Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 21 ივნისი. See content from before

სამშაბათი, 20 ივნისი 2017

ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!

ბერტოლდ ბრეხტი
„კავკასიური ცარცის წრე“

წელს ბიოლის დაბადების ასი წლისთავია...

ჰაინრიხ ბიოლი არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი მწერალი. არც იქნება. და მაინც, სხვა არც ერთი მგოსნის სახელი ისე არ მითბობს სისხლს, როგორც მისი.

კელნთან ახლოს მდებარეობს სოფელი ლანგენბროხი, რომლის ცენტრშიც დგას ერთი სახლი, სადაც ბიოლმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. იგი აქ დაბერდა და მოკვდა, ჩემი ქალიშვილი კი - ჩაისახა და დაიბადა. შეიძლება, ეს სენტიმენტალური ესტაფეტა ერთობ პრივატული ხასიათისაა, თუმცა ჩემთვის მთელი პოეტური პარადიგმაა.

ამ ლანგენბროხზე ჩემს „ტურისტის საუზმეში“ უკვე ვწერდი. ერთსღა დავამატებ. დიდი მაზალო სოფელია. აქ თითქმის ყოველი სახლის ფასადზე ჯიხვის რქები ან ტახის თავია მიჭედებული. ცხადია, ეს მხოლოდ დეკორაციაა, აქ არავინ ნადირობს. თუმცა ეს მარტო ლანგენბროხული ამბავი არ არის, რეგიონის თავისებურება უფროა. გერმანიის ამ მხარის ხალხს განსაკუთრებულად უყვარს ტაქსიდერმული დეკორი. ეგაა, სასიამოვნო ამაში ბევრი არაფერია. მით უფრო, როცა ხვდები, რომ სადღაც აქვე თვით ტაქსიდერმისტიც უნდა ცხოვრობდეს - ვიღაც ხომ აჭრის იმავე ტახებს თავებს, შიგნავს და ნამჯით ტენის?

ბიოლზე საუბრისას პირადად მე მუდამ მახსენდება მისი ალბათ საუკეთესო რომანი „ბილიარდი ათის ნახევარზე“ - წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ომი არ დამთავრებულა.

და არ დამთავრდება, სანამ იქნება ადამიანი.

ადამიანი არის სიტყვა. ყოველი სიტყვა კი უკვე კონფლიქტია - ქაოსი, კონკურსი, ბრძოლა. რა მნიშვნელობა აქვს, რით იბრძვი, მომწამლავი გაზით თუ საპნის ბუშტით. ისიც უმნიშვნელოა, რისთვის იბრძვი, მშვიდობის მოსაპოვებლად თუ მოსასპობად - ომი ომია.

მე ვარ ადამიანი, შესაბამისად, მე ვარ მეომარი. მერე რა, რომ ავტომატით არ ვხვრეტ მოხუცებს და დანით არ ვჭრი ბავშვებს ყელს, სამაგიეროდ, სიტყვებით ვსარგებლობ - რაც თავისთავად ნიშნავს ომს.

სანამ იქნება ადამიანი, უთუოდ იქნება სიტყვა და, შესაბამისად, იქნება ქაოსი და ომი. ანუ არ იქნება მშვიდობა. მხოლოდ იქნება შედარებით აქტიური და პასიური, კონსტრუქციული და დეკონსტრუქციული ომები, და ა.შ. სრული მშვიდობისას სიტყვები არაა საჭირო. აქ მაინცდამაინც არ არის აუცილებელი ორუელისეული ახალმეტყველებიდან ცნობილი ციტატის მოტანა იმის საგრძნობად, რომ თვით სიტყვა „მშვიდობას“ ომის სურნელი გასდევს.

სრულ მშვიდობას ალბათ ხელოვნური ინტელექტიღა დაამყარებს - უნივერსალური სუპერკომპიუტერი, რომელსაც არა მარტო არ დასჭირდება ემოციები, თვითრეფლექსია, წარმოსახვა და ქცევის კოდექსი, ანუ ადამიანობის განმსაზღვრელი ფუნდამენტები, არამედ არ დასჭირდება, პირველ ყოვლისა, სიტყვები. ადამიანი კი სულ რომ უკაცრიელ კუნძულზე დაასახლო, იქაც იომებს, თუნდაც საკუთარ დემონებთან. მთავარია, გული გულობდეს, თორემ შინაგან კონფლიქტს ჯაკუზიშიც მოახერხებ კაცი. აქ არც „მაინ კამპფის“ ციტირებაა საჭირო იმის გასაგებად, რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ სიტყვის ანუ ადამიანის გაქრობის შემთხევაშია შესაძლებელი. ოღონდ ასეთ დროს სიტყვა „მშვიდობის“ მნიშვნელობაც თავისთავად გაქრება.

მაიაკოვსკის ერთგან აქვს: „ჩვენ ვამბობთ ლენინი - ვგულისხმობთ პარტია“. ჩვენც ასე ვართ, ვამბობთ ომი - ვგულისხმობთ მშვიდობა.

აი, ახლაც, ვამბობ ბიოლი, ვგულისხმობ ჩემი შვილი...

ვუყურებ ჩემი სამი წლის ქალიშვილს შინ თუ გარეთ, აბაზანაში გასაპნულს თუ საბავშვო ბაღში „ლეგოსთან“ ჩაცუცქულს, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ასე იყო და ასე არის ხეოფსის პირამიდიდან მასლოუს პირამიდამდე. ადამიანის ყოველი დღე ქაოსი, კონფლიქტი, კონკურსი და ბრძოლაა... და მაინც, ვუყურებ ჩემს ქალიშვილს და სისხლი საამოდ მითბება.

9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებაში ბრალდებული სამტრედიელი პოლიციელი გოდერძი თევზაძე. დემურ სტურუამ თვითმკვლელობის წინ დაწერა წერილი, რომელშიც თევზაძეს ადანაშაულებდა ცემაში და უკანონო მუქარაში. ამ საქმეში საეჭვო გარემოებები იკვეთება: მაგალითად, თავად სტურუას დედა თავდაპირველად გოდერძი თევზაძის დასჯას ითხოვდა, მაგრამ ახლა ამტკიცებს, რომ თევზაძე უდანაშაულოა, სტურუას წერილი იძულებით დააწერინეს და სხვა პირების გასამართლებას მოითხოვს. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, სტურუას საქმეში მინიმუმ იმის მტკიცებულებები მაინც მოიპოვება, რომ პოლიციელმა თევზაძემ სამსახურებრივ მოვალეობას გადაამეტა. შესაბამისად, მისი გამართლება ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.

ასევე, დემურ სტურუას საქმე დაკავშირებულია არა მხოლოდ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებთან, არამედ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთანაც, ვინაიდან გარდაცვლილს პოლიციელი თევზაძე სწორედ იმათი სახელების გამომჟღავნებას სთხოვდა, ვისაც სამტრედიის რაიონის სოფლებში მარიხუანა ჰქონდა დათესილი.

პოლიციური რეპრესიების, სასამართლო სისტემის მიკერძოებულობის და ნარკოპოლიტიკის თემა ასევე კიდევ ერთხელ (მერამდენედ) დაუკავშირდა ერთმანეთს რეპის ორი შემსრულებლის, მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას საქმეში. რეპერები პოლიციამ აიყვანა 9 ივნისს (ზუსტად იმ დღეს, როდესაც პოლიციელი გოდერძი თევზაძე გაათავისუფლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ). დაჭერის ოფიციალური მიზეზი იყო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა. ერთ შემთხვევაში, ლაპარაკია დაახლოებით 1.5 გრამ ნარკოტიკულ საშუალებაზე „მდმა“ და მეორე შეთხვევაში, დაახლოებით 2.3. გრამ იმავე ნარკოტიკულ საშუალებაზე. საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, „დიდ ოდენობად“ და „განსაკუთრებით დიდ ოდენობადაც“ მდმა-ს 1 გრამია განსაზღვრული (მდმა არის ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი“, რომელსაც ძირითადად, ღამის კლუბებში მოიხმარენ), რის შეძენა-შენახვისთვის არაპროპორციულად მაღალი სასჯელი - რვიდან ოც წლამდე პატიმრობაა მიჩნეული. (სასჯელის არაპროპორციულობის უკეთ გასააზრებლად, შეგიძლიათ ჩვენი კანონმდებლობა შეადაროთ​ ევროპულ კანონმდებლობას, სადაც გაწერილია სასჯელის ზომები რაოდენობის მიხედვით, პატიმრობა მხოლოდ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შენახვაზეა დაწესებული და ზოგან ითვალისწინებენ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის დანაშაულის მნიშვნელობას და შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ კონკრეტულ გარემოებებს).

რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო და მას დაკავებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავების რეალურ მიზეზად მგალობლიშვილმა დაასახელა მისი რეპჯგუფის „ბირჟა მაფიას“ მიერ გადაღებული კლიპი, რომელშიც ერთ-ერთ პერსონაჟს პოლიციის ფორმა აცვია, ოთხზე დგას და პირში ძვალი უჭირავს. რეპერმა აღნიშნა, რომ შემსრულებლებმა შეიტყვეს, რომ პოლიცია ამ კლიპით გაღიზიანდა და კლიპში ის ნაწილი დაფარეს, რომელიც ოთხ ფეხზე მდგომ პოლიციელს ასახავდა.

მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, მათი დაჭერიდან მეორე დღესვე გაიმართა. აქცია მოაწყო „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“, რომელიც არის სოციალური მოძრაობა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. აქციაზე ბევრი მოთხოვნა გაჟღერდა, მათ შორის მთლიანად რეპრესიული პოლიციური რეჟიმის გარდაქმნის, მაგრამ მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებული რეპერების გამოშვება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა. აქციას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა შეცვლას საჭიროებს. მოგვიანებით საკუთარ გვერდზე ფეისბუკში ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ასევე მხარი დაუჭირა არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავარი დამფინანსებლის და დე ფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილი ვაჟი ბერა ივანიშვილი, რომელმაც ფეისბუკით მხარი დაუჭირა დაკავებულ რეპერებს.

პრემიერ-მინისტრის და ვიცე პრემიერის განცხადებების შემდეგ (რომლებსაც ბერა ივანიშვილის გამოხმაურება ახლდა თან) პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. ასევე, პროკურატურამ აღნიშნა, რომ დაკავებული რეპერების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას აღარ მოითხოვდნენ, რის შემდეგაც რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან.

ეს ორი შემთხვევა და არაერთი სხვაც (სხვა შემთხვევებზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა) გვიდასტურებს, რომ პოლიციის თვითნებობა, სასამართლო სისტემის გაუმართაობა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ერთობლივად ქმნის ქართველი ახალგაზრდებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) რეჟიმს, რომელიც მათ ცხოვრებას და განვითარების პერსპექტივას სერიოზულ, შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

ცხადია, ქართველი ძალოვანები მხოლოდ დრაკონული ნარკოპოლიტიკის გამოყენებით არ ძალადობენ, ისინი სხვა შემთხვევებშიც მომართული არიან კანონის დარღვევისკენ. უბრალოდ, ამ სხვა საქმეებზე მედიაში შედარებით ნაკლებად ხმაურდება საკმარისი ინფორმაცია. სავარაუდოდ, როგორც ბოლო დროს ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი დაპირისპირება გვაფიქრებინებს, ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა კორუფცია და უფლებამოსილების გადამეტება. ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირების უნარი არც პროკურატურას და არც სასამართლოს არა აქვს, რაც საბოლოო ჯამში, ტანდემში გვაძლევს სისტემას, რომელიც დემოკრატიულ კონტროლს მიღმაა.

ასეთ „სახელმწიფოს სახელმწიფოში“, როგორიც ქართული ძალოვანი უწყებები არიან თავიანთი ჩრდილოვანი მმართველებით, სპეციალურ ლიტერატურაში უწოდებენ „სახელმწიფოს სიღრმეში“ (ინგლ. Deep State). ჩვენს პოლიტიკურ ენაში დამკვიდრებულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ასეთ წარმონაქმნს შეგვიძლია ვუწოდოთ, უბრალოდ, „სისტემა“. ამ სისტემას აქვს ლეგიტიმაციის წყარო. წინა ხელისუფლების დროს ასეთი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ნდობით აღჭურვილი პირები (უპირველესად, ვანო მერაბიშვილი). ამჟამინდელ მთავრობაში, წინასგან განსხვავებით, ჩრდილოვანი მმართველობის არსებობიდან გამომდინარე, წესიერად ისიც კი არ ვიცით, თუ რეალურად ვინ იღებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს (დე ფაქტო უპირობო ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის ქვედა დონეზე).

ასეთ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება არის ჩრდილოვანი მმართველების ხელში, რომლებიც მართავენ ძალოვან უწყებებს და მათი გამოყენებით, სასამართლოსაც (სასამართლოს მართვა პრობლემას არ წარმოადგენს ძალოვანებისთვის, რომელთა ძალაუფლებაზე არ არის დაწესებული დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები). ასეთ პირობებში, დემოკრატიულად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ძალაუფლების მთავარი წყარო არ არის, მხოლოდ ცერემონიული ფუნქციების შესრულებისა და ეკონომიკური მენეჯმენტის მოვალეობა აქვს დაკისრებული. ხშირად რეალურ ძალაუფლებას არ ფლობენ თავად ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებიც კი, რომელთა უკანაც სხვა, მათზე ბევრად გავლენიანი ფიგურები დგანან.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ სამართლიანობის აღდგენას ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, დემურ სტურუას საქმის ბოლომდე მიყვანით, ან დაკავებული რეპერების საქმის სამართლიანად გამოძიებით, მაგრამ სისტემას ამითი ოდნავაც ვერ შევცვლით; სისტემის მუშაობის წესები კვლავ უცვლელი დარჩება.

იმისათვის, რომ სისტემა მთლიანად შეიცვალოს, საჭიროა ორი რამ: პირველი, კანონმდებლობის (მათ შორის, ნარკოპოლიტიკის და არა მხოლოდ მისი) და ინსტიტუციური მოწყობის (მათ შორის, სასამართლოს) რეფორმა და მეორე, ძალოვან უწყებებზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების აღდგენა. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო რთულად განსახორციელებელია, ვიდრე პირველი ამოცანა, მაგრამ სწორედ მასზე გადის ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მომავალი. ჩვენ ან ვიცხოვრებთ სახელმწიფოში, სადაც ძალოვანი უწყებები იქნებიან ხალხის სამსახურში და კანონიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს (წესრიგის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლას), ან დავრჩებით რეპრესიულ რეჟიმად, რომელიც დროდადრო, სპონტანური სახალხო პროტესტის გავლენით, გარკვეულ დათმობებზე მიდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საკუთარი ხალხის მჩაგვრელად რჩება. იმისათვის, რომ გადავრჩეთ, რეპრესიული სისტემის დემონტაჟია საჭირო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG