ერლომ ახვლედიანი თავის ერთ წერილს, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, 54-ე ფსალმუნის ფრაგმენტით იწყებს.
„შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი. აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი...“
მერე წერს, აი, ამ მდგომარეობაშია საქართველო, ყოველი ჩვენგანიო...
21 წლის შემდეგაც შეიძლება იმავეს გამეორება, საქართველო ისევ ასეთ დღეშია და ამას ხედავს ყოველი ჩვენგანი, ვისაც აზრი შერჩენია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზარელი სტატისტიკა გულგრილს არ ტოვებს, ვისაც შიშსა ჰგვრის გვამებს შორის მოწყობილი საარჩევნო მარათონის ყურება და ხელისუფლების ჟინი, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვოს არჩევნებში.
ვინ არ ინატრებდა ფრთებს ასეთ პირობებში?
2 ოქტომბრის არჩევნებამდე დაახლოებით 40 დღეა დარჩენილი. დღეში საშუალოდ 5 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის გათვლით, ყოველი 1000 ინფიცირებულიდან, საშუალოდ, 13 ადამიანი კვდება. გამოდის, არჩევნების დღემდე კიდევ მოგვიკვდება 13x5x40 = 2600 ადამიანი - რომელიმე ჩვენგანის დედა, მამა, ბებია-ბაბუა, შვილი, შვილიშვილი, ნათესავი, მეგობარი, თანამშრომელი, მასწავლებელი, მოსწავლე, ნაცნობი, მეზობელი ან სულაც მოვკვდებით ჩვენ თვითონ.
24 აგვისტოს მონაცემებით, გარდაცვლილია 6 831 ადამიანი, 2 ოქტომბრამდე (თუ არაფერი შეიცვალა) ეს რიცხვი, სულ ცოტა, 10 ათასი მაინც იქნება...
10 ათასი!
150 წლის წინ თითქმის ამდენი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოს სიდიდით მერე ქალაქში, ქუთაისში; 10 ათასი ადამიანი მაშინდელი ორი გორის მოსახლეობაა, ანდა - თელავი, სიღნაღი და ფოთი ერთად აღებული...
10 ათასი!
წესით, ასეთ დიდ რიცხვს არანაირი ვიზუალური ხატი არ უნდა სჭირდებოდეს, ეს რიცხვი თავისთავადაც შემზარავია, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ სანახაობას, მივეჩვიეთ როგორც reality show-ს აზარტული მაყურებელი, რომელსაც დღიდან დღემდე სულ უფრო მეტად და მეტად დრამატული ეპიზოდი სჭირდება, უფრო მეტად ემოციური, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო.
ალბათ, გახსოვთ, ჯერ უქელეხო გასვენებისა და ათკაციანი სამგლოვიარო პროცესიის გამო ვვარდებოდით შოკში, მერე იტალიაში ნანახმა კუბოების მთებმა შეგვძრა, მერე მასობრივმა კრემაციამ ინდოეთის ქუჩებში და ცაში ავარდნილმა შავმა კვამლმა... ჩვენი 10 ათასი მკვდარი კი არსად გამოჩნდა, ჩვენი 10 ათასი მკვდარი ბანალურად გამოემშვიდობა სიცოცხლეს ისე, რომ ვერ მიიღო ჩვენი გულების შემძვრელი ვიზუალური სახე; ჩვენი 10 ათასი მკვდარი აქა-იქ თუ გაიელვებს ფეისბუკის ნიუსფიდში რომელიმე მეგობრის ან მეგობრის ახლობლის ფოტოს სახით, რომელსაც, დაგულვის ან დაცრემლვის შემდეგ, მალევე ვივიწყებთ...
2 ოქტომბერი, არჩევნების დღე, როგორც მთავარი მიზიდულობის ცენტრი და ქცევის განმაპირობებელი მოვლენა, ისე გამოვარჩიეთ, თორემ ყველა ვხვდებით, რომ ეს ჩვენი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა არჩევნების შემდეგაც კარგა ხანს გაგრძელდება, თუ, ცხადია, დღესვე არ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, დღესვე არ დასვეს სწორი დიაგნოზი და დღესვე არ დანიშნეს სწორი მკურნალობა.
რა გვეარჩევნება?
სად გაგონილა, სცენაზე სპექტაკლს თამაშობდნენ და დარბაზში მსხდომი ხალხი იხოცებოდეს? სად გაგონილა, რეჟისორი თავისი მსახიობების თამაშის გამო ნერვიულობდეს (დამაჯერებლად კვდება თუ არა დეზდემონა ანდა ჰამლეტი), პარტერში კი ნამდვილი ტრაგედია თამაშდებოდეს?
რა გამართლება აქვს არჩევნებად წოდებული სპექტაკლის გაგრძელებას, როცა ხალხი, ამომრჩეველი - ხელისუფლების მთავარი წყარო, ავად არის და კვდება? ის გარემოება, რომ თვითონ ავადმყოფი, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატურად იქცევა (აცრაზე უარს ამბობს, არ იცავს უსაფრთხოების წესებს ან საერთოდ არ სჯერა მკვლელი ვირუსის არსებობისა), არაფერს ცვლის. განა, ესეც ანამნეზის ნაწილი და ავადმყოფობის მეორადი ნიშნები არ არის?
ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ხალხი კავკასიურ ცარცის წრეშია ჩაყენებული და მისი საშველი არ იქნება, თუკი ხელისუფლება ან ოპოზიცია ხელს არ გაუშვებს საბრალო მიხეილს. ჯერ ერთი, არ გვყავს აზდაკი (ავაზაკი რამდენიც გინდა, მაგრამ აზდაკი - არცერთი). მეორეც, ჩვენი დრამა სასამართლო დარბაზში კი არა, სპორტის დარბაზში მოწყობილ საზარელ ჰოსპიტალში თამაშდება და, შესაბამისად, გადამჭრელი სიტყვაც სამედიცინო დარგის სპეციალისტებმა უნდა თქვან და არა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულმა პოლიტიკოსებმა.
„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია“, - სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ასე უპასუხა:
„სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ბევრჯერ ვნახეთ, როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე... ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს რომ მიაღწიოს. მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ, რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს“.
განა, ასე უნდა ლაპარაკობდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი სტატისტიკა აქვს მსოფლიოში? რომელსაც აღარც მედპერსონალი ჰყოფნის და აღარც ეკა ტიკარაძის „საწოლფონდი“? რომელსაც უკვე დაეღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი დაიღუპება პანდემიის არასწორი მართვისა და საარჩევნო მიზნებისთვის ჯარიმების ჩამოწერისა და შეზღუდვების მოხსნის გამო.
განა, ასეთი უპასუხისმგებლობაც ერთგვარი ავადმყოფობა და დევიაცია არ არის? განა, ასეთ ხელისუფლებას შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, როცა საუბარი უვერაგეს დაავადებასთან ბრძოლაზეა? თუ არა დღეს, როდისღა უნდა ამოიღონ ხმა დარგის სპეციალისტებმა, მათ შორის, ერთ დროს ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა მუშკეტერებმა?
ჩავხედოთ ჰიპოკრატეს ფიცს, რომლითაც ბევრი ექიმი ხელმძღვანელობს:
„ავადმყოფების მკურნალობასთან დაკავშირებით, ვურჩიო და დავუწესო საუკეთესო დიეტა, ჩემი შეხედულების შესაბამისად და მოვუარო მათ, რომ არ მიიღონ ზიანი და არ იწვალონ“.
განა, დღეს ქართველ ხალხს საუკეთესო დიეტა აქვს დანიშნული? განა, არ იღებს ის ზიანს და არ წვალობს?
იქნებ, დადგა დრო, „ჩვენმა ექიმებმა“ შორს მოისროლონ მუშკეტერთა ლაბადები თუ ჰუსართა მენტიკები და მხრებზე მოისხან მშობლიური თეთრი ხალათები, რათა იმოქმედონ როგორც ნამდვილმა ექიმებმა და არა როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგს დაქვემდებარებულმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას მორჩილად იღებენ?
იქნებ, დადგა დრო ითქვას, ვის და რის გამო გვჭირს ის, რაც გვჭირს და რა გამართლება (ან ფასი) აქვს ასეთ პირობებში საარჩევნო კამპანიისა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებას?
ყველაფერი უნდა ითქვას, თან რაც შეიძლება მალე, რადგან ხვალ გვიანი იქნება, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის; უნდა ითქვას იმიტომაც, რომ, ადრე თუ გვიან, „პანდემიის საქმე“ აუცილებლად გადაინაცვლებს სპორტის დარბაზში მოწყობილი საზარელი ჰოსპიტლიდან, სასამართლო დარბაზში. იმედია, არავინ ფიქრობს იმას, რომ ამდენი ადამიანის სიკვდილის გამო, პასუხი არავის მოეთხოვება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.