Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქართული ოცნება


„სტრატეგიული მოთმინება“ - ეს ფრაზა მესმოდა ყველაზე ხშირად ბრიუსელში, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატს ველაპარაკე ამ ბლოკის საქართველოსთან ურთიერთობაზე არჩევნების წინ.

თუმცა, ამ ფრაზის მიღმა სახეზე წუხილს ამოიკითხავდი. ცოტა ჩაძიებაც, და უფრო ღია და გულწრფელ შეფასებებსაც მოისმენდი: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ“ - თქვა ერთმა. მეორემ დაამატა: „როგორც ჩანს, სულ მცირე, გულუბრყვილოები აღმოვჩნდით“.

ამას კი მძიმე ჭურვები მოჰყვა: „აბსოლუტურად ცხადია, რომ საქართველო მთლიანად გადავიდა რელსებიდან.“ და, ყველაზე მტკივნეული: „რუსეთმა კიდევ ერთხელ ითამაშა ძალიან ჭკვიანური გრძელვადიანი თამაში ჩვენს ეზოში. ახლა ისინი ალბათ შამპანურს ხსნიან.“

ევროკავშირი მართლაც ძალიან გაღიზიანებულია საქართველოთი, მაგრამ ისინი არც საკუთარი თავით არიან კმაყოფილნი. როგორ ვერ შეძლეს გავლენა მოეხდინათ ასეთი ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყანაზე? როგორ ვერ შეაცვლევინეს გზა? ყველა, ვისაც ველაპარაკე, აცნობიერებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, უკრაინელების მსგავსად, ფუნდამენტურად დასავლეთისკენ იცქირება და არა სადმე სხვაგან.

წელს ალიანსის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში არაერთხელ გააწნეს სილა, მაგრამ საქართველოს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად მტკივნეული იყო. მაშინაც კი, როდესაც ბრიუსელი საჯაროდ ამას მაინცდამაინც არ გამოხატავს.

სულ ცოტა ხნის წინათ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი იყო. ამ პროგრამის ამოცანაა 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაახლოება ალიანსთან, წევრობის მკაფიო პირობის გარეშე. ბოლო სამი ქვეყნის წარმომადგენლები წლებია, რაც კითხვებს სვამენ ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მათ არ სურდათ ჯგუფში ყოფნა პირველ სამ ქვეყანასთან და უნდოდათ ინტეგრაციის დაჩქარება და განსხვავებული მიდგომა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც ბრიუსელში დეკემბერში ჩატარდება, უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ ნამდვილ კოშმარად შეიძლება იქცეს. ბელარუსი უკვე გამოეთიშა, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების დაპირისპირება ალბათ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცევა, უკრაინის წინასწარ განსაზღვრა რთულია, მოლდოვა იმედებს კი იძლევა, მაგრამ პრობლემებითაა დახუნძლული. საქართველო სამაგალითო უნდა ყოფილიყო - ყველაზე ჭეშმარიტად ტრანსატლანტიკური მონაწილე. ამის სანაცვლოდ, ის კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის.

საქმე მხოლოდ ზიანის შემცირებაში არაა. ევროკავშირმა მართლა სცადა თბილისთან ეურთიერთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო ამ საკითხში მას შემდეგ, რაც ყველა პარტიამ განაცხადა, რომ საჭირო იყო ევროკავშირის უმაღლესი ეშელონების მონაწილეობა. მისი მედიაციის შედეგად მიღებული 19 აპრილის შეთანხმება, ბრიუსელის თვალსაზრისით, დღემდე ძალაშია. ისინი მას არ შეცვლიან და არც ახალ მედიატორს გააგზავნიან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიების თვალში ეს შეთანხმება აღარ არსებობს.

მთელი ამ ძალისხმევის საპასუხოდ ბრიუსელმა მორიგი სილა მიიღო სახეში. ჯერ იყო და საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე - 75 მილიონ ევროზე, რომელიც ბრიუსელმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოყო. შემდეგ კი გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, შესაძლოა, უსმენდა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და ეს ჩანაწერები შემდეგ პრესაში მოხვდა. ბრიუსელში მოსმენების სკანდალმა რისხვა გამოიწვია, თუმცა დახმარებაზე უარს უფრო განცვიფრებით შეხვდნენ: „რა უკუღმართობაა” – მითხრა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. „პანდემიის ცენტრში არიან, როგორ შეიძლება მოსახლეობას ეს ფული აღუკვეთო?“

ცხადია, ამ ფულს თან პირობები მოჰყვებოდა - კონკრეტულად, ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით. ფული კი ევროკავშირისთვის საუკეთესო საშუალებაა თბილისის დასაყოლიებლად. ევროკავშირის ახალ, მრავალწლიან ბიუჯეტს შეუძლია საქართველოს მილიარდები შესთავაზოს. ახლა, საკითხავია, როგორ მიუდგება ამ საკითხს ევროკავშირი. შეიძლება გამკაცრდნენ და ფულის წყარო გადაკეტონ. მაგრამ, ვის მიაკითხავს მერე თბილისი? ჩინეთს? თუ მზარდ რუსეთს, რომელიც ქვეყანას გარს დასტრიალებს და ეს ძალიან კარგად იციან ევროპის დიპლომატებმაც?

საქმე იმაშიცაა, რომ საქართველოს აქვს მიზეზები, რის გამოც შეიძლება ევროკავშირით იყოს იმედგაცრუებული. ალიანსი ხშირად ითრევდა ფეხს და რეგიონში არც მკაფიო სტრატეგია გააჩნდა. გაწევრიანება ამ ეტაპზე გამორიცხულია და არც ახალი, დიდი იდეები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბრიუსელმა თბილისი თავის ორბიტაში დაიახლოოს - ბევრ წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებით დასავლეთში, აღმოსავლეთით გაფართოების მსგავსი რამის გაგონებაც კი არ სურთ, რადგან ისინი ამას მოსკოვის პოტენციურ პროვოცირებად აღიქვამენ.

ამიტომაც დაგვრჩა არაფრისმთქმელი ფრაზები, როგორიცაა „სტრატეგიული მოთმინება“. ლოდინი, რომ თბილისი რამე დროს სხვა გზას დაადგება. და ლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთხელ წესიერ სტრატეგიას შესთავაზებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG