Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 12 მარტი. See content from before

შაბათი, 11 მარტი 2023

ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

რუსული კანონპროექტი გაიწვიეს. დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. როგორც გველეშაპს ამოსდის ახალი თავები მოკვეთილის ადგილას, ასევე უნდა ველოდოთ „ოცნების“ ახალ თავებს. გაჩნდება კიდევ უფრო მზაკვრული, ვერაგული, ეფექტური იდეები საქართველოს რუსეთში შეთრევის, რადგან, არ დაგვავიწყდეს, რომ მათ უკან რეალურ სცენარებს პუტინის რუსეთი წერს. ნაკლებსაინტერესოა, იცნობიერებს თუ არა ამას „ქართული ოცნება“, მთავარია ეს ხალხმა იცის. დღევანდელი დღის მთავარი მონაპოვარიც ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ამ დიდი პროტესტით, მმართველი გუნდის მიზნების და მათი პოლიტიკის უკიდურესად დამღუპველი შედეგების ცხადად დანახვა და გაანალიზება მოახერხა.

როცა სტუდენტების გამოსვლებს ვუყურებდი, უზომოდ მიხაროდა და მიკვირდა, სად და როგორ ისწავლა ამ თაობამ ასეთი სითამამე, როგორ ახერხებენ ასე კარგად, ასე სწორად, ასე ნათლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, როცა ისინი თითქოს მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი შეხედვით პოლიტიკურ საკითხებთან ქიმიაში არ შედიოდნენ. მათმა ბრაზმა, სიმტკიცემ, ტრიბუნასთან ნათქვამმა სიტყვებმა, ყველანაირი რეპეტიციისა და მომზადების გარეშე, ისტორიის ახალი, უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაწერა. თაობამ, რომელსაც სხვა ინტერესები აქვს, რომელსაც თითქოს არ აინტერესებს პოლიტიკა, რომელსაც სურს ისწავლოს, განვითარდეს, იცხოვროს, იცეკვოს, გაერთოს, იგიჟოს, გამოცადოს საკუთარი თავი, იყოს თავისუფალი, მოულოდნელად, ერთ მომენტში გააცნობიერა, რომ მათი დრო მოვიდა! ეს არის უხილავი კავშირი წარსულსა და ისტორიასთან, და იმ ვალდებულებებთან, რაც ადრე თუ გვიან ყველა თაობას ეკისრება. სწორედ ეს არის ნამდვილი პასუხისმგებლობის შეგრძნება 9 აპრილის, აფხაზეთის ომისა და 2008 წლის გმირების წინაშე, მათი მშობლებისა და შვილების წინაშე, იმ ადამიანებთან, ვინც ამ ორი ომისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საკუთარი სახლები დაკარგა, მათთან, ვისაც სულ ახლახან, გავრილოვის ღამეს, სასტიკად გაუსწორდნენ.

საპროტესტო დემონსტრაცია პარლამენტის წინ. თბილისი, 8 მარტი, 2023
საპროტესტო დემონსტრაცია პარლამენტის წინ. თბილისი, 8 მარტი, 2023

1978 წელს სტუდენტებმა ქართული ენა შეუნარჩუნეს მომავალ თაობებს. ამ ფაქტიდან 45 წლის მერე კი, საქართველოს ახალგაზრდებმა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, თავისუფლება და მომავალი დაიცვეს. ამ ორ ფაქტს ბევრი პარალელი აქვს. მაშინაც არ მოელოდა საბჭოეთი, რომ ასეთი წინააღმდეგობა იქნებოდა, და ახლაც მოულოდნელი იყო ეს აჯანყება. გავრილოვის, თვალების დათხრის, კულტურული ძეგლების აფეთქების, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და წამყვანი ოპოზიციური მედიის ლიდერის ციხეში გამოკეტვის შემდეგ, აღარავის ეგონა, რომ რუსეთის ცინიკური, უნიჭო კანონი ახალგაზრდებში ასეთ რისხვასა და პროტესტს გამოიწვევდა.

რა გველის ხვალ? „რუსული ოცნება“ დაჯდება და იმსჯელებს და გააცნობიერებს, რომ ზედმეტი მოუვიდათ, და რომ მათი ნაბიჯი ხისტი იყო, განზრახვა კი - ცხადზე ცხადი. ამიტომ ისინი გადავლენ სხვა ქმედებებზე, რომლებიც გვერდს აუვლიან ახალგაზრდა თაობის გაღიზიანებას, პროვოცირებას, „ნერვში მოხვედრას“. ამიტომ საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, საჭიროა, რომ ეს ექსპრესიული, გულწრფელი ძალა შეუქცევად მოძრაობად იქცეს, რომელიც მხოლოდ სპონტანურად და გაბრაზების დროს კი არა, მუდმივად სადარაჯოზე იქნება და წინ აღუდგება რუსიფიკაციის ნებისმიერ გამოვლინებას.

საპროტესტო აქციის დაშლა 8 მარტის ღამით
საპროტესტო აქციის დაშლა 8 მარტის ღამით

ამ ბრძოლაში უამრავმა ახალგაზრდამ გაიგო საკუთარი ძალის ფასი, გაიგო რა არის საკუთარი ხელებით გამარჯვება. ამ თაობამ უკვე თავის თავზე იწვნია შეურაცხყოფა, ცემა, თვალისჩინის დაკარგვა, გაზით მოწამვლა, წყლის ჭავლით დევნა... ისინი უკვე საკუთარი ტკივილების, საკუთარი გამოცდილების ერთგული დარჩებიან მთელი ცხოვრება. ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლამ ახალგაზრდა თაობის ძირითადი პრინციპები მოხაზა, ეს არის კანონზომიერება და ამას ვეღარაფერი შეცვლის. თუმცა იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლისაკენ სვლა განვაგრძოთ, საჭიროა დიალოგი და ყველას ერთად დგომა, ვინც დღეს პროევროპულ იდეებს იზიარებს. მოქალაქეები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები, ყველას ძალა და გონიერება უნდა იყოს გამოყენებული, რათა საბოლოო გამარჯვების დღე დადგეს, და რაც მთავარია, არ დაიხარჯოს ენერგია დაპირისპირებაში. რადგან პირველი, რასაც „ოცნების“ ახლად ამოზრდილი თავი შეეცდება, იქნება ის, რომ მოახდინოს სწორედ იმ ხალხის დისკრიმინაცია, ვინც დღევანდელი დღე მოიტანა. „ოცნება“ ალბათ იმასაც იცნობიერებს, რომ დღეს ნაცმოძრაობის ლანძღვა და სისხლიანი ცხრა წლის ძახილი ისეთი ეფექტური აღარაა, როგორიც აქამდე იყო, ამიტომ მათ ახალი მტრის ხატი, ახალი სამიზნეები სჭირდებათ, რათა ქართული საზოგადოება გათიშონ და იბატონონ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მოგონებაა, თუ როგორ ვრცელდებოდა საქართველოს მოსახლეობაში იდეა თავისუფალი და თვითმყოფადი საქართველოსი. იმისა, თუ ვინ ვიყავით ჩვენ სინამდვილეში, რა გვინდოდა, რისთვის ძგერდა ჩვენი გულები, რისი გვწამდა. საქართველო ერთიანი იყო. უპრეცედენტოდ ერთიანი. მაშინ ქვას ხეთქავდა დამოუკიდებელი საქართველოს აუცილებლობის არგუმენტი, ლეთარგიული ძილიდან გამოღვიძების სასიცოცხლო მნიშვნელობა. მახსოვს მაშინდელი შეგრძნებები, შეკითხვები საკუთარ თავთან... ეს შეგრძნებები რომ არა, დღეს მე სრულიად სხვა ადამიანი ვიქნებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს სწორედ იქ დავბრუნდით, მაშინდელი გამარჯვება გავაცოცხლეთ და ისე გამოვიღვიძეთ, როგორც არასდროს ბოლო 35 წლის განმავლობაში.

საპროტესტო აქციის მონაწილე. თბილისი, 9 მარტი 2023
საპროტესტო აქციის მონაწილე. თბილისი, 9 მარტი 2023

აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ არც ერთ ხელოვნების ნიმუშს არ მოუნიჭებია ჩემთვის ისეთი დიდი სიამოვნება, რაც ამ დღეებში საპროტესტო პოსტერების კითხვამ მომიტანა. ამ პოსტერებმა, ჩემი აზრით, ოკუპაციის მუზეუმში უნდა დაიდოს ბინა. სხვა თუ არაფერი, სწორედ ეს პოსტერები და წყლის ჭავლთან უმშვენიერესი, შეუპოვარი ცეკვა მოასწავებს იმას, რომ საქართველოს ახალგაზრდების ეს უშრეტი ენერგია, კრეატივი და სილაღე ხელოვნებასა და კულტურაში ახალი ძალითა და იდეებით აკუმულირდება და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! მიწაში რაა, ის ვიცი. მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები. ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!

ვინ გგონივართ, ბატონო, დამაკვირდით. ხელმწიფის ერთგულ კაცს მეუბნებით? ვაი, ამ შავ დღეს! ისე მიყურებ, ბატონო, რომ სულ მაკანკალებს, ეს რა მდუღარეში ვტუცე ფეხი. ჩემისთანა მართალი ხეც არ არის. მე არ ვარ ის კაცი, გაიგონეთ.

ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება... სირცხვილს რომ ჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო. ასეა..

ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა - გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...

უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.

რევოლუცია მოხდა? რას ლაპარაკობს ეს კაცი?! მერე? ეჰე! რევოლუცია მოხდა!

ახლა მე ტუსაღი კი არა ვარ. ახალთაობის კაცად მიცნეს. მე შემეშინდა? შე ჩიჩია - შე გლახა.

ჩამოხრჩობას რომ მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ ასე შეგრჩებოდათ?!. მოტყუილდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონია?!

ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი. დღე და ღამე პოლიცია მსდევდა. ხომ იცი, ჩვენ, სოციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით. რაც მე ხალხისთვის წვალება გადამხდა?! რაც ცეცხლის პირად ნაცარში გეგმები მომიქექია.

იცი, რა არის კაპიტალისტი? კაპიტალისტი - ფულია. იცი, რა არის სოციალისტი? სოციალისტი ამბობს, რომ საიქიოს ვერ ნახავო. მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე... სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!

გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის. მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! ამას მე გავყიდი, თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ. სოფელში ხიდს კი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა. პატარა საქმე ჭირივით მეზარება! დიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ. თქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს ხვითოსავით.

ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.

წყნარად იყავით, რწყილებივით!

როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულერთია თავი მე უნდა დამიკრას.

კარი ხომ მიუხურე!.. მერე, იქედან რომ გადმოცოცდნენ?

ვინა ხართ? ეს რა ამბავია?!!!

თუ ახლავე არ დაფანტულან, ამათი ზარბაზნებით, სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ.

მე კი გიშველით, მაგრამ მე ახლა ვინ მიშველის. კაცო, უთენიაში რომ დამეცი თავზე ამ ქვეყნის მთავრობა ვარო, ახლა ერთი ასეულიც არა გყავს?!.

დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს.

ახლა ბოლშევიკურად რომ გამოვიწყო პირი, და იქ დავბრუნდე? ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში მინდა გაწაფვა.

აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ... მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! მოდიან, მოდიან... ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!..

ბლოგი დაწერილია ნაწარმოების „ყვარყვარე თუთაბერის“ ციტატებით. 2023 წლის 7 მარტს „ყვარყვარე თუთაბერის“ ავტორს, მწერალ პოლიკარპე კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წელი შესრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG