Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბერძენიშვილის (ა)კრძალვა


ლევან ბერძენიშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბესიკ ხარანაული. (ფოტოს ავტორი: ლევან ბრეგაძე)
ლევან ბერძენიშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბესიკ ხარანაული. (ფოტოს ავტორი: ლევან ბრეგაძე)

თავიდანვე ვიტყვი, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ერთადერთი კაცი, ვისაც ყოველ შეხვედრაზე ხელზე ვკოცნი.

ამ კაცმა ათასობით ადამიანს შეაყვარა წიგნის კითხვა.

ამ კაცისთვის ბევრჯერ უგინებიათ, მიუყენებიათ შეურაცხყოფა, დარტყმა, ტკივილი, მაგრამ იგი ყოველთვის გადარჩებოდა ხოლმე. და გადაარჩენდა მას პირველ ყოვლისა სიყვარულის განსაკუთრებული უნარი. მოუსმინე, როგორ ჰყვება ლევანი რუსთაველზე, ვაჟაზე, გალაკტიონზე, ბარათაშვილზე, და შენ უეცრად ამჩატდები, თითქოს ფრთები გამოგესხა, როგორც პირველი სიყვარულისას. იქვე მოუსმინე მის ლექციებს დანტეზე და პოლ ვალერიზე, ტოლსტოიზე და დოსტოევსკიზე, კაფკასა და თომას მანზე, და მთელ ანტიკურ ლიტერატურაზე, და საბოლოოდ დარწმუნდები, რომ ამ კაცის გული პირდაპირ საწყაულია აღუვსებელი.

მე სხვა არავინ ვიცი, ამხელა სიყვარულს ატარებდეს თავისთავში. სიყვარული არის თავისუფლება. წიგნის კითხვა არის თავისუფლება. ლევან ბერძენიშვილი არის თავისუფლება. მისი სიტყვა თავისუფალი იყო ყოველთვის, პარლამენტშიც და ბიბლიოთეკაშიც, აუდიტორიაშიც და გულაგშიც, და ა.შ., და ა.შ. ლევან ბერძენიშვილის აკრძალვა ნიშნავს სიტყვის აკრძალვას, თავისუფლების აკრძალვას, სიყვარულის აკრძალვას. ყველაფერ იმის აკრძალვას, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.

ერთი წლის წინ ვწერდი ლევანზე. არ ვიცი, იმას კიდევ რა უნდა დავამატო. მხოლოდ გავიხსენებ, რომ მე მას იქ მამაზე მეტი ვუწოდე. მაგრამ მე არა ვარ მარტო ასეთი. კიდევ ბევრია, ძალიან ბევრი, ვისთვისაც ლევანს გაუკეთებია მის საკუთარ მამაზე მეტი. ლევანმა მათ წიგნის კითხვა შეაყვარა. შეაყვარა სიტყვა, თავისუფლება, სიყვარული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG