Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„ფრანით მორბენალი“ ხალედ ჰოსეინის პირველი წიგნი იყო, მაგრამ ეგრევე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. ნახევარი საუკუნეა, მედია გაუჩერებლად ავღანეთზე ლაპარაკობს და მწერალსაც თითქოს რა უნდა დაეწერა ისეთი, ხალხისთვის ახალი ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ესაა წიგნის ძალა, ალბათ კი არა, ესაა.

ამ წიგნმა ყველას თავისი დამართა, მაგრამ მე რომ წავიკითხე, ალაგ-ალაგ მეგონა, პირდაპირ საქართველოს ამბავს ვკითხულობდი.

წიგნის მთავარი გმირის ამირის ბავშვობა ქაბულის ყველაზე ლამაზ და მდიდრულ სახლში იწყება. ავღანეთში ჯერ მშვიდობაა, ცა მაღალია, ხალხი მშვიდი და ბედნიერი. ქაბულელები პაჰმანის ბაღებში სეირნობენ, ევროპულ ყაიდაზე აცვიათ და ამერიკულ კინოებს უყურებენ. მერე კი, 1978 წელს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ“.

მამას შვილი ამერიკაში მიჰყავს. მთელი თავისი ქონებიდან მხოლოდ ორი ჩემოდანი და მშობლიური მიწა მიაქვთ. მიდიან ჩუმად, ბენზინმზიდში დამალულმა ათობით ადამიანმა საზღვარი უნდა გადაკვეთოს. პაკისტანში ჩავლენ და მერე იქიდან როგორმე ამერიკაში თავშესაფრის მიღებაზე იზრუნებენ. რით არ არის ეს წმინდა ქართული ამბავი? არალეგალურად გადაკვეთილი საზღვრების, საბარგულში ჩემოდნებს შორის ჩამალული ემიგრანტების, ყველა ღონეს რომ ხმარობენ იმ ქვეყანაში გასაქცევად, თავის დროზე კინოებიდან რომ შეუყვარდათ, ან იქნებ არც შეუყვარდათ, მაგრამ მაინც ეიმედებათ.

ქვრივი რომ მეორე ცოლს ითხოვს და გარდაცვლილი ცოლი უდგას სულ თვალწინ“, - აი, ასე აღწერს ჰოსეინი რიგითი ავღანელის ამერიკულ ცხოვრებას. აქ ყოფილ ბიზნესმენებს, ელჩებს და პროფესორებს შავ მუშად მუშაობა და სოციალური დახმარებით თავის რჩენა უწევთ. ადამიანები, ვის ხელშიც ერთ დროს ქვეყნის პოლიტიკა და ეკონომიკა იყო, ძველმანების ბაზრობაზე მეორადი ნივთებით ვაჭრობენ. ხანდახან უბრალოდ ერთმანეთის სანახავად იკრიბებიან, ლაპარაკით გულს იოხებენ, რუსებს წყევლიან, რეიგანი ეიმედებათ. ყოფილი გენერალი ჯიუტად კოსტიუმში გამოწყობილი დადის, იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღესაც ქაბულში დაბრუნდება და ძველ თანამდებობაზე დაუძახებენ. ჯერჯერობით კი დევნილების სახლებში სხვები ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, იმათში, რომელთაც რაკეტა არ მოხვდა და ისევ დგას... აფხაზეთის ომის მომდევნო წლები მახსენდება, დაბრუნების ჯიუტი მოლოდინი, ორი ჩემოდნით დაწყებული ცხოვრება, სოხუმელი მეზობლის მოკლე წერილი, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით გამოგზავნილი: „Дом стоит, в нём живут“...

ჰოსეინის ქაბულში კი ისეთი ამბები ტრიალებს, რომლის მცირე ანალოგიც 90-იანების თბილისში გვაქვს ნანახი. ყველა უბანს თავის დაჯგუფება აკონტროლებს. ქუჩაში შეიარაღებული ხალხი დადის, გარეთ გასვლა ქალისთვისაც სახიფათოა, კაცისთვისაც და ბავშვისთვისაც. პატარა ბიჭებზე და გოგონებზე ძალადობა თალიბებისთვის ჩვეული ამბავია, მით უფრო, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ ობოლი ბავშვები ქუჩაში უპატრონოდ ყრიან. სროლის ხმას ყური დიდი ხანია შეეჩვია. მიწა ნაღმებით, ქვეყანა კი ამ ნაღმებზე აფეთქებული ცალფეხა ადამიანებით არის სავსე. ვინც პროთეზს შოულობს, მომავალში, თუ შიმშილმა შეაწუხა, შეიძლება გაყიდოს კიდეც, შიმშილი კი აქ ადრე თუ გვიან ყველას აწუხებს.

ამასობაში კი, წიგნის მთავარი გმირი, რომლის ბავშვობაც ქაბულის ყველაზე მდიდარ სახლში დაიწყო, უკვე გაიზარდა, ემიგრაციის სირთულეებიც უკან მოიტოვა, მაგრამ წარსულთან მოულოდნელი გადაკვეთისას, ისევ ავღანეთში ჩადის, იქიდან კი ათიოდე წლის დამუნჯებული ბიჭით, სოჰრაბით ბრუნდება. ბავშვს მშობლები სახლის გამო დაუხოცეს, მერე მასზე თალიბები ძალადობდნენ, მერე ვენები გადაიჭრა, მერე საიქიოდან მოაბრუნეს... ახლა სოჰრაბი ამერიკაში უსაფრთხოდაა, მაგრამ არც ტირის, არც იცინის, არც ლაპარაკობს, უბრალოდ არსებობს.

როგორ დამთავრდება ეს ამბავი? აქვს ამ ავღანელ ბიჭს მომავალი, თუ უკვე ძალიან ბევრი ცუდი გადახდა იმისთვის, რომ ცხოვრება შეძლოს? წიგნი პასუხს არ იძლევა, კარგი წიგნები ამით გამოირჩევიან, მკითხველს არ ატყუებენ. ჰოსეინი უბრალოდ ასე წერს:

ერთ დღეს, ალბათ 1983 ან 1984 წელს, ფრიმონტში ვიდეომაღაზიაში შევედი. ვესტენის სექციაში ფილმებს ვათვალიერებდი. ახალგაზრდა მომიახლოვდა, კოკა-კოლას ჭიქით ხელში და მკითხაშესანიშნავი შვიდეულითუ გინახავთო. ცამეტჯერ - ვუპასუხე - ჩარლზ ბრონსონი, ჩეიმს კობურნი და რობერტ ვონი ყველანი კვდებიან - სახე ისე მოეჭყანა, გეგონებოდა, ჭიქაში ჩავუფურთხე, - გმადობთ, ჩაიბურტყუნა და სწრაფად გამეცალა. იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე, რომ ამერიკაში ფილმის დასასრული არ უნდა გაამხილო, თუ გინდა, რომ მერე ბოდიშის მოხდა არ მოგიწიოს ფილმის ნახვისმუღამისდაკარგვის გამო.

ავღანეთში სხვაგვარად იყო, ხალხს ყველაზე მეტად ფილმის დასასრული აინტერესებდა... რა ქნა იმ გოგომ? იპოვა ბოლოს ბედნიერება? ბიჭს რა მოუვიდა? აისრულა ოცნება? ბედნიერი დასასრული აქვს...

და როგორ მთავრდება ჰასანის, სოჰრაბის და ამირის ისტორია?

ვინ იცის, ძნელი სათქმელია“.

და როგორ მთავრდება ავღანეთის ისტორია? ან საქართველოსი, ალაგ-ალაგ ასე ძალიან რომ ემგვანება ავღანეთისას? ვიქნებით საერთოდ თუ აღარ ვიქნებით?

ალბათ ასეთ მძიმე დღეებში თქვა ოთარ ჭილაძემ სიტყვები, რომელიც აქამდე ცოტა სენტიმენტალური მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა აღარ მეჩვენება: ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ - ოდესღაც საუკუნეთა მიღმა. ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია!“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ქალბატონო თეა, ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემა-არგადაცემის გარშემო კამათი ძირითადად შემოიფარგლება ამ ძეგლის უსაფრთხოების არგუმენტებით. ნება მიბოძეთ, ამ საკითხს სხვა კუთხიდან შევეხო.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ღირებულებების მიგრაცია ეკლესიიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ, ეკლესიიდან სახელმწიფოსკენ, საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) განვითარების დინამიკას. კულტურული მემკვიდრეობა - აი, ერთ-ერთი გასეკულარულებული ქრისტიანული მემკვიდრეობა. სიწმინდეების კულტი, პილიგრიმობა, წმინდა ადგილებზე მომლოცველობა - აი, ის საფუძველი, რომელზეც აღმოცენდა თანამედროვე კულტურული მემკვიდრეობა.

ასე რომ, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დაბადება პირდაპირ კავშირშია წმინდა საგნებისა და სივრცეების დესაკრალიზაციასა და სეკულარიზაციასთან. თქვენ ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს დესაკრალიზაცია არ ეხება მხოლოდ ეკლესიას - პოლიტიკური დესაკრალიზაციის ძალიან კარგი მაგალითია სამეფო თუ სათავადო სასახლეების მუზეუმებად ან საკონცერტო დარბაზებად ქცევა. ამრიგად, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკრალური საგნების სეკულარიზაცია წარმოადგენს ევროპის (მათ შორის საქართველოს) კულტურული მემკვიდრეობის ცნობიერებას, მის მატრიცას, მის განსახიერებას.

კულტურული მემკვიდრეობის სეკულარიზაცია დღეს ისე შორს წავიდა, რომ იგი სეკულარულ კულტადაც კი იქცა. ევროპის თანამედროვე ერ-სახელმწიფოში იგი გახდა თაყვანისცემის ობიექტი საკრალური ელემენტის გარეშე. ამრიგად, კულტურული მემკვიდრეობა იქცა სულიერებისა და ტრანსცენდენტულობის უნივერსალურ წყაროდ. შესაბამისად, თანამედროვე მრავალკონფესიურ ერ-სახელმწიფოში რელიგიურ-კულტურულმა მემკვიდრეობამ შეიძინა გამაერთიანებლის ფუნქცია.

სიტყვა Heritage, რომელიც მომდინარეობს ლათინური ეტიმოლოგიიდან, ხომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ მემკვიდრეობა უკავშირდება კოლექტიურ იდენტობას?! იმ კოლექტიურ იდენტობას, რომელსაც საქართველოში მართლმადიდებლებთან ერთად ქმნიან მუსლიმები, აგნოსტიკოსები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ებრაელები და ა.შ.

ქალბატონო თეა, იმისათვის, რომ ანჩისხატმა იარსებოს, ის ხომ ხილული უნდა იყოს?! ვშიშობ, რომ საპატრიარქოს მძლავრი პროჟექტორების მიუხედავად ანჩისხატი ვერ გაექცევა ღამეს, რადგან რელიგიურ-კულტურულ მემკვიდრეობას არა პროჟექტორები, არამედ ღირებულებათა კრებული ანათებს. ის ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, შემეცნებაზე, მეცნიერულ შესწავლაზე - ყველაფერ იმაზე, რის ეკლესიაში ხორცშესხმა წარმოუდგენელი ხდება.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ არქივის ან ბიბლიოთეკის მსგავსად, მუზეუმი არის ადგილი, სადაც საგნები თავმოყრილია და გამომზეურებულია არა in situ, არა საკუთარ ბუნებრივ გარემოში, არამედ კონკრეტულ ლოგიკაზე აწყობილი თანმიმდევრობის მიხედვით. სწორედ რომ განსაკუთრებული ინტერიერის, მულტიმედიის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახერხებს მუზეოგრაფია აღწეროს არტეფაქტის მოგზაურობა დროში და სივრცეში. მუზეუმი, ითვალისწინებს რა დაცული არტეფაქტის სპეციფიკას, მის ტიპოლოგიას, ახერხებს დროსა და სივრცეში მის კონტექსტუალიზაციას და ისე მიწოდებას, რომ სტუმრისათვის ნათელი გახდეს ექსპონატის თეოლოგიურ-პოლიტიკური განზომილება.

ქალბატონო თეა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ანჩისხატის ეკლესიაში გამწესება-არგამწესება არ შემოიფარგლება ექსპონატის მხოლოდ კონსერვაციის ან უსაფრთხოების ასპექტებით. უდავოა, რომ ეკლესიისგან განსხვავებით მუზეუმი წარმოადგენს ადგილს, სადაც ხდება როგორც წარსულის, ისე აწმყოს გაგება: რელიგიური მემკვიდრეობის მუზეუმში გამოფენა, ექსპონატების გარშემო სემინარებისა თუ სიმპოზიუმების მოწყობა, წარმოადგენს არა მარტო ცოდნის კუმულაციის საშუალებას, არამედ საშუალებას საკუთარი თავის შემეცნებისა. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, ხაზი გაესვას რელიგიური მემკვიდრეობის უდიდეს როლს საზოგადოების, ერის მშენებლობაში.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან მუზეუმის მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენს რელიგიის როლის წარმოჩენა და რელიგიური მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელება, მე ცოტა გასაკვირიც კი მეჩვენება, რომ თვით საპატრიარქოს არ სურს ანჩისხატის მუზეუმში დატოვება.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობა დაჯილდოებულია შუამავლის უდიდესი ძალით - შუამავლისა როგორც სივრცეში, ისე დროში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის როგორც ნაკერი, ისე რღვევა ცოცხალსა და მკვდარს შორის. ამ პირობებში რელიგიური მემკვიდრეობის სოციალური განზომილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რელიგიური მემკვიდრეობის ეს სოციალური განზომილება კი, ვშიშობ, უხილავი გახდება ეკლესიაში განთავსების შემთხვევაში.

ასე რომ, იქნებ ღირდეს საპატრიარქოს დარწმუნება, რომ ანჩისხატის მუზეუმში დატოვება პირველ ყოვლისა მის ინტერესშია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG