Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

„სტრატეგიული მოთმინება“ - ეს ფრაზა მესმოდა ყველაზე ხშირად ბრიუსელში, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატს ველაპარაკე ამ ბლოკის საქართველოსთან ურთიერთობაზე არჩევნების წინ.

თუმცა, ამ ფრაზის მიღმა სახეზე წუხილს ამოიკითხავდი. ცოტა ჩაძიებაც, და უფრო ღია და გულწრფელ შეფასებებსაც მოისმენდი: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ“ - თქვა ერთმა. მეორემ დაამატა: „როგორც ჩანს, სულ მცირე, გულუბრყვილოები აღმოვჩნდით“.

ამას კი მძიმე ჭურვები მოჰყვა: „აბსოლუტურად ცხადია, რომ საქართველო მთლიანად გადავიდა რელსებიდან.“ და, ყველაზე მტკივნეული: „რუსეთმა კიდევ ერთხელ ითამაშა ძალიან ჭკვიანური გრძელვადიანი თამაში ჩვენს ეზოში. ახლა ისინი ალბათ შამპანურს ხსნიან.“

ევროკავშირი მართლაც ძალიან გაღიზიანებულია საქართველოთი, მაგრამ ისინი არც საკუთარი თავით არიან კმაყოფილნი. როგორ ვერ შეძლეს გავლენა მოეხდინათ ასეთი ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყანაზე? როგორ ვერ შეაცვლევინეს გზა? ყველა, ვისაც ველაპარაკე, აცნობიერებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, უკრაინელების მსგავსად, ფუნდამენტურად დასავლეთისკენ იცქირება და არა სადმე სხვაგან.

წელს ალიანსის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში არაერთხელ გააწნეს სილა, მაგრამ საქართველოს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად მტკივნეული იყო. მაშინაც კი, როდესაც ბრიუსელი საჯაროდ ამას მაინცდამაინც არ გამოხატავს.

სულ ცოტა ხნის წინათ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი იყო. ამ პროგრამის ამოცანაა 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაახლოება ალიანსთან, წევრობის მკაფიო პირობის გარეშე. ბოლო სამი ქვეყნის წარმომადგენლები წლებია, რაც კითხვებს სვამენ ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მათ არ სურდათ ჯგუფში ყოფნა პირველ სამ ქვეყანასთან და უნდოდათ ინტეგრაციის დაჩქარება და განსხვავებული მიდგომა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც ბრიუსელში დეკემბერში ჩატარდება, უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ ნამდვილ კოშმარად შეიძლება იქცეს. ბელარუსი უკვე გამოეთიშა, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების დაპირისპირება ალბათ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცევა, უკრაინის წინასწარ განსაზღვრა რთულია, მოლდოვა იმედებს კი იძლევა, მაგრამ პრობლემებითაა დახუნძლული. საქართველო სამაგალითო უნდა ყოფილიყო - ყველაზე ჭეშმარიტად ტრანსატლანტიკური მონაწილე. ამის სანაცვლოდ, ის კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის.

საქმე მხოლოდ ზიანის შემცირებაში არაა. ევროკავშირმა მართლა სცადა თბილისთან ეურთიერთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო ამ საკითხში მას შემდეგ, რაც ყველა პარტიამ განაცხადა, რომ საჭირო იყო ევროკავშირის უმაღლესი ეშელონების მონაწილეობა. მისი მედიაციის შედეგად მიღებული 19 აპრილის შეთანხმება, ბრიუსელის თვალსაზრისით, დღემდე ძალაშია. ისინი მას არ შეცვლიან და არც ახალ მედიატორს გააგზავნიან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიების თვალში ეს შეთანხმება აღარ არსებობს.

მთელი ამ ძალისხმევის საპასუხოდ ბრიუსელმა მორიგი სილა მიიღო სახეში. ჯერ იყო და საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე - 75 მილიონ ევროზე, რომელიც ბრიუსელმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოყო. შემდეგ კი გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, შესაძლოა, უსმენდა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და ეს ჩანაწერები შემდეგ პრესაში მოხვდა. ბრიუსელში მოსმენების სკანდალმა რისხვა გამოიწვია, თუმცა დახმარებაზე უარს უფრო განცვიფრებით შეხვდნენ: „რა უკუღმართობაა” – მითხრა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. „პანდემიის ცენტრში არიან, როგორ შეიძლება მოსახლეობას ეს ფული აღუკვეთო?“

ცხადია, ამ ფულს თან პირობები მოჰყვებოდა - კონკრეტულად, ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით. ფული კი ევროკავშირისთვის საუკეთესო საშუალებაა თბილისის დასაყოლიებლად. ევროკავშირის ახალ, მრავალწლიან ბიუჯეტს შეუძლია საქართველოს მილიარდები შესთავაზოს. ახლა, საკითხავია, როგორ მიუდგება ამ საკითხს ევროკავშირი. შეიძლება გამკაცრდნენ და ფულის წყარო გადაკეტონ. მაგრამ, ვის მიაკითხავს მერე თბილისი? ჩინეთს? თუ მზარდ რუსეთს, რომელიც ქვეყანას გარს დასტრიალებს და ეს ძალიან კარგად იციან ევროპის დიპლომატებმაც?

საქმე იმაშიცაა, რომ საქართველოს აქვს მიზეზები, რის გამოც შეიძლება ევროკავშირით იყოს იმედგაცრუებული. ალიანსი ხშირად ითრევდა ფეხს და რეგიონში არც მკაფიო სტრატეგია გააჩნდა. გაწევრიანება ამ ეტაპზე გამორიცხულია და არც ახალი, დიდი იდეები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბრიუსელმა თბილისი თავის ორბიტაში დაიახლოოს - ბევრ წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებით დასავლეთში, აღმოსავლეთით გაფართოების მსგავსი რამის გაგონებაც კი არ სურთ, რადგან ისინი ამას მოსკოვის პოტენციურ პროვოცირებად აღიქვამენ.

ამიტომაც დაგვრჩა არაფრისმთქმელი ფრაზები, როგორიცაა „სტრატეგიული მოთმინება“. ლოდინი, რომ თბილისი რამე დროს სხვა გზას დაადგება. და ლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთხელ წესიერ სტრატეგიას შესთავაზებს.

მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა ნიშნად იმისა, რომ დანაპირების შესრულებას აპირებს და, რომ 2 ოქტომბერს აუცილებლად ბრუნდება სამშობლოში.

რადგან სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემა ძველია (ახალი მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთია), ბევრმა, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ამჯერად დაიჯერა, რომ სააკაშვილი დანაპირებს შეასრულებს.

…ისე, როგორი ნიშანდობლივი ამბავია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიანი არცერთი პოლიტიკოსისა: არ სჯერა არც ბიძინა ივანიშვილის წასვლისა და არც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა.

მიშას დაბრუნება/არდაბრუნება რაღაცნაირად დაემსგავსა გვირილის ფურცლებზე მკითხაობას, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და ასეა ახლაც: ყველას თითქოს ერთგვარი ვირტუალური გვირილა უჭირავს ხელში და მკითხაობს: „ჩამოვა თუ არ ჩამოვა?!“ „ჩამოვა თუ არ ჩამოვა?!“ ცხადია, ბევრი უფრო შორის მიდის: „დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ?!“

საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სასამართლოს პატიმრობა აქვს მისჯილი.

„2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებსაიტზე.

შესაბამისად, სამართლებრივად, სამშობლოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს, ნამდვილად ემუქრება პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად კანონის ფორმალური დაცვისა, სააკაშვილის დაპატიმრებას ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი უთუოდ მისცემს პოლიტიკური დევნის შეფასებას, რადგან, უკიდურესად პოლიტიზებული ქართული მართლმსაჯულება და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დისკრედიტებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ამის საკმარის საფუძველს იძლევა.

ჩვენ ხომ ვიცით, რა განაჩენს გამოუტანდნენ იგივე მოსამართლეები სხვა ხელისუფლების პირობებში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს?

ცხადია, „ქართულ ოცნებას“ მიშა არც გარეთ აწყობს და არც - ციხეში. „გარეთმიშა“, მისი ენერგიისა და ქარიზმის გათვალისწინებით, „ოცნების“ ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, „ციხეშიმიშა“ კი - რეპუტაციას, მაგრამ, მმართველობის პირველი წლებისგან განსხვავებით (როცა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუს პრანკერებს ეხვეწებოდა, არ გვინდა სააკაშვილი საქართველოში, არ გადმოგვცეთ, ზედმეტი თავის ტკივილიაო), „ქართულ ოცნებას“ ისეთი მასშტაბის რეპუტაციული ზიანი აქვს მიღებული, რომ, ალბათ, დიდხანს არც იფიქრებს (ერთი მეტი ლაქა ვერ შეაჩერებს), ისე დააპატიმრებს მესამე პრეზიდენტს და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაში ხელი შეუშალოს თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულმა სახელდახელოდ შექმნილმა სახალხო მოძრაობამ.

მოკლედ, თუ დაბრუნდა, ძალიან მაღალი ალბათობით, მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

რამდენი ხნით?

ეს დამოკიდებული იქნება როგორც შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ასევე არაერთ გარე ფაქტორზე, მაგრამ პატიმრობა, ალბათ, ყველა შემთხვევაში, მოუწევს.

ბილეთი, რომელიც მიშამ 27 სექტემბერს შეიძინა, არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებელი ბილეთიც არის და, შესაბამისად, მგზავრობაც თბილისის აეროპორტში ვერ დასრულდება. საჭირო იქნება ერთგვარი, ხელახალი პოლიტიკური ინიციაცია, რადგან რვაწლიან ემიგრაციას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, წარმოუდგენელია, უკვალოდ ჩაევლო. დაახლოებით ისეთი ამბავია, ქვესკნელში მოგზაურობისას ამირანი წვერ-ულვაშს რომ კარგავს და სამზეოს ამოსულს გვარიანი გარჯა რომ უწევს მის დასაბრუნებლად.

მიხეილ სააკაშვილიც, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გავლენის მიუხედავად, მოწყვეტილი იყო ქართულ პოლიტიკას. მართალია, ცდილობდა, კვანტურმექანიკურად ერთდროულად „აქაც“ ყოფილიყო და - „იქაც“, მაგრამ საქართველოში ის უფრო ფაქტორი თუ კატალიზატორი იყო, ვიდრე პოლიტიკური პროცესის შემქმნელი. მისი დისტანციური და ფრაგმენტული გააქტიურებები (ხშირ შემთხვევაში, უდროო), სათანადოდ ვერ რაზმავდა მხარდამჭერებს, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ეფექტიანად იყენებდა მისი დაბრუნებისა და რევანშის საფრთხეს საკუთარი ამომრჩევლის გასახურებლად.

პოლიტიკურმა ემიგრაციამ შეიძლება უკვდავება მოუპოვოს ან, პირიქით, გაანადგუროს, მორალურად მოკლას პოლიტიკოსი. ახალი მკვდარი, მოგეხსენებათ, ძალიან ჰგავს ცოცხალს, თუმცა რეალობას ეს გარემოება ვერ ცვლის. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება წერტილს დაუსვამს მისი მხარდამჭერების გაურკვეველ და უხერხულ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, შინმოუსვლელი და მკვდარი ერთია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, რაც უფრო გვიან ჩამოვა, მით უფრო ძნელი იქნება მისი, როგორც „ქართველი პოლიტიკოსის“ გაცოცხლება. ბევრი მიმომხილველი იმასაც ფიქრობს, რომ პოლიტიკურ სიცოცხლესთან არათავსებადი შეცდომა იყო საქართველოდან წასვლა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება უკრაინაში.

რაც შეეხება დაბრუნებისთვის შერჩეულ დროს და მის წინასწარ გამოცხადებას, ამაზეც დიდი მარჩიელობაა: ვის გააძლიერებს, ოპოზიციას თუ მმართველ პარტიას? ოპოზიციურ ელექტორატს დარაზმავს ეს პოლიტიკური სვლა თუ - სახელისუფლოს? და საერთოდ, რამდენად კარგი სვლა იყო სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოდება?

„კარგ სვლაზე“ ტარიელ ჭანტურიას ერთი ძველი წერილი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც 1989 წლის 21 აპრილს გამოქვეყნდა „ლიტერატურულ საქართველოში“ და, რომელშიც დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას მიერ 8 აპრილს მიტინგზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტია მოხმობილი:

„პარტიის მოგება შეუძლებელია მხოლოდ კარგი სვლებით, პარტიის მოგება მხოლოდ საუკეთესო სვლებით შეიძლება, და მე მინდა მჯეროდეს, რომ სვლები, რომლებსაც ჩემი საქართველო აკეთებს, საუკეთესოა...“

ახლა ყველამ ვიცით, რომ არც ის სვლები იყო საუკეთესო და მერეც იშვიათად გამოგვდიოდა „კარგი ჭადრაკი“. მართალია, იმავე მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა რამდენიმე კარგი პარტია, მაგრამ მას შემდეგ ბევრი (პოლიტიკური) დროა გასული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG