Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მემკვიდრეობა - ღია წერილი თეა წულუკიანს


ქალბატონო თეა, ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემა-არგადაცემის გარშემო კამათი ძირითადად შემოიფარგლება ამ ძეგლის უსაფრთხოების არგუმენტებით. ნება მიბოძეთ, ამ საკითხს სხვა კუთხიდან შევეხო.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ღირებულებების მიგრაცია ეკლესიიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ, ეკლესიიდან სახელმწიფოსკენ, საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) განვითარების დინამიკას. კულტურული მემკვიდრეობა - აი, ერთ-ერთი გასეკულარულებული ქრისტიანული მემკვიდრეობა. სიწმინდეების კულტი, პილიგრიმობა, წმინდა ადგილებზე მომლოცველობა - აი, ის საფუძველი, რომელზეც აღმოცენდა თანამედროვე კულტურული მემკვიდრეობა.

ასე რომ, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დაბადება პირდაპირ კავშირშია წმინდა საგნებისა და სივრცეების დესაკრალიზაციასა და სეკულარიზაციასთან. თქვენ ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს დესაკრალიზაცია არ ეხება მხოლოდ ეკლესიას - პოლიტიკური დესაკრალიზაციის ძალიან კარგი მაგალითია სამეფო თუ სათავადო სასახლეების მუზეუმებად ან საკონცერტო დარბაზებად ქცევა. ამრიგად, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკრალური საგნების სეკულარიზაცია წარმოადგენს ევროპის (მათ შორის საქართველოს) კულტურული მემკვიდრეობის ცნობიერებას, მის მატრიცას, მის განსახიერებას.

კულტურული მემკვიდრეობის სეკულარიზაცია დღეს ისე შორს წავიდა, რომ იგი სეკულარულ კულტადაც კი იქცა. ევროპის თანამედროვე ერ-სახელმწიფოში იგი გახდა თაყვანისცემის ობიექტი საკრალური ელემენტის გარეშე. ამრიგად, კულტურული მემკვიდრეობა იქცა სულიერებისა და ტრანსცენდენტულობის უნივერსალურ წყაროდ. შესაბამისად, თანამედროვე მრავალკონფესიურ ერ-სახელმწიფოში რელიგიურ-კულტურულმა მემკვიდრეობამ შეიძინა გამაერთიანებლის ფუნქცია.

სიტყვა Heritage, რომელიც მომდინარეობს ლათინური ეტიმოლოგიიდან, ხომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ მემკვიდრეობა უკავშირდება კოლექტიურ იდენტობას?! იმ კოლექტიურ იდენტობას, რომელსაც საქართველოში მართლმადიდებლებთან ერთად ქმნიან მუსლიმები, აგნოსტიკოსები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ებრაელები და ა.შ.

ქალბატონო თეა, იმისათვის, რომ ანჩისხატმა იარსებოს, ის ხომ ხილული უნდა იყოს?! ვშიშობ, რომ საპატრიარქოს მძლავრი პროჟექტორების მიუხედავად ანჩისხატი ვერ გაექცევა ღამეს, რადგან რელიგიურ-კულტურულ მემკვიდრეობას არა პროჟექტორები, არამედ ღირებულებათა კრებული ანათებს. ის ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, შემეცნებაზე, მეცნიერულ შესწავლაზე - ყველაფერ იმაზე, რის ეკლესიაში ხორცშესხმა წარმოუდგენელი ხდება.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ არქივის ან ბიბლიოთეკის მსგავსად, მუზეუმი არის ადგილი, სადაც საგნები თავმოყრილია და გამომზეურებულია არა in situ, არა საკუთარ ბუნებრივ გარემოში, არამედ კონკრეტულ ლოგიკაზე აწყობილი თანმიმდევრობის მიხედვით. სწორედ რომ განსაკუთრებული ინტერიერის, მულტიმედიის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახერხებს მუზეოგრაფია აღწეროს არტეფაქტის მოგზაურობა დროში და სივრცეში. მუზეუმი, ითვალისწინებს რა დაცული არტეფაქტის სპეციფიკას, მის ტიპოლოგიას, ახერხებს დროსა და სივრცეში მის კონტექსტუალიზაციას და ისე მიწოდებას, რომ სტუმრისათვის ნათელი გახდეს ექსპონატის თეოლოგიურ-პოლიტიკური განზომილება.

ქალბატონო თეა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ანჩისხატის ეკლესიაში გამწესება-არგამწესება არ შემოიფარგლება ექსპონატის მხოლოდ კონსერვაციის ან უსაფრთხოების ასპექტებით. უდავოა, რომ ეკლესიისგან განსხვავებით მუზეუმი წარმოადგენს ადგილს, სადაც ხდება როგორც წარსულის, ისე აწმყოს გაგება: რელიგიური მემკვიდრეობის მუზეუმში გამოფენა, ექსპონატების გარშემო სემინარებისა თუ სიმპოზიუმების მოწყობა, წარმოადგენს არა მარტო ცოდნის კუმულაციის საშუალებას, არამედ საშუალებას საკუთარი თავის შემეცნებისა. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, ხაზი გაესვას რელიგიური მემკვიდრეობის უდიდეს როლს საზოგადოების, ერის მშენებლობაში.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან მუზეუმის მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენს რელიგიის როლის წარმოჩენა და რელიგიური მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელება, მე ცოტა გასაკვირიც კი მეჩვენება, რომ თვით საპატრიარქოს არ სურს ანჩისხატის მუზეუმში დატოვება.

ქალბატონო თეა, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობა დაჯილდოებულია შუამავლის უდიდესი ძალით - შუამავლისა როგორც სივრცეში, ისე დროში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის როგორც ნაკერი, ისე რღვევა ცოცხალსა და მკვდარს შორის. ამ პირობებში რელიგიური მემკვიდრეობის სოციალური განზომილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რელიგიური მემკვიდრეობის ეს სოციალური განზომილება კი, ვშიშობ, უხილავი გახდება ეკლესიაში განთავსების შემთხვევაში.

ასე რომ, იქნებ ღირდეს საპატრიარქოს დარწმუნება, რომ ანჩისხატის მუზეუმში დატოვება პირველ ყოვლისა მის ინტერესშია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG