდან ათ მილიარდ ევრომდე დაჯდება. არსებობს შეიარაღების სხვა ინიციატივებიც, ერთი თავად უკრაინას ეკუთვნის, მეორის უკან კი აშშ დგას.
აბა, რატომღაა ასე ძნელი ტყვია-წამლით უკრაინის სისტემატური მომარაგება? რაც უნდა გასაკვირი ეყოს, პრობლემა წარმოების შესაძლებლობებში არაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ეს საკითხი მართლაც დგას. ტომას კოპეჩნის თქმით, ჩეხი დიპლომატის, რომელიც ინიციატივაშია ჩართული, „სულ რამდენიმე მილიონი ტყვიაა, რომლისთვისაც ყველა ერთმანეთს ეჯიბრება“. როცა ახლახან პრაღაში ჟურნალისტებს ესაუბრა, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც, მან თქვა, რომ პირველ ყოვლისა, საჭიროა კოორდინაცია მოკავშირეებს შორის, რათა ზედმეტი არ გადაიხადონ.
ყველაფერი ფულზე დადის - იმის უზრუნველყოფაზე, რომ ავანსებისთვის საკმარისი ფული იყოს და სახსრები რუსეთსა და მის პარტნიორებზე მალე იქნას მოძიებული. დიდწილად, ეს განსაზღვრავს, კონფლიქტის რომელ მხარეს აღმოჩნდება ჭურვები. ერთ სიტყვით, ტყვია-წამლის ბაზარი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა - მწარმოებლები იმას მიჰყიდიან, ვინც მეტს გადაიხდის. ომი რაც დაიწყო, ჭურვების ფასი გაოთხმაგდა.
დიპლომატები სიტყვაძუნწობენ იმაზე საუბრისას, თუ საიდან მოდის ამუნიცია, გამყიდველები კი ამჯობინებენ, არ ჩანდნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარემ წნეხი არ მოახდინოს, როგორც დიპლომატიური, ისე ეკონომიკური საშუალებებით.
თუმცა მხოლოდ ფულზე არაა, არამედ პოლიტიკურ ნებაზეც. საფრანგეთი ყოყმანობდა, ევროკავშირის ფულით ევროკავშირის გარედან ეყიდათ სამხედრო აღჭურვილობა და ამუნიცია, კვიპროსს კი საერთოდ არ უნდოდა თურქეთისგან რაიმეს შეძენა, ტყვია-წამლისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი მწარმოებლისგან.
საკმარისი ფულითა და პოლიტიკური ნებით დასავლეთს კვლავ შეუძლია უკრაინის დახმარება. ისტორიაში პირველად, ევროკავშირს არ უყოყმანია საერთო ვალის აღებაზე, როცა ბლოკმა ყველა წევრის ხარჯზე ფასიანი ქაღალდების გამოცემით კოლექტიურად მოაგროვა კოვიდით მიყენებულ ზიანთან გასამკლავებლად 800 მილიარდი ევრო. კოპეჩნის თქმით, ამ თანხის სულ მცირე ნაწილით, რაც უნდა ნიშნავდეს ათეულობით მილიარდ ევროს ან დოლარს, „ომის ლანდშაფტი მთლიანად შეიცვლებოდა უკრაინის სასარგებლოდ“.