Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება ბელარუსსა და ევროკავშირს შორის?


რომ არა გასული კვირის ბოლოს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა მინსკში, შეიძლება ითქვას, ევროკავშირს წელს ძლიერი ფორმით ეტყობოდა „ბელარუსით დაღლა“.

კავშირის აღმოსავლელი მეზობლის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია, ბრიუსელში აღარ იქცევს დიდ ყურადღებას - ის დაჩრდილა კორონავირუსის პანდემიამ, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ და, სულ ახლახან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტმა. ასე იყო, სანამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ევროკავშირში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს, აიძულებდა მინსკში დამჯდარიყო, რათა ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შესაძლებლობა მისცემოდა.

ბელარუსი უცებ დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის. კავშირის ლიდერები ყოველ ღონეს ხმარობენ, ადეკვატური პასუხი გასცენ ამას 24 მაისის შეხვედრაზე. და მათი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ბრიუსელის რეაქცია უფრო მეტი იქნება, ვიდრე შეშფოთებისა და დაგმობის განცხადებები.

ევროკავშირის დეკლარაციაში, რომელსაც კავშირის 27-ვე წევრი აწერს ხელს, - რაც საკმაოდ იშვიათი მიღწევაა დღესდღეობით, ვინაიდან უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით ბუდაპეშტის წყალობით დაიბლოკა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული უმეტესი საკითხი, - აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი იმსჯელებს ამ მოქმედების შედეგებზე, მათ შორის პასუხისმგებელთა წინააღმდეგ ზომების მიღებაზე.“ სხვა მხრივ ძალზე თავშეკავებულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კვირას საღამოს ტვიტერში დაწერა, რომ „ბელარუსის აღმაშფოთებელი და უკანონო საქციელს შედეგები მოჰყვება“. მან დასძინა, რომ „Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

რა ზომებს შეიძლება მოველოდეთ ბრიუსელისგან? თითქმის უეჭველია, ეს იქნება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიმართ მოწოდება, ჩატარდეს გამოძიება. ასევე განიხილავენ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომის აკრძალვას და ევროკავშირის ავიაკომპანიებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას.

არის იმის ნიშნები, რომ ეს ზომები შეიძლება შედარებით სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ, ცხადია, მათ ყველაზე დიდი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნები, კოორდინირებულად იმოქმედებენ.

არის ასევე წინადადებები, შეწყდეს ბელარუსიდან ევროკავშირში ტრანზიტი, მათ შორის სახმელეთო ტრანზიტი, თუმცა ჯერ არ არის ცხადი, დათანხმდებიან თუ არა ამას ეკონომიკური შედეგების გამო ისეთი მეზობელი სახელმწიფოები, როგორიცაა პოლონეთი.

ცხადია, ჩნდება კითხვა, დაბლოკავენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებს, რომელთა მიღების უფლებაც აქვს მინსკს კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

გარდა ამისა, არის ტრადიციული სანქციებიც როგორც იურიდიული, ისე კერძო პირების მიმართ, ასევე შესაძლო ეკონომიკური სანქციები. დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, რაც გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა აგვისტოში, ევროკავშირმა 2020 წლის შემოდგომაზე სამ რაუნდად გაუყინა აქტივები და ვიზები შეუჩერა საერთო ჯამში 88 პირს და 7 იურიდიულ პირს, მათ შორის თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც.

სანქციების მეოთხე პაკეტზე წლის დამდეგიდან მუშაობენ და ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 21 ივნისის შეხვედრამდე ან მის შემდეგ გამოქვეყნდება. მაგრამ ამ პაკეტზე მუშაობა საკმაოდ კარგად ნათელყოფს ბრიუსელში ზემოხსენებულ „ბელარუსით დაღლას“.

მასზე მუშაობა თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საქმე ძალიან ნელა წარიმართა. ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი, საგარეო მოქმედების სამსახური (EEAS) ფეხს ითრევს სანქციათა პაკეტის ინიცირებაში და აცხადებს, რომ ჩვეულებრივ ამას წევრი ქვეყნები აკეთებენ.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ლიეტუვა, დიდი ხანია აცხადებენ, რომ ასეთი ინიციატივებით მხოლოდ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები არ უნდა გამოდიოდნენ და რომ სხვებმაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. საბოლოოდ რამდენიმე კვირის წინ ცხრა ქვეყანამ წარმოადგინა სიები, რომლებიც შეიცავდა 70-მდე პირსა და ორგანიზაციას - ძირითადად ბელარუსის სასამართლო სექტორიდან. მაგრამ ისევ და ისევ - ძირითადად აღმოსავლელები აქტიურობდნენ. და, როგორც იტყობინებიან, ისევ და ისევ სია შემოკლდა, ვინაიდან ბრიუსელის შესაბამისმა ჯგუფებმა დაიწყეს მისი ანალიზი ლუკაშენკასთან ახლოს მდგომ ბიზნესმენებთან ერთად და ამოიღეს კონფიდენციალური ორგანიზაციები, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან. სიაში დიდი ალბათობით დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ არ მოეპოვებათ ევროკავშირში საბანკო ანგარიშები და არც საბერძნეთის კუნძულებზე ან კოტ დ’აზურში იმოგზაურებდნენ. ასეთი მიდგომა სანქციების სამივე წინა რაუნდში შეინიშნებოდა.

ამიტომ შეიძლება გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლუკაშენკამ გაბედა იმის გაკეთება, რაც გააკეთა 23 მაისს. შარშანდელი მოპარული არჩევნებიდან მოყოლებული ის აგრძელებს ოპოზიციის შევიწროებას, რასაც ევროკავშირის მხრიდან არასაკმარისად მოჰყვება ნამდვილი მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, მან კმაყოფილებით შენიშნა, რომ ბელარუსის თემას სერიოზულად არ განიხილავდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არცერთ წლევანდელ შეხვედრაზე და ის არც ევროკავშირის დღევანდელ შეხვედრაზე იქნებოდა წარმოდგენილი, რომ არა Ryanair-ის ინციდენტი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG