- ბორის ნემცოვის ხსოვნის დღისთვის დაწერილი ეს ტექსტი, პოლიტპატიმარმა ანდრეი პივოვაროვმა რადიო თავისუფლების რედაქციას კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორიდან გამოუგზავნა ცოტა ხნით ადრე, სანამ დეკემბრის ბოლოს ბადრაგით გაგზავნიდნენ სასჯელის აღსრულების ადგილზე.
- ანდრეი მხოლოდ თითქმის ორი თვის შემდეგ აღმოჩნდა კარელიაში და გაირკვა, რომ ის ქალაქ სეგეჟაში, შრომა-გასწორების მეშვიდე კოლონიაში, მკაცრი რეჟიმის საკანში მოათავსეს.მასთან კავშირი ახლა კიდევ უფრო გართულებულია.
კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორში, ნაწილობრივ იზოლირებული კამერები მთელი სიგრძის გაყოლებაზე - დერეფნის ორივე მხარესაა განლაგებული. საკვების მიღებისას და ხანდახან შემდეგაც, საჭმლის მიწოდებისთვის განკუთვნილი სარკმლები, ე.წ. კორმუშკები ღიაა ხოლმე და შესაძლებელია ერთმანეთთან გადალაპარაკება და თან ერთმანეთის დანახვაც.
ჩემს მოპირდაპირე საკანში მყოფი სოსო ადრე "თანამშრომელი" - რაზმის მეთაური იყო ამავე კოლონიაში, სადაც საგამოძიებო იზოლატორია განთავსებული.
ის ერთი წლის წინ დააკავეს ქრთამის აღების გამო და ახლა სოსო სისტემას "კორმუშკის" მეორე მხრიდან უყურებს. მისი წარსული სამუშაოს მიუხედავად, პატიმრების მის მიმართ დამოკიდებულება ნორმალურია. მეზობლებს შორის ისეთებიც კი არიან, ვისაც ადრე იცავდა და მათ პრეტენზიები არ აქვთ.
პროვინციელ ბიჭს, სოსოს, რომელიც თავისი ცხოვრების ნახევარი სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში მუშაობდა,
გონებაში არეული აქვს რეალური ცხოვრება და ის, რაც პროპაგანდის მხრიდან ესმის.
მას სჯერა, რომ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და, რომ "საერთოდ თებერვალში რაღაც ეშმაკური გეგმის მიხედვით დაიძრნენ წინ".
ის დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი კეთდება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომ დონბასში ურანის, ნავთობისა და გაზის დიდი საბადოებია (ეს კონსპირაციული თეორია, სხვათა შორის, პირველად არ გამიგია პატიმრებისგან).
სოსოს ეჭვი არ ეპარება, რომ დაპყრობილი რეგიონების ნაყოფიერი მიწები და ქვანახშირის მაღაროები ყველა ხარჯს ამოიღებს. ჩემს შეკითხვაზე - ესმის თუ არა, უკვე რამდენი დაკარგა ქვეყანამ თუნდაც მხოლოდ სუფთა ეკონომიკის მხრივ, რამდენი იქნება აღსადგენი და ამის ნაცვლად, ჩვენივე ღარიბი რეგიონებით რატომ არ უნდა დავკავდეთ, მაგალითად, იმავე ვოლგისპირეთით - ის კვლავ და კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებს: "ჩვენ ყველაფერი არ ვიცით" და "ჩვენზე არაფერია დამოკიდებული".
მაგრამ აი, როცა თავის რესპუბლიკასა და თავის ხალხზე ლაპარაკობს (სოსო ოსია), მის სიტყვებში იოტისოდენა პროპაგანდაც კი არ არის. სოსო ამტკიცებს, რომ მის რეგიონში ყველა არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ვიაჩესლავ ბიტაროვი, ლუდის ქარხანა "ბავარიის" პატრონი და შეთავსებით, [ჩრდ.] ოსეთის ყოფილი მეთაური, უკანონობას სჩადის და "ყველა კანონზე მაღლა დგას".
სოსო იხსენებს საპროტესტო გამოსვლებს ოსეთში, პანდემიის დროს, როცა სასოწარკვეთილებამდე მისული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ბიტაროვმა, რომელიც მაშინ რესპუბლიკის ხელმძღვანელი იყო, ყველას მკაცრად აუკრძალა მუშაობა და დახურა დაწესებულებები და საწარმოები. მხოლოდ მისი საკუთარი ქარხანა მუშაობდა სრული დატვირთვით.
სოსომ პატივისცემით იხსენიებს ადგილობრივ დამოუკიდებელ ლიდერებს, განსაკუთრებით, მომღერალ ვადიმ ჩელდიევს. მას და მის მხარდამჭერებს გასულ წელს უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს, ჩემი აზრით, აშკარად შეთითხნილ საქმეზე.
სოსოს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი მართლები იყვნენ მაშინაც, როცა ეკოლოგიური პრობლემის გამო გამოდიოდნენ და ქარხანა "ელექტროცინკის" დახურვას მოითხოვდნენ. რა თქმა უნდა, ბესლანზეც ილაპარაკა. რესპუბლიკაში არსებული ოფიციალური პროპაგანდის არც ერთი სიტყვისა არ სჯერა.
სოსო ამბობს, რომ როგორც იმთავითვე მძევლების რაოდენობასთან დაკავშირებით ცრუობდნენ, ისევე არ თქვეს სიმართლე შეტევაზეც. ვინ და რატომ ესროდა შენობას ცეცხლმტყორცნებითა და მძიმე იარაღით. ოსებს არ ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები კვლავაც არ დაუსჯიათ.
ამ ჩემი მეზობელივით ფიქრობს ჩემი თანამემამულეების უმეტესობა. სოსოს შესანიშნავად ესმის, როგორაა ყველაფერი მოწყობილი იქ, სადაც უმუშავია. იცის, რომ მთავრობა ტყუის, რომ მოხელეები საკუთარი ინტერესებით ცხოვრობენ და ხალხზე ნაკლებად ზრუნავენ.
სოსო იმათ ენდობა, ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს და მზად არის მხარი დაუჭიროს მათ. „დიდ თემებზე“ საუბრისას სოსო იბნევა, თუ ფაქტების შემოწმება არ შეუძლია, ხანდახან სჯერა ზემოდან წარმოდგენილი სურათისა. თუმცა მის თავში თავისუფლად ეტევა ერთად წარმოდგენა, რომ ერთსა და იმავე ადამიანს შეუძლია იცრუოს ბესლანზე, მაგრამ სიმართლე ილაპარაკოს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.
მე მგონია, რომ ასე ბევრი ფიქრობს. ეს მოდელი მუშაობდა მაშინ, როცა სახელმწიფო თავის საქმეებს მოქალაქეებს ღიად არ უჩვენებდა.
მობილიზაცია, ეკონომიკის დაცემა ახლა არა მხოლოდ ტელევიზორში ჩანს, ყველა ოჯახში მივიდა, და თითოეულ ადამიანს შეუძლია ამაში დარწმუნდეს: ეს მისი შვილი გაიწვიეს წესების დარღვევით, ის ვერ იხდის გაზრდილ „კომუნალურს“. ეს მას აღარ მიუწვდება ხელი უცხოურ სათადარიგო ნაწილებზე, მას სჭირდება ქამრის მჭიდროდ შემოჭერა.
სოსო სულ იმეორებს კრემლის თეზისს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და არავის არ უნდა ენდო.
მე მას ვახსენებ ჩელდიევს და ვუხსნი, როგორი მნიშვნელოვანია, როცა ხალხი გულწრფელად გამოდის ადამიანის უფლებების დასაცავად. სოსოს ეცინება და მეუბნება, ეს ძალიან კარგად ჟღერს ადამიანისგან, რომელსაც საკნის სარკმელში „კორმუშკაში“ გამოუყვია თავი და იქიდან მელაპარაკებაო. მაგრამ იქვე გამაკვირვა: არადა, იყო ადამიანი, ვისაც შეძლო ამის შეცვლაო, - მითხრა. ვინ-მეთქი, ვკითხე. ნემცოვი, მეუბნება, აი, ეს იყო ნამდვილი ფიგურა.
უბრალო პროვინციელმა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ნახევარი ცხოვრება სასჯელაღსრულების სისტემაში გაატარა, ტონობით პროპაგანდისტული ნაგვის მიღმა მაინც შეინარჩუნა იმის გაგება, ვინ ამბობს სიმართლეს. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ჩვენს ხალხს სათანადოდ არ აფასებენ.
ავტორის შესახებ: ანდრეი პივოვაროვი რუსი პოლიტიკოსია. ამჟამად სასჯელს იხდის. გაასამართლეს არასასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის. დანაშაულს არ აღიარებს. უფლებადამცავი ჯგუფის „მემორიალის“ მიერ შეყვანილია პოლიტპატიმრების სიაში.