Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 17 იანვარი. See content from before

ორშაბათი, 16 იანვარი 2023

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

2022 წლის დეკემბერში ბრიუსელში პოლიციამ დააკავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ბრალს სდებენ კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში. როგორც ამტკიცებენ, ბრალდებულები კატარისგან ქრთამის სანაცვლოდ ამ ქვეყნის ინტერესებს ლობირებდნენ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ევა კაილის, რომელსაც სკანდალამდე ბერძნული და ევროპული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, ჩამოართვეს იმუნიტეტიც და ვიცე-პრეზიდენტობაც. იმუნიტეტს მალე კიდევ ორ პარლამენტარსაც ჩამოართმევენ. თუმცა, კატარის სკანდალი ბრიუსელში კიდევ ბევრ ცვლილებას გამოიწვევს.

ევროპარლამენტი ამჟამად ახალ წესებსა და რეგულაციებს განიხილავს, რომლებმაც ბრიუსელს მომავალში მსგავსი სკანდალები უნდა აარიდოს თავიდან. ახალი ზომები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს დასავლეთ ბალკანეთის და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზეც - მათ ახლებური წესებით მოუწევთ ევროპარლამენტის ლობირება.

აქამდე ბრიუსელი ლობისტების სამოთხედ მიიჩნეოდა. ამ ქალაქში იკრიბება ათასობით პოლიტიკოსი, ოფიციალური პირი თუ დიპლომატი, რომლებსაც ბევრი წესი არ ზღუდავდა. ეს ვითარება, ალბათ, მალე შეიცვლება.

შემოთავაზებული რეფორმების თანახმად, უკეთ იქნება დაცული მამხილებლების (whistle-blowers) უფლებები. თუმცა ამასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის და ცვლილებების დანერგვას დრო დასჭირდება. ერთი შემოთავაზების მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი, დამოუკიდებელი ეთიკის კომისია, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს გააკონტროლებს და ევროკავშირის ოფიციალური პირების დაჯარიმების უფლება ექნება. ამბიციური გეგმაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განხორციელდეს.

სხვა წინადადებების თანახმად, ყოფილი ევროპარლამენტარებისთვის, შესაძლოა, დაწესდეს „მოსაცდელი პერიოდი“, ვიდრე მათ ლობისტად მუშაობა შეეძლებათ. ასევე ევროპარლამენტის მომავალი ღონისძიებების მონაწილეებს, შეიძლება, დაევალოთ გამჭვირვალობის რეესტრში ჩაწერა. კიდევ ერთი შემოთავაზებაა, რომ ევროპარლამენტარებისთვის სავალდებულო გახდეს, საჯაროდ განაცხადონ მესამე მხარესთან ყველა შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის მიერ მზადების პროცესში მყოფ ანგარიშთან ან რეზოლუციასთან იქნება კავშირში.

ამ ცვლილებებმა, შეიძლება, ისეთ ქვეყნებზეც მოახდინოს გავლენა, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო ან ჩრდილოეთი მაკედონია. ეს ქვეყნები ხშირად ისედაც სარგებლობენ ევროპარლამენტის მხარდაჭერით, თუმცა მათ ლობირება მაინც უწევთ ხოლმე - განსაკუთრებით იმ ანგარიშებთან და რეზოლუციებთან მიმართებით, რომლებიც მათ შეეხებათ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სავალდებულო ძალა არ გააჩნია და მათ ევროკავშირის პოლიტიკაზე დიდი ზეგავლენა არა აქვთ. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს რეზოლუციები ეხება, მედია მათ დიდ ყურადღებას უთმობს. ევროპარლამენტის მოწოდება, გამოუშვან ციხიდან საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, თბილისში შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა. ნოემბერში პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტ სახელმწიფოდ“ დაასახელა, რასაც მედიის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, როგორც ჩანს, კრემლის საპასუხო კიბერთავდასხმა გამოიწვია.

ზოგი შემოთავაზებული რეფორმა პირდაპირ შეეხება დასავლეთ ბალკანეთს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ერთი მათგანი კრძალავს ევროპარლამენტარების არაოფიციალურ გაერთიანებებს, ეგრეთ წოდებულ „მეგობრობის ჯგუფებს“ მესამე ქვეყნებთან. კიდევ ერთი შემოთავაზებაა, რომ ქვეყნებს ევროპარლამენტთან ოფიციალური ურთიერთობა შეეძლოთ მხოლოდ საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლით, ქვეყანაში მოქმედი ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციების ან პირდაპირ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მეშვეობით.

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

ესაა ფრაგმენტი რამდენიმე წლის წინ დაწერილი ჩანახატიდან, სადაც იმ ამბებს აღვწერდი, რომელიც საქართველოს სტუმრობას უძღოდა წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ უდროობისა თუ მოვლენათა სიუხვის გამო, ვერა და ვერ მოვუყარე ამბებს თავი, ერთადერთი ამ ეპიზოდის დაბეჭდვა გადავწყვიტე, რადგან მისი გმირი - ჩვენგან წასული ვახტანგ კიკაბიძეა... და, ცხადია, თვითმფრინავი.

ჩემს არცთუ მსუბუქ და შედარებით მსხვილ ფობიებს შორის, ერთ-ერთი არცთუ უმნიშვნელო ფობია თვითმფრინავით მგზავრობა იყო. ეს შიში დროთა განმავლობაში დაიძლია, მაგრამ 2006 წელს მას სრულად მოეცვა ჩემი ფსიქიკა და ნერვები. ეს შიში რომელიღაც გამოუცნობი და მომწამვლელი მცენარის სახით ყვაოდა ჩემს შიგნით და რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამგზავრების თარიღი, მით მეტად მიწამლავდა გუნება-განწყობას. ამ შიშის გენეზისის დასადგენად არასდროს წავსულვარ ფსიქოლოგთან და არც რაიმე წამალი მიმიღია ნევროზის თუ საკუთარი თავის მისაყუჩებლად, როგორც ეს ერთმა ჩემმა ნაცნობმა მოიმოქმედა. არც ჩემი უფროსი მეგობრის, დიდი ელინისტის ფილოსოფიურმა ხედვამ დამამშვიდა, რომელმაც ფატალისტური სიმშვიდით მამცნო, რომ შიში ვერაფერს დამაკლებდა, თუკი სიღრმისეულად გავაცნობიერებდი, რომ ერთი უბრალო ჭანჭიკი ვიყავი ამ სამყაროში და ჩემი შიშებით თუ ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებული სახელდაურქმეველი ვნებებით ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდი კოსმოსურ წესრიგს.

შესაძლოა მისთვის, ხანდაზმულ ასაკში შესული ადამიანისთვის შედარებით ადვილი ყოფილიყო ბედისწერისადმი ამგვარი მორჩილების განცდით ცხოვრება, მაგრამ საკუთარი თავის ასე ღირსეულად უგულებელყოფის უნარი ერთმნიშვნელოვნად არ შემეძლო 28 წლის ასაკში. ჩემმა შფოთვამ 2006 წლის ორი ოქტომბრისთვის მიაღწია კულმინაციას, რომელიც ჯერ დამასევდიანებელი, მერე კი ხასიათის მომშხამველი სიგნალების სახით ჩნდებოდა სექტემბრის ბოლოდან, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ადგილს ვერ ვპოულობდი სიხარულისა და იმ მნიშვნელობის გააზრებისგან, რაც საქართველოს სტუმრობის პერსპექტივას უკავშირდებოდა ფრანკფურტის ბაზრობაზე.

მაგრამ აი, მოვიდა წასვლის დრო, ვიღაცამ სადღაც უმნიშვნელოდ ახსენა, როგორ მოხვდა თვითმფრინავში ჯდომისას ტურბულენტურ ზონაში და მეც სახიფათოდ დავცქვიტე ყურები, მერე შფოთვით ავიხედე ცისკენ, როცა დიდი თვითმფრინავის ძრავების ხმა გავიგონე და აჰა, ზუსტად წასვლის წინ, ნატამალიც აღარ დავიტოვე ჩემი ოდინდელი ბედნიერი მოლოდინიდან. ჯინაზე, წვიმაც წამოვიდა იმ დღეებში და მიუხედავად იმისა, რომ პანიკის გამო ყველა დამცინოდა, უკვე ზრდილობიანი გაღიმებაც ვეღარ შევძელი ირონიული რეპლიკების სმენისას. ყველა - ეს იყო სოფო, რეალურად ახლად გაცნობილი მაშინ, რომელსაც სულ სხვა, არცთუ სასიამოვნო კუთხით უწევდა ახლა ჩემი გაცნობა და ვისაც ერთხელ ძილ-ღვიძილშიც კი დასცდა, რომ რამე რომ იყოს, ჰაერშივე დამიჭერდა. ბოდავდა საბრალო, რადგან სადღაც ცნობიერების ძირში ჩაჰყოლოდა ჩემი ნაძალადევი ხუმრობებით შენიღბული შფოთვები. მაგრამ მალე ხუმრობებიც გაქრა და დარჩა დიდი სევდა, შური იმ ხალხის მიმართ, ვისაც თვითმფრინავში ჩაჯდომა არ უწევდა ორიოდე დღეში - ბებიაჩემის მიმართ თუნდაც, რომელიც მობუზულ-ბრაზიანად ეკამათებოდა რომელიმე მისთვის მიუღებელ პოლიტიკოსს ტელევიზორში: "ჯიბგირო შენ, ჯიბგირო"; ან ავტობუსის გაჩერებაზე ჩამომდგარი მოწყენილი ადამიანების, რომლებიც ავტობუსით მგზავრობდნენ და არა თვითმფრინავით; ანდა თბილისის ჭადრებზე უზრუნველად მიმფსმელი ცუგების, რომლებიც, სავარაუდოდ, არასდროს მოხვდებოდნენ თვითმფრინავში და რომელიმე ჩემი მეგობრის, რომელიც დაუფიქრებელ რეპლიკებს წამოისროდა ჩემი თანდასწრებით: "ნეტა მე მივდიოდე, თუნდაც მთელი გზა ჯანჯღარებდეს..."

მომწამვლელი იდეა, რომ შესაძლოა არც წავსულიყავი, ზუსტად წასვლის წინა ღამეს გამიჩნდა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ლოკალურ, ოჯახურ და პროფესიულ სკანდალს, რადგან „პირველი არხი“, სადაც მაშინ ვმუშაობდი ახალ წიგნებზე მოსაუბრედ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მამგზავრებდა სიუჟეტის მოსამზადებლად. სწორედ მე დავიყოლიე ეს ხალხი, რომ ფრანკფურტის ბაზრობის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა და სწორედ მე ვიბრძოლე ჩემს პროდიუსერთან ერთად, რომ ტელევიზიას ჩვენი მგზავრობის ხარჯი გაეღო. ჩემი გამომცემლები, ბაკურ სულაკაური და თინა მამულაშვილი უკვე რამდენიმე წელია ფრანკფურტის ბაზრობის იდეით იყვნენ შეპყრობილები (ისევე როგორც მათი რამდენიმე კოლეგა) და იმ ეტაპზე მხოლოდ იმაზეღა ოცნებობდნენ, რომ საქართველოს ორ-სამ თაროზე მეტი მაინც ჰქონოდა ფრანკფურტში.

არადა, ჩემ ჯინაზე ჭექდა და ელავდა იმ ღამეს...

ჰოდა, აღარ წავედი...

დილით ჩემს პროდიუსერს დავურეკე და არგუმენტად არა ფობია, არამედ მაღალი სიცხე შევასაღე:

- არა ვარ კარგად...

პროდიუსერმა ვერაფრით ახსნა, მაინც როგორ მომეხერხებინა, რომ გუშინდელი თვითმფრინავი უჩემოდ გაფრენილიყო ფრანკფურტში და ნაწყენმა გამითიშა ტელეფონი. ბაზრობა ხვალ გაიხსნებოდა, მე კი თბილისში ვიჯექი და უნიჭოდ ვანსახიერებდი ძალად ავადმყოფს.

- ანუ აწი აღარსად წახვალ შენ ცხოვრებაში?! - მკითხა ჩემი შებოჭილობით შეწუხებულმა დედაჩემმა, რომელსაც ძალიან ეწყინა, რომ სამწუხარო ნევროზით შეპყრობილი შვილი ჰყოლია.

მისი შეკითხვა იმ ეპოქის გამოძახილად მივიჩნიე, როცა დაკეტილი საზღვრების გამო სრულიად შეუძლებელი იყო დასავლურ ქვეყნებში გამგზავრება, რადგან რაც არ უნდა ყოფილიყო, დედაჩემი ვერაფრით გაუგებდა ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით იტყოდა უარს ევროპაში მოგზაურობაზე.

სოფო, რომელსაც, როგორც ჩანდა, უშედეგოდ ჩაელაგებინა თავისი ბარგი, რაკი ისიც მომყვებოდა ფრანკფურტში, ზოგადად ჩემთან დაკავშირებული არჩევანით დაეჭვებული შემომყურებდა და, სავარაუდოდ, იმაზეც დაფიქრებულიყო, რამდენად ღირდა საერთოდ ბარგის ხელახლა ამოლაგება ბიოგრაფიულად...

ჰოდა, რახან ფრენის შიშზე ღრმა შიში ქალის მიმართ შიშია, უფრო სწორად კი, სიყვარულის დაკარგვის შიში, ეტყობა, ამ შიშმა შედარებით ობიექტურად დამანახა ჩემი ნევროზი და იმის ძალაც კი მომცა, რომ შეცდომა გამომესწორებინა და დაგვიანებით, მაგრამ მაინც წავსულიყავი ფრანკფურტში. ეს ჭეშმარიტების მომენტი იყო - უეცარი გამოფხიზლების, როცა თითქოსდა მთელი სისავსით აღვიქვი გარეთ გამომხტარი შიშის აბსურდულობა.

ახლა არ მახსოვს, ზუსტად, რას ვცდილობდი ან რატომ მჯეროდა, რომ გაფრენილ თვითმფრინავს ჰაერშივე დავეწეოდი ან ახალ რეისზე მოვხვდებოდი, მაგრამ, ფაქტია, რაღაც გონივრულ-ექსტრემალური სქემის მეშვეობით, იმ დღესვე შევეცადე, რომ ბილეთები ჯარიმის გათვალისწინებით გადაეცვალათ.

2006 წელს ჯერ კიდევ ბევრი სხვადასხვაფუნქციური ორგანიზაცია იყო ლოკალიზებული სასტუმრო "მეტეხში", მათ შორის, ავსტრიული ავიახაზების ოფისიც, სადაც მისვლისთანავე ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე უარი მივიღე ბილეთის გადაცვლაზე. კომპანიის წარმომადგენელ სანდომიან ავსტრიელ ქალს ვერაფრით ავუხსენი, რატომ გავაცდინე გუშინდელი რეისი, რადგან ის, რომ მწერალი ვიყავი და შინაგანი კონფლიქტები შემოქმედებითი ბუნების მქონდე ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი, დაუჯერებელ და თითქმის შეურაცხმყოფელ არგუმენტებად მიეღო. ქალი ვერაფრით მიხვდა, რა დამემართა, მაგრამ ის კი მომატყუა, რომ დღევანდელ რეისზე ადგილები აღარ მოიპოვებოდა. მორჩა, ვიფიქრე, ყველაფერი დასრულებულია, ვეღარ მივდივარ, სიყვარულს ვკარგავ, ჩემს პროდიუსერს სამსახურიდან აგდებენ, ფრანკფურტის ბაზრობა ბუნდოვანებაში იკარგება და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია...

- მეც რომ აგყევი, - გაბრაზდა სოფო, - არ უნდა დაგლოდებოდი, ტაქსი უნდა გამომეძახებინა, ძალით ჩამესვი და ისე წამეყვანე აეროპორტში...

მე პიანისტ რიხტერის მრავალგზის გამოთქმული სურვილი გამახსენდა, გონების გამთიშავი ნემსის გაკეთებას რომ სთხოვდა ცოლს თვითმფრინავში ჩასხდომის წინ, რათა ფრენის ცნობიერი აღქმა ვერ მოეხერხებინა...

ფრანკფურტი... წიგნის ბაზრობა... ლიტერატურა... რა ახლოს იყო ეს ყველაფერი და რა უცებ დამშორდა!

და აი, მოულოდნელად, სწორედ მაშინ, როცა თითქმის ზღვრულ ეტაპს მიაღწია ჩვენმა აპათიამ, ფოიეში ტკივილამდე ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა ქართული კინოფილმებიდან - კოხტად მოცმული შავი პიჯაკით, ელეგანტურად შეკრული ჰალსტუხით, თითებს შორის აბზრიალებული, ჯაჭვზე აცმული გასაღებით და უკვდავ ღიმილად აბრიალებული თეთრად მოელვარე კბილებით...

- ლაშა-ჯან, როგორ ხარ? - მკითხა ქართული კინო-ესტრადის ღმერთმა, რომლის გამოჩენასა და ღიმილს თითქოსდა გამამხნევებელ მუსიკალურ ფონად გამოჰყვა მის მიერვე მძლავრი ბარიტონით ნამღერი ოპტიმისტურ-მშობლიური: მე რა მამღერებს, უძირო ზეცა, ზამბახის ფერი...

არ ვიცი, რა კავშირში უნდა ყოფილიყო ქართული ესტრადის ღმერთი ვახტანგ კიკაბიძე ავსტრიულ ავიახაზებთან, მაგრამ რაღაც უცნაური შეგრძნების (თუ ინტუიციის წყალობით) მაშინვე მივხვდი, რომ ეს საოცარი კაცი უდავოდ მოძებნიდა გამოსავალს.

და მიუხედავად იმისა, რომ პირადად, თუ სწორად მახსოვდა, მანამდე მხოლოდ ერთხელ მენახა, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მოკლედ აღვუწერე ჩემი პრობლემა.

- ვაჰ, - ჩაილაპარაკა ღვთაებამ და მხოლოდ ესღა დააზუსტა, - მართლა ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობაა პლანეტაზე?

- ყველაზე, - დავუდასტურე მისი გულწრფელი ინტერესით გახარებულმა.

- დამელოდე, აბა. ეს ქალი ჩემი მეგობარია...

თითქოს კინოფილმ "მიმინოში" აღმოვჩენილიყავი - სსრკ ავიაციის გენერლის მისაღებში რომ შედის ესტრადის ღმერთის კინოგმირი...

მარჯვენა ჯიბეში ხელჩაყოფილმა ვახტანგ კიკაბიძემ (მარცხენით ჯერაც გასაღებს აბზრიალებდა) სიმბოლური დაკაკუნების შემდეგ შეაღო ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენლის ოფისის კარი და ათიოდ წუთში ბონვივანის აუღელვებლობით, ოღონდ კიდევ უფრო მხიარულად გაღიმებული გამობრუნდა იქიდან.

- პატარა ჯარიმას გადაიხდი, მეტი არაფერი, ბილეთი თქვენია, - ჩამიკრა თვალი და ისევ იმ გაუჟღერებელ-ტრიუმფალური საუნდტრეკით წავიდა დღევანდელი დღის სხვა კეთილი საქმეების მოსაგვარებლად, როგორც ჩემამდე მოსულიყო ცოტა ხნის წინ: ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო დაა...

ჩვენ პირღია შევყურებდით პრობლემების მომგვარებელ კინოგმირს...

ალბათ, რამდენს დახმარებია და რამდენი გაუმხნევებია ასე.

არსებითად ხომ აეროფობიითაც იმ დღეს განვიკურნე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG