Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 ივნისი. See content from before

კვირა, 29 მაისი 2022

ლევან ბერძენიშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბესიკ ხარანაული. (ფოტოს ავტორი: ლევან ბრეგაძე)
ლევან ბერძენიშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბესიკ ხარანაული. (ფოტოს ავტორი: ლევან ბრეგაძე)

თავიდანვე ვიტყვი, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ერთადერთი კაცი, ვისაც ყოველ შეხვედრაზე ხელზე ვკოცნი.

ამ კაცმა ათასობით ადამიანს შეაყვარა წიგნის კითხვა.

ამ კაცისთვის ბევრჯერ უგინებიათ, მიუყენებიათ შეურაცხყოფა, დარტყმა, ტკივილი, მაგრამ იგი ყოველთვის გადარჩებოდა ხოლმე. და გადაარჩენდა მას პირველ ყოვლისა სიყვარულის განსაკუთრებული უნარი. მოუსმინე, როგორ ჰყვება ლევანი რუსთაველზე, ვაჟაზე, გალაკტიონზე, ბარათაშვილზე, და შენ უეცრად ამჩატდები, თითქოს ფრთები გამოგესხა, როგორც პირველი სიყვარულისას. იქვე მოუსმინე მის ლექციებს დანტეზე და პოლ ვალერიზე, ტოლსტოიზე და დოსტოევსკიზე, კაფკასა და თომას მანზე, და მთელ ანტიკურ ლიტერატურაზე, და საბოლოოდ დარწმუნდები, რომ ამ კაცის გული პირდაპირ საწყაულია აღუვსებელი.

მე სხვა არავინ ვიცი, ამხელა სიყვარულს ატარებდეს თავისთავში. სიყვარული არის თავისუფლება. წიგნის კითხვა არის თავისუფლება. ლევან ბერძენიშვილი არის თავისუფლება. მისი სიტყვა თავისუფალი იყო ყოველთვის, პარლამენტშიც და ბიბლიოთეკაშიც, აუდიტორიაშიც და გულაგშიც, და ა.შ., და ა.შ. ლევან ბერძენიშვილის აკრძალვა ნიშნავს სიტყვის აკრძალვას, თავისუფლების აკრძალვას, სიყვარულის აკრძალვას. ყველაფერ იმის აკრძალვას, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.

ერთი წლის წინ ვწერდი ლევანზე. არ ვიცი, იმას კიდევ რა უნდა დავამატო. მხოლოდ გავიხსენებ, რომ მე მას იქ მამაზე მეტი ვუწოდე. მაგრამ მე არა ვარ მარტო ასეთი. კიდევ ბევრია, ძალიან ბევრი, ვისთვისაც ლევანს გაუკეთებია მის საკუთარ მამაზე მეტი. ლევანმა მათ წიგნის კითხვა შეაყვარა. შეაყვარა სიტყვა, თავისუფლება, სიყვარული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

გიორგი გვახარია. კანი, 21 მაისი, 2022 წ.
გიორგი გვახარია. კანი, 21 მაისი, 2022 წ.

მგონი პირველად ცხოვრებაში, კინორეჟისორების პრესკონფერენციაზე დასწრების სურვილი გამიჩნდა. ჯერ იყო და კირილ სერებრენიკოვისთვის მოვემზადე „ჩამჭრელი კითხვებით“, თუმცა ქართველებს მიკროფონი არ გადმოგვცეს, მერე კი რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს პრესკონფერენციაზე მისვლა დავგეგმე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორის ახალ ფილმს წლებია ველოდები. მუნჯიუ, რომელმაც თავის დროზე დებიუტით მოიგო „ოქროს პალმა“ (ფილმისთვის „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“), იღებს დიდხანს და მუდმივად ცვლის პროექტებს. მისი ახალი ფილმი „R.M.N“, ამბავი შუახნის ტრანსილვანიელ კაცზე, რომელიც ვერაფრით აწყობს ურთიერთობას ვერც ცოლთან, ვერც შიშისგან დამუნჯებულ შვილთან, ვერც უნგრელ საყვარელთან, იმდენად „სპეციფიკურად აქტუალურია“ დღევანდელი ცენტრალური ევროპისთვის, რომ იმათ, ვინც კარგად ვერ ვერკვევით ევროკავშირის ეკონომიკის ნიუანსებში, აუცილებლად გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია მის გასაგებად.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუმინელი რეჟისორი განზოგადებას ვერ ახერხებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი კინემატოგრაფიული ენა ამოწურულია.

არა, ცხადია, ელემენტარული ცოდნა იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, ყველას მეტ-ნაკლებად გვაქვს. ყველამ ვიცით, მაგალითად, რომ ირანში ირღვევა ადამიანის უფლებები და რომ რეალურად თანამედროვე ირანი სეკულარული სახელმწიფო არაა. ამიტომ შვედეთში მცხოვრები ირანელი რეჟისორის ალი აბასის საკონკურსო ფილმის „წმინდა ობობას“ პირველივე ეპიზოდებში ვხვდებით, რომ ამბავი „მეოჯახე“ კაცზე, რომელიც გადაწყვეტს გაწმინდოს თავისი ქალაქი მეძავებისგან, დაახრჩოს ყველა ცოდვილი ქალი, თანამედროვე ირანული საზოგადოების კრიტიკაში გადაიზრდება. მით უმეტეს, თუკი გვაქვს მწირი ინფორმაცია შვედეთში საცხოვრებლად დარჩენილ ავტორზე, რომელმაც „წმინდა ობობა“ თითქმის მთლიანად ევროპაში გადაიღო... ანუ გარემო მოგონილია, უფრო უხეშად რომ ვთქვათ - „ფეიკია“. როცა სახელმწიფოს, საზოგადოებას ადანაშაულებ იმაში, რომ ფაქტობრივად ქალების მკვლელობის თანამონაწილეა, მაშინ მაყურებელზე ემოციური ზემოქმედებისთვის თანამედროვე ირანის „ბუტაფორული“ გამოხატვა საკმარისი აღარაა.



კი, ქართველი „წმინდა ობობაში“ თავის ქვეყანასაც იცნობს (17 მაისი და 5 ივლისი გვაქვს გამოვლილი!), ისევე, როგორც კანის კონკურსში ჩართულ ასევე შვედურ ფილმში „ბიჭი სამოთხიდან“, რომლის რეჟისორმა ტარიკ სალეხმა ამხილა კორუფცია და ტერორიზმის მხარდაჭერა ეგვიპტის სასულიერო წრეებში.


მაგრამ მხატვრული ნაწარმოებისთვის, მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის სიახლოვე საკმარისი არაა. თანაც, თუკი ქართველს, არაბს ან სპარსს კინომ საკუთარი დუხჭირი ყოფა გაახსენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე კინო თუნდაც დასავლელ მაყურებელს აუჩქარებს გულს.

კინოს ისტორიაში ხშირად იხსენებენ ამერიკული „ოსკარის“ პირველ ლაურეატს ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ - ვიტორიო დე სიკას „შუშას“. საეჭვოა, ამერიკელი კინოაკადემიკოსები ნეორეალიზმის შედევრით მხოლოდ იმიტომ აღფრთოვანებულიყვნენ, რომ დე სიკამ დოკუმენტური სიზუსტით გამოხატა ომისშემდგომი იტალიის გაჭირვება. ცხადია, „შუშამ“ სწორედაც რომ პოეტური ენით დაუახლოვა ერთმანეთს ორი, უკიდურესად გამიჯნული სამყარო. მაგრამ ნეორეალიზმი კარგა ხანია დასრულდა. იტალიური კინო კი კანის ფესტივალის კონკურსის ყველაზე სუსტი სურათით, მარიო მარტონეს „ნოსტალგიითაა“ წარმოდგენილი.


ფესტივალის დღეებში ჟურნალი „Screen“ კრიტიკოსთა გამოკითხვას ატარებს ხოლმე. 2007 წლიდან ვესწრები კანის კინოფორუმს და ჯერ არ მახსოვს საკონკურსო ფილმების ასეთი მკაცრი შეფასება. დაიწუნეს ყველა - „ოქროს პალმის“ ლაურეატი რუბენ ოსტლუნდი ფილმისთვის „სევდის სამკუთხედი“ (უსაშველოდ სწორხაზოვანი სატირა თანამედროვე შეშლილ სამყაროზე), პოლონელი კლასიკოსი ეჟი სკალიმოვსკი მეტისმეტად მეორადი „იოსთვის“, დევიდ კრონენბერგი მოსაწყენი და ხელოვნურად შეკოწიწებული ფანტასტიკისთვის „მომავლის დანაშაული“. უსუსტეს კონკურსში, რომლის შესახებ დაწვრილებით ფესტივალის დახურვის შემდეგ გიამბობთ, ჯერჯერობით ორი ფილმია, რომელიც ეკადრება მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმს - კანის კინოფესტივალს. ესაა კორეელი რეჟისორის პაკ ჩხან უკის „წასვლის გადაწყვეტილება“ და ძმები დარდენების „ტარი და ლოკიტა“.

კანის 75-ე საერთაშორისო ფესტივალი კვირის ბოლოს დაიხურება, თუმცა წლევანდელი კინოფორუმის მთავარი ვარსკვლავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკია. პირადად ჩემთვის ზელენსკის სიტყვაში მთავარი „ახალი ჩაპლინის“ მოთხოვნილებაა. მთავარი სურვილია, დაიბადოს ხელოვანი, რომელიც კინოხელოვნებას „ხმას“ დაუბრუნებს. ე.ი. არა მარტო სათქმელს, არამედ პოეზიას, რომელსაც მთელი კონტინენტის გაერთიანება შეუძლია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG