Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 აპრილი. See content from before

პარასკევი, 12 აპრილი 2019

ბრიუსელმა კიდევ ნახევარი წლით გადადო ბრექსიტი. ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ახალ თარიღად გამოცხადდა ჰელოუინი, 31 ოქტომბერი. მანამდე ალბათ მომსწრე გავხდებით ბრექსიტთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენისა, რაც უახლოეს მომავალში შეაფერხებს ევროკავშირის პოლიტიკას. ამან კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროკავშირის მეზობლებზე აღმოსავლეთით და ბალკანეთში.

ხუთშაბათს ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც გვიან ღამით დასრულდა, ევროკავშირის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები ბრექსიტის ვადის გაგრძელებაზე, ე.წ. “Flextension”-ზე შეთანხმდნენ. დიდ ბრიტანეთს შეუძლია კლუბის დატოვება, როცა მისი პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს კავშირიდან გასვლის შეთანხმებას. ესაა განქორწინების თაობაზე შეთანხმება, რომლის შესახებაც ბრიუსელი და ლონდონი ორი წლის განმალობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ის მოიცავს ყველაფერს - ირლანდიასთან საზღვრით დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული. საამისოდ პარლამენტს ექვსი თვე აქვს.

თითქოს ამის გაკეთება არ უნდა გაჭირდეს, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს იოლი. დიდია იმის შანსი, რომ ევროკავშირის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს ოქტომბრიდან უკვე ახალი გახანგრძლივების შესახებ მოუწიოთ თავის მტვრევა, ანდა საერთოდ წავიდნენ იმ ნაბიჯზე, რომლის გადადგმასაც ამდენ ხანს ერიდებოდნენ: დიდი ბრიტანეთი შეთანხმების გარეშე გაუშვან კავშირიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატამ უკვე სამჯერ უკუაგდო ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება. კონსერვატორებსა და ლეიბორისტულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომლებიც გასულ კვირაში დაიწყო ბრექსიტის თაობაზე საბოლოო გარიგების მისაღწევად, თანდათან უფრო ინტენსიური გახდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა ლეიბორისტების ლიდერი ჯეიმს კორბინი წააქეზოს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ახალი არჩევნების ჩატარებას გაუხსნას გზა.

ამან შესაძლოა ბოლო მოუღოს შეჭირვებული ტერეზა მეის პრემიერმინისტრობას და გზა გაუხსნას ბორის ჯონსონის ან ჯეიკობ რის-მოგის ტიპის რადიკალ ბრექსიტელებს. სწორედ ასეთი შიშები გამოთქვეს ბრიუსელის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა, განსაკუთრებით მას მერე, რაც რადიკალები დაიმუქრნენ, რომ დიდი ბრიტანეთი „რაც შეიძლება უფრო რთული“ იქნება ევროკავშირში დიდხანს დარჩენის პირობებში.

ბრიუსელის შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა, რომ ლონდონმა „ევროკავშირის მიზნების მიღწევა უნდა გააადვილოს და უარი თქვას ზომებზე, რომლებიც ევროკავშირის მიზნების მიღწევას საფრთხეს შეუქმნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.“

აქამდე დიდი ბრიტანეთი უსამართლოდ არ მოქცეულა, როცა საქმე ბლოკის ყოველდღიურ საქმიანობას ეხებოდა. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, თუკი დაუნინგ სტრიტის 10 ნომრის მკვიდრი მარტო დარჩება ბრძოლის ველზე. ამიტომ ითხოვდა საფრანგეთი ბრექსიტის უფრო მოკლე ვადით გახანგრძლივებას, მაშინ, როცა ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა ერთი წლის მომხრე იყო.

ბრიტანეთის, როგორც პოტენციურად უმართავი ქვეყნისადმი ეს სიფრთხილე გადაჭარბებულია, მაგრამ მთლად გაუმართლებელიც არაა. როგორც ჩანს, მაისში იგი მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის არჩევნებში. გახანგრძლივებულ პერიოდში ევროკავშირის წევრებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ახალი კომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარის შესახებ. იმედია, შეთანხმდებიან კავშირის მრავალწლიან ბიუჯეტზე და შეეცდებიან შეამზადონ პირობები შემდეგი ხუთწლიანი საკანონმდებლო ციკლისთვის. სხვა სიტყვებით - ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული იმ პერიოდში, როცა ლონდონი ბრექსიტით იქნება დაკავებული, მაგრამ ჯერ არ იქნება კავშირიდან გასული.

ოღონდ ახლა ლონდონი ბევრს ვერაფერს დაბლოკავს. ორივე თავმჯდომარე კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლება დაინიშნოს, ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები ალბათ გაიჭიმება და ევროპარლამენტის ბრიტანელი დეპუტატების სავარაუდო ახალი ჯგუფი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ნაკლებად ევროსკეპტიკური იქნება, ვიდრე ახლანდელი. ფაქტობრივად, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს მომავალში საბჭოში ერთსულოვნად იქნება მიღებული, არის რუსეთის მიმართ სანქციების საკითხი.

სამაგიეროდ დიდი პრობლემაა ის, რომ ბრექსიტი ბრიუსელისთვის კვლავაც ისეთსავე ფართო მასშტაბის ძალისხმევას მოითხოვს, როგორც 2016 წლის რეფერენდუმიდან მოყოლებულია. მაშინ, როცა კავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა საკუთარი შიდა სტრუქტურების გაძლიერებისთვის ან თუნდაც ევროკავშირის სამეზობლოში რაიმე მოულოდნელობაზე რეაგირება, ბრექსიტი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავაც წაიღებს ევროკავშირის დიპლომატების დროის დიდ ნაწილს. კიევისთვის ან კოსოვოსთვის სამწუხაროდ, ბრიუსელი უბრალოდ გააგრძელებს საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირებას. ან, როგორც ერთმა ელჩმა მითხრა: „გვინდა ეს თუ არა, ბრექსიტის აჩრდილი კვლავაც ჩვენთან რჩება.“

ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებისას, პირველი, რაც გაგახსენდება, ბევრი ნულია. ნულიდან საქმის დაწყება, ნული საჯაროობა, ვალების განულება, ნულების გრძელი მწკრივი მის საბანკო ანგარიშებზე და ა.შ. როგორც იტყვიან, ნული ბიძინა ივანიშვილის ბედისწერაა, მისი სიძლიერისა და უძლურების გამომხატველია და, სულაც არაა გასაკვირი, რომ იგი ამ ნულ(ებ)ს ისე ებღაუჭება, როგორც წყალწაღებული მაშველ რგოლს, რომელსაც, ბედის ირონიით, ასევე ნულის ფორმა აქვს.

ცხადია, იმის გამო, რომ ნული ყოველგვარი გარკვეული რაოდენობის უარყოფაა, იგი სულაც არაა უშინაარსო. უფრო პირიქით, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა მის მიერ შემოსაზღვრული რიცხვები, ოღონდ მომხრეებისთვის ბიძინა ივანიშვილი ის ნულია, რომლის მარჯვნიდან მიწერით რიცხვის მნიშვნელობა ათმაგდება, მოწინააღმდეგეებისათვის კი - ის ნული, რომელზე გამრავლებაც სპობს ყველა რიცხვს.

ბიძინა ივანიშვილმა ეს თავის საყოველთაო "ნულობა" კიდევ ერთხელ გამოავლინა მორიგ ეპისტოლესა და სატელევიზიო ინტერვიუში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც, ალბათ, ივანიშვილის მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც თანხმდებიან, ისაა, რომ „ბატონი ბიძინა“ არ იცვლება ჭეშმარიტ ნულივით! იცვლება დრო, იცვლება ხალხი, იცვლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, იცვლება კლიმატიც კი, მაგრამ არ იცვლება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის სრულყოფილი და მართალია! მართალია მაშინაც კი, თუ ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ცნობილი დებულების ძალიან თამამი ინტერპრეტაცია რომ მოვიშველიოთ, თუ ფაქტები ბიძინა ივანიშვილის ხედვას არ შეესაბამება, მით უარესი ფაქტებისათვის!

სიღარიბე, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, არაეფექტიანი მმართველობა და ა.შ. - ეს ყველაფერი შეიძლება ვიღაცისთვის ჯიუტი და მარტივად დასანახი ფაქტები იყოს, მაგრამ არა ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც თანაპარტიელების განზე გადგომა, ოპოზიციონერი კანდიდატისათვის მილიონამდე ხმის მიცემა და შვილმოკლული მამების სასოწარკვეთილი პროტესტი ან „შეცდომაში შეყვანის“ შედეგია ან - ღალატისა. ამასთან, ივანიშვილის კლასიფიკაციით, ღალატი პოლიტიკოსების საუფლოა (დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ეკა ბესელია და ა.შ.), ხოლო „შეცდომაში შესვლით“, ძირითადად, ხალხი ირთულებს ცხოვრებას, ის ხალხი, რომელიც გარდა იმისა, რომ უხვად მოიხმარს „სიცრუის მანქანის“ პროდუქტს, თურმე, ასევე იკვებება მდარე სერიალებითაც.

რატომ შეიძლება მოსწონდეს ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან დიდი დროის განმავლობაში „მდარე ხარისხის“ ტელესერიალი?

იქნებ, არც ისე „მდარე ხარისხისაა“ სერიალი?

იქნებ, ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიმართლეც ურევია მასში?

მაგრამ განა, რა ფასი აქვს ხალხის სიმართლეს თუ ის წინააღმდეგობაში მოდის ბიძინა ივანიშვილის სიმართლესთან?

ბიძინა ივანიშვილს ხომ ყოველთვის აქვს თავისი სიმართლე, რომელიც ყველა სხვა (სხვის) სიმართლეზე მეტია და ამის გამო სხვა (სხვისი) სიმართლის გათვალისწინებას, ურჩევნია თავის სიმართლეს მოარგოს ქვეყანა, ხალხი, ტელევიზიები და სერიალებიც კი.

ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად სჯერა, რომ შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ღვაწლის, დამსახურებისა და ავტორიტეტის როგორც განულება, ასევე გაათმაგება. სწორედ ამ საოცარი უნარის წყალობით იქცნენ „ნულებად“ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო თანამებრძოლები წინა ხელისუფლებასთან ომში, სწორედ ასე იქცა „ნულად“ ადვოკატი შალვა შავგულიძე, გირგვლიანების ოჯახის მებრძოლი ადვოკატი, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელების ლმობიერი მოსამართლის, ლევან მურუსიძის ავტორიტეტი და ფასი გაათკეცდა.

ბიძინა ივანიშვილი ამ თავის უსასრულო ნულებით ნამდვილი ბეჭდების (ბეჭედიც ხომ ლითონის ნულია) მბრძანებელია: თითქმის ყველაფერი შეუძლია, თითქმის ყველაფერი გასდის, თუმცა, მისი ეს უსაშველო ნულობა ბოლომდე იდეალურიც არაა. არსებობს (რიცხვთა) სისტემა, რომელშიც ნულთან მიახლოება დაღუპვის ტოლფასია. პრინციპში, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნული სწორედ ამ სისტემის ნულსა და ნულთან სიახლოვეს უპირისპირდება. სისტემას, ცხადია, არჩევნები ჰქვია...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG