„რუსული კანონი“ ჩავარდა, მაგრამ „რუსსკაია დუშა“ დარჩა. არსად წასულა საქართველოს ხელისუფლების რუსული სულისკვეთება, აზროვნება, სიბნელე. ტიკინები გაიძახიან, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, დააბნიეს, თავგზა აურიესო. ეს რუსული მარიონეტები ახლა შეეცდებიან ახალგაზრდების მოსყიდვას, დაშინებას, გახლეჩას. პირველმა მარიონეტმა უკვე თქვა, მე იმ ღამით რუსთაველზე სატანისტები დავინახეო. სატანისტები დაინახა პუტინმაც უკრაინაში შეჭრამდე. სწორედ დენარკომანიზაციისა და დესატანიზაციის სახელით ხოცავენ პუტინისტები მშვიდობიან მოსახლეობას დღემდე. ასეთივე დესატანიზაციისთვის ემზადება ქართულ-რუსული მარიონეტების თეატრიც. ომი ახლა იწყება.
გუშინ „ნავალნიმ“ ოსკარი მიიღო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. ეს იმდენად ფილმს არ აუნთეს მწვანე შუქი, რამდენადაც პუტინს - წითელი. და არა მარტო პუტინს, არამედ რუსულ სიბნელეს, „რუსსკაია დუშას“. ამდენ ქართველში ნეტა როგორ სახლობს ეს ბნელი სული, რომელსაც მთელი პროგრესული დასავლეთი წითელს უნთებს?
საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი მავნე ხელისუფლება, როგორიც დღეს ჰყავს.
თავისი პრეზიდენტობისას სააკაშვილმა, რომელიც ახლა პატიმარია, გაატარა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რეფორმა, მაგრამ მანვე დაუშვა ფატალური შეცდომები, რის გამოც 11 წლის წინ არჩევნები წააგო. შეიძლება ბევრი აკრიტიკო მიხეილ სააკაშვილი თავისი მმართველობის სტილის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან დათმო ძალაუფლება. თუმცა შეეძლო არც დაეთმო და ავტორიტარული რეჟიმი შეექმნა.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ფაქტობრივად იყიდა 2012 წლის არჩევნები, სააკაშვილის დამარცხების შემდეგ საქართველოს კვლავ დაუბრუნა საბჭოთა მმართველობის სტილი. ისევ ააყვავა ჩრდილოვანი ეკონომიკა, შავი ბაზარი, ფაშისტური დაჯგუფებები. და რაც მთავარია, კიდევ უფრო გააძლიერა ისედაც ძლევამოსილი ქართული ეკლესია, რომელიც, ღმერთის ნაცვლად, კრიმინალურ ფასეულობებს ემსახურება.
ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს არაოფიციალური პატრონს, რომელმაც თავისი მილიარდები მოსკოვში იშოვა, ეშინია ევროპის, ეშინია გამჭვირვალობის, მას ეშინია თავისუფალი სიტყვის. მას უნდა, ევროპული მომავალი წაართვას ახალგაზრდებს და საქართველო ჩააბაროს კრემლს, რომელსაც ისედაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.
1907 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს კაცი, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ საქართველო არა მარტო გადაარჩინა, არამედ ფეხზე დააყენა და დღემდე მოიყვანა. ვაჟა-ფშაველამ მაშინ თქვა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ“.
ილია იყო გზა ევროპისკენ, გზა თავისუფლებისკენ, გზა ნათელი მომავლისკენ. თითოეულმა ტიკინამ, ვინც დღეს ხმა მისცა „უცხოური აგენტების“ კანონს, ისევე ესროლა ტყვია საქართველოს, როგორც მათმა ბოლშევიკმა წინაპრებმა ესროლეს ილია ჭავჭავაძეს.
2012 წლიდან საქართველო მიექანება წყვდიადისკენ. საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის და, შესაბამისად, კრემლის მომსახურე პერსონალად გადაიქცა. დღევანდელი საქართველოს თითოეული ელჩი გახდა რუსეთის ელჩი, პროსტიტუციის ელჩი, ძალადობის ელჩი.
2008 წელს ევროპამ ჩაისვარა რუსეთის წინაშე. ევროპამ არ შეიმჩნია აგრესორის თავხედობა. დასავლეთმა კიდევ ერთხელ იფიქრა, რომ პუტინი დაიკმაყოფილებდა თავის დამპყრობლურ ამბიციებს და დამშვიდდებოდა. არადა, პუტინის მადამ მაშინ გაიღვიძა.
ამის შედეგია 2014 წელს ყირიმის აგრესია და დღეს უამრავი ადამიანის სიკვდილი, ნაწამები კაცები, გაუპატიურებული ქალები და ათასობით დაკარგული ბავშვი. სად არიან ახლა ეს ბავშვები? ვინ იცის, სად ჰყავთ ისინი დამწყვდეული რუს ჯარისკაცებს და სად ძალადობენ მათზე?
ისეთი მონური დამოკიდებულება, როგორიც აქვს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ, არასდროს ჰქონია ამ ქვეყანას არცერთი დამპყრობლის მიმართ. კრემლს ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია არ ჰყოფნის, მას მთელი ქვეყანა უნდა ჩაიბაროს. და ბიძინა ივანიშვილიც, თავის ტიკინებთან ერთად, აბარებს მას მთელ საქართველოს.
ამ უსამართლობის განცდამ გააღვიძა პროტესტის მუხტი ქართველ ახალგაზრდებში. მათში, ვინც მოასწრო თავისუფალი ჰაერის ჩასუნთქვა, ვინც არ არის საბჭოთა უჟანგბადობით ბოლომდე მოწამლული, ვინც არ იცის რუსული ენა. შეიძლება სააკაშვილის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ახალი თაობა აღარ გრძნობს თავს იმპერიის ნაწილად, დიდი ძმის მომსახურე პერსონალად, მათთვის ქართულის შემდეგ მთავარი ენა რუსული აღარაა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მარტო ამ ახალგაზრდების გამოც მივცემდი საქართველოს ევროკავშირის წევრობას. ისინი ხედავენ განსხვავებას წყვდიადსა და ნათელს შორის. მათ არ უნდათ ცოცხლად სიკვდილი.
ქართველი ახალგაზრდები ახლა მარტონი არიან გამოცდილი და უსაზღვროდ მდიდარი მტრის წინაშე. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კი სწორედ ამათი მხარდაჭერა იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ამ სტატუსის მინიჭებით უფრო მეტი ბერკეტი ექნებოდა იმავე ევროპას საქართველოს მთავრობაზე. თუ ვინმე კიდევ ტყუვდება იმით, რომ ივანიშვილთან კვლავ შესაძლებელია დიალოგი, მაშინ არავის გაუკვირდეს, თუ ეს ქვეყანა ხვალ გაუქმდა.
თბილისში პროტესტებმა აჩვენა, რომ პასიურებმა შეიღვიძეს. ეს კი ივანიშვილისთვის და მისი ტიკინებისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალს პატრონის კეთილდღეობას ანაცვლებს, საშიშია. მათი არჩევა დაახლოებით იგივეა, კენჭისყრაში გომბეშოები და ბაყაყები რომ იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ შენ იმდენად გქონდეს გონება დაბინდული, რომ ვერ ხედავდე მათ ნამდვილ იერს და მორჩილად ირჩევდე მათ შენი ცხოვრების სამართავად.
ივანიშვილს „სისხლიანი სააკაშვილის“ არ შეშინებია, როცა ქვეყნის მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო, და სტიკერებით, სკუტერებითა და დროშებით შეიარაღებული ახალგაზრდების შეეშინდა 8 მარტის დილას? რასაკვირველია, იგი ყველაფერს იკადრებს, რომ ეს პატარა გამარჯვება მთელ ქვეყანას ძმრად ამოადინოს. როგორ უნდა წარმოიდგინო ივანიშვილი, ვისაც თავი ღმერთი ჰგონია, რომ დამარცხდა და თავისი ხეების ჩრდილში ისეირნებს ახლა ყურებჩამოყრილი?
ივანიშვილი მოთამაშეა. იგი ახლა საქართველოს ჩამოვიდა ფსონად. თუ გაიმარჯვა ივანიშვილმა, „რუსსკაია დუშამ“, არავის გაუკვირდეს, თუ საქართველო გაქრა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.