Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარის სკანდალის შემდეგ ბრიუსელი ლობირების წესებს შეცვლის


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

2022 წლის დეკემბერში ბრიუსელში პოლიციამ დააკავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ბრალს სდებენ კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში. როგორც ამტკიცებენ, ბრალდებულები კატარისგან ქრთამის სანაცვლოდ ამ ქვეყნის ინტერესებს ლობირებდნენ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ევა კაილის, რომელსაც სკანდალამდე ბერძნული და ევროპული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, ჩამოართვეს იმუნიტეტიც და ვიცე-პრეზიდენტობაც. იმუნიტეტს მალე კიდევ ორ პარლამენტარსაც ჩამოართმევენ. თუმცა, კატარის სკანდალი ბრიუსელში კიდევ ბევრ ცვლილებას გამოიწვევს.

ევროპარლამენტი ამჟამად ახალ წესებსა და რეგულაციებს განიხილავს, რომლებმაც ბრიუსელს მომავალში მსგავსი სკანდალები უნდა აარიდოს თავიდან. ახალი ზომები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს დასავლეთ ბალკანეთის და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზეც - მათ ახლებური წესებით მოუწევთ ევროპარლამენტის ლობირება.

აქამდე ბრიუსელი ლობისტების სამოთხედ მიიჩნეოდა. ამ ქალაქში იკრიბება ათასობით პოლიტიკოსი, ოფიციალური პირი თუ დიპლომატი, რომლებსაც ბევრი წესი არ ზღუდავდა. ეს ვითარება, ალბათ, მალე შეიცვლება.

შემოთავაზებული რეფორმების თანახმად, უკეთ იქნება დაცული მამხილებლების (whistle-blowers) უფლებები. თუმცა ამასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის და ცვლილებების დანერგვას დრო დასჭირდება. ერთი შემოთავაზების მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი, დამოუკიდებელი ეთიკის კომისია, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს გააკონტროლებს და ევროკავშირის ოფიციალური პირების დაჯარიმების უფლება ექნება. ამბიციური გეგმაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განხორციელდეს.

სხვა წინადადებების თანახმად, ყოფილი ევროპარლამენტარებისთვის, შესაძლოა, დაწესდეს „მოსაცდელი პერიოდი“, ვიდრე მათ ლობისტად მუშაობა შეეძლებათ. ასევე ევროპარლამენტის მომავალი ღონისძიებების მონაწილეებს, შეიძლება, დაევალოთ გამჭვირვალობის რეესტრში ჩაწერა. კიდევ ერთი შემოთავაზებაა, რომ ევროპარლამენტარებისთვის სავალდებულო გახდეს, საჯაროდ განაცხადონ მესამე მხარესთან ყველა შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის მიერ მზადების პროცესში მყოფ ანგარიშთან ან რეზოლუციასთან იქნება კავშირში.

ამ ცვლილებებმა, შეიძლება, ისეთ ქვეყნებზეც მოახდინოს გავლენა, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო ან ჩრდილოეთი მაკედონია. ეს ქვეყნები ხშირად ისედაც სარგებლობენ ევროპარლამენტის მხარდაჭერით, თუმცა მათ ლობირება მაინც უწევთ ხოლმე - განსაკუთრებით იმ ანგარიშებთან და რეზოლუციებთან მიმართებით, რომლებიც მათ შეეხებათ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სავალდებულო ძალა არ გააჩნია და მათ ევროკავშირის პოლიტიკაზე დიდი ზეგავლენა არა აქვთ. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს რეზოლუციები ეხება, მედია მათ დიდ ყურადღებას უთმობს. ევროპარლამენტის მოწოდება, გამოუშვან ციხიდან საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, თბილისში შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა. ნოემბერში პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტ სახელმწიფოდ“ დაასახელა, რასაც მედიის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, როგორც ჩანს, კრემლის საპასუხო კიბერთავდასხმა გამოიწვია.

ზოგი შემოთავაზებული რეფორმა პირდაპირ შეეხება დასავლეთ ბალკანეთს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ერთი მათგანი კრძალავს ევროპარლამენტარების არაოფიციალურ გაერთიანებებს, ეგრეთ წოდებულ „მეგობრობის ჯგუფებს“ მესამე ქვეყნებთან. კიდევ ერთი შემოთავაზებაა, რომ ქვეყნებს ევროპარლამენტთან ოფიციალური ურთიერთობა შეეძლოთ მხოლოდ საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლით, ქვეყანაში მოქმედი ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციების ან პირდაპირ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მეშვეობით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG