Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 12 ოქტომბერი. See content from before

სამშაბათი, 4 ოქტომბერი 2022

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უკრაინის გადაწყვეტილებას, ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შესახებ, ბრიუსელში გაკვირვებით შეხვდნენ. ამ ნაბიჯს ცოტა თუ ელოდა და, თუმცა იქ კიევს დიდი სიმპათიით უყურებენ, არ არის მოსალოდნელი, რომ ქვეყანას ალიანსში დაჩქარებული წესით მიიღებენ, როგორც ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა. ეგ კი არა, ამ საკითხს ალბათ დიდხანს არავინ მოუბრუნდება.

ნატოს ოფიციალური პირები ამ საკითხს ასე განიხილავენ - მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის განცხადების დრო. უკრაინის პრეზიდენტმა ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების მოთხოვნა დაამთხვია ვლადიმირ პუტინის მოწყობილ შოუს მოსკოვში, სადაც მან უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შესახებ განაცხადა და მორიგჯერ დაემუქრა დასავლეთს ატომური იარაღით. ზელენსკის კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს მედია. მას სჭირდებოდა პუტინისთვის ყურადღების წართმევა, - მითხრა ევროკავშირის ერთმა ჩინოვნიკმა. გამოუვიდა კიდეც - ცოტა ხანს ხალხი კრემლის ბოლო გადაწყვეტილების გარდა სხვა რამეებზეც ალაპარაკდა. თუმცა, ეს ლაპარაკი დიდხანს არ გასტანს.

კიევს მსგავსი ნაბიჯი მანამდეც გადაუდგამს. ომის დასაწყისში მუდმივად ისმოდა მოწოდებები უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის გამოცხადების შესახებ. უკრაინის ხელისუფლება ამას რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა, ექსპერტები პლუსებს და მინუსებს განიხილავდნენ... თუმცა, პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელი იყო, საუბარი ამასთან დაკავშირებით მალევე მიჩუმდა, მარტის შემდეგ ეს მოთხოვნა მაინცდამაინც არავის გაუჟღერებია.

უკრაინის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ იგივე ბედი ელის, იმავე მიზეზით: დასავლეთს, რომელსაც ამჯერად ნატო წარმოადგენს, არ სურს ამ კონფლიქტში ჩართვა. ამის უკეთ გასაგებად შეგვიძლია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია გავიხსენოთ, რომელიც ბრიუსელში, ზელენსკის განცხადებიდან რამდენიმე საათში ჩატარდა.

კი, მან თქვა, რომ „ევროპის ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, ნატოში გაწევრიანება მოითხოვოს“ და რომ „ნატოს კარი კვლავინდებურად ღიაა“. ნატო მრავალი წელია მსგავს განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან (და ნატოს ასპირანტ სხვა ქვეყნებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოსთან) მიმართებით. თუმცა, ამ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგის ნათქვამი სხვა ორი წინადადება იყო ყურადსაღები.

პირველი ასე ჟღერდა: „ნატო ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ არის“. მან ეს ფრაზა 18-წუთიანი შეხვედრისას კიდევ ორჯერ გაიმეორა. ნატო მზად არის თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვას და კიევს რუსეთის დასამარცხებლად იარაღითა და საბრძოლო მასალით დაეხმაროს. თუმცა, სხვა ფორმით ნატო მონაწილეობას არ მიიღებს. ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, კიევი ალიანსის წევრობას ვერც მიუახლოვდება. იგივე შეეხება საქართველოსაც, თავისი გაყინული კონფლიქტებით.

სტოლტენბერგის მეორე წინადადება კი ასეთი იყო: „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს გზა, თავად გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის უსაფრთხოების მოწყობის ნაწილი გახდეს. გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას კი, რა თქმა უნდა, 30-ივე მოკავშირე იღებს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის პრინციპით ვიღებთ“.

კონსენსუსის საჭიროება უკრაინის ყველა იმედს ასამარებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სხვა თუ არაფერი, ფინეთის და შვედეთის მაგალითს შევხედოთ. მათ ნატოში გაწევრიანების განაცხადი მაისში გააკეთეს. პროცესი დაჩქარებულად წარიმართა - ზოგი ნაბიჯი გამოტოვეს, ზოგიც ძალიან სწრაფად გაიარეს. ერთი პერიოდი ელოდნენ, რომ ეს წყვილი ალიანსს ზაფხულში შეუერთდებოდა. ახლა ოქტომბერია და თურქეთის პარლამენტი თუ პრეზიდენტი არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ვიდრე სტოკჰოლმი დათმობებზე არ წავა. არც უნგრეთის კანონმდებლები ჩქარობენ კენჭისყრას.

უკრაინის წევრობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანამ დაუჭირა მხარი და მათ რიცხვს სავარაუდოდ სხვებიც შეუერთდებიან, თუმცა 30-ივეს (32-ის, როდესაც შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან) კონსენსუსამდე ჯერ ძალიან შორია.

ნატომ შეიძლება შეცვალოს მიდგომა, რომელიც ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით აქვს. აქამდე მთავარი მექანიზმი MAP-ი იყო, რომელიც ავტომატურად ნატოს მომავალ წევრობას არ ნიშნავს. ფინეთი და შვედეთი ამ ნაბიჯს გადაახტნენ. ბოსნია-ჰერცეგოვინას კი 2010 წლიდან აქვს და გაწევრიანებას ოდნავაც არ დაახლოებია. უკრაინა და საქართველო კი ჯერ ამ მექანიზმის მიღებიდანაც შორს არიან.

ნატოს მორიგი სამიტი ვილნიუსში ჩატარდება 2023 წელს. შეიძლება, რომ ამ შეხვედრაზე კიევს ან თბილისს (ან ორივეს) MAP-ი მიანიჭონ. თუმცა, ნატოში ეს პოლიტიკურად სენსიტიური აბრევიატურაა, ამიტომ შეიძლება სხვა სახელი მოუძებნონ - „საგზაო რუკა“ ან „კონსულტაცია წევრობასთან დაკავშირებით“. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსენსუსი სჭირდება და ეს გაწევრიანებას ძალიან ხანგრძლივ პროცესად აქცევს.

იმისთვის, რომ უკრაინა ნატოს წევრობას დაუახლოვდეს, მომდევნო სამიტამდე ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს - ფრონტის ხაზზეც და ალიანსის პოლიტიკურ სალონებშიც.

ამ კვირას პრაღა ევროპული პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდება. კონტინენტის თითქმის ყველა ლიდერი შეიკრიბება 6-7 ოქტომბერს ორ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი განიხილავენ ომს უკრაინაში და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამ კონფლიქტს პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში. აი, რას უნდა ველოდეთ.

რა ხდება?

ევროპის ყველა ქვეყნის ლიდერი, ბელარუსისა და რუსეთის გარდა, 6 ოქტომბერს პრაღის ციხესიმაგრეში შეიკრიბება კონტინენტზე შექმნილი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. უპირველესი თემა, ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ამ შეხვედრით გაიხსნება ევროპის „პოლიტიკური საზოგადოება“ - European Political Community (EPC) - ინიციატივა, რომლითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მაისში.

მეორე დღეს, 7 ოქტომბერს კი ჩეხეთის დედაქალაქი უმასპინძლებს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს. 27 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ენერგეტიკულ კრიზისსა და მომავალ მძიმე ზამთარს.

ვინ დაესწრება?

მოსაწვევი, როგორც ჩანს, ევროპის 44 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნეს. ევროკავშირის დიპლომატმა არაფორმალურად გვითხრა, რომ „ყველასგან პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს, თუმცა ზოგს საბოლოო პასუხი ჯერ არ გაუცია“.

როგორც ამბობენ, ყოყმანობენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და თურქეთის ლიდერი, რეჯებ ტაიპ ერდოანი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეკრებილებს ვირტუალურად მიმართავს და ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს მიავლენს.

რა არის EPC?

ჯერ ის ვთქვათ, თუ რა არ არის. ის არ ცვლის არსებულ პოლიტიკურ სტრუქტურებსა და პროცესებს და არც ახლის შექმნა სურს. ევროკავშირის დიპლომატები მუდმივად ამტკიცებენ, რომ ეს ევროკავშირის დაწყებული პროცესი არ არის, ის უბრალოდ ფასილიტატორის როლს თამაშობს და არ ჩაანაცვლებს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შეხვედრის ბოლოს არც დეკლარაციას და არც რამე წერილებით დოკუმენტს არ მიიღებენ - ეცდებიან, რომ თავიდან აირიდონ მსგავსი შეხვედრებისთვის დამახასიათებელი ვაჭრობა ფრაზეოლოგიასთან დაკავშირებით.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე? არსებითად, ეს არის ახალი პლატფორმა ევროპის ლიდერებისათვის, რათა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეიკრიბონ და მიმდინარე საკითხები განიხილონ. ამ მიზნისთვის შექმნილი სტრუქტურები თითქოს უკვე არსებობს, თუმცა, როგორც ერთმა დიპლომატმა ანონიმურად მითხრა: „ბევრი დიდი საქმე დაწყებულა შეხვედრით. პროცესის დასაწყისია - ვნახოთ რა მოჰყვება“.

რამე კონკრეტულ შედეგებს ველით?

საოჯახო ფოტოს გადაიღებენ, თუ ეგ ითვლება. ისე კი, შედეგი ის იქნება, რომ შეხვედრა გაიმართა. ეგეც საქმეა - მაშინ, როდესაც რუსეთი მობილიზაციას აცხადებს და გაყალბებული რეფერენდუმის შედეგად უკრაინის მორიგი ტერიტორიის მიტაცებას ცდილობს, ევროპის თითქმის ყველა ლიდერის ერთ ადგილას შეკრებას სიმბოლური დატვირთვა მაინც აქვს.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც ღონისძიების დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, მითხრა: „ჩანაფიქრია, რომ ძალიან ოფიციალური და მკაცრი შეხვედრა არ იღოს და ყველამ შეძლოს ერთმანეთთან ლაპარაკი“.

მეორე დიპლომატის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილავენ მომდევნო შეკრების დეტალებს - ის მომავალ წელს ჩატარდება რომელიმე არაევროკავშირის ქვეყანაში.

მეორე დღის არაფორმალური სამიტი რაზეა?

ძირითადად დისკუსიები იქნება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის მორიგი პასუხი უკრაინაში შეჭრაზე. შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრამდე მოესწროს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების მიღება. ბრიუსელი სავარაუდოდ მიზანში ამოიღებს რუსულ ლითონებს, ხის ნაწარმს, სიგარეტსა და კრიპტოვალუტას.

ელიან, რომ განხილვის საგანი იქნება, თუ რა უყონ მათ, ვინც რუსეთიდან მობილიზაციას გაექცა. ასევე იმსჯელებენ, კიევისთვის გამოყოფილ მორიგ ფინანსურ დახმარებას - 3 მილიარდ ევროს - გრანტის სახე ექნება თუ სესხის.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG