Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

(პიესიდან „პასპორტი“, ავტორები: ანდრო დადიანი, მიშა ჩარკვიანი)

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბერლინში მიშა ჩარკვიანის წარმოდგენა „პასპორტი“ ვნახე. არ ვიცი, ეს ბერლინის ბრალია, საქართველოსგან სიშორის, თუ იმის, რომ ამ ბოლო დროს, უბრალოდ, იოლად მეტირება, მაგრამ ამ წარმოდგენის მსვლელობის დროს ერთ მომენტში რომ ტირილი დავიწყე, ვეღარ გავჩერდი. ვერ გავჩერდი ვერც იქ და ვერც მაშინ, გარეთ რომ გამოვედი. ქართველები შემხვდნენ. ზოგს ცრემლიანი თვალები ჰქონდა, ზოგი არ ტიროდა და რატომღაც შემრცხვა. სწრაფად წამოვედი, არ მინდოდა შევსწრებოდი გარჩევებს წარმოდგენის რაობის, დრამატურგიის ან მსახიობების შესახებ. არის რაღაც, რაც ასეთი საუბრებისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ამ წარმოდგენის მსვლელობის დროს და მერეც, გრძნობ, როგორ გეცლება მიწა ფეხქვეშ, როგორი ცხადი ხდება, რომ ჩვენი მიწა, ჯერ არაოკუპირებული ტერიტორიები და ასეთი კარგი და მზიანი თბილისი ილუზიაა, ილუზია იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო, ქალაქი, გვაქვს საყვარელი საქმე ან ბედნიერი ცხოვრება.

ამ წარმოდგენის მთავარი ღირსებაც სწორედ ისაა, რომ გართმევს დაცულობის შეგრძნებას, გიჩვენებს, რომ მასზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე, სალაპარაკო დრო და სივრცე აღარ დარჩა. ის არ არის წარმოდგენა, რომელიც ცდილობს მაყურებელს თავი მოაწონოს, ასიამოვნოს. არა, ის არის აუცილებლობა, გზა გადარჩენისკენ, შეიძლება ერთადერთიც.

როცა თინეიჯერი ვიყავი და აფხაზეთიდან ჩემი სკოლელების “ცინკის” კუბოები ჩამოჰქონდათ, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. დიდხანს ვერ ვიაზრებდი, რამდენი კილომეტრი იყო ომამდე, რამდენი იყო ეს მანძილი, სად ისროდნენ ან როგორ იხოცებოდნენ ადამიანები ომში, სძულდა თუ არა მას, ვინც კლავდა, და საჭირო იყო თუ არა სიძულვილი ამისათვის.

შუაგული ომიდან ერთხელ მამაჩემი დაბრუნდა და ბიჭები მოიყვანა, თავისი მეგობრები, თანამებრძოლები. ყველა მამაჩემზე ახალგაზრდა იყო. მახსოვს მათი ერთნაირი ტანსაცმელი და იარაღი. უცხოპლანეტელებივით იყვნენ. მაშინდელი თბილისის ყოფისთვის უაზრო, გამოუსადეგარი არსებები. არ მიყვარდა ეს სტუმრობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა სვამდნენ - როცა სვამდნენ, ლექსებს ამბობდნენ და ფანჯრიდან ისროდნენ. მეზობლების მრცხვენოდა. მათგან განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. ახალგაზრდა იყო, ალბათ, ოცდახუთამდე. მაჯაზე შავი ლენტი ეკეთა, ორი წლის შვილის კუბოდან მოხსნილი. ის ჭურვის აფეთქების შედეგად დაეღუპა. მოგვიანებით ომში თავი მოიკლა. ცოცხალი მათგან ვეღარავინ დაბრუნდა, მამას გარდა. მამა დაბრუნდა, მაგრამ ომზე არ ჰყვებოდა. ერთი ეს ამბავი მახსოვს და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ისტორიაც - მაგალითად, ის დღე, სოხუმი რომ დატოვეს. იქნებ მოგვიანებით უფრო მეტიც მოეყოლა... მაგრამ მამა მალე გარდაიცვალა - ზუსტად სოხუმის დაცემის (თუ დატოვების) დღეს, სამი წლის თავზე.

დღეს მიკვირს, მაგრამ მაშინ, როცა აფხაზეთში ომი იყო, ჩვენ საოცარი გულგრილობით ვაგრძელებდით ცხოვრებას. ეს ომი იმ დროს ყველაფერი იყო, შემზარავის გარდა: ეიფორია, თავგადასავალი, სამშობლოს სიყვარული, სიმამაცე, მოვალეობა, ბედისწერა... მახსოვს, მამა როგორ გამოგვეცხადა გვარდიელის ფორმით, რომელიც სახლმმართველობაში მისცეს. უხაროდა, რომ რაღაც საჭიროს გაკეთების შანსი მიეცა. და მერე, როცა დაბრუნდა, გულწრფელად უკვირდა, რომ არ მოკვდა. თითქოს აღარ იცოდა რაში მოეხმარა დარჩენილი სიცოცხლე.

წარმოუდგენელია, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში ერთი წლის წინ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან. ჩემი ფეხით მივედი, ვნახე, ხელით შევეხე. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად ეომებიან, რომ ჩვენ მშვიდი ცხოვრება დედაქალაქში და სხვა უსაფრთხო ადგილებში იმის ხარჯზე გვაქვს, რომ სხვები საოკუპაციო ხაზთან საკუთარ სიცოცხლეს კარგავენ. ეს გარიგებაა. ეს არის ჩვეულებრივი გარიგება მტერთან, სადაც პრივილეგირებულები დედაქალაქში და არასაშიშ მიდამოებში ცხოვრებას განაგრძობენ, ამ დროს კი ჩვენი ქვეყანა ვიწროვდება, პატარავდება. დღეს თუ არაფერი მოხდა და ერთმა, ორმა და ასმა დღემ მშვიდობით ჩაიარა, ასმეერთე დღეს ვიღაც ვაშლის ბაღებს დაკარგავს და ეს არ იქნება საკმარისი აღსაშფოთებლად. ვიღაც სიცოცხლესაც დაკარგავს და აღვშფოთდებით, მაგრამ მალევე მივხვდებით, რომ უძლურები ვართ დამპყრობლის წინაშე.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი

ტკივილი მნიშვნელოვანია. ტკივილი გადარჩენაა. რადგან თუ არ გეტკინა, ვერაფერს შეცვლი. ალბათ, ამიტომ სტკივათ ამდენი მიშა ჩარკვიანის წარმოდგენის გმირებს. ისინი ეცემიან, ისინი უმოწყალოდ და ბევრჯერ ეცემიან და მათ სტკივათ. ეს არ არის სამსახიობო ტრიუკი, ეს ნამდვილი ტკივილია, და აქ აღარაფერია პირობითი იმის გარდა, რომ შენ ხარ ქართველი და გაქვს საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი, რომელიც ხვალ შეიძლება შენი სიკვდილის მიზეზი გახდეს.

„პასპორტის“ ტექსტი შექმნილია დოკუმენტურ ინტერვიუებზე დაყრდნობით, რომელიც ავტორებმა საველე სამუშაოების შედეგად მოიპოვეს საოკუპაციო საზღვართან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობისა და საზღვრიდან გატაცებულთა და მოკლულთა ოჯახებისგან. პრემიერა „ღია სივრცეში“ შედგა, თბილისში. „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ახალი სიტყვაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ამ სივრცეში დადგმული, განხორციელებული ყველა პროექტი არის დღევანდელი დღის რეფლექსია, ერთგვარი ანალიზი სოციალური თუ პოლიტიკური ფაქტორებისა, რომლებიც აქ და ახლა ჩვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებენ. ის ფაქტიც, რომ „ღია სივრცე“ არა თბილისის ცენტრში, არამედ გარეუბანში მდებარეობს, მკაფიო პოზიციაა: „ღია სივრცის“ შემქმნელებს (მიშა ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე, ანა გურგენიძე) და იმ რეჟისორებს, ავტორებს, რომლებიც აქ მუშაობენ, სურთ მზერა მიაბყრონ იქითკენ, საითაც თითქმის არავინ იხედება, იქითკენ, სადაც არ არის ბიურგერული პრესტიჟის, სტატუსის, ხელოვნებით ტკბობის ადგილი.

წარმოდგენა იმით იწყება, რომ მაყურებელი პარტერის ნაცვლად კარავში ხვდება. ეს არის სეფა, ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული თავშეყრის, ლხინისა თუ სამგლოვიარო პურობის ერთგვარი ადგილი. იქ შესული მაყურებელი მთელ სიგრძეზე გაშლილ მაგიდას ხედავს. მაყურებლის ადგილი ან პირდაპირ მაგიდასთანაა, ან მის უკან, სეფის „კედელთან“შემოვლებულ კიდევ ერთ რიგში. „Georgische Tafel!“ – „ქართული სუფრა“, გადაუჩურჩულა ქალმა კაცს, რომელიც ჩემს წინ მაგიდასთან ჯდებოდა, თითქოს უხაროდა, რომ ქართველები აქაც ასეთი სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ, სტუმრებს ისე დახვდნენ, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ. დიახ, ავტორები მაყურებელს სუფრაზე ეპატიჟებიან, მაგრამ აქ ვერ მოილხენთ, ეს დასაწყისშივე ცხადია, რადგან სწორედ სპექტაკლის დასაწყისში იმ გრძელი სუფრის ერთ ბოლოს მიცვალებულს აპატიოსნებენ.

ფოტო სპექტაკლიდან "პასპორტი," მსახიობი გიგა დათიაშვილი
ფოტო სპექტაკლიდან "პასპორტი," მსახიობი გიგა დათიაშვილი

ხშირად მიფიქრია, როგორ შეიძლება ამ ომში საქართველო გადარჩეს. კი არ გაიმარჯვოს, არამედ გადარჩეს, რადგან გამარჯვება ძალების თანაბარ პროპორციას მოითხოვს, რაც რეალობას არ შეესაბამება. პირველი, რაც ამ კითხვის პასუხად მახსენდება, არის იმის გაცნობიერება, რომ ქვეყანაში ომია. თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ სწორედ ეს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის აღსაქმელად ყველაზე რთული. როცა ამ წარმოდგენას ნახავ, - ალბათ, სულ ერთია, სად, ბერლინში, თბილისში, ნიუ იორკში, ტოკიოში თუ სხვაგან, - უეცრად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მიხვდები, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება შენი ქვეყანა და თავად შენ. ამ დროს,როგორც არასდროს, მიხვდები, როგორ გიპყობენ, როგორ გადის შენი ბედი ბეწვის ხიდზე. სულ რაღაც 70 წუთში ამ ყველაფერს ისე ცხადად იგებ, როგორც არასდროს. იმაზე მეტად, როცა შენს ბავშვობაში ტელევიზორში აფხაზეთის ამბები გესმოდა და როცა გარდაცვლილების ფოტოებს აჩვენებდნენ; იმაზე მეტად, როცა მამა მოდიოდა სახლში ომიდან იარაღასხმული და ჭუჭყიანი; იმაზე მეტად, როცა 2008 წელს შენს ჯარისკაც ბიძაშვილს ურეკავდი, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ომის პირველსავე დღეს გათიშული ჰქონდა; როცა იმედი გქონდა, რომ დაჭრილს სადმე, რომელიმე საავადმყოფოში იპოვიდი... იმაზე მეტად, როცა გაიბა მავრთულხლართები გორთან ახლოს... რატომ არის ასეთი რთული ამ მდგომარეობის გაცნობიერება მაშინაც კი, როცა იცი, როგორ მოკლეს გიგა ოთხოზორია, როგორ მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი, ირაკლი კვარაცხელია? არა, ეს სპექტაკლი არ არის მოწოდება ბრძოლისკენ. თქვენ ამ წარმოდგენის მერე არ აინთებით საბრძოლო ჟინით. მეტიც, თქვენ აღარასდროს მოგინდებათ განმეორდეს ომი, თუნდაც ის თქვენ გადარჩენას გპირდებოდეთ. „პასპორტი“ პაციფისტური წარმოდგენაა. ის არ მოითხოვს ჩვენგან საგმირო საქმეებს, ის არაფერს მოითხოვს. სპექტაკლი, უბრალოდ, ლაპარაკობს. ლაპარაკობს. ლაპარაკობს. ეს სასოწარკვეთილი ლაპარაკია. ეს არის ლაპარაკი იმის მერე, როცა აზრი აღარ აქვს ლაპარაკს. ეს არის მკვდრების ენა. მკვდრების სიტყვები, წინადადებები, შიშები... ერთ სცენაში, როცა ბიჭის ცხედარს ჩამოატარებენ, როცა ამ ბიჭის სიტყვები სადღაც სხვა სამყაროდან ჩვენამდე აღწევს, თვალწინ დამიდგნენ ის ბიჭები, რომელთა უსულო სხეულებიც შორეულ თუ ახლო წარსულში თბილისში „ცინკის” კუბოებით ჩამოჰქონდათ. სულ რაღაც უხერხულობას განვიცდიდი ამ დადუმებული ბიჭების, სკოლელებისა და უბნელების გამო. ახლა კი უეცრად ეს ბიჭები ალაპარაკდენ: „არა ვარ კაცი... კაცი არა ვარ... მიწა ვარ... მე ვარ ქვეყანა...“

თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ? აიღეთ თქვენი პასპორტი, გადაშალეთ და ჩაიხედეთ შიგ. კარგად დაათვალიერეთ. ეს თქვენ ხართ, თქვენი თავი არ მოგწონთ საპასპორტო სურათში? იქნებ, ცოტა გიმოგზაურიათ კიდეც. ვიზები? თუ, უბრალოდ, ბეჭდები? პასპორტის ორმოცდარვა გვერდი საქართველოს ისტორიაა: რუსთაველი, ვარძია... სწორედ ასე ფურცელ-ფურცელ ჩაუყვებიან მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის პერსონაჟები ქართული პასპორტის ფურცლებს, მოგიყვებიან ისტორიას და აგიხელენ თვალს: თქვენ არ, ვერ გიცავთ საქართველო.

დაკვირვებიხართ თქვენი საცხოვრებლის ახლოს ქუჩების სახელებს? ამდენი მოწამე, ამდენი გმირი, ამდენი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი! აი, ასე გიხსნიან ავტორები შენი ქალაქისა და ქვეყნის ამბავს, ბედს და იმ პატარა ბედნიერების ისტორიას, რომელიც დღეს შეიძლება შენ გაგაჩნდეს. არასდროს ამაზე უკეთ გადმოცემული საქართველოს ისტორია თანამედროვე ხელოვნებაში არ მინახავს. მწვავე, ნამდვილი, ყოველგვარი პათეტიკისგან დაცლილი.

„მე არასდროს ვიბრძოლებ გერმანიისთვის. ჩემს სიცოცხლეს არასოდეს გავწირავ გერმანიის გამო”, - მეუბნება ჩემი ქმარი წარმოდგენის დასრულების შემდეგ. „ეს თქვენი ისტორიაა, თქვენში გენეტიკურად გამოიდევნა ბრძოლისა და ომის უნარი, როგორც ასეთი. თქვენ უკვე მსოფლიო მოქალაქეები ხართ. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს პლანეტებიც შეარიგოთ. ასე არაა ჩვენთან, ჩვენს ბედკრულ საქართველოში, - ვეუბნები. - ჩვენ ჯერ კიდევ სხვა დროში ვცხოვრობთ, ჩვენ ჯერ კიდევ ჰაერისთვის ვიბრძვით. თქვენ უსაფრთხოდ ხართ, არაფერი გემუქრებათ“. „მიწა მიწაა, -მიმეორებს, - ამ მიწისთვის არასოდეს მოვკვდები. წავალ და სხვაგან ვიცხოვრებ“. „სხვაგან? სად სხვაგან? მერედა, სხვაგან ცხოვრება იოლია? არის თუ არა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, შეძლოს იქ ცხოვრება, სადაც დაიბადა და გაიზარდა?! იქნებ, სხვაგან წასვლა უკვე სიკვდილია?!“

„Refugees welcome“, - დიდი წარწერა ერთ-ერთ შენობაზე, რომელსაც ვხედავ, როცა წარმოდგენის სივრცეს ვტოვებთ და ქუჩაში გამოვდივართ. მე და სხვა ქართველები, გერმანელები, სხვა უცხოელები ვიშლებით და ვერევით ბერლინის მოგუგუნე სივრცეს, სადაც ომი ზუსტად 79 წელია აღარ უნახავთ.

მივდივარ სახლში და ვგრძნობ, რომ ეს სპექტაკლი არის დიაგნოზი. აი, თქვენ თავი ჯანმრთელი გგონიათ, მიხვალთ ექიმთან და ის გეუბნებათ, რომ თქვენ უკურნებელი სენი გჭირთ. თქვენ ვერ გადარჩებით. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად ვერ გადარჩებით. ექიმს შეეძლო ეს ცოტა სხვანაირად ეთქვა, დაენდეთ, მეტად ეზრუნა თქვენს გუნება-განწყობაზე, მაგრამ ის ხისტია, ცოტა დაუნდობელიც. დიახ, ჩვენ ყველა ავად ვართ და ამ ავადმყოფობას რუსული ოკუპაცია და სისასტიკე ჰქვია. ამ წარმოდგენის მერე თქვენ ეს იცით. ოჯახის წევრები გიმალავდნენ, გინდობდნენ, თქვენც ცოტა თავს იტყუებდით. აქეთ - კეთილი გზავნილები ევროპიდან, მთელი მსოფლიოდან, იქით - ევროლიბერალიზაცია და ქართული პასპორტი, რომელიც, ძველთან შედარებით, მთებს გადადგამს... მაგრამ არა, თქვენ ავად ხართ. თქვენ აუცილებლად მოკვდებით. შეიძლება ისე გავიდეს თქვენი ცხორება, რომ ამ სიკვდილს ვერც მოესწროთ, მაგრამ თქვენი შვილი ან მისი შვილი აუცილებლად მოესწრება. ახლა არჩევანი თქვენზეა. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ყველანაირი ბრძოლა ფუჭია, შეგიძლიათ შეეცადოთ დატკბეთ იმ სიცოცხლით, რაც დაგრჩათ, ან შეგიძლიათ, უბრალოდ, არ დანებდეთ და იბრძოლოთ. ამ ბრძოლის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს - ეს არის დანახვა! შეძლო დაინახო რა მდგომარეობაშია შენი ქვეყანა და საოკუპაციო ხაზთან მიტოვებული ხალხი. ჯერ შეიძლება ჩვენი სახლის კარი არ შემოუმტვრევიათ და მხოლოდ ჩვენთვის უცნობი ადამიანები იღუპებიან, მაგრამ აუცილებელია ვიგრძნოთ მანძილი საზღვრამდე, ნამდვილ ომამდე... უნდა ვცადოთ დავინახოთ ერთი ბიჭი, ქართული პასპორტით, უკვე ნაცემი, ნაწამები და გარდაცვლილი. ახლა მას მაისურს ხდიან და მისგან ყულფს აკეთებენ, რომ მკვდარს თვითმკვლელობა დააბრალონ. არ შეგძრათ? მაშინ წადით და ნახეთ მიშა ჩარკვიანის “პასპორტი”. წადით და ნახეთ, ნუ შეგეშინდებათ დიაგნოზის.

„ღია სივრცეში“ რეპერტუარი ივნისის თვეში განახლდება.

ერთი რამ ცხადია - ის დაიწყო იერუსალიმში! მაგრამ რა არის ის, რაც იერუსალიმში დაიწყო? ქრისტიანობა? სიტყვა ქრისტიანობა ხომ ანაქრონიზმია პირველ საუკუნეში?! მართალია მოციქულთა საქმიდან ვიგებთ, რომ „ანტიოქიაში მოწაფეები პირველად იწოდნენ ქრისტიანებად“...მაგრამ სიტყვა პირველად ხომ გულისხმობს ამ ტერმინის შემდგომ გამოყენებას?! თუმცა, როგორც ჩანს, ვერც მოციქულთა საქმის ავტორმა, ვერც სხვა სამოციქულო მამებმა ვერ შეისისხლხორცეს ეს ტერმინი, რომელიც ახალ აღთქმაში სულ სამჯერ გვხვდება (საქმენი XI, 26; XVI, 28 და 1 პეტრე IV, 16). როგორც ჩანს, ტერმინ ქრისტიანს სამოციქულო მამები სხვა კრებით სიტყვებს ამჯობინებდნენ: დები, ძმები, წმინდანები და აშ.

(მკითხველს არ გაუკვირდეს, თუ ახალ აღთქმაში სიტყვა დებს ხშირად შეხვდება. არც ის გაუკვირდეს, თუ აღმოაჩენს, რომ ქალები არა მარტო ეკლესიებს ედგნენ სათავეში, არამედ მოციქულებადაც იყვნენ წოდებულნი).

ქრისტიანისგან განსხვავებით ერთ-ერთი კრებითი ტერმინი, რომელსაც ხშირად ვხვდებით ახალ აღთქმაში, არის მორწმუნე (მარტო მოციქულთა საქმეში ეს კრებითი ტერმინი სულ ცოტა თორმეტჯერაა გამოყენებული. ხოლო პავლე მოციქულთან კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით). თუმცა სიტყვა მორწმუნე ახალ კითხვას აჩენს - რის მორწმუნე? იესოსი? დავუშვათ. მაგრამ რა კავშირი აქვს იესოს ქრისტიანობასთან? როგორ არის იესო იმ ის-ის დამაარსებელი, თუ ეს ის ჩამოყალიბდა, როგორც ანტითეზა იუდაიზმისა და თუ იესოს მორწმუნეებში ებრაელებს ვერ ვხვდებით?! ვინაიდან თვით იესო ხომ საკუთარ მოწაფეებს არწმუნებდა, რომ მხოლოდ ებრაელებისათვის იყო მოვლენილი: „აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.- ვინაიდან - სხვას როდის მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს“ .

ან იქნებ ეს ის დაიწყო იესოს აღდგომით? მაგრამ როგორ ჩავთვალოთ, რომ ის დაიწყო იესოს აღდგომით, მაშინ როცა იესოს აღდგომაზე სახარებები ერთსულავანნი არ არიან?! ყოველ შემთხვევაში, სახარებათა შორის უძველესს, მარკოზისას, ყველაზე არქაული ხელნაწერები მეთექვსმეტე თავის მერვე მუხლზე თავდება - „და გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგანაც ეშინოდათ“. იესოს გამოცხადების ეპიზოდი კი (მარკოზი XVI, 9-20) არ არის არც ბერძნულ უძველეს ხელნაწერებში (სინას კოდექსი, ვატიკანის კოდექსი), არც უძველეს სირიულ, ქართულ თუ სომხურ ხელნაწერებში. ვერც ეკლესიის მამები - კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსევი კესარიელი თუ ორიგენე - ვერ ადასტურებენ ამ მუხლების არსებობას. როგორც ჩანს, აღდგომის სასიხარულო ამბავს უჭირდა ტრადიციაში დამკვიდრება...

ასე რომ, თუ იოაჰან სებასტიან ბახის ღვთაებრივ მესაში ტრაგიკული Crucificus-ი ("ის ჯვარს ეცვა") ძალზედ ბუნებრივად გადადის სიხარულით აღსავსე Et Resurrexit-ში („და ის აღდგა“), ქრისტიანულ ტრადიციაში ეს გარდაქმნა სავარაუდოდ ასე უმტკივნეულოდ არ მომხდარა.

მაგრამ მოდით გვერდზე გადავდოთ ბახის ღვთაებრივი მუსიკა და ახალი აღთქმის ტექსტებს დავუბრუნდეთ: ზემოთ ხსენებული მაგალითები მხოლოდ ერთი-ორი წვეთია კითხვების იმ ოკეანეში, რომელიც შეიძლება ამ ტექსტებით დაინტერესებულ მკითხველს გაუჩნდეს. ასე რომ, იქნებ ჯობდეს, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის მზადებისას მაინც მორწმუნემ დროებით გვერდზე გადადოს როგორც მოგვიანებით გამოგონილი რიტუალები, ისე ობსკურანტიზმში ჩავარდნილი მღვდლების „რჩევები“ და ახალი აღთქმის კითხვას მიჰყოს ხელი...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG