Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსიყვარულის შვილები


ამ ომის ავტორზე ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი ითქმება. ყველა თავისებურად სწორიც იქნება და არასწორიც. ზოგი ისე დაბეჯითებით ლაპარაკობს პუტინის გონებრივ შესაძლებლობებზე, გეგონება, ესმის მისი. მე კი არ მესმის. პუტინის რომ მესმოდეს, მაშინ ცოტა ჩემშიც უნდა იყოს ის შხამი, რაც მასში თუხთუხებს.

რა აღარ ითქვა პუტინის ფსიქიკურ მონაცემებზე. რა ეპითეტები აღარ იხმარეს - სატანიდან საჭურისამდე. სვეტლანა ალექსიევიჩი იმასაც ამბობს, პუტინს ზელენსკის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვსო, ეს ბებრული, იმპოტენტური სიძულვილიაო. ვინ აღარ გამოთვალა მის ფეხსაცმელში ჩამალული დამატებითი ქუსლის სიმაღლე. ვინ აღარ გაუზომა რუსეთის პრეზიდენტს პენისის სიგრძე, ვინ აღარ დაასკვნა, რომ იგი პატარა კაცია პატარა ჭუჭუთი. ყველაფერ ამას და ამაზე უარესსაც იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა სიტყვით შევამკობთ მას? არ იქნებოდა პუტინი, იქნებოდა სხვა. სანამ იქნება ადამიანი, მუდამ იქნება ომი.

ამ ომს, ომს გრძელი მაგიდის რაინდსა და რკინის კლოუნს შორის, არ ეყოლება გამარჯვებული. აქ ყველა უკვე დავმარცხდით. ჩვენ წავაგეთ, თუნდაც გმირები ბლომად ჰყავდეს ამ ხოცვა-ჟლეტას - კუნძულ ზმეინის ყოველი მესაზღვრიდან ნებისმიერ უცნობ გოგონამდე, ავტომატით ხელში რომ იცავს თავის მიწას. კიდევ უფრო მეტიც ეყოლება. მაგრამ ეს ვერ შეცვლის ამ ომის მთავარი გმირის, რკინის კლოუნის ბედისწერას, რომლის სიკვდილსაც სულგანაბული ელის მსოფლიო. რასაკვირველია, პრეზიდენტი ზელენსკი გმირია, მაგრამ მის კანონიზაციას სიკვდილი სჭირდება. სამწუხაროდ. ცოცხალს - სულერთია, დევნილობაში თუ ტყვეობაში, - მტერიც და მოყვარეც ხინჯს მოუძებნის. სიკვდილი კი ის წყალი იქნება, რომელიც მის სახელს სამუდამოდ გაწმენდს ყოველი მინარევისგან.

ამ ომმა ლამის ყველა ნერვი გააშიშვლა. პუტინის მუქარამ ბევრს დაუფრთხო მშვიდი ძილი. რაღაც აზრით, პრეზიდენტმა უკვე დააჭირა წითელ ღილაკს თითი და ცაში აფრენილი ატომური ბომბი ახლა ჩვენს თავზე ჰკიდია, როგორც დამოკლეს მახვილი. ჩვენ ახლა ამ ბომბის ჩეროში ვცხოვრობთ. პუტინსაც ეს უნდა, რომ ჩვენ მოსვენება დავკარგოთ და შიშით ვძრწოდეთ, როგორც წიწილები ქორის ჩრდილქვეშ.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ვეღარ ვწყდებით ტელეფონის თუ ტელევიზორის ეკრანს, საიდანაც შიში ულევად მოედინება. შიში მძიმე ნარკოტიკია, რომელმაც შეიძლება უფრო მოგხიბლოს, ვიდრე სიყვარულმა. ამიტომაც იგი სრულიად გიცვლის სამყაროს აღქმას. ეს ფიზიოლოგიური ამბავია, ერთხელ მაინც თუ გაუგე ამას გემო, მერე უკვე ორგანიზმი მოგთხოვს თავის დოზა შიშს.

ეს ომი ისეთივე საშინელია, როგორც ყველა ომი. ვინც იცის ომის ლიტერატურა, ისიც ეცოდინება, რა ჯოჯოხეთი, რა სიმხეცე ტრიალებს ამ დროს კაცთა შორის. აქამდე მეგონა, რომ არაფერია, არაფერია, არაფერია მკვდარ ბავშვებზე უფრო საშინელი. თუმცა იუთუბი დღეს სავსეა ტყვეთა ვიდეოებით, სადაც რუსი ბიჭები დედებს ურეკავენ და ტირილით უყვებიან თავიანთ ამბებს უკრაინაში. უყვებიან, რომ ტყვედ არიან ჩავარდნილნი, რომ მთელი მათი რაზმი ამოწყდა… დედებს კი არ ესმით, არ ეხებათ შვილების ამბები. ერთი მშვიდად ეკითხება, შვილო, შენი ტანკი სად არისო? თითქოს მისმა ბიჭმა პლასტმასის სათამაშო ტანკი ქვიშაში დაკარგა. მეორე სიტყვას აწყვეტინებს აზლუქუნებულ შვილს, შენი უფროსი სერგეი ივანოვიჩი თუ ივან სერგეევიჩი ცოცხალიაო? მესამის ზარს შემთხვევით მამა უპასუხებს, რომელიც, შვილის ტყვეობის ამბავს რომ იგებს, იმ შვილს ეუბნება, მოიცა, დედაშენს დავუძახებო. ვინ იცის, რა უფრო საშინელია, მკვდარი ბავშვები თუ არსიყვარულის შვილები?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG