Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

100 წლის წინ, როცა რუსეთის იმპერიამ რღვევა დაიწყო და მეფის ჯარში მომსახურე ქართველმა გენერლებმა სამშობლოს მიაშურეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მომავალმა მთავარსარდალმა, გიორგი კვინიტაძემ მშობლიური ენა არ იცოდა.

„ლაპარაკობდნენ ქართულად. მე არ ვიცოდი ჩემი მშობლიური ენა და ძლივს ვიჭერდი ლაპარაკის ზოგად შინაარსს“, - ასე იხსენებს გიორგი კვინიტაძე 1917 წლის თებერვალში გამართულ ქართველ სამხედროთა კავშირის დამფუძნებელ კრებას, რომელზეც სახელოვანი გენერალი მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

„ამირჩიეს ჩემი პროტესტის მიუხედავად, ენის არცოდნის გამო ვერ ვიქნებოდი აქტიური მუშაკიო“, - წერს კვინიტაძე მოგონებების წიგნში.

მებრძოლ გენერალსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალ სარდალს კარგად ესმოდა, რომ მტერთან გადამწყვეტ ბრძოლებამდე, ქართველი ჯარისკაცების გული უნდა მოეგო და ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში მშობლიური ენის ცოდნას გადამწყვეტი როლი ექნებოდა. აკი, დაიწყო კიდეც ენის შესწავლა 45 წლის ასაკში:

„მაშ ასე, სოფელში, სადაც სამი თვე გავატარე, ვისწავლე ქართულად წერა და კითხვა, მაგრამ, ენას, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვფლობდი. ოქტომბერში დავბრუნდი ტფილისში და იქ გავაგრძელე მეცადინეობა ქართულ ენაში. სწორედ მაშინ, ქართული სამხედრო გაზეთის რედაქტორის თხოვნით დავწერე რამდენიმე სტატია, რომლებიც შეასწორა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა თედო სახოკიამ“.

ცხადია, მასწავლებლად თედო სახოკია არ ჰყოლია საქართველოს მოქმედ უმაღლეს მთავარსარდალს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა, მშობლებისა და თავისი ძალისხმევით, ქართული ენა მაინც შეისწავლა. მართალია, მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობს და ხშირად უშვებს შეცდომებს (რის გამოც ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებენ), მაგრამ ფაქტია, ხალხთან (მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებთან) კომუნიკაციაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ სახელმწიფო ენას იყენებს. სწორედ ამ ენაზე მიმართა პრეზიდენტმა ახალქალაქელებს 14 აპრილს, როცა სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად სამცხე-ჯავახეთში ჩავიდა.

„ამ ქვეყანაში ქართული უნდა გახდეს ნამდვილი სახელმწიფო ენა ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რადგან „ენა არის ურთიერთობების მთავარი კარი. თუ გვინდა ერთმანეთს ვესაუბროთ, ერთმანეთს გავუგოთ და პატივი ვცეთ - ეს ყველაფერი გადის ერთი ენის, სახელმწიფო ენის ცოდნაზე. მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა პირველ რიგში ბავშვებისათვის, რათა მათთვის ღია იყოს ყველა კარი, ყველა კარიერა და არაფერი ხელს არ უშლიდეს“.

თუმცა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი წინამორბედების ამგვარი სურვილის მიუხედავად, სახელმწიფო ენის არცოდნა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ცდილობს შეასწავლოს ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენა. თითქმის ათი წელია მოქმედებს პროგრამა „1+4“, რომლის მიხედვითაც, ყოველი აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით აბარებს ზოგადი უნარების ტესტს, ხდება მოსამზადებელი კურსის სტუდენტი და შეისწავლის ქართულს, როგორც მეორე მშობლიურ ენას. აბიტურიენტი, რომელიც 50%-ზე მეტ ქულას დააგროვებს, ეუფლება სახელმწიფო გრანტს და ხუთი წლის განმავლობაში უფასოდ იღებს განათლებას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ახორციელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში, 10 რეგიონული სასწავლო ცენტრისა (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, წალკა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ლამბალო, ლაგოდეხი, ახმეტა) და სოფლებში არსებული მობილური ჯგუფების მეშვეობით, ცდილობს ასწავლოს სახელმწიფო ენა.

როგორც ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი ამბობს, ორივე პროგრამა მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველო მაინც შორსაა პრობლემის საბოლოო გადაჭრისგან, რადგანაც ვერ ხერხდება სახელმწიფო ენის სათანადოდ სწავლება ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, რომლებიც ქართული ენის კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან.

„თუ მასწავლებელმა კარგად იცის ქართული ენა, მაგრამ არ იცის აზერბაიჯანული, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია მაინც ვერ შედგება, შედეგად, სწავლის ეფექტიანობა იქნება დაბალი, ამიტომ ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსწავლე-სტუდენტებზე ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, უნდა მოხდეს მათი მატერიალური და სხვა სახის სტიმულირება პედაგოგებად მომზადების მიზნით, რათა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ე.წ. „ორენოვანი ახალგაზრდები“ მასწავლებლებად დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში“, - ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ასევე აფერხებს იმედგაცრუება, რომელიც ბევრ ახალგაზრდას დაეუფლა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ. სახელმწიფო პროპაგანდა ქართული ენის ცოდნას წარმოაჩენდა როგორც წარმატების გასაღებსა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმების წინაპირობას.

„ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება არ აღმოჩნდა საკმარისი სახელმწიფო სამსახურში დასაქმებისათვის. ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ სტრუქტურებში გადაწყვეტილებები სულ სხვა ნიშნით მიიღებოდა. ხშირ შემთხვევაში თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ქართული საერთოდ არ იციან. ნეპოტიზმის ასეთმა მასშტაბმა იმედი გაუცრუა ბევრ ახალგაზრდას“, - მიაჩნია ოქტაი ქაზუმოვს.

ცხადია, მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა ვერ იქნება დასაქმებისა და კარიერული ზრდის საკმარისი პირობა. ასე რომ იყოს, ბევრად უკეთესი ქართულით მოლაპარაკე პრეზიდენტი გვეყოლებოდა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ დღეს სახელმწიფო ენის სწავლების სტიმულირებას ყველაზე მეტად ნეპოტიზმი და პირად ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აფერხებს, სახელმწიფო ენის არცოდნა კი ხლეჩს და ასუსტებს სახელმწიფოს, ართულებს კომუნიკაციას საზოგადოების ცალკეულ ნაწილებს, მათ შორის მთავარსარდალსა და ხალხს შორის, რაც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. პროპაგანდისტულ ომში ხომ ენაც იარაღია და როგორც ყველა იარაღი, თუ გამართულია, შენს სამსახურშია, თუ არადა - მტრის. ასი წლის წინ ეს იცოდა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, იცის თუ არა დღევანდელმა?

ბრიუსელმა კიდევ ნახევარი წლით გადადო ბრექსიტი. ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ახალ თარიღად გამოცხადდა ჰელოუინი, 31 ოქტომბერი. მანამდე ალბათ მომსწრე გავხდებით ბრექსიტთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენისა, რაც უახლოეს მომავალში შეაფერხებს ევროკავშირის პოლიტიკას. ამან კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროკავშირის მეზობლებზე აღმოსავლეთით და ბალკანეთში.

ხუთშაბათს ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც გვიან ღამით დასრულდა, ევროკავშირის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები ბრექსიტის ვადის გაგრძელებაზე, ე.წ. “Flextension”-ზე შეთანხმდნენ. დიდ ბრიტანეთს შეუძლია კლუბის დატოვება, როცა მისი პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს კავშირიდან გასვლის შეთანხმებას. ესაა განქორწინების თაობაზე შეთანხმება, რომლის შესახებაც ბრიუსელი და ლონდონი ორი წლის განმალობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ის მოიცავს ყველაფერს - ირლანდიასთან საზღვრით დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული. საამისოდ პარლამენტს ექვსი თვე აქვს.

თითქოს ამის გაკეთება არ უნდა გაჭირდეს, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს იოლი. დიდია იმის შანსი, რომ ევროკავშირის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს ოქტომბრიდან უკვე ახალი გახანგრძლივების შესახებ მოუწიოთ თავის მტვრევა, ანდა საერთოდ წავიდნენ იმ ნაბიჯზე, რომლის გადადგმასაც ამდენ ხანს ერიდებოდნენ: დიდი ბრიტანეთი შეთანხმების გარეშე გაუშვან კავშირიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატამ უკვე სამჯერ უკუაგდო ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება. კონსერვატორებსა და ლეიბორისტულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომლებიც გასულ კვირაში დაიწყო ბრექსიტის თაობაზე საბოლოო გარიგების მისაღწევად, თანდათან უფრო ინტენსიური გახდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა ლეიბორისტების ლიდერი ჯეიმს კორბინი წააქეზოს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ახალი არჩევნების ჩატარებას გაუხსნას გზა.

ამან შესაძლოა ბოლო მოუღოს შეჭირვებული ტერეზა მეის პრემიერმინისტრობას და გზა გაუხსნას ბორის ჯონსონის ან ჯეიკობ რის-მოგის ტიპის რადიკალ ბრექსიტელებს. სწორედ ასეთი შიშები გამოთქვეს ბრიუსელის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა, განსაკუთრებით მას მერე, რაც რადიკალები დაიმუქრნენ, რომ დიდი ბრიტანეთი „რაც შეიძლება უფრო რთული“ იქნება ევროკავშირში დიდხანს დარჩენის პირობებში.

ბრიუსელის შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა, რომ ლონდონმა „ევროკავშირის მიზნების მიღწევა უნდა გააადვილოს და უარი თქვას ზომებზე, რომლებიც ევროკავშირის მიზნების მიღწევას საფრთხეს შეუქმნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.“

აქამდე დიდი ბრიტანეთი უსამართლოდ არ მოქცეულა, როცა საქმე ბლოკის ყოველდღიურ საქმიანობას ეხებოდა. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, თუკი დაუნინგ სტრიტის 10 ნომრის მკვიდრი მარტო დარჩება ბრძოლის ველზე. ამიტომ ითხოვდა საფრანგეთი ბრექსიტის უფრო მოკლე ვადით გახანგრძლივებას, მაშინ, როცა ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა ერთი წლის მომხრე იყო.

ბრიტანეთის, როგორც პოტენციურად უმართავი ქვეყნისადმი ეს სიფრთხილე გადაჭარბებულია, მაგრამ მთლად გაუმართლებელიც არაა. როგორც ჩანს, მაისში იგი მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის არჩევნებში. გახანგრძლივებულ პერიოდში ევროკავშირის წევრებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ახალი კომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარის შესახებ. იმედია, შეთანხმდებიან კავშირის მრავალწლიან ბიუჯეტზე და შეეცდებიან შეამზადონ პირობები შემდეგი ხუთწლიანი საკანონმდებლო ციკლისთვის. სხვა სიტყვებით - ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული იმ პერიოდში, როცა ლონდონი ბრექსიტით იქნება დაკავებული, მაგრამ ჯერ არ იქნება კავშირიდან გასული.

ოღონდ ახლა ლონდონი ბევრს ვერაფერს დაბლოკავს. ორივე თავმჯდომარე კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლება დაინიშნოს, ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები ალბათ გაიჭიმება და ევროპარლამენტის ბრიტანელი დეპუტატების სავარაუდო ახალი ჯგუფი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ნაკლებად ევროსკეპტიკური იქნება, ვიდრე ახლანდელი. ფაქტობრივად, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს მომავალში საბჭოში ერთსულოვნად იქნება მიღებული, არის რუსეთის მიმართ სანქციების საკითხი.

სამაგიეროდ დიდი პრობლემაა ის, რომ ბრექსიტი ბრიუსელისთვის კვლავაც ისეთსავე ფართო მასშტაბის ძალისხმევას მოითხოვს, როგორც 2016 წლის რეფერენდუმიდან მოყოლებულია. მაშინ, როცა კავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა საკუთარი შიდა სტრუქტურების გაძლიერებისთვის ან თუნდაც ევროკავშირის სამეზობლოში რაიმე მოულოდნელობაზე რეაგირება, ბრექსიტი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავაც წაიღებს ევროკავშირის დიპლომატების დროის დიდ ნაწილს. კიევისთვის ან კოსოვოსთვის სამწუხაროდ, ბრიუსელი უბრალოდ გააგრძელებს საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირებას. ან, როგორც ერთმა ელჩმა მითხრა: „გვინდა ეს თუ არა, ბრექსიტის აჩრდილი კვლავაც ჩვენთან რჩება.“

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG