Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ბიძინა ივანიშვილის წაუსვლელობაზე ვთქვათ. გვარწმუნებს, პოლიტიკიდან გავედიო, მაგრამ ცოტა უცნაურად გამოსდის ეს გასვლა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს მოულოდნელად გამოგზავნილ უსტარში, არც ურთიერთობა გაუწყვეტია საზოგადოების წარმომადგენლებთან და არც მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია დაჰკლებია ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების ძალისხმევით.

ივანიშვილის ამგვარი გასვლა ძალიან ჰგავს ერთი თბილისელი ყასბის, შავუას „გასვლას ამა სოფლიდან“, რომელიც აღწერილი აქვს ნიკა აგიაშვილს წიგნში „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, სადაც ყასბის ერთ-ერთი მეგობარი ჰყვება „დაუჯერებელ ამბავს“ იმაზე, რომ კუკიის სასაფლაოზე დამარხულ შავუას ზედ თავთან, ერთი რკინის მილი დაატანეს და, რომ ყოველ აღდგომის მეორე დღეს მიდიოდნენ, ცხვარს დაკლავდნენ, მწვადებს ააგებდნენ (მწვანილი, მოთალი, შოთი პურები ბლომად იყოო), თითო ყანწს ღვინით შეავსებდნენ და იმ მილში ჩასძახებდნენ, წამოდექ, ბიჭო შავუა, შენი დოსტები მოვსულვართ, ტიკით ღვინო მოგვიტანიაო, თან ყანწით ღვინოს მილში ჩაუსხამდნენ.

„მილის ბოლო ზედ შავუას პირთან იყო დასული და გვიხაროდა, ისიც რომ ცლიდა ყანწებსო“, - ვკითხულობთ აგიაშვილთან.

მსგავსი ცალმხრივი კომუნიკაცია, როცა მხოლოდ ამბებს გიყვებიან და „ღვინოს გასმევენ“, კიდევ შეიძლება ჩაითვალოს „გასვლად“, მაგრამ რანაირი გასვლა გამოვა, თუკი შავუას სტატიკურ (პასიურ) როლს არ დასჯერდები, წამოდგები და სამადლობელს იტყვი ან სულაც ვრცელ წერილს მოიწერები, ეს მომწონს და ის კი არაო.

გასულები (მართლა გასულები) არც პოლიტიკური მოვლენების საქმის კურსში არიან და არც მმართველი პარტიის მხარდამჭერ ვრცელ წერილებს იწერებიან! ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ეპისტოლემ ალბათ ნულამდე დაიყვანა იმ გულუბრყვილო ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც მართლა დაიჯერეს მისი პოლიტიკიდან წასვლის თუ გასვლის ამბავი.

ცხადია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, როცა აბსოლუტურ ძალაუფლებასა და ქვეყნის ბიუჯეტის ტოლფარდ ქონებას ფლობ, როცა შენი ბედი და მომავალი მიბმული გაქვს პოლიტიკურ პარტიაზე, რომლის შექმნას, ხელისუფლებაში მოყვანას და მმართველ პარტიად ფორმირებას დაახარჯე ბევრი დრო, ყველა სახის რესურსი, ხოლო მის ოპონენტებს გაუმკლავდი (ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, კანონთან შეუსაბამო) მეთოდებით, არავის გაუკვირდება, თუკი კვლავ შეეცდები, ყველა შესაძლო ვარიანტიდან მხოლოდ ისეთი რამე მოხდეს, რაც შენს ინტერესებში შედის. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ინტერესს შეეწირა ივანიშვილის სამარადჟამო წასვლის უდღეური მითი და გამოკრისტალდა მისი წაუსვლელობა. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ბოლო წერილი ამგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა.

„გიორგი გახარიას პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად“, - ამბობს ივანიშვილი 7 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ეს ნაწილი ასეც შეიძლება ითარგმნოს: გახარია არ არის ჩემი პროექტი, ის ნამდვილი ოპოზიციაა და, შესაბამისად, ხმებიც ოპოზიციურმა ელექტორატმა უნდა მისცეს მას და არა მმართველი პარტიის ამომრჩეველმა.

რა შეცვალა ივანიშვილის ამ განცხადებამ?

გიორგი გახარიამ კვლავ გაიმეორა თავისი საარჩევნო მანტრა, რომ მისი მხარდამჭერები ერთიანდებიან საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ, რითაც სცადა ერთგვარი ელექტორალური ბუნდოვანების შენარჩუნება, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე გულაცრუებულმა ამომრჩევლებმა, სწორედ მასში დაინახონ სასურველი პოლიტიკური ძალა, ვისთანაც თავს მიიდრეკენ.

ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა, რომ გახარია არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ივანიშვილის პროექტი, რაც, მისივე თქმით, ივანიშვილის წერილმა ცხადად დაადასტურა.

აშკარაა, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა მმართველი პარტიის ტაქტიკასა და მსჯელობაში, რომელიც ივანიშვილის წერილის გამოქვეყნებამდეც არწმუნებდა საზოგადოებას გიორგი გახარიას ოპოზიციონერობაში. სხვა ამბავია, რომ ბევრს არ სჯეროდა ამის. ძნელი სათქმელია, როგორ შეცვალა ივანიშვილის წერილმა ეს ბალანსი, თუმცა მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციასა და მის სტაჟიან ამომრჩეველზე ივანიშვილის წერილი დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ოპოზიციას ესმის, რომ გახარიას მათთვის სარგებლის მოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი „ოცნებას“ წაჰგვრის ამომრჩეველს. შესაბამისად, ოპოზიცია ცდილობს ხაზი გაუსვას გახარიას ფსევდოოპოზიციონერობას, რათა მხოლოდ „ოცნებაზე“ გულაცრუებული ამომრჩევლის ხმების იმედად დატოვოს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სიამაყით ამცნობდა ხოლმე საზოგადოებას მორიგი პატარა ტრიუკის წარმატებულად ჩატარების ამბავს, დღეს იმისთვის დაბრუნდა, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, გახარიას გადადგომა და ოპოზიციაში გადასვლა „ჩემი ტრიუკი“ არ გეგონოთ, ის თავისთავად და ჩემ საწინააღმდეგოდ მოქმედებსო.

ვისაც აქამდე არ სჯეროდა ივანიშვილის, ალბათ, არც ახლა დაუჯერებს. შესაბამისად, ივანიშვილის ამ წერილში მოჩანს ერთგვარი, შესაძლოა მოჩვენებითი, სასოწარკვეთა უნარდაკარგული ჯადოქრისა, რომელსაც აღარც ტრიუკები გამოსდის და აღარც ბედი სწყალობს.

აშკარაა, რომ გახარია ბევრს ვერაფერს წაიღებს ოპოზიციის მყარი ელექტორალური სეგმენტიდან, რომლის შემცირება ან გადაბირება ასე ძალიან აწყობს „ქართულ ოცნებას“ და რის მცდელობადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ თვით ივანიშვილის გამოხმობა ხელოვნური Offside-დან და გახარიას ვერაგ ოპოზიციონერად წარმოჩენა.

მიუხედავად იმისა, ატარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მორიგ ტრიუკს (ცილინდრში გახარიათი), ძნელი წარმოსადგენია, რომ ოპოზიციას წაგლიჯოს ხმების არსებითი რაოდენობა, თუმცა ისიც საქმე იქნება, თუკი გახარია (და არა ძველი ოპოზიცია) აკრეფს იმ პროცენტებს, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზე, აუცილებლად თუ არა, სავარაუდოდ მაინც დაკარგავს მმართველი პარტია.

„ლუკმა გავარდა. ჯამში ჩავარდა“ - არის ასეთი ქართული ანდაზა. თუ გიორგი გახარია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს და უარს იტყვის ლუკმის ჯამში დაბრუნებაზე, სწორედ მაშინ გამოცდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თუ რას ნიშნავს იყო „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, როცა შენთან სალაპარაკოდ, ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ხშირად, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები მოდიან, თავისუფლება კი ბორკილებით, სამაჯურით ან, უკეთეს შემთხვევაში, გირაოთი გაქვს დამძიმებული, რადგან ამჯერად სწორედ შენ ხარ ბიძინა ივანიშვილის წაუსვლელობის მორიგი მიზეზი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რომ არა გასული კვირის ბოლოს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა მინსკში, შეიძლება ითქვას, ევროკავშირს წელს ძლიერი ფორმით ეტყობოდა „ბელარუსით დაღლა“.

კავშირის აღმოსავლელი მეზობლის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია, ბრიუსელში აღარ იქცევს დიდ ყურადღებას - ის დაჩრდილა კორონავირუსის პანდემიამ, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ და, სულ ახლახან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტმა. ასე იყო, სანამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ევროკავშირში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს, აიძულებდა მინსკში დამჯდარიყო, რათა ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შესაძლებლობა მისცემოდა.

ბელარუსი უცებ დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის. კავშირის ლიდერები ყოველ ღონეს ხმარობენ, ადეკვატური პასუხი გასცენ ამას 24 მაისის შეხვედრაზე. და მათი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ბრიუსელის რეაქცია უფრო მეტი იქნება, ვიდრე შეშფოთებისა და დაგმობის განცხადებები.

ევროკავშირის დეკლარაციაში, რომელსაც კავშირის 27-ვე წევრი აწერს ხელს, - რაც საკმაოდ იშვიათი მიღწევაა დღესდღეობით, ვინაიდან უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით ბუდაპეშტის წყალობით დაიბლოკა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული უმეტესი საკითხი, - აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი იმსჯელებს ამ მოქმედების შედეგებზე, მათ შორის პასუხისმგებელთა წინააღმდეგ ზომების მიღებაზე.“ სხვა მხრივ ძალზე თავშეკავებულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კვირას საღამოს ტვიტერში დაწერა, რომ „ბელარუსის აღმაშფოთებელი და უკანონო საქციელს შედეგები მოჰყვება“. მან დასძინა, რომ „Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

რა ზომებს შეიძლება მოველოდეთ ბრიუსელისგან? თითქმის უეჭველია, ეს იქნება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიმართ მოწოდება, ჩატარდეს გამოძიება. ასევე განიხილავენ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომის აკრძალვას და ევროკავშირის ავიაკომპანიებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას.

არის იმის ნიშნები, რომ ეს ზომები შეიძლება შედარებით სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ, ცხადია, მათ ყველაზე დიდი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნები, კოორდინირებულად იმოქმედებენ.

არის ასევე წინადადებები, შეწყდეს ბელარუსიდან ევროკავშირში ტრანზიტი, მათ შორის სახმელეთო ტრანზიტი, თუმცა ჯერ არ არის ცხადი, დათანხმდებიან თუ არა ამას ეკონომიკური შედეგების გამო ისეთი მეზობელი სახელმწიფოები, როგორიცაა პოლონეთი.

ცხადია, ჩნდება კითხვა, დაბლოკავენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებს, რომელთა მიღების უფლებაც აქვს მინსკს კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

გარდა ამისა, არის ტრადიციული სანქციებიც როგორც იურიდიული, ისე კერძო პირების მიმართ, ასევე შესაძლო ეკონომიკური სანქციები. დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, რაც გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა აგვისტოში, ევროკავშირმა 2020 წლის შემოდგომაზე სამ რაუნდად გაუყინა აქტივები და ვიზები შეუჩერა საერთო ჯამში 88 პირს და 7 იურიდიულ პირს, მათ შორის თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც.

სანქციების მეოთხე პაკეტზე წლის დამდეგიდან მუშაობენ და ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 21 ივნისის შეხვედრამდე ან მის შემდეგ გამოქვეყნდება. მაგრამ ამ პაკეტზე მუშაობა საკმაოდ კარგად ნათელყოფს ბრიუსელში ზემოხსენებულ „ბელარუსით დაღლას“.

მასზე მუშაობა თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საქმე ძალიან ნელა წარიმართა. ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი, საგარეო მოქმედების სამსახური (EEAS) ფეხს ითრევს სანქციათა პაკეტის ინიცირებაში და აცხადებს, რომ ჩვეულებრივ ამას წევრი ქვეყნები აკეთებენ.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ლიეტუვა, დიდი ხანია აცხადებენ, რომ ასეთი ინიციატივებით მხოლოდ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები არ უნდა გამოდიოდნენ და რომ სხვებმაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. საბოლოოდ რამდენიმე კვირის წინ ცხრა ქვეყანამ წარმოადგინა სიები, რომლებიც შეიცავდა 70-მდე პირსა და ორგანიზაციას - ძირითადად ბელარუსის სასამართლო სექტორიდან. მაგრამ ისევ და ისევ - ძირითადად აღმოსავლელები აქტიურობდნენ. და, როგორც იტყობინებიან, ისევ და ისევ სია შემოკლდა, ვინაიდან ბრიუსელის შესაბამისმა ჯგუფებმა დაიწყეს მისი ანალიზი ლუკაშენკასთან ახლოს მდგომ ბიზნესმენებთან ერთად და ამოიღეს კონფიდენციალური ორგანიზაციები, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან. სიაში დიდი ალბათობით დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ არ მოეპოვებათ ევროკავშირში საბანკო ანგარიშები და არც საბერძნეთის კუნძულებზე ან კოტ დ’აზურში იმოგზაურებდნენ. ასეთი მიდგომა სანქციების სამივე წინა რაუნდში შეინიშნებოდა.

ამიტომ შეიძლება გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლუკაშენკამ გაბედა იმის გაკეთება, რაც გააკეთა 23 მაისს. შარშანდელი მოპარული არჩევნებიდან მოყოლებული ის აგრძელებს ოპოზიციის შევიწროებას, რასაც ევროკავშირის მხრიდან არასაკმარისად მოჰყვება ნამდვილი მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, მან კმაყოფილებით შენიშნა, რომ ბელარუსის თემას სერიოზულად არ განიხილავდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არცერთ წლევანდელ შეხვედრაზე და ის არც ევროკავშირის დღევანდელ შეხვედრაზე იქნებოდა წარმოდგენილი, რომ არა Ryanair-ის ინციდენტი.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG