Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 11 ივნისი. See content from before

ორშაბათი, 10 ივნისი 2024

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უამრავი დაიწერა პოპულისტი მემარჯვენეების შესაძლო გამარჯვების შესახებ, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი შედეგი ისაა, რომ სამი უდიდესი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი უცვლელი რჩება.

ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 6-დან 9 ივნისს შორის ჩატარებულ კენჭისყრაზე პირველ ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) - ეს ასე ხდება 1999 წლიდან მოყოლებული, ყველა ევროპის საპარლამენტო არჩევნებში. პროგნოზირებენ, რომ 720-ადგილიან პარლამენტში მათ 184 დეპუტატი ეყოლებათ.

წინასწარი შედეგების მიხედვით, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსები (S&D) მეორე ადგილზე გავიდა 139 დეპუტატით, ხოლო მესამეადგილოსან ლიბერალურ-ცენტრისტულ Renew-ს 80 ევროპარლამენტარი ეყოლება.

ამ სამ წამყვან პარტიას ერთად, წესით, 403 ევროპარლამენტარი ეყოლება, რაც უმრავლესობაა. თუმცა, ეს უმრავლესობა წინა არჩევნებთან შედარებით მცირდება - წინა არჩევნების შემდეგ მათ 705-ადგილიან პარლამენტში 417 დეპუტატი ჰყავდათ. (პარლამენტი ახლა 15 ადგილით გაიზარდა - დაემატა ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა ადგილი, რომლებიც ბრექსიტის დროს, 2020 წელს გათავისუფლდა.)

EPP ერთადერთი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი გახდა, რომლის პოპულარობაც გაიზარდა. ყველა დანარჩენმა 2019 წლის არჩევნებთან შედარებით მხარდაჭერა დაკარგა.

პოპულისტმა მემარჯვენეებმა წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, შეძლეს კი გამარჯვება?

პოპულისტმა მემარჯვენეებმა უდავოდ შეძლეს წინსვლა. ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების (ECR) ჯგუფს - სადაც გაერთიანებული არიან ჯორჯა მელონის „იტალიის ძმები“, პოლონური „კანონი და სამართლიანობა“ (PiS), შვედეთის დემოკრატები და ესპანური Vox - ახლა 73 მანდატი აქვთ.

კიდევ უფრო მარჯვნივ განლაგებული „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) - მარინ ლე პენისა და ავსტრიის თავისუფლების პარტის (FPO) პოლიტიკური ჯგუფი - ასევე გაიზრდებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მათ რამდენიმე კვირის წინ ჯგუფიდან გააძევეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რადგან ამ ულტრამემარჯვენე გერმანული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, ნაცისტების დროს SS-ის ყველა წევრი კრიმინალი არ იყოო.

ზოგიერთ წევრ ქვეყანაში პოპულისტებმა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენეს. ლე პენის პარტიამ საფრანგეთში 15 პროცენტით აჯობა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ/ლიბერალური პარტიების კოალიციას. FPO-ც ავსტრიაში პირველ ადგილზე გავიდა.

თუმცა, საქმე აი, რაშია: ECR-ს და ID-ს ერთად 130-მდე პარლამენტარი ეყოლება, დაახლოებით იმდენი, რაც 2019 წელს ჰყავდათ. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდეს და შექმნას პოპულისტური მემარჯვენე სუპერჯგუფი, რომელიც მეორე უდიდესი ჯგუფი გახდება და, შესაბამისად, უფრო მეტ მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს საპარლამენტო კომიტეტებსა და სხვა ორგანოებში. ამაზე უკვე წლების განმავლობაში ლაპარაკობენ, კულისებშიც და ღიადაც, თუმცა ამ საქმიდან ჯერ არაფერი გამოვიდა.

როგორც ID ჯგუფიდან AFD-ის გაძევებამ აჩვენა, გაერთიანება იოლი არ იქნება. პოპულისტი მემარჯვენეები ერთ რამეზე თანხმდებიან - რომ ბრიუსელს მეტისმეტი ძალაუფლება აქვს, თუმცა მსგავსება აქ მთავრდება. მაგალითად, ECR ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, რასაც პოლონური PIS განაპირობებს, თუმცა მათ მოულოდნელად მელონიმაც აუბა მხარი. ვარაუდობენ, იტალიის პრემიერი კიდევ უფრო მარჯვნივ გადაიხრება და შეიძლება EPP-ში გაწევრიანება მოინდომოსო. ID ჯგუფი კი ღიად პრორუსულია და ევროპარლამენტში კომპრომისისკენ მიდრეკილი არ არის. (ECR ხშირად მთავარ ჯგუფებთან ერთად აძლევს ხმას, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.)

უცნობი სიმრავლე

მთავარი შეკითხვაა, თუ რას იზამს ევროპარლამენტის 100-მდე წევრი, რომლებიც ჯერ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ეკუთვნიან. ყველაზე დიდი ზრდა სწორედ „არააფილირებულ“ პარლამენტარებს შორის დაფიქსირდა, რომელთა რიცხვი 36-ით გაიზარდა და ახლა ისინი 98 მანდატს აკონტროლებენ. ბევრი მათგანი სიამოვნებით გაწევრიანდება რომელიმე ჯგუფში, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათ გავლენას.

საკითხავია, თუ რომელ ჯგუფს მოუნდება მათი მიღება. ან, იქნებ, მათ ახალი ჯგუფის შექმნაც კი შეძლონ (ოფიციალური საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 23 ევროპარლამენტარი ევროკავშირის მინიმუმ შვიდი ქვეყნიდან.).

წევრებს 16 ივლისამდე აქვთ დრო მოსალაპარაკებლად, როდესაც ახალი ევროპარლამენტი სტრასბურგში შეიკრიბება საინაუგურაციო საკანონმდებლო სესიაზე.

ბრიუსელს მიღმა

ემანუელ მაკრონს კარგი ღამე არ ჰქონია. ლე პენის გამარჯვების შემდეგ მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიწვია, რომლის პირველი ტური, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ჩატარდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა დიდი სირცხვილი ჭამა - ულტრამემარჯვენეებმა ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმარჯვეს.

თუმცა, არსებობს რამდენიმე შემამსუბუქებელი ფაქტორიც. ჯერ ერთი, შედეგი გასაკვირი არც იყო. გამოკითხვები თვეების განმავლობაში პროგნოზირებდა ასეთ შედეგს. ხშირად ხდება, რომ ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც უფრო დაბალი აქტივობაა ხოლმე, ვიდრე ეროვნულ არჩევნებში, გამოიყენება ხელისუფლებაში მყოფთა დასასჯელად.

ზეწოლის ქვეშაა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა/ბავარიის ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა, მიიღო ხმების 31 პროცენტი - ორჯერ მეტი, ვიდრე შოლცის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD). შოლცის პარტია AFD-სთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.

რა გავლენა ექნება ახალ პარლამენტს?

მარჯვნივ გადახრილი პარლამენტი ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგება კლიმატის ცვლილებას და მკაცრ პოზიციას დაიჭერს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტი ეროვნული პარლამენტებისგან განსხვავებულია. ევროპარლამენტარები თავად არ წარადგენენ კანონპროექტებს. ინიციატივის უფლება აღმასრულებელ შტოს, ევროკომისიას აქვს. სწორედ ის ქმნის და ამუშავებს თავდაპირველად კანონპროექტებს. ევროსაბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის სახელმწიფოების ან მთავრობების მეთაურებისგან, ასევე მონაწილეობს შემოთავაზებულ კანონებში ცვლილებების შეტანაში.

ევროპარლამენტი ამ სამი ინსტიტუტიდან ყველაზე სუსტია და იშვიათად იღებს ყველაფერს ან თუნდაც უმეტესობას იმისა, რაც მას სურს. პარლამენტს, კომისიასა და საბჭოს შორის ე.წ. ტრიალოგებში კანონებზე პაექრობას შეიძლება დასჭირდეს თვეები ან წლებიც კი, სანამ რაიმეზე რეალურად შეთანხმდებიან და პროექტი კანონად იქცევა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მოსალოდნელი არ არის, რომ ახლად არჩეული ევროპარლამენტი ბევრ რამეს შეცვლის. უკრაინისა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მხარდაჭერა კვლავ უმრავლესობის პოზიცია იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ევროპარლამენტარი პრორუსულ პოზიციებს დაიჭერს, ისინი ტრიბუნას უფრო კრემლის ნარატივების გასავრცელებლად გამოიყენებენ და არა კანონმდებლობის მისაღებად.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიური პრეროგატივაა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები განიხილავენ და წერენ უამრავ საგარეო პოლიტიკის ანგარიშსა თუ რეზოლუციას, ეს ყველაფერი არასავალდებულოა.

ახლა რა მოხდება?

ერთ-ერთი სავარაუდო გამარჯვებული, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენია. როგორც EPP-ის, წამყვანი ჯგუფის ლიდერი კანდიდატი, ახლა მას, წესით, კიდევ ხუთი წლით ჩააბარებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუმცა, მიუხედავად ტრიუმფალური შედეგისა, ფონ დერ ლაიენს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების თანხმობა და ევროპარლამენტის უბრალო უმრავლესობა მისი ნომინაციის უზრუნველსაყოფად.

წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში 17 ივნისს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ევროკავშირის სამი მთავარი თანამდებობა: ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი. შემდეგ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ბრიუსელში 27-28 ივნისს კანდიდატებზე საბოლოოდ შესათანხმებლად.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

რა არის ევროპარლამენტის არჩევნები და როდის ტარდება ის?

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 6-9 ივნისს ჩატარდება. მთელ ბლოკში დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია, თუმცა არჩევნებზე ყველა მათგანი არ მივა. ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 71% აპირებს ხმის მიცემას, თუმცა, თუ ასე მოხდა, ეს საოცრად კარგი მაჩვენებელი იქნება. ბოლო არჩევნებზე აქტივობამ 50.7% შეადგინა და ეს კარგ შედეგად ჩაითვალა, რადგან პირველი შემთხვევა იყო, რომ ამ მაჩვენებელმა იმატა - 1979 წლის შემდეგ ყოველ არჩევნებში სულ უფრო ნაკლები ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას.

ბუნებრივია, აქტივობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბელგიასა და ლუქსემბურგში, სადაც ხმის მიცემა სავალდებულოა, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მივიდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში კი აქტივობამ 28% შეადგინა, ხოლო მეზობელ სლოვაკეთში - სულაც 22%.

რას აძლევს ამომრჩეველი ხმას?

ევროკავშირის მოქალაქეები ირჩევენ 720 პარლამენტარს, რომლებიც ყველა წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად. ამგვარად, ყველაზე მეტი - 96 - წარმომადგენელი ბრიუსელში გერმანიას ეყოლება. კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას კი მხოლოდ 6 წარგზავნილი ეყოლებათ. ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ ევროპული დემოსი არ არსებობს, არსებობს 27 დემოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში რეალურად ეროვნული პოლიტიკური პარტიები იბრძვიან, მაგალითად, გერმანელი სოციალ-დემოკრატები (SPD) ან ესპანელი კონსერვატორები (PP). თუმცა, შემდეგ ეს დეპუტატები ტრანსევროპული პოლიტიკური ოჯახების ან ჯგუფების ნაწილი ხდებიან.

2019-2024 წლების პარლამენტში შვიდი ასეთი ჯგუფი იყო, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 23 ევროპარლამენტარს მინიმუმ შვიდი ქვეყნიდან. სავარაუდოა, რომ ამ ჯგუფების უმეტესობა შენარჩუნდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი დაჯგუფებებიც შეიქმნას. დეპუტატების გადანაწილება უკვე დაწყებულია და ეს პროცესი მხოლოდ გაძლიერდება.

რას წარმოადგენს ეს ჯგუფები?

ყველაზე მსხვილია ცენტრისტულ-მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტია EPP - გერმანული CDU-ს და პოლონური სამოქალაქო პლატფორმის (PO) სახლი. მას მოჰყვებიან სოციალისტები და დემოკრატები (S&D), სადაც გაერთიანებული არიან მემარცხენე-ცენტრისტული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები.

ამათ მოჰყვება უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომელთა შორისაა, მაგალითად, „განახლება“, რომელიც აერთიანებს ცენტრისტულ და ლიბერალურ პარტიებს, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის „რენესანსი“. „მწვანეები“ აერთიანებენ მწვანე პარტიებს, „მეკობრეებსა“ და კატალონიელ სეპარატისტებს.

GUE/NGL-ში გაწევრიანებული არიან ულტრამემარცხენე და კომუნისტური პარტიები, იდეოლოგიური სპექტრის მეორე მხარეს კი ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR) არიან, რომლებსაც ზოგი ნაციონალებს უწოდებს, ზოგი კი - სუვერენიტეტის მცველებს. საკუთარ თავს ისინი ზომიერ ანტიფედერალისტ ევროსკეპტიკოსებად მოიხსენიებენ. მათ შორის არიან ჩეხური ODS, პოლონური „სამართალი და სამართლიანობა“ (PiS), ფინელების პარტია და იტალიის პრემიერის ჯორჯა მელონის „იტალიის ძმები“.

შემდეგ მოდის „იდენტობა და დემოკრატია“ (ID), რომელიც უფრო მკვეთრად მემარჯვენე დაჯგუფებაა. მათ შორისაა მარინ ლე პენის პარტია, ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPO) და მატეო სალვინის ლიგა. კიდევ არსებობენ ევროპარლამენტარები, რომლებიც ადრე რომელიმე ჯგუფს ეკუთვნოდნენ, თუმცა შემდეგ გააძევეს და ახალი სახლი ჯერ ვერ იპოვეს. ესაა, მაგალითად, ვიქტორ ორბანის Fidesz, რომელიც გააძევეს EPP-დან 2021 წელს ან რობერტ ფიცოს Smer, რომელსაც იგივე ბედი ეწია S&D-ში შარშან.

რამხელა ძალა აქვთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს?

ბრიუსელის პოლიტიკურ ჯგუფებს დიდი გავლენა აქვთ. გარკვეული გაგებით, ისინი მართლაც ოჯახს ჰგვანან, ზრუნავენ თავისიანებზე და ცდილობენ ისინი დააწინაურონ, როგორც კი ამის შანსი მიეცემათ. რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო მეტი აქვს მის წევრს სიტყვით გამოსვლის დრო და მით მეტი შანსი აქვს, გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარეობა ან სხვა რომელიმე სასურველი თანამდებობა მოიპოვოს. რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით მეტი შანსია, რომ მისი წევრის წამოყენებული საკანონმდებლო შეთავაზება მოიწონონ და მის ანგარიშს მხარი დაუჭირონ. ვისაც აფილიცია არ გააჩნია, იმას არც გავლენა აქვს სამართალწარმოებაზე. ამ პარლამენტს ოჯახები მართავენ.

და ვინ გაიმარჯვებს?

არც არავინ. ევროპული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, მთლიანად კოალიციების შექმნას ეძღვნება. EPP თითქმის დანამდვილებით დაიკავებს პირველ ადგილს, როგორც ამას 1999 წლიდან მოყოლებული აკეთებს. გამოკითხვების თანახმად, მათ ასე 170 პარლამენტარი ეყოლება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ცოტა ნაკლებია. ისე კი პოპულარობის ზენიტში ყოფნის დროს მათ 200-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ ხოლმე.

მეორეზე სავარაუდოდ S&D გავა, წინა არჩევნების მსგავსად. მათ დაახლოებით 140 ევროპარლამენტარი ეყოლებათ, დაახლოებით იგივე რაოდენობა, რაც 2019 წელს.

აი, დანარჩენ 5 ჯგუფს შორის გადანაწილება კი ნამდვილად საინტერესო იქნება. თითოეული მათგანი 30-დან 80-მდე ადგილს მიიღებს. დიდი ბრძოლა გაიმართება მესამე და მეოთხე ადგილის დასაკავებლად. „განახლება“ და „მწვანეები“, როგორც ჩანს, წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლებ მანდატებს მიიღებენ, ECR-ის რაოდენობა კი გაიზრდება. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ოჯახთან. მათი უმეტესობა სხვადასხვა ჯურის პოპულისტია, ასე რომ, სავარაუდოდ, ისინი ID-ს და ECR-ს მიაკითხავენ. ან, შესაძლოა, შეიქმნას ახალი მემარჯვენე ჯგუფი. დააკვირდით მოვლენების განვითარებას.

მაშ, პოპულისტი მემარჯვენეები გაძლიერდებიან?

თან კი და თან - არა. ევროპარლამენტი მართლაც მარჯვნივ გადაიხრება. ID-ს, ECR-სა და არააფილირებულ პარლამენტარებს - ძირითადად მემარჯვენეებს თუ EPP-ს დავამატებთ, 400-ზე მეტ მანდატს - უმრავლესობას მივიღებთ. მაგრამ ეს სრულ სურათს არ გვაძლევს. ჯერ ერთი, EPP ძალიან მეინსტრიმული ჯგუფია. წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ევროსკეპტიკური სუპერჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლაც განხორციელდეს.

რატომ? რთულია, თან ევროპას წარმოადგენდე და თან ნაციონალისტი იყო. ამიტომაცაა, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული პოპულისტი ორ ჯგუფშია განაწილებული, ECR-სა და ID-ში და შესაძლოა, რომ მესამე ჯგუფიც შეიქმნას. ისინი თანხმდებიან, რომ ბრიუსელს ნაკლები ძალაუფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ სხვა ბევრი საერთო არ გააჩნიათ. ხშირად მათ შორის წყალგამყოფს რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი წარმოადგენს. ზოგი პარტია „ქორია“, სხვებს კი მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსკოვთან და/ან პეკინთან.

ის ფაქტი, რომ „ფიდესი“ უკვე სამი წელი კვლავ ოჯახის გარეშეა, ამაზე მეტყველებს. ყველაზე კარგად კი მემარჯვენეებს შორის არსებულ განსხვავებებს მაისის დასაწყისში მომხდარი ამბები ასახავს. მაშინ გერმანული AfD გააძევეს ID ჯგუფიდან მას შემდეგ, რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ინტერვიუში განაცხადა - მესამე რაიხის დროს ნაცისტური SS-ის ყველა წევრი „ავტომატურად კრიმინალი არ ყოფილაო“. მათი გაძევების ინიციატორი მარინ ლე პენი იყო, რომელიც უკვე წლებია ცდილობს იმიჯის შერბილებას - ხმები დადის, ახლო მომავალში სურს უფრო „მისაღებ“ ECR-ში გაწევრიანდესო. იმასაც ამბობენ, რომ ჯორჯა მელონი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაშიზმის მიმართ სიმპათიებში სდებდნენ ბრალს, ასევე ეცდება იმიჯის გამოსწორებას და „იტალიის ძმების“ EPP-ში შეყვანას. ასე რომ, „მემარჯვენეების აღზევება“ შესაძლოა მხოლოდ მედიაისტერია იყოს.

მთავარი დასკვნა კი ასეთია - ოთხი მეინსტრიმული ჯგუფი - EPP, S&D, Renew და „მწვანეები“ - მაინც მიიღებს 400-ზე მეტ ადგილს, რაც უმრავლესობას ნიშნავს. წინა წლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტია.

რა გავლენა ექნება ამ არჩევნებს ევროკავშირის პოლიტიკაზე?

აქ ჩნდება კიდევ ერთი ევროპული თავისებურება: ევროპარლამენტი არ ჰგავს ჩვეულებრივ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ პარლამენტებს იმ გაგებით, რომ ევროპარლამენტარები თავად არ წარადგენენ კანონპროექტებს. ინიციატივის უფლება ევროკომისიას აქვს და სწორედ ის ქმნის თავდაპირველად კანონპროექტებს. ამგვარად, ევროპარლამენტი თანაკანონმდებელია საბჭოსთან ერთად, სადაც წევრი ქვეყნები არიან წარმოდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ცვლიან შემოთავაზებულ კანონებს, ხშირად კამათობენ კომისიასა და საბჭოსთან თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში, ვიდრე სამივენი არ შეთანხმდებიან. ევროპარლამენტი ამ სამი ინსტიტუტიდან ყველაზე სუსტია და იშვიათად იღებს ყველაფერს ან თუნდაც უმეტესობას იმისა, რაც მას სურს, ძალაუფლების ეს დინამიკა შენარჩუნდება იმის მიუხედავად, თუ საით გადაიხრება ევროპარლამენტი. თუმცა, თუ ის უფრო მემარჯვენე გახდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეგვიძლია ველოდოთ, რომ ის ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგება კლიმატის ცვლილებას, უფრო დაუმეგობრდება ევროკავშირის ფერმერებს და უფრო კრიტიკულად მიუდგება მიგრაციის საკითხებს. ეს კი არსებითად ასახავს ტენდენციას, რომელსაც ბოლო წლებში ვხედავთ ევროკავშირის ბევრ დედაქალაქში.

მაშ, რატომ უნდა მაინტერესებდეს ევროპარლამენტის არჩევნები?

აი, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება! ევროპარლამენტი ყველანაირად ცდილობს, რომ უფრო აქტუალური გახდეს საშუალოსტატისტიკური ევროპელი ამომრჩევლისთვის. გარკვეულწილად წარმატებასაც მიაღწია. ავიღოთ ლიდერი კანდიდატის იდეა, რომელსაც ბრიუსელში გერმანული სახელით Spitzenkandidat მოიხსენიებენ. ეს იდეა 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის შეიმუშავეს. ასეთი პრინციპია: პოლიტიკური ჯგუფები წარადგენენ კანდიდატს და თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი შემდეგ არჩევნებში პირველ ადგილს მიიღებს, ეს ადამიანი იქნება კანდიდატი ევროკომისიის პრეზიდენტის გავლენიან თანამდებობაზე. მანამდე ამ პოსტს ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ერთად ირჩევდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში საიდუმლო კულუარული გარიგებების შედეგად. აქ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ გეოგრაფიისა და გენდერსაც ითვალისწინებდნენ. სამი მთავარი როლი უნდა ეკავოთ მამაკაცებსაც და ქალებსაც, თანამდებობების გადანაწილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კლუბის ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ბალანსი და უნდა ასახავდეს სამ უმსხვილეს პარტიას - როგორც წესი, EPP-ს, S&D-სა და Renew-ს.

2014 წელს, ევროკავშირის ლიდერებმა გაითვალისწინეს ლიდერი კანდიდატის სისტემა და ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, EPP-ის მთავარი კანდიდატი ჟან-კლოდ იუნკერი. 2019 წელს ვითარება შეიცვალა - EPP-ის ლიდერი კანდიდატი მაშინ გერმანელი ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი გახლდათ. მის ნაცვლად გერმანიის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი ურზულა ფონ დერ ლაიენი გახდა კომპრომისული კანდიდატი. წელს ურზულა ფონ დერ ლაიენი იმავე პოსტის დასაკავებლად იბრძვის და EPP-ის წამყვანი კანდიდატიცაა. ეს პარტია კი, როგორც უკვე ვთქვით, წესით, პირველ ადგილზე გავა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ისევ ურზულა ფონ დერ ლაიენი გახდება?

ყველას ეს აინტერესებს. ევროკავშირის ლიდერებმა ამა თუ იმ ფორმით პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს და თუ EPP ნორმალურ შედეგს აჩვენებს, ვთქვათ, 170-ზე მეტ მანდატს მიიღებს, ფონ დერ ლაიენის იგნორირება რთული იქნება. თუმცა, მაინც შეიძლება, რომ ასე მოხდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ყველას არ ეხატება გულზე. გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონს სურს იტალიის ყოფილი პრემიერისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის დაწინაურება, თუმცა ის რეალურად არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ეკუთვნის. შესაძლოა გამოჩნდეს EPP-ის რომელიმე სხვა წევრი. შეიძლება თუ არა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ან ბულგარეთის საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი კრისტალინა გეორგიევა ვიხილოთ მოულოდნელ კანდიდატებად?

S&D, როგორც მეორე ადგილზე გასული, სავარაუდოდ, პრეტენზიას განაცხადებს საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელიც ამჟამად ბელგიელ შარლ მიშელს უჭირავს და რომელიც მას ვადის დასასრულს დატოვებს. მთავარი კანდიდატები, როგორც ჩანს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა ან მისი დანიელი კოლეგა მეტე ფრედერიკსენი არიან. თუ „განახლება“ მოახერხებს არჩევნებში მესამე ადგილის დაკავებას, მათ შეეძლებათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის თანამდებობა მოითხოვონ, რომელსაც ამჟამად ჟოზეპ ბორელი იკავებს. აქ ფავორიტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასია. ოღონდ, თუ მესამეზე ECR გავა, მაშინ შეიძლება ამ პოსტზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ვიხილოთ. ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, ფონ დერ ლაიენის (ან კომისიის მთავარი თანამდებობის ალტერნატიული კანდიდატის) ბედს მხოლოდ ევროკავშირის ლიდერები არ წყვეტენ. შემოთავაზებულ კანდიდატს საბოლოოდ კენჭს ახლად არჩეული ევროპარლამენტი უყრის. დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობაა საკმარისი. 2019 წელს ფონ დერ ლაიენმა ცხრა ხმით გაიმარჯვა. ახლა კი ევროპარლამენტს შესაძლოა მოუნდეს კლანჭების გამოჩენა და შეიძლება საბჭოს წამოყენებული კანდიდატი უარყოს. ეს უპრეცედენტო იქნება, მაგრამ არა გასაკვირი. S&D-მ უკვე გააფრთხილა ფონ დერ ლაიენი, რომ თუ ის მელონისთან და ECR-თან დაახლოებას გააგრძელებს, მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. დიდი ვაჭრობა დაიწყება. საჭიროა 361 ხმა.

თან, ყველაფერი აქ არც მთავრდება. წლის ბოლოს, ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყანა წარადგენს საკუთარ კანდიდატს ევროკომისიაში. კომისიის პრეზიდენტი მიანიჭებს მათ პორტფელებს და შემდეგ ევროპარლამენტი დაიწყებს კანდიდატების გამოკითხვას. ტრადიციის თანახმად, ევროპარლამენტი რამდენიმე უარს ეუბნება ხოლმე. შარშან საფრანგეთის, უნგრეთისა და რუმინეთის პირველადი კანდიდატები ჩააგდეს. როდესაც ყველა პოტენციურ კომისარს მოიწონებენ, შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს მთლიან კომისიას ერთი დიდი კენჭისყრით. ამ ყველაფერმა შეიძლება წლის ბოლომდე გასტანოს!

რა გავლენა ექნება ევროპარლამენტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე?

ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. საგარეო და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიური პრეროგატივაა. ის არც სანქციების პოლიტიკაში მონაწილეობს, რომელიც ბრიუსელის ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ის უყრის კენჭს ევროკავშირში ახალი წევრის მიღებას, ვერ ერევა მანამდე გაწევრიანების პროცედურის ვერცერთ საფეხურში. ევროპარლამენტი, როგორც წესი, გაფართოების მომხრეა, ამიტომ კენჭისყრის შედეგი წინასწარაა ხოლმე ცნობილი. იგივე ეხება სავაჭრო ხელშეკრულებებს. საბოლოოდ კენჭს აქაც ევროპარლამენტი უყრის, თუმცა ეს რეალურად ევროკომისიის ექსკლუზიური კომპეტენციაა.

ისიც მართალია, რომ ევროპარლამენტი ხშირად მსჯელობს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე - ისმენენ ანგარიშებს, იღებენ რეზოლუციებს და გასცემენ რეკომენდაციებს. თუმცა, აქედან არაფერს სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია. ამიტომაცაა, რომ ევროპარლამენტარები ხშირად უფრო მკაცრ შეფასებებს აკეთებენ, ვიდრე ევროკომისრები. ზოგიერთმა განცხადებამ, მოხსენებამ და რეზოლუციამ შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს მესამე ქვეყანაში, რადგან იქ ხშირადაა ნახსენები სანქციების შემოღების საჭიროება ან რამე მსგავსი, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ან ევროპარლამენტის პოზიციაა, ან მისი რომელიმე კომიტეტის, ან სულაც რამდენიმე ევროპარლამენტარის და არა მთლიანად ევროკავშირის.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG