Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 11 მარტი. See content from before

ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

ამ ომის ავტორზე ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი ითქმება. ყველა თავისებურად სწორიც იქნება და არასწორიც. ზოგი ისე დაბეჯითებით ლაპარაკობს პუტინის გონებრივ შესაძლებლობებზე, გეგონება, ესმის მისი. მე კი არ მესმის. პუტინის რომ მესმოდეს, მაშინ ცოტა ჩემშიც უნდა იყოს ის შხამი, რაც მასში თუხთუხებს.

რა აღარ ითქვა პუტინის ფსიქიკურ მონაცემებზე. რა ეპითეტები აღარ იხმარეს - სატანიდან საჭურისამდე. სვეტლანა ალექსიევიჩი იმასაც ამბობს, პუტინს ზელენსკის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვსო, ეს ბებრული, იმპოტენტური სიძულვილიაო. ვინ აღარ გამოთვალა მის ფეხსაცმელში ჩამალული დამატებითი ქუსლის სიმაღლე. ვინ აღარ გაუზომა რუსეთის პრეზიდენტს პენისის სიგრძე, ვინ აღარ დაასკვნა, რომ იგი პატარა კაცია პატარა ჭუჭუთი. ყველაფერ ამას და ამაზე უარესსაც იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა სიტყვით შევამკობთ მას? არ იქნებოდა პუტინი, იქნებოდა სხვა. სანამ იქნება ადამიანი, მუდამ იქნება ომი.

ამ ომს, ომს გრძელი მაგიდის რაინდსა და რკინის კლოუნს შორის, არ ეყოლება გამარჯვებული. აქ ყველა უკვე დავმარცხდით. ჩვენ წავაგეთ, თუნდაც გმირები ბლომად ჰყავდეს ამ ხოცვა-ჟლეტას - კუნძულ ზმეინის ყოველი მესაზღვრიდან ნებისმიერ უცნობ გოგონამდე, ავტომატით ხელში რომ იცავს თავის მიწას. კიდევ უფრო მეტიც ეყოლება. მაგრამ ეს ვერ შეცვლის ამ ომის მთავარი გმირის, რკინის კლოუნის ბედისწერას, რომლის სიკვდილსაც სულგანაბული ელის მსოფლიო. რასაკვირველია, პრეზიდენტი ზელენსკი გმირია, მაგრამ მის კანონიზაციას სიკვდილი სჭირდება. სამწუხაროდ. ცოცხალს - სულერთია, დევნილობაში თუ ტყვეობაში, - მტერიც და მოყვარეც ხინჯს მოუძებნის. სიკვდილი კი ის წყალი იქნება, რომელიც მის სახელს სამუდამოდ გაწმენდს ყოველი მინარევისგან.

ამ ომმა ლამის ყველა ნერვი გააშიშვლა. პუტინის მუქარამ ბევრს დაუფრთხო მშვიდი ძილი. რაღაც აზრით, პრეზიდენტმა უკვე დააჭირა წითელ ღილაკს თითი და ცაში აფრენილი ატომური ბომბი ახლა ჩვენს თავზე ჰკიდია, როგორც დამოკლეს მახვილი. ჩვენ ახლა ამ ბომბის ჩეროში ვცხოვრობთ. პუტინსაც ეს უნდა, რომ ჩვენ მოსვენება დავკარგოთ და შიშით ვძრწოდეთ, როგორც წიწილები ქორის ჩრდილქვეშ.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ვეღარ ვწყდებით ტელეფონის თუ ტელევიზორის ეკრანს, საიდანაც შიში ულევად მოედინება. შიში მძიმე ნარკოტიკია, რომელმაც შეიძლება უფრო მოგხიბლოს, ვიდრე სიყვარულმა. ამიტომაც იგი სრულიად გიცვლის სამყაროს აღქმას. ეს ფიზიოლოგიური ამბავია, ერთხელ მაინც თუ გაუგე ამას გემო, მერე უკვე ორგანიზმი მოგთხოვს თავის დოზა შიშს.

ეს ომი ისეთივე საშინელია, როგორც ყველა ომი. ვინც იცის ომის ლიტერატურა, ისიც ეცოდინება, რა ჯოჯოხეთი, რა სიმხეცე ტრიალებს ამ დროს კაცთა შორის. აქამდე მეგონა, რომ არაფერია, არაფერია, არაფერია მკვდარ ბავშვებზე უფრო საშინელი. თუმცა იუთუბი დღეს სავსეა ტყვეთა ვიდეოებით, სადაც რუსი ბიჭები დედებს ურეკავენ და ტირილით უყვებიან თავიანთ ამბებს უკრაინაში. უყვებიან, რომ ტყვედ არიან ჩავარდნილნი, რომ მთელი მათი რაზმი ამოწყდა… დედებს კი არ ესმით, არ ეხებათ შვილების ამბები. ერთი მშვიდად ეკითხება, შვილო, შენი ტანკი სად არისო? თითქოს მისმა ბიჭმა პლასტმასის სათამაშო ტანკი ქვიშაში დაკარგა. მეორე სიტყვას აწყვეტინებს აზლუქუნებულ შვილს, შენი უფროსი სერგეი ივანოვიჩი თუ ივან სერგეევიჩი ცოცხალიაო? მესამის ზარს შემთხვევით მამა უპასუხებს, რომელიც, შვილის ტყვეობის ამბავს რომ იგებს, იმ შვილს ეუბნება, მოიცა, დედაშენს დავუძახებო. ვინ იცის, რა უფრო საშინელია, მკვდარი ბავშვები თუ არსიყვარულის შვილები?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

კვირის დასაწყისში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა ევროკომისიას სთხოვეს, შეეფასებინათ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე. ამით ეს ტრიო რეალურად შეუდგა გრძელ, გრძელ გზას ბრიუსელამდე. იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის ჩავლენ დანიშნულების ადგილას, ამ გაურკვეველ დროში შეუძლებელია - მთელი კონტინენტი იცვლება და, ომის შემდეგ, შესაძლოა ევროპული პოლიტიკის ახალი ერა დაიწყოს.

თუმცა ის კი ზუსტად ვიცით, რომ რაგინდ დიდი იყოს საზოგადოების სიმპათია და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, ეს სამეული მაინც ბლოკის წევრობის მსურველების რიგის ბოლოს დაიკავებს და წინ კიდევ დიდხანს ვერ წაიწევს.

სავარაუდოა, რომ კომისიის მიერ განაცხადების შეფასებას თვეები დასჭირდება. ყველაზე სწრაფად საქმე აქამდე 6 თვეში განუხილავთ, როდესაც განაცხადი ისლანდიამ შეიტანა - ათი წლის წინანდელი საბანკო კრიზისის დროს. წევრობის მსურველი სამი ქვეყნის დედაქალაქებში კითხვარს გააგზავნიან - სხვადასხვა სახის პოლიტიკური შეკითხვებით, რომლებზე პასუხსაც დრო დასჭირდება. შემდეგ ამ დოკუმენტს არაერთხელ გააგზავნიან წინ და უკან. თუ კომისია რომელიმე ამ ქვეყნის წევრობის რეკომენდაციას გასცემს (და ეს ჯერ კიდევ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას), შემდეგ ამ რეკომენდაციას ევროსაბჭო განიხილავს და იმსჯელებს, უნდა მისცენ თუ არა რომელიმეს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ კომისიამ უნდა შეიმუშაოს გაწევრიანების ჩარჩო, სადაც ასახული იქნება ევროკავშირის კანონები და რეგულაციები 30 სხვადასხვა სფეროში - სოფლის მეურნეობაში, სამართალში, შიდა და გარე პოლიტიკაში - რომელთა მიღებაც დაევალებათ კანდიდატებს (ან კანდიდატს).

მართალია, ყველა ქვეყანა განსხვავებულია - ყველას თავისი უნიკალური საშინაო, რეგიონული და საერთაშორისო ვითარება აქვს და ამიტომ პირდაპირ მათ ერთმანეთს ვერ შევადარებთ, მაინც შეიძლება შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ. ამით დაახლოებით გვეცოდინება, თუ რა ვადებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. გაფართოების ამჟამინდელ პროცესში ყველაზე წინ მონტენეგროა. მან ალიანსის წევრობა ოფიციალურად 2008 წელს ითხოვა. ორი წლის შემდეგ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და, 2012 წელს, დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. განაცხადის გაკეთებიდან 14 წლის შემდეგ მან მოლაპარაკების 33 პუნქტიდან მხოლოდ სამის დახურვა მოახერხა. რაც იმას ნიშნავს, რომ მონტენეგროელებს წინ რეფორმების მრავალი წელი აქვთ, ვიდრე ევროკავშირის მოქალაქეები გახდებიან.

ამ კონტექსტში ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონტენეგრო მოლდოვაზე, საქართველოსა და უკრაინაზე უფრო პატარაა და უფრო მდიდარია. იქ ასევე არ არის გაყინული თუ გახურებული კონფლიქტები. ამ მხრივ კი შეიძლება ღირდეს სერბეთის მაგალითის განხილვა - მათი ტერიტორიული საკითხები სამეულისგან განსხვავებულია, მაგრამ მაინც - ბელგრადს მოუწევს კოსოვოსთან დაკავშირებით ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღწევა, ვიდრე მას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ექნება. სერბეთმა ალიანსის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა და მას შემდეგ მოლაპარაკების ყველა ნაწილი არც კი გაუხსნია და მხოლოდ ორი დახურა.

მონტენეგროშიც და სერბეთშიც სერიოზული პრობლემაა კორუფცია, სასამართლო და პოლიტიკური სისტემები - მსგავსად მოლდოვისა, საქართველოსი და უკრაინისა. მოლაპარაკებების გაჭიანურებას სხვა მიზეზიც აქვს - ევროკავშირს ახლა გაფართოება ძალიან არ უნდა. ეს შესაბამის დოკუმენტებშიც აისახა, სადაც დასავლეთის ქვეყნებმა - საფრანგეთმა და ნიდერლანდმა - ეჭვქვეშ დააყენეს თვით სიტყვა „გაფართოების“ ხსენებაც კი.

ეს კი დიდი წინაღობაა, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თითქმის მთელ ამ პროცესს განაგებენ. ყველაფერი, დაწყებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან, მოლაპარაკებების პუნქტების გახსნითა და დახურვით გაგრძელებული, მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება 27-ვე წევრმა ერთხმად მიიღოს. ამის საუკეთესო - და ყველაზე სამწუხარო ილუსტრაცია ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითია, რომელმაც კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერაც არ დაუწყია, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ამას, სხვადასხვა მიზეზით, ბლოკავდნენ ჯერ საბერძნეთი, შემდეგ საფრანგეთი და ბოლოს, ბულგარეთი.

მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ განაცხადი ამ მტრულ გარემოში შეიტანეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ორი ფრონტი პრინციპულად შეიცვლება: ერთი, რომ ევროკავშირი ისევ მოისურვებს გაფართოებას და მეორე, რომ ის როგორღაც გადაახტება ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რომლებიც თან ახლავს ევროკავშირის გაფართოებას.

არგუმენტი ასეთია - რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს გმირული ბრძოლისთვის და ასევე ის, რომ ისინი სწორედ ევროკავშირისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს იცავენ. კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული მინიჭება ბრიუსელის მიერ გაგზავნილი საუკეთესო სიგნალი იქნებოდა. ამ აზრს იზიარებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანასა და ირლანდიაში. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მოსახლეობაში უკრაინის მიმართ ბოლო დღეებში გაჩენილი სიმპათია ევროკავშირის ლიდერებსაც უბიძგებს მოქმედებისკენ.

მოლდოვასა და საქართველოს ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. უკრაინის ზოგიერთი მხარდამჭერი იმასაც ფიქრობს, რომ მათი განაცხადები კიევს გაურთულებს საქმეს და დასავლეთის ზოგ ქვეყანას აფიქრებინებს, რომ მთელი ეს პროცესი „მეტისმეტია“. მათ ურჩევნიათ „1+2 ვარიანტი“, სადაც უპირატესობა უკრაინას ენიჭება. ერთი ოპტიმისტური ვარაუდია, რომ კიევს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ დამატებითი დათქმებით, რომ ეს სტატუსი პირობითია და კომისიის პოზიტიურ შეფასებას საჭიროებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი წევრი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, რეგულარულ პროცედურებს ახლაც აქვს ფასი. სხვა თუ არაფერი, გასათვალისწინებელია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც და თურქეთიც, რომელმაც კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო და ბოლო ათი წელია მოლაპარაკებები წინ არ დაძრულა.

ისიც საკითხავია, სურთ თუ არა მათ, რომ ბრიუსელის გზა გახსნან. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბოლო დღეებში არაერთი ტაბუ გადალახეს და რუსეთს ისეთი სანქციები დაუწესეს ისე სწრაფად, როგორსაც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა: მესამე ქვეყნისთვის ტკივილის მიყენება ერთია და ევროკავშირის საერთო სახლის წესების შეცვლა და შესაძლო გაფართოება სულ სხვა და ხანგრძლივი პროცესია.

მოლდოვისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის გზა აქ იწყება. პეიზაჟი ყოველ წამს იცვლება. თუმცა, ჰორიზონტზე მხოლოდ ყველაზე მკრთალი შუქი მოჩანს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG