Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები პრაღაში უკრაინაში მიმდინარე ომზე და მომავალ მძიმე ზამთარზე იმსჯელებენ


ამ კვირას პრაღა ევროპული პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდება. კონტინენტის თითქმის ყველა ლიდერი შეიკრიბება 6-7 ოქტომბერს ორ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი განიხილავენ ომს უკრაინაში და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამ კონფლიქტს პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში. აი, რას უნდა ველოდეთ.

რა ხდება?

ევროპის ყველა ქვეყნის ლიდერი, ბელარუსისა და რუსეთის გარდა, 6 ოქტომბერს პრაღის ციხესიმაგრეში შეიკრიბება კონტინენტზე შექმნილი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. უპირველესი თემა, ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ამ შეხვედრით გაიხსნება ევროპის „პოლიტიკური საზოგადოება“ - European Political Community (EPC) - ინიციატივა, რომლითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მაისში.

მეორე დღეს, 7 ოქტომბერს კი ჩეხეთის დედაქალაქი უმასპინძლებს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს. 27 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ენერგეტიკულ კრიზისსა და მომავალ მძიმე ზამთარს.

ვინ დაესწრება?

მოსაწვევი, როგორც ჩანს, ევროპის 44 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნეს. ევროკავშირის დიპლომატმა არაფორმალურად გვითხრა, რომ „ყველასგან პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს, თუმცა ზოგს საბოლოო პასუხი ჯერ არ გაუცია“.

როგორც ამბობენ, ყოყმანობენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და თურქეთის ლიდერი, რეჯებ ტაიპ ერდოანი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეკრებილებს ვირტუალურად მიმართავს და ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს მიავლენს.

რა არის EPC?

ჯერ ის ვთქვათ, თუ რა არ არის. ის არ ცვლის არსებულ პოლიტიკურ სტრუქტურებსა და პროცესებს და არც ახლის შექმნა სურს. ევროკავშირის დიპლომატები მუდმივად ამტკიცებენ, რომ ეს ევროკავშირის დაწყებული პროცესი არ არის, ის უბრალოდ ფასილიტატორის როლს თამაშობს და არ ჩაანაცვლებს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შეხვედრის ბოლოს არც დეკლარაციას და არც რამე წერილებით დოკუმენტს არ მიიღებენ - ეცდებიან, რომ თავიდან აირიდონ მსგავსი შეხვედრებისთვის დამახასიათებელი ვაჭრობა ფრაზეოლოგიასთან დაკავშირებით.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე? არსებითად, ეს არის ახალი პლატფორმა ევროპის ლიდერებისათვის, რათა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეიკრიბონ და მიმდინარე საკითხები განიხილონ. ამ მიზნისთვის შექმნილი სტრუქტურები თითქოს უკვე არსებობს, თუმცა, როგორც ერთმა დიპლომატმა ანონიმურად მითხრა: „ბევრი დიდი საქმე დაწყებულა შეხვედრით. პროცესის დასაწყისია - ვნახოთ რა მოჰყვება“.

რამე კონკრეტულ შედეგებს ველით?

საოჯახო ფოტოს გადაიღებენ, თუ ეგ ითვლება. ისე კი, შედეგი ის იქნება, რომ შეხვედრა გაიმართა. ეგეც საქმეა - მაშინ, როდესაც რუსეთი მობილიზაციას აცხადებს და გაყალბებული რეფერენდუმის შედეგად უკრაინის მორიგი ტერიტორიის მიტაცებას ცდილობს, ევროპის თითქმის ყველა ლიდერის ერთ ადგილას შეკრებას სიმბოლური დატვირთვა მაინც აქვს.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც ღონისძიების დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, მითხრა: „ჩანაფიქრია, რომ ძალიან ოფიციალური და მკაცრი შეხვედრა არ იღოს და ყველამ შეძლოს ერთმანეთთან ლაპარაკი“.

მეორე დიპლომატის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილავენ მომდევნო შეკრების დეტალებს - ის მომავალ წელს ჩატარდება რომელიმე არაევროკავშირის ქვეყანაში.

მეორე დღის არაფორმალური სამიტი რაზეა?

ძირითადად დისკუსიები იქნება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის მორიგი პასუხი უკრაინაში შეჭრაზე. შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრამდე მოესწროს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების მიღება. ბრიუსელი სავარაუდოდ მიზანში ამოიღებს რუსულ ლითონებს, ხის ნაწარმს, სიგარეტსა და კრიპტოვალუტას.

ელიან, რომ განხილვის საგანი იქნება, თუ რა უყონ მათ, ვინც რუსეთიდან მობილიზაციას გაექცა. ასევე იმსჯელებენ, კიევისთვის გამოყოფილ მორიგ ფინანსურ დახმარებას - 3 მილიარდ ევროს - გრანტის სახე ექნება თუ სესხის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG