ვისაც რომან პოლანსკის ბოლო ფილმი, "ოფიცერი და ჯაშუში" არ უნახავს, მაგრამ იცის და გაუგია ოფიცერ დრეიფუსის ცნობილი ამბავი, ასეთებისთვის ზედმეტი იქნება იმის შეხსენება, თუ რა ვნებები დატრიალდა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საფრანგეთში, როგორ გაიყო ორად ევროპა - დრეიფუსელებად და ანტი, რა მოჰყვა ემილ ზოლას ისტორიულ და აგრესიული სისტემის თუ ანტისემიტიზმის მამხილებელ სტატიას "ბრალს ვდებ" (J' accuse...!) და, რაც მთავარია, რა ადვილია - თუკი სისტემას სურს ასე - უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება.
ალფრედ დრეიფუსი მხოლოდ იმის გამო მიიჩნიეს გერმანიის ჯაშუშად, რომ ის ებრაელი იყო, რადგან მანიპულირებული მასებისთვის სწორედ მისი ებრაელობა იყო დანაშაულებრივი არგუმენტი და არა რეალური დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.
იოზეფ კ.-ს ფრანც კაფკას რომანში "პროცესი", წარმოდგენა არ აქვს, რა დააშავა, რის გამო ასამართლებენ, მაგრამ პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ მას სისტემა მიიჩნევს დამნაშავედ. იოზეფ კ. მანამდე იქნება დამნაშავე, სანამ სისტემა მოისურვებს ამას - დანაშაულის არსებობის თუ არარსებობის მიუხედავად.
პოლანსკის ფილმი საუკუნისწინანდელ გახმაურებულ ამბავს მოგვითხრობს, მაგრამ დრეიფუსის ისტორია მეტისმეტად უხერხულ და აქტუალურ პარალელს აჩენს უშუალოდ ჩვენს, ქართულ რეალობასთან, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი "დრეიფუსები" გვყავს - სისტემის ტყვეები, ვისზეც ჯიუტად გვაჯერებენ, რომ დამნაშავენი არიან, რადგან ახლა ასეა საჭირო.
როგორც დრეიფუსის შემთხვევაში იყო, ათასნაირი დამაბნეველი ვერსიით გვტვირთავენ, რათა, ბოლოს და ბოლოს, ნორმად მივიჩნიოთ უდანაშაულოს დანაშაული.
განა "დრეიფუსის საქმის" მსგავსი არ არის მღვდელი მამალაძის დრამა, როცა სისტემა, სახელმწიფოს თუ საპატრიარქოს სახით, ჯიუტად ერთგულებს თავის უზნეობამდე სასტიკ გადაწყვეტილებას - რომ ის დამნაშავეა, რადგან ამ სისტემებს ახლა ასე სურთ?!
დრეიფუსის მსგავსად, მღვდლის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა საფრთხეში, მაგრამ არარსებულ-ვერარტიკულირებული დანაშაულისათვის დასჯა (რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო ვერავინ) სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ყოფილა. დათმობა დაუშვებელია სისტემისათვის, რადგან შეცდომის აღიარება მათთვის სისუსტეა.
დრეიფუსის საქმის ანალოგიურია ჩვენში აღმოცენებული ახლებური ფენომენი, რომელსაც წინასწარ გამოცხადებული დაჭერების ქრონიკა შეგვიძლია ვუწოდოთ, როცა რაღაცნაირი ფატალურ-პასიური შემგუებლობით ვმარჩიელობთ, რა რიგითობით დაიჭერენ რომელიმე პოლიტიკოსს თუ, ვთქვათ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელედამფუძნებელს.
თითქოს წინასწარვე ვეგუებით ამ უსამართლობას, იმის მიუხედავად, რომ ვიცით - დრეიფუსის არ იყოს, ამ შემთხვევებშიც გადამწყვეტი ფაქტორი არა ჩადენილი თუ ჩაუდენელი დანაშაული, არამედ სისტემის სურვილია, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ და პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეს ჩამოშორდნენ, სინამდვილეში კი მთავარი დამნაშავე ყრუ სისტემაა, რომელსაც მანამდე ყოფნის და გასდის თავხედობა, სანამ მოქალაქეა უსამართლობის მიმართ "ბრმა და ყრუ".
მართალია, ემილ ზოლამ ხმამაღალი გაბედულებით ამხილა სისტემის სისასტიკე და თითქოს ანაქრონიზმად ქცეული ანტისემიტიზმი, მაგრამ ბრბომ მაინც ზოლა აქცია სიძულვილის ობიექტად და არა ის პრობლემა, რაზეც მწერალი მიუთითებდა და იმის მაგივრად, რომ პრობლემა დაენახა და მისი არსებობა ეღიარებინა, სიმართლის მთქმელი შეიძულა. რეალობის "დაუნახაობამ" და მტრის ხატებთან ბრძოლამ კი საბოლოოდ გაზის კამერები გააჩინა შუაგულ ევროპაში.
უცნაური და სიმბოლურია, რომ თავად ემილ ზოლა სამშენებლო ნაგვით ჩახერგილი საკვამურიდან ვერგასული გაზით გაიგუდა თავის საძინებელში 1902 წელს, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ შესაძლოა ის რეაქციონერების მიერ ყოფილიყო მოკლული...
მაგრამ ბრბოს უბედურებაც ხომ ისაა, რომ მტყუან-მართლის გარჩევის უუნარობისა და აგრესიულობის გარდა (ან სწორედ ამიტომ), ის გამაოგნებელი, ენით აღუწერელი სიბრიყვით ხასიათდება, ამიტომ თუკი ჩვენი დღევანდელი რეალობა არაფრით ჩამოჰგავს გასული საუკუნის დასაწყისს ან, ღმერთმა ნუ ქნას, საშინელ ოცდაათიან-ორმოციან წლებს, მსგავსებას უდავოდ შევნიშნავთ დრეიფუსის დასჯით კმაყოფილ პასიურ თუ მყვირალა დეგენერატებთან, რადგან ყველა ბრიყვია, ყველა დროის ყველა ბრბო, თუნდაც დღევანდელი (და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვისვე სახიფათო ბრიყვი), ვინც ახლა სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერას და ვერ ხვდება, რომ დანაშაული არაფერ შუაშია და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგია, რომ სისტემას სურს და გასდის ასე...